USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
ესტონეთის წარმატებამდე საქართველოს, მხოლოდ, ხელისუფლების პოლიტიკური ნების არ არსებობა აშორებს.
თარიღი:  2540

ესტონეთი ეს არის ქვეყანა, რომელიც დღეს მსოფლიოს ანცვიფრებს თავისი მიღწევებით განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა თუ სახელწიფო მმართველობის სფეროში.  ესტონეთი, საქართველოსავით პატარა ქვეყანაა და ამ კონტექსტში ორივე ქვეყნის გამოწვევები შეესაბამება ერთმანეთს. თუმცა სხვა მხრივ ესტონეთი ჩვენზე გაცილებით მეტად განვითარებული ქვეყანაა ეკონომიკის და ქვეყნის მმართველობის კუთხით.

ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ცნობილი  ესტონელების მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმა, „ესტონური მოდელი“, არ არის ამ ბალტიური ქვეყნის მიერ გატარებული ერთადერთი და იშვიათი წარმატებული პოლიტიკის შედეგი . 

ესტონური წარმატებული პოლიტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

კარგი ხელისუფალი ამ პატარა ქვეყნისგან ბევრ სხვა მოდელს შეისწავლიდა, შეაფასებდა და, ეცდებოდა ეს გამოცდილება  თავისი ქვეყნის სასიკეთოდაც გამოეყენებინა.

მართალია საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებს აქვთ ესტონური გამოცდილების გაცნობის, შესწავლისა და გაზიარების მცდელობები, თუმცა, ეს მხოლოდ მცდელობაა და სხვა არაფერი.

აუცილებელია ამ ქვეყნის გამოცდილების უფრო სიღრმისეული შესწავლა და, შემდეგ, ამ ცოდნისა თუ პრაქტიკის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება.

თუმცა ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება ჭირდება, რომელიც სამწუხაროდ არსად ჩანს.

ელექტრო მმართველობის კუთხით ესტონეთი საქართველოზე გაცილებით განვითარებული ქვეყანაა, შესაბამისად ესტონეთში აპრობირებული ტექნოლოგიური სისტემის დანერგვამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს საქართველოს განვითარების ტემპიც. ელექტრონული მმართველობა უნდა გახდეს გამჭვირვალობისა და კორუფციასთან ბრძოლის გარანტი, ამასთანავე მმართველობის ასეთი სტილი ხელს შეუწყობს ეფექტურ ეკონომიკურ მართვის ახალი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში 1.3 მილიონიანი მოსახლეობით ქვეყანამ განახორციელა მნიშვნელოვანი მიღწევები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT), უფრო ზუსტად, მის დანერგვაში თითოეული ესტონელის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების ყოვლისმომცველმა განვითარებამ კი, თავისთავად, ირიბი ან პირდაპირი ასახვა ჰპოვა ესტონეთის ეკონომიკურ ზრდაზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში IT, „ციფრული სექტორი“ ესტონეთის ეკონომიკის ყველაზე სრაფად მზარდი სეგმენტებია.

IT სფეროს განვითარება იყო ესტონეთის მთავრობის სტრატეგიული არჩევანი. მაგალითად, ესტონეთის მთავრობამ გაატარა სპეციალური პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ესტონეთის მოსახლების დაახლოებით 80% ID ბარათების საშუალებით ელექტრონულად ახორციელებს საბანკო ტრანზაქციებს, ელექტრონულად მიუწვდებათ ხელი საჯარო და ფინანსურ საგადასახადო მომსახურეობაზე და, ზოგადად, ელექტრონულად შეუძლიათ მრავალი ტიპის ოფიციალური  ხელშეხკრულებების გაფორმება.

ესტონეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2014 წელს დანერგა ე.წ. „ელექტრონული მოქალაქეობა“ (E-residency). ამ სტატუსის მქონე პირს, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ხელი მიუწვდება ისეთ მომსახურეობებზე, რომლებიც აუცილებელია კომპანიის დასაფუძნებლად და მის სამართავად. „ელექტრონული მოქალაქეობის“ ფარგლებში არაესტონელ პირებს საშუალება მიეცათ ესტონეთის ტერიტორიაზე დისტანციურად დაეფუძნებინათ და ემართათ კომპანიები თუ ფირმები. მსგავსი მმართველობითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელ ინვესტორებს საშუალება მიეცათ ელექტრონულად განეხორციელებინათ კომპანიის დაფუძვნება, ბანკებთან და საგასახადო ორგანოებთან ურთიერთობა. “ელექტრონული მოქალაქეების” რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წლის იანვრისთვის დისტანციურად დაფუძნებული კომპანიების რიცხვმა 1300-ს მიაღწია, ესტონეთში ოპერირებადი კომპანიის მფლობელების და ამ ფირმებში დასაქმებულების ჯამურმა რიცხვმა 5000 ელექტონული მოქალაქე შეადგინა. ესტონეთის 1.3 მილიონიანი მოსახლეობის ფონზე კი ეს სტატისტიკური რიცხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

ესტონეთში, ჯერ კიდევ 2001 წლიდან, პოპულარული გახდა ელექტრონული არჩევნების გეგმა, რომელიც IT სექტორის განვითარების იდეით „შეპყრობილი“ მთავრობისგან მოდიოდა. შედეგად, ესტონეთი გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2005 წელს საპილოტო ადგილობრივი თვითმმართველობის და 2007 წელს საპარლამენტო არჩევნები „ელექტრონულად“ წარმატებით ჩაატარა.

ესტონეთის შთამბეჭდავი ელექტრონული მმართველობის სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში შეასრულონ ისეთი პროცედურები, როგორიც არის არჩევნებში მონაწილეობა ე.ი. ხმის მიცემა, გადასახადების რეგისტრაცია ან უბრალოდ სათევზაო ნებართვის შეძენა. მეტიც, დღესდღეობით მომსახურების ცენტრებში მოქალაქეთა მისვლა, მხოლოდ დაქორწინების, განშორებისა და ქონების შესყიდვის შემთხვევაშია აუცილებელი. ყველა დანარჩენი საქმის წარმოება მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის თავიდან ბოლომდე ელექტრონულად არის შესაძლებელი. ნებისმიერი სერვისი ხელმისაწვდომია მათ შორის სმარტ-ფონით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე უცხოეთიდან.

ბიუროკრატიული და შრომატევადი საკანცელარიო სამუშაო ჩაანაცვლა, ახალმა, უფრო თანამედროვე ელექტრონულმა მართველობის სისტემამ, რომელმაც პატარა ესტონურ სახელმწიფოს საშუალება მისცა, სერვისების ხარისხიანი უზრუნველყოფით კონკურენცია გაუწიოს, უფრო დიდ და მდიდარ სახელმწიფოებს.

ტყუილი აღმოჩნდა, რომ ელექტრონული მმართველობის განვითარება იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და უმუშევრობის ზრდას. ესტონეთში სწორედ საპირისპირო მოხდა. ტექნოლოგიურ პროცედურებზე გადასვლამ, მცირერიცხოვანი საჯარო სექტორი გაცილებით ეფექტური და ქმედითი გახადა და ამავე დროს მკვეთრად შეამცირა საბიუჯეტო დანახარჯები.

ესტონური ელექტრონული მართველობის საფუძველს წარმოადგენს სრულიად დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც განპირობებულია მოდელით, ‘only once’ ე.ი. ‘მხოლოდ ერთხელ“. ამ მოდელის ფარგლებში მოქალაქის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არის გამოთხოვილი მხოლოდ ერთხელ და ინახება იმ სტრუქტურაში, რომელმაც ეს მონაცემი გამოითხოვა და ამ ინფორმაციას საჭიროებს. შესაბამისად, განსხვავებით ამერიკული ან თუნდაც ქართული მოდელისგან, სადაც მოქალაქეს ყოველი ელექტრონული სერვისის მიღებისას უწევს ყოველ ჯერზე შესაბამისი კითხვარის შევსება (მაგ. სახელის, მისამართის და სხვა მონაცემის მითითება), ესტონური მოდელი ინფორმაციას მოქალაქისგან ითხოვს მხოლოდ ერთხელ და ინახავს მას განცალკევებით, მხოლოდ საჭიროების მიხედვით აკავშირებს მონაცემებს ერთმანეთთან და აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე მომხმარებლისთვის.

შესაბამისად, მოქალაქეებისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი ონლაინ სერვისებში საკუთარი მონაცემების რეგისტრაციის პროცედურა (მაგ. თუ მოქალაქემ რაიმე სერვისით სარგებლობისას ერთხელ შეიყვანა საკუთარი მონაცემები, სხვა სერვისით სარგებლობისას მას აღარ უწევს იგივეს გაკეთება, რადგან სერვისების ბაზები უკავშირდებიან ერთმანეთს და მიმდინარეობს მონაცემთა გაცვლა ელექტრონულ რეჟიმში), რაც სწრაფს და გამარტივებულს ხდის საქმის წარმოებას. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე მდინარის პირას სეირნობს და მოულოდნელად გადაწყვიტა თევზაობა, მას შეუძლია უბრალოდ სმარტ-ფონის მეშვეობით ხუთ წუთზე ნაკლებ დროში სათევზაო ნებართვის აღება. ფაქტია, აგრეთვე ის, რომ ესტონეთში ნებართვების 90% გაცემულია ელექტრონულად, ასევე, უკანასკნელ არჩევნებში ხმების თითქმის ერთი მესამედი ელექტრონულად იყო მიცემული.

აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავება სხვა ქვეყნებში არსებული ელექტრონული მმართველობის მოდელებისგან, რომლებსაც აქვთ უწყებებს შორის მონაცემთა და მონაცემთა ბაზების დუბლირების პრობლემა. სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ესტონეთის დეცენტრალიზებული სისტემა არის ასევე გაცილებით უსაფრთხო. ცენტრალიზებულ სისტემაში, ერთ კიბერთავდასხმას შეუძლია დააზიანოს მთელი მონაცემთა ბაზა, რაც უდიდეს ზარალს გამოიწვევს. უსაფრთხოების მიზნით, ესტონეთმა განავითარა კონცეფცია „მონაცემთა საელჩოები“ (“data embassies”), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, კერძოდ ესტონეთის საელჩოებში, სარეზერვო მონაცემთა ბაზების შექმნას გულისხმობს. ასეთი მონაცემთა საელჩოები, ესტონეთში სამთავრობო დაწესებულებების ბაზების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში ან თუნდაც სხვა საგანგაშო სიტუაციების დროს, უზრუნველყოფს მონაცემთა დაცულობას და გადარჩენას.

საინტერესოა, რომ ესტონური სისტემის დეცენტრალიზაცია შემთხვევით მოხდა, რადგან მისი დაარსების დროს, ხარჯების გათვალისწინებით ესტონეთს არ ქონდა იმის საშუალება, რომ შეექმნა ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, რამაც გამოიწვია დეცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების აუცილებლობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უდავოდ გამართლებული აღმოჩნდა.

ესტონეთი ამას წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი, პრაგმატული მიდგომით, მისი ქვეყნის ცვალებად მოთხოვნებთან და საჭიროებებთან შესაბამისობით ახორციელებდა. სწორედ ამიტომ, არ არსებობს ცალკეული წარმატების ფორმულა, რომლითაც სხვა ქვეყნები კვალდაკვალ გაყვებიან ესტონეთის მაგალითს. მიუხედავად ამისა, ესტონეთი თავის პარტნიორებს უზიარებს პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურას და რამდენიმე ქვეყანა უკვე ახორციელებს ან განიხილავს მის იმპლემენტაციას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გამჭვირვალობის მნიშვნელობა, როგორც ესტონური ელექტრონული მართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპი. მოქალაქეებს აქვთ საშუალება თვალი ადევნონ ყველა ინფორმაციას, რომელსაც მათ შესახებ ფლობს სახელმწიფო და ასევე შეუძლიათ გაეცნონ სრულ სიას იმ ადამიანებისა/უწყებებისა, რომლებსაც ოდესმე შეხება ქონიათ მათ პერსონალურ მონაცემებთან.

ესტონეთისგან განსხვავებით, აშშ-ში მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაიგონ თუ ვის ქონია მათ მონაცემებთან შეხება. მაგალითად, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის თავჯდომარის ზედამხედველობის კომისიას არ ქონდა საშუალება სცოდნოდა, იმის შესახებ რომ მინიმუმ 45 საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი გაეცნო მათ პერსონალურ მონაცემებს. ასე რომ, აშშ-ში უმაღლესი თანამდებობის პირსაც კი არ აქვს ხელმისაწვდომობა მისი პირადი ინფორმაციის განკარგვის შესახებ და ამ დროს ესტონეთის თითოეული მოქალაქე არის სრულიად ინფორმირებული მისი პირადი მონაცემების განკარგვის შესახებ და თავადვე აკონტროლებს მასზე პირადი ინფორმაციის გადინებას.

საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, ესტონეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა და 2014 წელს ესტონეთი მსოფლიოს მასშტაბით 26-ე ადგილზე იყო ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში.  ასეთი შედეგი დიდ-წილად ელექტრონული მმართველობის განვითარებას დაუკავშირა, რადგან იგი ამარცხებს გავრცელებულ მექრთამეობას და ნეპოტიზმს.

გარდა ხელისუფლების პოლიტიკური ნების არსებობისა, არ არსებობს გადაულახავ დაბრკოლება, რომელიც შეაფერხებს ესტონურის მსგავსი გამოცდილების ადაპტირებულ დანერგვას საქართველოს განათლების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციისა თუ სხვა მნიშვნელოვან სექტორებში. ბუნებრივია ეს არ ნიშნავს ყველაფრის პირდაპირ გადმოტანას ქართულ რეალობაში, მაგრამ პროცესი რომ დასაწყებია (თუ არ დაგვიანებულია უკვე) ეს უდავოა.

მით უმეტეს რომ ჩვენც გვყავს ამ საქმეში ისეთი დონის სპეციალისტები, რომლებმაც ე.წ. ესტონურ მოდელზე უკეთესი ვარიანტიც კი შეიძლება  შესთავაზონ ხელისუფლებას თუ კი ის მოინდომებს ამას.

ხელოვნური ინტელექტის და ბლოკ-ჩეინის ეპოქაში სირცხვილია, უფრო მეტიც, დანაშაულია იყო პასიური და არ იმოქმედო, როდესაც უზარამაზარი შესაძლებლობები გეძლევა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მდიდარი და წარმატებული ქვეყანა.

ამას კი მხოლოდ მოქმედება და პოლიტიკური ნება ჭირდება.

გიორგი გურული

სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.