USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): „უკრაინას იარაღისათვის, ხელფასებისა და პენსიებისათვის ფული არ ჰყოფნის, ქვეყანას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება“
дата:  511

შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „უკრაინას იარაღისათვის, ხელფასებისა და პენსიებისათვის ფული არ ჰყოფნის, ქვეყანას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება“ (ავტორი - დენიელ იმკელრიდი). მასალაში განხილულია უკრაინის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: „კიევს ვალები იმდენი აქვს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს შეადგენს“, - ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, უკრაინას ძველებურად რუსეთის დამარცხების იმედი აქვს, მაგრამ მისი სურვილი შესრულებას წინ უამრავი პრობლემა ეღობება. ომის წარმოებას ფინანსები ჭირდება, თანაც უდიდესი რაოდენობით, ამიტომაც ყოველი ნებისმიერი მეომარი ქვეყნების მთავრობის წინაშე თითქმის შეუსრულებელი ამოცანა დგას: სად მოძებნოს ფული.

ყველაფერს ფული ჭირდება - სამხედრო ტექნიკისა და იარაღის, საბრძოლო მასალების  შეძენას, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ხელფასის გადახდას, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის უზრუნველყოფას. გასულ წელს უკრაინამ თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი მესამედი დახარჯა. ეს უდიდეს თანხას წარმოადგენს, რომელიც ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთს ნიშნავს. უკრაინის სხვა სფეროები დასავლეთიდან მიღებული თანხებით ფინანსდებოდა, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, დღეს ამ მხრივ სიტუაცია გაუარესებულია - ამერიკის მთავრობა, უკრაინის მთავარი დამფინანსებელი, კონგრესის თანხმობას ელოდება, კონგრესი კი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს.

ამიტომაც უკრაინისთვის დახმარების გაწევა ევროპის ქვეყნების ზურგზე გადავიდა, მაგრამ მათ საკუთარი პრობლემებიც ბევრი აქვთ. ევროკავშირის 54 მილიარდიანი დახმარება დახმარება ოთხ წელიწადზეა გათვლილი. ნორვეგია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები კიევს ფინანსებით ეხმარებიან, მაგრამ თანხები მაინც არასაკმარისია. უკრაინას 2024 წლის ბიუჯეტისთვის საზღვარგარეთიდან 37 მილიარდი დოლარი დაჭირდება. აქედან 10 მილიარდს ევროკავშირიდან მიიღებს, დანარჩენი თანხა კი უკრაინამ თვითონ უნდა მოიძიოს.

დღეს უკრაინის ეკონომიკა ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაშია. ამის მიუხედავად, უკრაინის ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მარჯვე და მოხერხებულ ფინანსურ პოლიტიკას ახორციელებდა. შარშანდელი წლის განმავლობაში ინფლაცია 26%-დან 4,7%-მდე შემცირდა. მისი სავალუტო რეზერვები შედარებით მაღალია და ომით დანგრეული ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენს - 38,5 მილიარდ დოლრას. სავალუტო რეზერვები კიევს რამდენიმე თვე ეყოფა სხვადასხვა ხარჯებისათვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც დადგება დრო, როცა რეზერვები კრიტიკულ დონემდე შემცირდება და მას აუცილებლად შევსება დაჭირდება.

სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მეომარი უკრაინა თავისი პროდუქციის ექსპორტს წარმატებით ახორციელებს, რომელიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სახით არის წარმოდგენილი (ანუ ეკონომიკის ეს სფერო საკმაოდ კარგად მუშაობს). მართალია, მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში, უკრაინული პროდუქციის გატანა ადგილობრივი ფერმერების პროტესტს იწვევს, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინული ხორბალი (მარცვლეული) და ზეთი მაინც წარმატებით იყიდება (თუმცა იაფი ფასებით).

მაგრამ ამ გზით ბიუჯეტში მიღებული თანხა მაინც არასაკმარისია. არაა გამორიცხული, რომ ხელახლა განვითარდეს ინფლაცია და ეროვნული ვალურის - გრივნის კურსი დაეცეს.

უკრაინას ევროკავშირის წევრობის იმედი აქვს, მაგრამ ეს საეჭვო პერსპექტივაა. ევროკავშირისათვის იოლია დაპირება, მაგრამ მიცემული სიტყვის შესასრულებლად არ ჩქარობს. 2023 წლის დეკემბერში, ანუ სულ რაღაც ორი თვის წინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებას იწყებდა გაწევრიანების მიზნით, მაგრამ კიევს წინ იმედგაცრუება ელოდება: „სანამ რუსეთთან კონფლიქტი გრძელდება, უკრაინის მიღება გამორიცხულია“, - არაოფიციალურად აცხადებენ ბრიუსელში.

უკრაინის ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო სატირელი ხდება. იმ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ქვეყანა ევროპიდან ირებს, გრძელვადიანი კრედიტებია, ანუ მათ პროცენტები ერიცხება და დადგება დრო, როცა ვალების გადახდა უნდა დაიწყოს.

ამჟამად უკრაინის საგარეო ვალი მატულობს: თუ ომამდე ის მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს აღწევდა, ამჟამად 90%-ს აღწევს. სანამ ომი გრძელდება, უკრაინა ვალების სპირალში არის მოქცეული.

რუსეთი კი ამ დროს მიზანმიმართულად ანგრევს ეკონომიკურ ობიექტებს და ამიტომ ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მიყენებული ზარალის მონაცემები მხოლოდ მიახლოებითი ხასიათისაა: მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ამას წინათ გააჟღერეს ციფრი 152 მილიარდი დოლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის რემონტისათვის მიმდინარე წელს ქვეყანას 15 მილიარდი დოლარი ჭირდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ თანხის მესამედია გამოყოფილი. მოკლედ, უკრაინის პერსპექტივა საკმაო ბურუსითაა მოცული.

წყარო: https://www.nzz.ch/wirtschaft/zwei-jahre-ukraine-krieg-hohe-kosten-bedrohen-die-wirtschaft-ld.1814784

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати