USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Tbilisi
"ერთი გმირის ისტორია" - მამუკა ბეკურაშვილი
Date:  945

მამუკა ბეკურაშვილი დაიბადა 1987 წლის 21 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში. სკოლის დასრულების შემდეგ, ძმასთან, ირაკლი ბეკურაშვილთან ერთად, წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, შემდეგ კი_ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.

კაპრალი, მამუკა ბეკურაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის, სახმელეთო ჯარების, 1-ლი ქვეითი ბრიგადის, ჯავშანსატანკო ბატალიონში, მემიზნე-ოპერატორად. დაიღუპა 8 აგვისტოს, ცხინვალში, ორმხრივი შეტაკების დროს, სნაიპერის ტყვიით.
მზია ბეკურაშვილი, დედა: " ირაკლი და მამუკა ერთად გაიზარდნენ, ტყუპებივით. ირაკლი 11 თვით იყო მამუკაზე უფროსი. სკოლაშიც ერთად დადიოდნენ, ჯარშიც ერთად წავიდნენ და ომშიც. მამუკა უფრო დინჯი და ჭკვიანი იყო. ბავშვობაშიც დიდი ადამიანივით ლაპარაკობდა, მაგრამ კარგი იუმორი ჰქონდა, ხუმრობა უყვარდა. ძმებს შორის უფრო ყურადღებიანი იყო, უფრო მზრუნველი. სკოლაში კარგად სწავლობდა, სწავლის გაგრძელებაც უნდოდა უნივერსიტეტში, მაგრამ ისეთი დრო იყო მაშინ, არ გვქონდა საშუალება, ხელი შეგვეწყო. თქვა, მაშინ ჯერ ჯარში წავალ, იქ ვიმეცადინებ, მოვემზადები და მერე ჩავაბარებო. დედას არასდროს ემეტება თავისი შვილები ომში წასასვლელად, მაგრამ ორივე ძმას ძალიან უნდოდა, წასულიყო და მოეხადა ვალი სამშობლოს წინაშე.
...არ ვიცოდი, ომში რომ წავიდნენ. ისედაც, ყოველ საღამოს ვურეკავდი, ორივეს ველაპარაკებოდი და ისე ვიძინებდი. 7-ში ღამე რომ დავურეკე, მამუკამ ძალიან ჩუმად მიპასუხა; დედი, რად ჩურჩულებ-მეთქი, ვკითხე, ბატალიონში ბიჭებს სძინავთ და არ მინდა, გავაღვიძოო. თურმე, ომში ყოფილა და არ მეუბნებოდა... 8-ში დილითვე გავიგეთ, რომ ომი დაიწყო, ხან ერთთან ვრეკავდი, ხან მეორესთან. არც ერთი არ მპასუხობდა. ბოლოს, როგორც იქნა, ირაკლიმ მიპასუხა, მითხრა, კარგად ვართ მეც და მამუკაცო. ხუთ წუთში ისევ დარეკა, დედი ჩქარა, მამუკა დაიჭრა და გორის ჰოსპიტალში წამოიყვანეს, მიხედეთო. გავვარდით გორის ჰოსპიტალში, რომ მივედით, იქ არ დაგვხვდა. სიებს აკრავდნენ დაჭრილებისას, მაგრამ მამუკა არ იყო ამ სიებში. ვტიროდით, ვღრიალებდით... მთელი სანათესაო ეძებდა; ვერსად ვიპოვნეთ, თურმე,უკვე, დაღუპული ყოფილა და არ გვეუბნებოდნენ. მერე, ერთი ექიმი გამოვიდა_ ვინ ხართ ბეკურაშვილისო, იკითხა; მამუკას ბიძაშვილი ბიჭები მახლდნენ... წინ გადავდექი_დედა ვარ, მითხარით, სად არის ჩემი შვილი-მეთქი. არა, შენ არა, ბიჭები გამომყვნენო.. მორგში უნახავთ ჩემი შვილი და გარეთ ვეღარ გამოდიოდნენ საცოდაობით. მერე მომატყუეს -დაჭრილია, ხვალ თბილისში უნდა გადაიყვანონ და შენ თავზე უნდა დაადგეო. წამოდი დღეს სახლშიო-მითხრეს; არ ვიჯერებდი, ვტიროდი, სანამ მამუკას არ ვნახავ, არსად წამოვალ-მეთქი. საავადმყოფოსთან ჯარისკაცები იდგნენ; რომ ვტიროდი, მათ ერთ-ერთი გამოეყო, ჩემთან მოვიდა_დეიდა, მამუკას ეძებო? კი შვილო-მეთქი, ნუ ტირი, დეიდა, მამუკა თავის ფეხით შევიდა ჰოსპიტალში, ფეხშია დაჭრილი, არ ინერვიულოო. წადი, ხვალ თბილისში გადააგზავნიან და იქ მიხედავთო. ისე დამამშვიდა, სახლში წამოვედით. რომ მოვედით, მთელი ეზო სავსე დამხვდა ხალხით_უკვე გაეგოთ მამუკას დაღუპვის ამბავი. მერე კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე... ირაკლისაც უმალავდნენ ძმის დაღუპვის ამბავს, არც მან არ იცოდა.
ჩემს მამუკას ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა და, ეს,თავისი სიკვდილითაც დაამტკიცა. 20 წლის იყო და თავისი ახალგაზრდა სიცოცხლე ქვეყნის ერთიანობას შესწირა. მადლობა, რომ არ ივიწყებთ ჩვენ შვილებს, მათ დამსახურებას და ღვაწლს."
ირაკლი ბეკურაშვილი, ძმა: ‘’სატანკო ბატალიონში ვმსახურობდით... ერთად მივდიოდით ტანკებით. ტანკი ცხინვალის მისადგომებთან ამიფეთქეს და, ერთმანეთს, ამ დროს დავცილდით, თუმცა, მანამდე მითხრა_’’უკან არ დავბრუნდები, თუ ცხინვალს არ დავიბრუნებთო“. სულ ოცი წლის იყო, მაგრამ ძალიან ვაჟკაცური, პრინციპული და უშიშარი.
შემდეგ მამუკასაც აუფეთქეს ტანკი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარით. მძღოლი დაიჭრა; მამუკამ და მისმა ოფიცერმა კონტუზია მიიღეს, დაჭრილი მძღოლი, სამშვიდობოს, მაინც გამოიყვანეს. თვითონაც დაიჭრა მხარში, მაგრამ, როგორც თანამებრძოლებმა მიამბეს, დაჭრილების გამოსაყვანად, ისევ უკან შებრუნებულა; მერე კი, სნაიპერს მოუკლავს – შუბლში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი.
თავიდან მითხრეს, რომ მამუკა დაიჭრა და გორის ჰოსპიტალში ჰყავდათ გადაყვანილი. მერე, როდესაც გამოვდიოდით, მეთაურმა მითხრა მისი დაღუპვის ამბავი...
მე მასზე უფროსი ვიყავი, მაგრამ, თითქოს, ჩემზე დიდი იყო_უფრო დინჯი, სერიოზული, ბავშვური არასდროს ყოფილა, ბავშვობაში კი...
21 აგვისტოს ხდებოდა 21 წლის, საკუთარი ოქროს დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა... სამწუხაროდ, არ დასცალდა. ჩვენს სოფელში, ბიწმენდში მამუკას სახელობის ქუჩაა და, ასევე, იმ ბიჭების სახელობის მემორიალია, ვინც, ჩვენი კუთხიდან, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაიღუპნენ."
ტარიელ ბეკურაშვილი, ძმა:„ ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, მაგრამ უფრო მეტით უფროსი მეგონა, ბავშვობიდანვე დიდი კაცივით იქცეოდა, კაცურად აზროვნებდა, დაუფიქრებლად არაფერს აკეთებდა. სულ ჭკუას მარიგებდა. მის ხელში ვარ გაზრდილი. მე კი არა, ჩვენს უფროს ძმას – ირაკლისაც ასწავლიდა ჭკუას. მარტო ჩვენთან კი არა, მეგობრებთანაც ასე იქცეოდა. ძირითადად, უფროსი ასაკის მეგობრები ჰყავდა. თანატოლებთან, ვისთანაც მეგობრობდა, ყველას რჩევებს აძლევდა. მე მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი, მიმაჩნდა, რომ ჩემზე გამოცდილი და ჭკვიანი იყო.დასჯით არც ერთხელ დავუსჯივარ, სიტყვით მაგებინებდა, მეც ყოველთვის ვუჯერებდი, ვიცოდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა. ჩემთან საუბრის დროს, ტონს, არასოდეს უწევდა. კარგი იუმორი ჰქონდა, ყველას ეხუმრებოდა, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს სწყენოდა მისი იუმორი. მამუკამ ომის დაწყების წინა დღეს დამირეკა; რომ მემშვიდობებოდა, მითხრა: ჭკვიანად მოიქეციო. მანამდე, ასეთი რამ, არასოდეს უთქვამს. 7აგვისტოს, დილას, წასულა სახლიდან. შვიდში ღამით, განგაშისას გაიყვანეს ჩემი ორივე ძმა ცხინვალში. მამუკა, ცხინვალის ბაზართან, 8 აგვისტოს დაღუპულა… მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან მაკლია, მეც და მთელს ოჯახს!..’’
მამუკა ბეკურაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
tbilisi
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

See all
Survey
By the way