გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ უტევს რუსული პროპაგანდა უკრაინას გენდერული სტერეოტიპების მეშვეობით“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
რუსეთის პროპაგანდა აქტიურად უტევს უკრაინელ ქალებს და დასცინის პოლიტიკოს მამაკაცებს, ახდენს მათ ფემინიზებას და ამ დროს შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებს. გერმანული „დოიჩე ველე“ ამ საკითხზე მკვლევარ ქალებს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია ამ ტენდენციის მიზეზები და შედეგები.
რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე ორი კვირით ადრე, ერთი წლის წინ, 2022 წლის თებერვალში, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასე განუცხადა კიევს მინსკის შეთანხმების შესრულების შესახებ: „ჩემო ლამაზო, მოგწონს თუ არ მოგწონს, უნდა მოითმინო“. ეს ფრაზა, რომლის ტირაჟირება რუსეთის ყველა სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებამ მოახდინა, სავარაუდოდ, აღებულია რუსული ფოლკლორიდან და წარმოადგენს უხამს, უზრდელურ („დედის საგინებელ“) შაირს, რომელიც გასულ საუკუნეებში რუსი „კნიაზების“ მომსახურე ე.წ. „სასახლის ყმებს“ შორის იყო ანეკდოტის სახით გავრცელებული.
„ეს ფაქტიურად იმ ნარატივის გარგრძელებაა, რომლის მიხედვით, უკრაინა ქალია, სუსტი არსება და მან ყველაფერი უსიტყვოდ უნდა შეასრულოს, რასაც მამაკაცი - რუსეთი უბრძანებს“, - ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში გერმანიის გრონინგემის უნივერსიტეტის დოცენტი ელისაბედ გაუფმანი. მსგავსი რიტორიკა მან რუსეთის სოციალურ ქსელებშიც შენიშნა ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში, უკრაინაში მომხდარი ევრომაიდანის ფონზე, ხოლო 2022 წლიდან ამ ნარატივმა „ახალი ცხოვრება“ დაიწყო, ამჯერად უკვე ვლადიმერ პუტინის „მხარდაჭერით“.
როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის ვითომ „გადარჩენას“
უკრაინულმა ჯგუფმა Detector Media-მ გამოიკვლია, თუ როგორ ავრცელებს კრემლი დეზინფორმაციას ომის ფონზე და როგორ იყენებს ამ დროს გენდერულ სტერეოტიპებს. გაანალიზებული იქნა სოციალური ქსელების თითქმის 45 ათასი აქაუნთი და გასული წლის სექტემბერში შედეგები გამოაქვეყნა. მკვლევარებმა ომის კონტექსტში ცალკე გამოჰყვეს რუსული დეზინფორმაციის რამდენიმე საკვანძო გზავნილი უკრაინელი ქალების შესახებ. ასე, მაგალითად, მათ ხშირად უწოდებენ შეურაცხმყოფელ მეტსახელებს - „ხოხლუშკებს“, მათზე ლაპარაკობენ როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე („პროსტიტუტკებზე“), რომლებიც სხვადასხვა ცნობილ ვენერიულ დაავადებებს ავრცელებენ. არცთუ იშვიათად გვხვდება ხუმრობები უკრაინელი ქალების თითქოსდა „გაუპატიურების“ შესახებ, რომლებიც „სამხედრო ტროფეის“ სახით არიან წარმოდგენილი. ირონიულად არის უკრაინის არმია მოხსენიებული, რადგან მასში „სუსტი სქესის წარმომადგენლები“ - ქალებიც მსახურობენ.
ტენდენცია გრძელდება. ასე, მაგალითად, გასული წლის ნოემბერში რუსეთის სამთავრობო გაზეთმა „არგუმენტი ნედელიმ“, უკრაინის ყველაზე საუკეთესო მზვერავი ქალების შესახებ კიევის განცხადების კომენტირების დროს, ისინი ჯარის „პროსტიტუტკებად“ მოიხსენია. რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის “როსია-1“-ის ეთერში ტელეშოუ „60 წუთის“ წამყვანმა ოლღა სკაბეევამ, რომლის მიმართაც ევროკავშირის სანქციები პერსონალურად ვრცელდება, დასცინა იმ უკრაინელ ქალებს, რომლებმაც ფოტოსურათები კალენდრისათვის პოპულარულ ფორმაში გადაიღეს უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად. „ისინი ფულს იმაში იღებენ, რითაც მთელ ევროპაში არიან ცნობილნი“, - დაწერა რუსმა ტელეწამყვანმა თავის „ტელეგრამ-არხში“.
„ჯერ კიდევ 2014 წელს რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ნარატივი სამი დის - რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის - შესახებ. წერდნენ, რომ სამი დიდან ორი წესიერი და კარგი ქალია, მესამე - უკრაინა - კი ბოზი, რომელსაც უკან კაცების მთელი ჯგრო დასდევს. ახლა მსუბუქი ყოფაქცევის უმცროსი დის - უკრაინის გადარჩენა უფროს დებს - რუსეთს და ბელარუსს უწევს“, - ამბობს ელისაბედ გაუფმანი. მისი თქმით, ეს ნარატივი, სხვებთან ერთად (მაგალითად, თითქოსდა „ყველა უკრაინელი ნაცისტია“), რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ძალიან კარგად გამოიყენა და მისი ეფექტური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინა, რათა რუსეთის მოსახლეობა დაერწმუნებინა - „ამიტომ მივიერთეთ ყირიმი და ამ მიზნით შევიყვანეთ ჯარები უკრაინაში“.
„ნარატივი უკრაინელთა ნაცისტობის შესახებ რუსული აგრესიული „მასკულინობის“ (მამაკაცურობის) პრინციპითაა მოგონილი. რუსების აზრით, უკრაინაში ნაციზმი დასავლეთიდან შევიდა და ამიტომ ის საშიშია, მას უნდა ებრძოლონ. რაც შეეხება ნაცისტების მიერ დაჩაგრულ ქალებს, ისინი საშიშნი არ არიან, საჭიროა მათი გადარჩენა“, - განმარტავს გრონინგემის უნივერსიტეტის დოცენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ფემინიზაცია
მსგავს ტენდენციას ხედავს ანა სიდორევიჩიც, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ასპირანტი, რომელიც ფემინიზმისა და გენდერის ისტორიას იკვლევს. მისი თქმით, რუსული პროპაგანდის წინა პლანზე ამჟამად უფრო უკრაინის დენაციფიცირების იდეა დგას, მაგრამ რჩება გენდერული მეტაფორებიც. უბრალოდ, ისინი დღეს ირიბად არიან გამოხატული.
„პროპაგანდა ხშირად ხაზს უსვამს, რომ რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კლოუნია, მსახიობი, იუმორისტი, სხვების გამცინებელი, რომელიც ევროპაში სამათხოვროდ დადის. ეს არის რუსული დამამცირებელი ლექსიკა, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია იმიკენ, რომ აცვენოს უკრაინის ლიდერის, პრეზიდენტისა და მამაკაცის სისუსტე, უღონობა, რომ მას მამაკაცური სერიოზულობა და კაცური პროფესია კი არ აქვს, არამედ ის ხუმარაა და საერთოდ, ლაზღანდარა“, - ამბობს ანა სიდორევიჩი. მისი თქმით, მსახიობობა, რომელიც გრძნობებს აჩვენებს, პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცური პროფესიად არ მიიჩნევა. რუსეთში ლიდერებად ითვლებიან ძალოვანი უწყებების, სპეცსამსახურების თანამშრომლები, უკიდურეს შემთხვევაში - ბიზნესმენები. ასე რომ, ვოლოდიმირ ზელენსკის სახით რუსი ჩინოვნიკები თავიანთ თანასწორ ადამიანს ვერ ხედავენ, მასზე ყოველთვის იცინოდნენ და ახლაც სიცილს აგრძელებენ“, - განმარტავს მკვლევარი.
ელისაბედ გაუფმანი აკვირდება, რომ ხდება არამარტო უკრაინისა და მისი ლიდერის ფემინიზება, არამედ ამერიკისა და მისი მოკავშირეების ლიდერებისაც, ხოლო ევროპა წარმოდგენილია როგორც „ჰომოსექსუალისტთა სამეფოდ“ – „გეიროპად“. რუსულ გენდერულ კატეგორიებში კიდევ ერთი იერარქიაა გამოხატული - ის, რომ რუსეთი ნამდვილ მამაკაცთა სახელმწიფოა, უკრაინა კი არა.
რატომ იყენებს რუსული პროპაგანდა გენდერულ კლიშეს
ელისაბედ გაუფმანის თქმით, რუსული პროპაგანდა ეყდნობა საკმაოდ პარტიარქალურ და ყველასათვის ცნობილ სტრუქტურებს, ამიტომაც ის კარგად მუშაობს: „პროპაგანდა დაკავშირებულია იმ ფაქტორებთან, რაც უკვე საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს. ყველამ კარგად იცის, რომ არის დედა და არის მამა, რომ მამაკაცი და ქალი განსაზღვრულ სოციალურ როლებს ასრულებენ. ეს ყველაფერი უხამსი სახით არის წარმოდგენილი“. ანა სიდორევიჩი განმარტავს, თუ რატომაა ანტიუკრაინულ რიტორიკაში გენდერული სტერეოტიპები გამოყენებული: „იმიტომ, რომ გენდერული მეტაფორები იოლად და მსუბუქად აღიქმება და რომ ისისნი აგებულნი არიან მამაკაცის დომინირებაზე. კაცი ძლიერია, ქალი სუსტი. ძლიერი ხელმძღვანელობს, სუსტი ემორჩილება“.
„მასკულინობა საგარეო პოლიტიკაში ძალიან სახიფათოა და მას კონფლიქტის ესკალაციის გამოწვევა შეუძლია. მამაკაცს სულ უფრო ხშირად უწევს იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად ვაჟკაცია („კაცური კაცია“) და ყველა დავალებას შეასრულებს. როგორც ხდება ხოლმე, ასეთ მოქმედება ძალადობასთანაა დაკავშირებული და მას ნეგატიურ შედეგები მოაქვს“, - გვაფრთხილებს ელისაბედ გაუფმანი. მისი თქმით, იგი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ჯერ კიდევ 2015 წელს ელოდებოდა, თუმცა არა დღევანდელი მასშტაბებით. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სამეცნიერო წრეებში მსგავსი დასკვნები ალარმისტულად (პანიკურ და ემოციურ რეაგირებად) ითვლბოდა. ამჟამად ელისაბედ გაუფმანი ამჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის გენდერულ კონტექსტიანი ნატარივები იწყებენ განვითარებას „უკრაინის სატანიზაციისა და დემონიზაციისაკენ“. „სატანა - ეს უკვე ბოლო წერტილია, იმის იქით აღარაფერია. გაუგებარია, რაღა უნდა გააკეთო“, - ამბობს მკვლევარი.
წყარო: https://p.dw.com/p/4NsrW
მოამზადა სიმონ კილაძემ