USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „რატომ შეუძლია გოეთეს მედალს პოლიტიკური დავის გამოწვევა საქართველოში“
თარიღი:  338

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ შეუძლია გოეთეს მედალს პოლიტიკური დავის გამოწვევა“ (ავტორი - შტეფან დეგე). მასალაში განხილულია ქართველი კინემატოგრაფისტ გაგა ჩხეიძისათვის გერმანიის მიერ მაღალი მნიშვნელობის კულტურულ-პოლიტიკური პრემიის გადაცემის გარემოებები და ის ვარაუდები, თუ რა პოლიტიკურ რეზონანს გამოიწვევს გოეთეს მედლის გადაცემა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვეიმარში 28 აგვისტოს - გერმანელი პოეტის იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს დაბადების დღეს - მისი სახელობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კაროლა ლენცმა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს - ქართველ კინემტოგრაფისტს, ტაივანელ დრამატურგს და უნგრულ კოლექტივს -  კულტურულ-პოლიტიკური პრემიები გადასცა.

მიმდინარე წლის ლაურეატების შერჩევა, ალბათ, გარკვეულ დავას გამოიწვევს, განსაკუთრებით ეს ეხება გაგა ჩხეიძეს - აღმოსავლური კომუნისტური ბლოკის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელს.

ქართული კულტურის ხიდმშენებელი: გაგა ჩხეიძე

პროფესიონალი კინემატოგრაფისტი გაგა ჩხეიძე ბოლო დრომდე მსოფლიოში ცნობილი თბილისის კინოფესტივალის დირექტორად მუშაობდა, მაგრამ იგი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შერისხა. საქმე იმაშია, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ მან საჯაროდ გააკრიტიკა თავისი ქვეყნის - საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ დაუყონებლივ არ მოახდინა დისტანცირება რუსეთისაგან. ასეთი პრინციპული პოზიციის გამოხატვის გამო გაგა ჩხეიძეს თანამდებობის - ქართული ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება მოუხდა. გარდა ამისა, იგი გაირიცხა კინოხელოვნების დამფინანსებელი ეროვნული ორგანიზაციის - ქართული კინოფონდის წევრობიდანაც. დღეისათვის თბილისის კინოფესტივალის ოფისი დახურულია, კინოგრანტები გაუქმებულია, ფესტივალის ბიუჯეტი შემცირდა.

გაგა ჩხეიძე, რომელიც 1957 წელს არის დაბადებული, ყოველთვის ითვლებოდა გერმანიის მეგობრად, „კულტურის ხიდების მშენებლად“ და არამარტო ორ ქვეყანას შორის. 1976-1980 წლებში იგი სწავლობდა იენაში, ტიურინგიის მხარეში. 1980-იან წლებში გაგა ჩხეიძე მუშაობდა თბილისის გერმანული სკოლის დირექტორად, შემდეგ კი თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ლიტერატურის ლექციებს კითხულობდა. მისის ორგანიზატორობით 1988 წელს ბერლინის კინოთეატრს „არსენალში“ ქართული კინოფილმების ჩვენება მოეწყო. 1990-იან წლებში ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო, ხოლო 2000 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნა. 

თბილისის კინოფესტივალი ზეწოლის ქვეშ

კინოფორუმის ხელმძღვანელის პოსტზე მისი საქმიანობა კინემტოგრაფიის ეროვნული ინსტიტუტის დაარსებას დაემთხვა, რამაც ქართული კინოს განვითარებას ახალი იმპულსი მისცა. ფილმების ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, გაჩნდა ახალი კინოთეატრები, სულ უფრო მეტი ქართული ფილმი ხდებოდა საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატები - ბერლინიდან ტორონტომდე. ქართულმა კინომ ევროპული კინობაზრის ყურადღება მიიპყრო.

„გაგა ჩხეიძის ერთგულებას კინოხელოვნებისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქარტული და ევროპული საეთაშორისო ინსტიტუტების, პროგრამების, კინობაზრისა და ფესტივალების ურთიერთკავშირისათვის“, - ნათქვამია  Goethe Medal Award-ის ჟიურის წევრთა განცხადებაში.

გაგა ჩხეიძის მიერ შემუშავებული კონცეფცია მისაღები აღმოჩნდა როგორც კინემატოგრაფისტებისათვის, ასევე კინომაყურებელებისათვისაც. სულ მალე თბილისის კინოფესტივალი კინემატოგრაფისტების სეხვედრების საერტაშორისო ცენტრი გახდა.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორობის პერიოდში გაგა ჩხეიძე ხელს უწყობდა საბჭოურ ეპოქაში გადაღებული ქართული ფილმების გაციფრებას და მათ რესტავრაციას. შესაბამისად, ქართული კიმომემკვიდრეობის გადარჩენაში მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

პოლიტიკისა და კულტურის ურთიერთკავშირი

სამწუხაროდ, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გავლენა ქართული კულტურაზეც მოახდინა. თბილისის ფესტივალი მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რაზედაც მისი დირექტორის - გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოწმობს.

„სამწუხაროდ, აქ, საქართველოში, ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიმყოფებით დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის“, - განაცხადა გაგა ჩხეიძემ ამას წინათ Deutschlandradio-სათვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, არის ბევრი სიმპტომი იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკური განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება, მთავრობის მოქმედებაში ავტორიტარიზმის სულ უფრო მეტი ნიშნები შეიმჩნევა. არ ვამბობ, რომ დიქტატურისკენ მივდივართ, მაგრამ ტოტალიტარიზმისაკენ კი, რომელიც ჩვენთან საბჭოთა ეპოქის დროს უკვე იყო. საქართველოში მისი გამეორება არავის აღარ უნდა, მაგრამ არის საფრთხე არის“.

ანალიტიკოსების თქმით, საქართველო მართლაც ბალანსირებს მოსკოვსა და ბრიუსელს შორის. რუსეთთან ომის დროიდან 15 წელი გავიდა, ქვეყანა ოფიციალურად ისწრაფვის ევროკავშირის წევრი გახდეს, თუმცა ამ ეტაპზე თბილისს კანდიდატის სტატუსი ჯერ არ აქვს მიღებული.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მტკიცებით, რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს შემოსავლები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების (ტურიზმისა და ვაჭრობის) წყალობით ყოველწლიურად მატულობს.

თუმცა როგორც ანალიტიკოსი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, „გარედან თუ შევხედავთ, საქართველოს მთავრობა შეიძლება მართლაც პროევროპულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მმართველი პარტია არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მტკიცე ევროპული კურსი ჰქონდეს. სინამდვილეში მთავრობა სულ უფრო და უფრო პრორუსული ხდება“.

„მოთვინიერება“ - ქართული კინოსენსაცია

ორი წლის წინ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „მოთვინიერება“ გადმოცემულია ქართულ საზოგადოებაში არსებული სურათი. მასში რეჟისორმა სალომე ჯაშმა ასახა ისტორია მრავალსაუკუნოვანი ხეების შესახებ, რომელსაც ქართველი მილიარდერი საკუთარი კერძო პარკისათვის აგროვებს. სავარაუდოდ, ფილმში მინიშნებული პიროვნება კონკრეტულად არ სახელდება, მაგრამ იგულისხმება, რომ ის საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა. სალომე ჯაში ფილმში ხეების ამოძირკვას ადამიანების ამოძირკვას ადარებს - როგორც რეალური, ასევე მეტაფორული თვალსაზრისით.

„მოთვინიერებამ“ მსოფლიოს კინოფესტივალებზე სენსაცია მოახდინა, მათ შორის 2021 წლის ბერლინის კინოფესტივალზეც. ქართულ კინოთეატრებში მისი ჩვენება დღემდე აკრძალულია.

გაგა ჩხეიძეს გოეთეს მედალი იმ დროს გადაეცა, როცა ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური გაურკვეველობაა შექმნილი, მიდის ბრძოლა საგარეო კურსისათვის - ევროპასა და რუსეთს შორის. პრორუსული ბანაკისათვის პრესტიჟული კულტურულ-პოლიტიკური პრემია შეიძლება შეურაცხყოფად იქნეს აღქმული, ხოლო პროდასავლურისათვის - წამახალისებელ ჯილდოდ. ნებისმიერ შემთხვევაში გოეთეს მედალი თბილისში აჟიოტაჟს აუცილებლად გამოიწვევს.

წყარო: https://www.dw.com/en/why-the-goethe-medal-could-spark-politic-controversy/a-66631806

შენიშვნა: ამავე თემაზე სტატიები გამოქვეყნდა გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ სათაურით „გაგა ჩხეიძე: „მე მხარდაჭერა მჭირდება, რადგან საქართველო ავტოკრატიისაკენ იხრება“ (ავტორი - სუზანა ლენცი), აგრეთვე „დერ ტაგესშპიგელში“ - სათაურით „ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ“: რამდენად თავისუფალია ქართული კულტურა?“ (ავტორი - ქრისტიან პიცი).

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.