USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
"Deutsche Welle" (გერმანია): "როგორ უტევს რუსული პროპაგანდა უკრაინას გენდერული სტერეოტიპების მეშვეობით“.
თარიღი:  174

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ უტევს რუსული პროპაგანდა უკრაინას გენდერული სტერეოტიპების მეშვეობით“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

რუსეთის პროპაგანდა აქტიურად უტევს უკრაინელ ქალებს და დასცინის პოლიტიკოს მამაკაცებს, ახდენს მათ ფემინიზებას და ამ დროს შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებს. გერმანული „დოიჩე ველე“ ამ საკითხზე მკვლევარ ქალებს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია ამ ტენდენციის მიზეზები და შედეგები.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე ორი კვირით ადრე, ერთი წლის წინ, 2022 წლის თებერვალში, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასე განუცხადა კიევს მინსკის შეთანხმების შესრულების შესახებ: „ჩემო ლამაზო, მოგწონს თუ არ მოგწონს, უნდა მოითმინო“. ეს ფრაზა, რომლის ტირაჟირება რუსეთის ყველა სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებამ მოახდინა, სავარაუდოდ, აღებულია რუსული ფოლკლორიდან და წარმოადგენს უხამს, უზრდელურ („დედის საგინებელ“) შაირს, რომელიც გასულ საუკუნეებში რუსი „კნიაზების“ მომსახურე ე.წ. „სასახლის ყმებს“ შორის იყო ანეკდოტის სახით გავრცელებული.

„ეს ფაქტიურად იმ ნარატივის გარგრძელებაა, რომლის მიხედვით, უკრაინა ქალია, სუსტი არსება და მან ყველაფერი უსიტყვოდ უნდა შეასრულოს, რასაც მამაკაცი - რუსეთი უბრძანებს“, - ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში გერმანიის გრონინგემის უნივერსიტეტის დოცენტი ელისაბედ გაუფმანი. მსგავსი რიტორიკა მან რუსეთის სოციალურ ქსელებშიც შენიშნა ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში, უკრაინაში მომხდარი ევრომაიდანის ფონზე, ხოლო 2022 წლიდან ამ ნარატივმა „ახალი ცხოვრება“ დაიწყო, ამჯერად უკვე ვლადიმერ პუტინის „მხარდაჭერით“.

როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის ვითომ „გადარჩენას“

უკრაინულმა ჯგუფმა Detector Media-მ გამოიკვლია, თუ როგორ ავრცელებს კრემლი დეზინფორმაციას ომის ფონზე და როგორ იყენებს ამ დროს გენდერულ სტერეოტიპებს. გაანალიზებული იქნა სოციალური ქსელების თითქმის 45 ათასი აქაუნთი და გასული წლის სექტემბერში შედეგები გამოაქვეყნა. მკვლევარებმა ომის კონტექსტში ცალკე გამოჰყვეს რუსული დეზინფორმაციის რამდენიმე საკვანძო გზავნილი უკრაინელი ქალების შესახებ. ასე, მაგალითად, მათ ხშირად უწოდებენ შეურაცხმყოფელ მეტსახელებს - „ხოხლუშკებს“, მათზე ლაპარაკობენ როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე („პროსტიტუტკებზე“), რომლებიც სხვადასხვა ცნობილ ვენერიულ დაავადებებს ავრცელებენ. არცთუ იშვიათად გვხვდება ხუმრობები უკრაინელი ქალების თითქოსდა „გაუპატიურების“ შესახებ, რომლებიც „სამხედრო ტროფეის“ სახით არიან წარმოდგენილი. ირონიულად არის უკრაინის არმია მოხსენიებული, რადგან მასში „სუსტი სქესის წარმომადგენლები“ - ქალებიც მსახურობენ.

ტენდენცია გრძელდება. ასე, მაგალითად, გასული წლის ნოემბერში რუსეთის სამთავრობო გაზეთმა „არგუმენტი ნედელიმ“, უკრაინის ყველაზე საუკეთესო მზვერავი ქალების შესახებ კიევის განცხადების კომენტირების დროს, ისინი ჯარის „პროსტიტუტკებად“ მოიხსენია. რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის “როსია-1“-ის ეთერში ტელეშოუ „60 წუთის“ წამყვანმა ოლღა სკაბეევამ, რომლის მიმართაც ევროკავშირის სანქციები პერსონალურად ვრცელდება, დასცინა იმ უკრაინელ ქალებს, რომლებმაც ფოტოსურათები კალენდრისათვის პოპულარულ ფორმაში გადაიღეს უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად. „ისინი ფულს იმაში იღებენ, რითაც მთელ ევროპაში არიან ცნობილნი“, - დაწერა რუსმა ტელეწამყვანმა თავის „ტელეგრამ-არხში“.

„ჯერ კიდევ 2014 წელს რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ნარატივი სამი დის - რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის - შესახებ. წერდნენ, რომ სამი დიდან ორი წესიერი და კარგი ქალია, მესამე - უკრაინა - კი ბოზი, რომელსაც უკან კაცების მთელი ჯგრო დასდევს. ახლა მსუბუქი ყოფაქცევის უმცროსი დის - უკრაინის გადარჩენა უფროს დებს - რუსეთს და ბელარუსს უწევს“, - ამბობს ელისაბედ გაუფმანი. მისი თქმით, ეს ნარატივი, სხვებთან ერთად (მაგალითად, თითქოსდა „ყველა უკრაინელი ნაცისტია“), რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ძალიან კარგად გამოიყენა და მისი ეფექტური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინა, რათა რუსეთის მოსახლეობა დაერწმუნებინა - „ამიტომ მივიერთეთ ყირიმი და ამ მიზნით შევიყვანეთ ჯარები უკრაინაში“.

„ნარატივი უკრაინელთა ნაცისტობის შესახებ რუსული აგრესიული „მასკულინობის“ (მამაკაცურობის) პრინციპითაა მოგონილი. რუსების აზრით, უკრაინაში ნაციზმი დასავლეთიდან შევიდა და ამიტომ ის საშიშია, მას უნდა ებრძოლონ. რაც შეეხება ნაცისტების მიერ დაჩაგრულ ქალებს, ისინი საშიშნი არ არიან, საჭიროა მათი გადარჩენა“, - განმარტავს გრონინგემის უნივერსიტეტის დოცენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ფემინიზაცია

მსგავს ტენდენციას ხედავს ანა სიდორევიჩიც, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ასპირანტი, რომელიც ფემინიზმისა და გენდერის ისტორიას იკვლევს. მისი თქმით, რუსული პროპაგანდის წინა პლანზე ამჟამად უფრო უკრაინის დენაციფიცირების იდეა დგას, მაგრამ რჩება გენდერული მეტაფორებიც. უბრალოდ, ისინი დღეს ირიბად არიან გამოხატული.

„პროპაგანდა ხშირად ხაზს უსვამს, რომ რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კლოუნია, მსახიობი, იუმორისტი, სხვების გამცინებელი, რომელიც ევროპაში სამათხოვროდ დადის. ეს არის რუსული დამამცირებელი ლექსიკა, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია იმიკენ, რომ აცვენოს უკრაინის ლიდერის, პრეზიდენტისა და მამაკაცის სისუსტე, უღონობა, რომ მას მამაკაცური სერიოზულობა და კაცური პროფესია კი არ აქვს, არამედ ის ხუმარაა და საერთოდ, ლაზღანდარა“, - ამბობს ანა სიდორევიჩი. მისი თქმით, მსახიობობა, რომელიც გრძნობებს აჩვენებს, პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცური პროფესიად არ მიიჩნევა. რუსეთში ლიდერებად ითვლებიან ძალოვანი უწყებების, სპეცსამსახურების თანამშრომლები, უკიდურეს შემთხვევაში - ბიზნესმენები. ასე რომ, ვოლოდიმირ ზელენსკის სახით რუსი ჩინოვნიკები თავიანთ თანასწორ ადამიანს ვერ ხედავენ, მასზე ყოველთვის იცინოდნენ და ახლაც სიცილს აგრძელებენ“, - განმარტავს მკვლევარი.

ელისაბედ გაუფმანი აკვირდება, რომ ხდება არამარტო უკრაინისა და მისი ლიდერის ფემინიზება, არამედ ამერიკისა და მისი მოკავშირეების ლიდერებისაც, ხოლო ევროპა წარმოდგენილია როგორც „ჰომოსექსუალისტთა სამეფოდ“ – „გეიროპად“. რუსულ გენდერულ კატეგორიებში კიდევ ერთი იერარქიაა გამოხატული - ის, რომ რუსეთი ნამდვილ მამაკაცთა სახელმწიფოა, უკრაინა კი არა.

რატომ იყენებს რუსული პროპაგანდა გენდერულ კლიშეს

ელისაბედ გაუფმანის თქმით, რუსული პროპაგანდა ეყდნობა საკმაოდ პარტიარქალურ და ყველასათვის ცნობილ სტრუქტურებს, ამიტომაც ის კარგად მუშაობს: „პროპაგანდა დაკავშირებულია იმ ფაქტორებთან, რაც უკვე საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს. ყველამ კარგად იცის, რომ არის დედა და არის მამა, რომ მამაკაცი და ქალი განსაზღვრულ სოციალურ როლებს ასრულებენ. ეს ყველაფერი უხამსი სახით არის წარმოდგენილი“. ანა სიდორევიჩი განმარტავს, თუ რატომაა ანტიუკრაინულ რიტორიკაში გენდერული სტერეოტიპები გამოყენებული: „იმიტომ, რომ გენდერული მეტაფორები იოლად და მსუბუქად აღიქმება და რომ ისისნი აგებულნი არიან მამაკაცის დომინირებაზე. კაცი ძლიერია, ქალი სუსტი. ძლიერი ხელმძღვანელობს, სუსტი ემორჩილება“.

„მასკულინობა საგარეო პოლიტიკაში ძალიან სახიფათოა და მას კონფლიქტის ესკალაციის გამოწვევა შეუძლია. მამაკაცს სულ უფრო ხშირად უწევს იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად ვაჟკაცია („კაცური კაცია“) და ყველა დავალებას შეასრულებს. როგორც ხდება ხოლმე, ასეთ მოქმედება ძალადობასთანაა დაკავშირებული და მას ნეგატიურ შედეგები მოაქვს“, - გვაფრთხილებს ელისაბედ გაუფმანი. მისი თქმით, იგი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ჯერ კიდევ 2015 წელს ელოდებოდა, თუმცა არა დღევანდელი მასშტაბებით. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სამეცნიერო წრეებში მსგავსი დასკვნები ალარმისტულად (პანიკურ და ემოციურ რეაგირებად) ითვლბოდა. ამჟამად ელისაბედ გაუფმანი ამჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის  გენდერულ კონტექსტიანი ნატარივები იწყებენ განვითარებას „უკრაინის სატანიზაციისა და დემონიზაციისაკენ“. „სატანა - ეს უკვე ბოლო წერტილია, იმის იქით აღარაფერია. გაუგებარია, რაღა უნდა გააკეთო“, - ამბობს მკვლევარი.

წყარო: https://p.dw.com/p/4NsrW

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.