ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) მასპინძელმა აზერბაიჯანმა დასავლეთი გააკრიტიკა“ (ავტორები - უილიამ ჯეიმსი და საიმონ ჯექსონი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა, თავისი ქვეყნის ნავთობის და გაზის ინდუსტრიის დასავლელ კრიტიკოსებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. მან თქვა, რომ აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრია „ცილისწამების და შანტაჟის კარგად ორკესტრირებული კამპანიის“ მსხვერპლი იყო.
ილჰამ ალიევის კომენტარები გაჟღერდა სამიტის მეორე დღეს, რომელშიც თითქმის 200 ქვეყანა მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვის შემცირება და სულ რამდენიმე წუთით ადრე, სანამ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში იტყოდა, რომ წიაღისეულ საწვავზე გაორმაგებული ფსონის დადება აბსურდული სტრატეგიაა.
მთავარ სცენაზე ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულების გაჟღერება ხაზს უსვამს გამოწვევას, რომელიც კლიმატზე მოლაპარაკებებს ახლავს: დასავლეთის ბევრი სახელმწიფო წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული რჩება და იმავდროულად სხვებზე, რომლებიც საწვავს მოიპოვებენ, წნეხის განხორციელებას ცდილობს, რათა ისინი ენერგიის უფრო „მწვანე“ წყაროებზე გადაერთონ.
ამ დროს ჰოლანდიის სააპელაციო სასამართლომ ნავთობის და გაზის კომპანია „შელის“ (Shell) სასარგებლოდ გამოსცა კლიმატზე საეტაპო დადგენილება, რომლითაც კომპანიისთვის გამოცემული გამონაბოლქვის მკვეთრად შემცირების ორდერი გააუქმა.
აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობით და გაზით მიღებულმა შემოსავალმა 2023 წელს 35 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წელს 50 პროცენტი იყო. მთავრობა ამბობს, რომ 2028 წლსთვის ეს შემოსავალი 22 პროცენტამდე შემცირდება.
„როგორც COP29 კონფერენციის პრეზიდენტი, ჩვენ რა თქმა უნდა ძლიერად მხარს ვუჭერთ „მწვანე“ გარდაქმნას და ამას ვაკეთებთ, მაგრამ იმავდროულად რეალისტები უნდა ვიყოთ“, - თქვა ალიევმა, - „ქვეყნებს ამ (რესურსის) ქონაში ბრალი არ უნდა დავდოთ. მათ არც ის უნდა ვუსაყვედუროთ, რომ ეს რესურსები ბაზარზე გამოაქვთ, რადგან ბაზარს ეს სჭირდება. ადამიანებს ეს სჭირდება“, თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
კონკრეტული კრიტიკის სამიზნედ მან გამოარჩია შეერთებული შტატები, ისტორიულად მსოფლიოში ნახშირბადის ყველაზე დიდი გამომფრქვევი ქვეყანა და ევროკავშირი.
„სამწუხაროდ, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტები, სხვა ქვეყნებისთვის ჭკუის დარიგების ჩვევა და პოლიტიკური ფარისევლობა, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული არასამთავრობოებისთვის და ყალბი ახალი ამბების მედიისთვის მოქმედების სტილად იქცა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეერთებული შტატების კლიმატის საკითხებში ეროვნულმა მრჩეველმა ალი ზაიდიმ ალიევის კომენტარები უარყო და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ ნახშირბადის გამოყენება ისეთი ტემპით რომ შეამციროს, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს, მსოფლიო კლიმატთან დაკავშირებულ თავის მიზნებს მიაღწევდა. ევროკავშირმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
სამშაბათს, სამიტის პრეს-კონფერენციაზე, ოფიციალურ პირებს სურდათ ყურადღება კვლავ გაემახვილებინათ სამიტის პირველად მიზანზე - მიეღწიათ შეთანხმებისთვის, რათა განვითარებადი ქვეყნები კლიმატის საკითხებზე ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარით დააფინანსონ.
წყარო: https://www.reuters.com/business/environment/cop29-pay-up-or-face-climate-led-disaster-humanity-warns-un-chief-2024-11-12/
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.