USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): გამოკითხვა: „უკრაინისადმი ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერა მცირდება: გამაფრთხილებელი ნიშანი კიევისათვის“
თარიღი:  458

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინისადმი ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერა მცირდება: გამაფრთხილებელი ნიშანი კიევისათვის“ (ავტორები - ჯეისონ ლენგი და პატრიცია ზენგერლი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ახალი გამოკითხვის თანახმად, რიგით ამერიკელებში უკრაინის შეიარაღებით მხარდაჭერა მცირდება, ამასთან - შეერთებული შტატების ორივე მთავარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებში. ეს გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს კიევისთვის, რომელიც რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში ამერიკულ დახმარებას მნიშვნელოვნად ეყრდნობა.

"როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი კვლევის მიხედვით, რესპონდენტების მხოლოდ 41% ეთანხმება იმას, რომ ვაშინგტონი უკრაინას იარაღით უნდა დაეხმაროს. ორდღიანი გამოკითხვა ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს დასრულდა. კითხვას უარყოფით პასუხს სცემს გამოკითხულ ამერიკელთა 35%, დანარჩენი კი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის.

შეიარაღების მიწოდების მხარდაჭერა წელს მაისიდან შემცირდა. მაშინ დახმარებას ამერიკელების 46% უჭერდა მხარს, 29% კი წინააღმდეგი იყო.

 „უკრაინის პრობლემები ჩვენი საქმე არაა და მათში ამერიკა არ უნდა ჩაერიოს“ - ამ თვალსაზრისს მხარს უჭერს დემოკრატების მხარდამჭერთა 34%, ხოლო რესპუბლიკელებისა -დაახლოებით 56%.

გამოკითხვის პარალელურად, ამერიკის კონგრესში განსახილველად ახალი კანონპროექტია შეტანილი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად, დამატებით $24-მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას ითხოვს. აქედან $17 მილიარდი თავდაცვის დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი.

ვაშინგტონმა კიევი უკვე უზრუნველყო 44 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებით. აქ შედის ათობით ტანკი, ათასობით რაკეტა და მილიონობით საარტილერიო ჭურვი, რომლებიც უკრაინას 2022 წლის თებერვალში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ მიეწოდა.

წელს, ივინისიდან მოყოლებული, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს სოფლები და დასახლებები, რომლებიც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული. წარმატებულ კონტრიერიშში უკრაინელ ჯარისკაცებს ხელს რუსეთის მიერ დანაღმული უზარმაზარი ტერიტორიები უშლის.

უკრაინის ამ მასშტაბით დახმარებას ზოგიერთი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით ისინი, ვინც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ასოცირდება და მის ხელახლა არჩევას ემხრობა. დახმარება გასული კვირის ბოლოს, კონგრესში მიღებული ბიუჯეტის დაფინანსების კანონპროექტიდან საერთოდ ამოიღეს. კომპრომისის შედეგად, ბოლო მომენტში დამტკიცებული კანონით, კანონმდებლებმა მთავრობის დახურვა აიცილეს თავიდან.

წყარო: https://www.reuters.com/world/us/us-public-support-declines-arming-ukraine-reutersipsos-2023-10-05/

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის