USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«Deutsche Welle» (გერმანია): „დარეკეთ „ცხელ ხაზზე“: რატომ დაიდგა „წითელი ტელეფონები“ კრემლში და თეთრ სახლში 60 წლის წინათ“
Date:  543

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle), მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი „ცხელი ხაზის“ ამოქმედების 60 წლისთავთან დაკავშირებით, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დარეკეთ „ცხელ ხაზზე“: რატომ დაიდგა „წითელი ტელეფონები“ კრემლში და თეთრ სახლში 60 წლის წინათ“ (ავტორი - მარსელ ფიურსტენაუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას (დამატებითი მასალების გამოყენებით):

არსებობდა თუ არა ძველ დროში დედამიწის უძლიერესი სახელმწიფოების ლიდერებს შორის პირდაპირი კავშირი? დიდი ალბათობით, არსებობდა - მალემსრბოლების, კურიერების მეშვეობით, რომლებსაც მეფე-იმპერატორთა და პრეზიდენტ-პრემიერთა საიდუმლო ფირმანები მიჰქონდათ, მაგრამ იმდროინდელ კომუნიკაციას, ბუნებრივია, მუდმივი ხასიათი არ ჰქონდა. 

ორი დიდი ომის გადატანა და მესამის დაწყების მუქარა დაჭირდა მსოფლიოს, რომ 60 წლის წინათ, დაპირისპირებული მხარეები, მტრობის მიუხედავად (უფრო ზუსტად, სწორედ მტრობის გამო), დაფიქრებულიყვნენ პირდაპირი საუბრის აუცილებლობაზე, რომელიც ნდობას განამტკიცებდა. მართლაც, მოსკოვმა და ვაშინგტონმა მოილაპარაკეს, რომ ქვეყნის მეთაურებს შორის უშუალო საუბრისათვის კავშირგაბმულობის სპეციალური არხი - ე.წ. „ცხელი ხაზი“ აემოქმედებინათ. ეს მოხდა 1963 წლის 30 აგვისტოს, კარიბის ზღვის კრიზისიდან 10 თვის შემდეგ.

ტელეფონი? არა, ტელეტაიპი

ფილმებსა და წიგნებში იმდროინდელი „ცხელი ხაზი“, ტექნიკური თვალსაზრისით, „წითელი ტელეფონებით“ არის ცნობილი. სინამდვილეში სპეცკავშირი ტელეფონის მეშვეობით კი არ ხორციელდებოდა, არამედ ტელეტაიპის აპარატებით, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი სახის შეტყობინებები გადაიცემოდა. „ტელეტაიპი იმ დროისათვის, პრინციპში, უკვე კავშირის მოძველებულ სისტემას წარმოადგენდა, თუმცა ტელეფონისაგან განსხვავებით, მისი მოსმენა შეუძლებელი იყო, ანუ გადაცემული ინფორმაცია დაცული იყო გამჟღავნებისაგან“, - განმარტავს ისტორიკოსი ბერნდ გრაინერი „დოიჩე ველესთან“ საუბარში.

ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას ზესახელმწიფოები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ: „მათ სურდათ დარწმუნებულები ყოფილიყვნენ იმაში, რომ არცერთ მესამე მხარეს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მათი მიწერ-მოწერის გაგების შესაძლებლობა არ ჰქონოდა“, - ამბობს ბერნდ გრაინერი. „მესამე მხარე“ - ეს სიტყვა მართლაც საყურადღებო იყო, რადგან პირდაპირი კავშირის ხაზი (კაბელი) გადიოდა ასეთი მარშრუტით „ვაშინგტონი-ლონდონი-კოპენჰაგენი-სტოკჰოლმი-ჰელსინკი-მოსკოვი“. საქმის წარმოება სპეცხაზის მომსახურების დროს სრულიად საიდუმლო წესით ხდებოდა, თითოეული მხარის მიერ, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

„ყავისფერი მელადან“ „განკითხვის დღის ომამდე“

პირველი ინგლისურენოვანი ტექსტური შეტყობინება, რომელიც ვაშინგტონიდან მოსკოვში 1963 წლის სამ სექტემბერს იქნა გაგზავნილი, ძალიან უცნაურად ჟღერდა: „ყავისფერი მელა სწრაფად გადაახტა მთვლემარე ძაღლს - 1234567890“. თუმცა ასეთი ტექსტი უცნაური და გაუგებარი მხოლოდ საქმეში ჩაუხედავებს მოეჩვენებოდათ, სინამდვილეში ფრაზა შეიცავდა ინგლისური ანბანის ყველა ასოს და ყველა ციფრს.

პირველი ოთხი წელი „ცხელი ხაზი“ უქმად იყო. „ცხადია, ტელეტაიპს რეგულარულად, ყოველდღიურად ამოწმებდნენ ტესტირების მიზნით - წყვილ საათებში თეთრი სახლიდან, ხოლო კენტ საათებში - კრემლიდან , მაგრამ მას პირდაპირი დანიშნულებით არ იყენებდნენ“, - ამბობს ბერნდ გრაინერი. პირველად „წითელი ტელეფონით“ მოსკოვთან კავშირისათვის ისარგებლა ამერიკულმა მხარემ - პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა 1967 წელს, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის დაწყებული „ექვსდღიანი“ (ე.წ. „განკითხვის დღის“) ომის დროს. აშშ-ის თეთრი სახლი შეეცადა თავიდან აეცილებინა შესაძლო კონფრონტაცია კრემლთან: როგორც ცნობილია, აშშ მხარს უჭერდა ისრაელს, სსრკ კი არაბულ ქვეყნებს. „ექვსდღიანი ომიდან“ რამდენიმე წლის შემდეგ, 1973 წელს, ისევ ახალი არაბულ-ებრაული ომის დროს, „ცხელი ხაზით“ ისარგებლა უკვე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ლეონიდ ბრეჟნევთან საუბრის მიზნით.

„ცხელი ხაზის“ კაბელის გაგლეჯვა... ბულდოზერით

ზოგადად, სატელეფონო კაბელები, როგორი მნიშვნელობისაც არ უნდა იყონ ისინი, ყოველთვის შეიძლება დაზიანდნენ:- ვთქვათ ოკეანის ფსკერზე, ან ხმელეთზე, მიწისძვრის და სხვა სტიქიური უბედურების დროს, ან სულაც „ადამიანური ფაქტორის“ მიზეზით. გამონაკლისი არც „ცხელი ხაზი“ არ იყო. მაგალითად, 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, დანიაში, კოპენჰაგენთან ახლოს, ბულდოზერისტმა  კაბელი გაგლიჯა, ხოლო ფინელმა ფერმერმა, როცა მიწის ნაკვეთი იყიდა, ნიშნულს ყურადღება არ მიაქცია - ტრაქტორით ღრმად მოხნა და კაბელიც ზედ მიაყოლა.

1978 წლიდან კრემლი და თეთრი სახლი ურთიერთკავშირის თანამგზავრულ სისტემაზე გადავიდნენ. რა თქმა უნდა, აპარატები და ტექნიკური მოწყობილობები უფრო სრულყოფილი გახდა, მაგრამ ინფორმაციები ძველებურად არა ხმით, არამედ ისევ ტექსტური ვერსიით გადაიცემოდა. ტრადიციულად, მოსკოვიდან  ვაშინგტონში - რუსულ ენაზე, ვაშინგტონიდან მოსკოვში - ინგლისურად. თარგმანს ყოველი მხარე თვითონ აკეთებდა (ეს წესი დღესაც მოქმედებს).

ვინ, როდის და რატომ...

როგორც სხვადასხვა მონაცემებით ირკვევა, ახლოაღმოსავლური კრიზისებიდან ბერლინის კედლის დაცემამდე (კომუნისტური სისტემის კრახამდე) „წითელი ტელეფონით“ მხარეებმა რამდენჯერმე გამოიყენეს:

1973 წელს - ლეონიდ ბრეჟნევმა და რიჩარდ ნიქსონმა ერთმანეთს თავიანთი პოზიციები გააცნეს ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბულობის დროს;

1974 წელს - ლეონიდ ბრეჟნევმა და ჯერალდ ფორდმა ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს თურქეთის არმიის კვიპროსზე შეჭრის გამო;

1979 წელს - 25 აგვისტოს ლეონიდ ბრეჟნევმა ჯიმი კარტერს თავისი უკმაყოფილება შეატყობინა საბჭოთა ავიალაინერის ნიუ-იორკში დაკავების გამო, ხოლო 26 დეკემბერს ჯიმი კარტერმა ლეონიდ ბრეჟნევს - ავღანეთში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით;

1981 წელს - რონალდ რეიგანმა ლეონიდ ბრეჟნევს თავისი შეშფოთება შეატყობინა პოლონეთში საბჭოთა არმიის სავარაუდო შეყვანასთან დაკავშირებით;

1982 წელს - იური ანდროპოვმა რონალდ რეიგანს თავისი შეშფოთება შეატყობინა ისრაელის არმიის ლიბანში შეჭრასთან დაკავშირებით;

1986 წელს - რონალდ რეიგანმა მიხეილ გორბაჩოვს ამერიკული ჟურნალისტის ნიკოლას დანილოფის გათავისუფლება მოსთხოვა;

ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, რასაც კომუნისტური სისტემის კრახი მოჰყვა, ისე ჩანდა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კრიზისული სიტუაციები წარსულს ჩაბარდა და „წითელი ტელეფონის“ გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობდა... მაგრამ დრო ისევ შეიცვალა.

„ცხელი ხაზი“ ინტერნეტის ეპოქაში

ტექნიკურმა ინოვაციებმა, განსაკუთრებით ინტერნეტმა, უკვე დიდი ხანია მისცა შესაძლებლობა ვაშინგტონს და მოსკოვს სწრაფი და საიმედოდ დაცული არხების შექმნისათვის. გარდა ამისა, კრიზისული სიტუაციებისათვის უკვე შეიქმნა პირდაპირი ხაზები მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებს შორისაც.

სხვათა შორის, დღესაც სახელმწიფოთა ლიდერები უშუალოდ და ბუნებრივად მხოლოდ პირადი შეხვედრების დროს საუბრობენ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით კი მხოლოდ ისევ წერილობითი ხასიათის შეტყობინებები გადაიცემა.

კრემლში დადგმული „წითელი ტელეფონი“ კვლავ „აწკრიალდა“ 2016 წლის 31 ოქტომბერს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინს მოსთხოვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსულ მხარეს ჰაკერული ჩარევები არ განეხორციელებინა.

უკრაინის ომი და „წითელი ტელეფონი“

როგორც ისტორიკოსი ბერდ გრაინერი ამბობს, ადრეული შეტყობინების სისტემაში „ცხელი ხაზი“ დღემდე გამოიყენება. ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენჯერმე დაუკავშირდა ვლდიმერ პუტინს, „მაგრამ რა ილაპარაკეს და ვინ არის საქმის კურსში მთავრობის წევრებიდან, ჩვენთვის უცნობია. ჩვეულებრივ,  ინფორმაციები ამის შესახებ არ მჟღავნდება“, - ამბობს გერმანელი ექსპერტი „დოიჩე ველესთან“ საუბრისას და ხაზს უსვამს, რომ „ცხელი ხაზის“ არსებობა ომის შეწყვეტას ვერაფრით ვერ დაეხმარება. „პრობლემა იმაშია, რომ სამხედროებსა და დიპლომატებს შორის ადრე არსებული კავშირები უკვე თითქმის მთლიანად განადგურებულია. დღევანდელთან შედარებით „ცივი ომის“ დროც კი, ანუ როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის „წითელი ტელეფონები“ დაიდგა, მშვიდი პერიოდის მოგონებად რჩება“, - სინანულით ამბობს ბერდ გრაინერი.  

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.dw.com/ru/60-let-nazad-zarabotala-goracaa-linia-mezdu-vasingtonom-i-moskvoj/a-66664122

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way