USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
„ერთი გმირის ისტორია“ - გელა თათარაშვილი
Date:  1925
გელა თათარაშვილი დაიბადა 1974 წლის 17 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ოკამში. სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში; აფხაზეთში საომარმა მოქმედებებმა, ჯარში მყოფს მოუწია და ბრძოლის წინა ხაზზე წავიდა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პირველი საარმიო კორპუსის მე-11 ბრიგადის, 116-ე ბატალიონის_’’თეთრი არწივის’’ შემადგენლობაში. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში...
 
გოჩა თათარაშვილი, გელა თათარაშვილის ძმა: "ბავშვობიდან გამორჩეული იყო, ძალიან ზრდილობიანი და გულიანი; უგულოდ არაფრის გაკეთება არ შეეძლო; რომ წამოიზარდა, განსაკუთრებული მისწრაფება ჰქონდა სიკეთის კეთების მიმართ; თავდადებული, ძალიან გულისხმიერი გახლდათ არა მხოლოდ ახლობლების, უცნობების მიმართაც. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ჰქონდა განსაცდელი_ შეეძლო, ბოლო წუთამდე მის გვერდით მდგარიყო, სანამ პრობლემა არ მოგვარდებოდა. მერე, თავადაც, შვებით ამოისუნთქებდა,ხოლმე, როცა გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმარებოდა. 18 წლისა, ჯარში გაიწვიეს_უხაროდა, სამხედრო ფორმა რომ ეცვა, თუმცა, ვერც თავად და ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით ოდესმე, რომ მას იარაღის აღება და ვინმეს მოკვლა შეეძლო.
 
ომმა სწორედ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოუწია და წავიდა კიდეც ქვეყნის დასაცავად. 19 წლის იყო, როცა უკვე განწირული სოხუმისთვის ბრძოლაში ჩაება თავის შენაერთთან ერთად. მანამდე, თანამებრძოლებმა რამდენჯერმე უთხრეს, წადი, ცოტა დაისვენე და შემდეგ ისევ დაბრუნდი ბრძოლის ველზეო, მაგრამ ყველას უპასუხებდა: ’’რაღა კაცი ვიქნები, მე სახლში წავიდე და ჩემი ბიჭები ამ ტყვიების წვიმაში რომ დავტოვოო?!’’ 23 სექტემბერს სნაიპერის ტყვიით დაიჭრა, სოხუმში... 4 დღე მხოლოდ მისი სიყვარულით სავსე გული ფეთქავდა და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, მისმა გულმაც შეწყვიტა ფეთქვა..."
 
ზურაბ თათარაშვილი_’’თეთრი არწივის’’ პირველი ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურის მოადგილე: ’’გელაზე, ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, თუმცა, მიმძიმს... უვაჟკაცესი, ყველანაირად გამორჩეული, გულწრფელი, გულიანი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, უშიშარი; გელა ერთ-ერთი იყო ჩემი 8 ბიძაშვილიდან, რომლებიც ჩემს ბატალიონში იბრძოდნენ. ხუმრობით, ამ ბატალიონს, თათარაშვილების ბატალიონსაც კი ეძახდნენ. თავად, 20 წლის ვიყავი, როცა ომში წავედი და ჩემი ბიძაშვილების თან გამომყვნენ_18-20 წლისანი; მე, სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოვლილი მქონდა საბჭოთა ჯარში და მათთან შედარებით, ცოტა მეტი გამოცდილება მქონდა, თუმცა, ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება, უკვე, აფხაზეთის ომმა შემძინა... ყველანაირად ვცდილობდი, რომ ეს პირტიტველა, ბრძოლაში გამოუცდელი ბიჭები, წინა ხაზზე არ წასულიყვნენ, მაგრამ, რამდენჯერაც უკან დავაბრუნებდი, იმდენჯერ, პოზიციებზე მისულს, იქ გამომეცხადებოდნენ-ხოლმე! გელა, სულ მცირე, 5-ჯერ მაინც დავტოვე და არ წავიყვანე ბრძოლის ველზე, მაგრამ რომ ჩავედი, იქ დამხვდა_ მე ჩამასწრო_თვითმფრინავით ჩაფრენილიყო! 1993 წელს, უკვე ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ვასრულებდი, რადგან, ბატალიონის მეთაური, ისიც ჩემი ბიძაშვილი, მიშა თათარაშვილი, მინისტრის-გია ყარყარაშვილის პირად დაცვაში გადაიყვანეს. 1993 წლის სექტემბერში, სოხუმისთვის, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა; ფაქტობრივად, დასაცემად იყო განწირული, ადგილობრივი მოსახლეობა კი_მტრის გარემოცვაში, სასიკვდილო საფრთხის ქვეშ რჩებოდა. ედუარდ შევარდნაძემ დაგვიბარა მე და მიშა. იქ, სხვადასხვა შენაერთების მეთაურები იყვნენ... ‘’მშვიდობიანი მოსახლეობაა ჩარჩენილი და მათ გამოსაყვანად, სოხუმში, წახვალ, ზურა, შვილო?’’-თხოვნით მომმართა პრეზიდენტმა. სოხუმის დაცემამდე დღეები იყო დარჩენილი. ‘’ბატონო პრეზიდენტო, აბა, რას ვიზამ, რა თქმა უნდა, წავალ-მეთქი,-ვუპასუხე. არა და, პოზიციებიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი. რამდენიმე ადგილას დაჭრილი, ჭრილობებიდან ჩირქი მდიოდა... თან, ფსიქოლოგიურად იმდენად ვიყავი გამოფიტული, დაღლილი და ემოციურად დაცარიელებული!.. სხვა მეთაურებმა, რამდენიმემ, თქვა_ ჩვენ ვერ წავალთო... ყველამ იცოდა, ალბათ, რომ სოხუმში წასვლა იმ დროს, სიკვდილზე წასვლის ტოლფასი იყო. პასუხი რომ მოისმინა, შევარდნაძე მომეხვია და გულში ჩამიკრა, გზა დამილოცა და სოხუმში წავედი...გელაც, ჩემთან იყო.. სოხუმში პირდაპირ არ შევედით. შემოვუარეთ, ტყე-ტყე ვიარეთ... ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ისევ იქ იყო. დავიკავეთ პოზიციები; ადგილობრივი მოსახლეობა ნაწილ-ნაწილ გამოგვყავდა, ვატარებდით უსაფრთხოდ და თან, გამცილებელს ვაყოლებდით, რომ ჩვენთან, შტაბში ჩამოეყვანათ, რომელიც სოხუმთან ახლოს, სოფელ კვიტოულის სკოლის შენობაში გვქონდა მოწყობილი... არასოდეს დამავიწყდება_ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი მოვიდა, სახეზე ისეთი ტრაგედია ეწერა, გულს რომ გაგლეჯდა_ ვინ იცის, იქნებ, უკანასკნელ ღამეს ვათევ საკუთარ სახლში, ჩემი წინაპრების ფუძეზე და წამოდით, ამაღამ, ჩემთან ერთად დარჩითო... სავსე ოჯახი და მარანი ჰქონდა; თავადაც იარაღით იდგა! ისეთი გულით გვთხოვა, უარი ვერ ვუთხარი! გელა არ წავიყვანე, სხვებს რომ არ ეფიქრათ, რომ საკუთარი ბიძაშვილი თან წაიყვანაო; პოზიციებზე დავტოვე... თან, რამდენიმე ტყვე გვყავდა აყვანილი და ყურადღების მოდუნება არ შეიძლებოდა.
პოზიციებზე, სამკუთხედის ფორმით მოვაწყობდი ხოლმე, ჩემი ბატალიონის მებრძოლებს, რომ ალყაში, ადვილად არ მოვხვედრილიყავით. დღე შემყავდა და ღამე გამომყავდა მებრძოლები, რომ არავის დაენახა...ახლაც ეჭვი მეპარება, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან, მოწინააღმდეგეს, ჩვენს კოორდინატებს აწვდიდნენ; როგორც კი გამოვდიოდით პოზიციებიდან, მალევე ‘’გრადებით’’ იბომბებოდა ის ადგილი. გელა არც ერთი წამით არ მომშორებია. მოსახლეობის გამოყვანა კი გვევალებოდა, თუმცა, სოხუმს ძალიან უჭირდა და ბრძოლაში ჩავებით! ფაქტობრივად, ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა; სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, მძიმედ დავიჭერი, კვიტოულში_ ჩემს მეხსიერებას მხოლოდ ძლიერი აფეთქების ხმა შემორჩა...ამის გარდა, აღარაფერი მახსოვს! რომ აღარ გამოვჩნდი, მიკითხეს ჩემმა მებრძოლებმა და ძებნა დამიწყეს. ე.წ. „ჯაჭვი“ გააკეთეს და გამომიყვანეს, თურმე, დაჭრილი; მე გონება დაკარგული მქონდა; არაფერი მახსოვს. გელამ და ამ, 18-19 წლის ბიჭებმა, 8-9 კილომეტრი, თურმე, სოხუმამდე, ზურგით მატარეს!.. საავადმყოფომდე მიმიყვანეს და იქ დამტოვეს... მას შემდეგ, გელა აღარ მინახავს... გელამ და იმ ‘’გამოუცდელმა’’ ბიჭებმა მხოლოდ მე კი არა, ბევრს ასწავლეს თავდადების, ვაჟკაცობის საქართველოს სიყვარულის მაგალითი!
 
მე რომ საავადმყოფოში დამტოვეს, ჩემები ისევ ბრძოლაში ჩაებნენ და სწორედ ამ დროს, სოხუმისთვის ბრძოლაში დაეცა გელა_ სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა! ...დილას, მოწყობაზე რომ შევიკრიბებოდით, სულ ვცდილობდი, გელა და ახალგაზრდა ბიჭები, რთულ საცეცხლე წერტილებში არ წამეყვანა, მაგრამ გაბრაზებული მოვიდოდა გელა და გამომიცხადებდა, მკაცრად_ვერ გავიგე, ვისზე ნაკლები ბიჭი ვარ, მე, აქ, სათამაშოდ და დასასვენებლად კი არ ჩამოვსულვარო!’’ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, იმდენად შეუპოვარი იყო_დავუშლიდი? მაინც წამოვიდოდა და ყველაზე რთულ პოზიციებზე დადგებოდა!
 
გულწრფელად ვიტყვი, მე ისეთი მებრძოლები მყავდა, ვაჟკაცი, უშიშარი, საქართველოს სიყვარულით სავსე, რომ დღესაც კი, დიდი სიამოვნებით წავიდოდი მათთან ერთად სიკვდილზე!..”
 
მირიან დეკანოიძე, თანამებრძოლი: “სოხუმისთვის ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა; ყველა ვგრძნობდით, რომ განწირული იყო ქალაქი, მაგრამ უბრძოლველად მაინც არ ვტოვებდით და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოდით, მაინც; სოხუმში, რკინიგზის სადგურის ზედა მხარეს, გოთუას ქუჩაზე ვიდექით; დავიწყეთ კონტრშეტევა; ჩვენს გვერდით იყო კასპის ბატალიონი; მეორე მხრიდან ჩვენ და სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მებრძოლები ვუტევდით; გელას გვერდით დათო კურტანიძე და კიდევ 5-6 ჩვენი მებრძოლი იყო. აფხაზი ბოევიკები, კონფედერატები და მათი მომხრეები, სახლებში იყვნენ გამაგრებულნი და იქიდან გვიტევდნენ; ერთ-ერთი სახლის ეზოში შედიოდნენ თურმე, გვერდითა კარიდან. დათო მიდიოდა წინ კურტანიძე, გელამ კი არ გაუშვა_ჯერ მე შევალო; წინ წავიდა და სწორედ ამ დროს მოხვდა თავის არეში სნაიპერის 2 ტყვია... გელა დაეცა... ინტენსიური სროლა ატყდა. თავდაპირველად ეგონათ, ბიჭებს, რომ ისე, დაწვა მიწაზე, უსაფრთხოების მიზნით და სხვებმაც მას მიჰბაძეს. ყველგან პირველი გარბოდა, სიმძიმეს საკუთარ თავზე იღებდა ყოველთვის და სიკვდილმაც პირველს უწია! ამხელა კაცს, ამდენი რამის მომსწრეს, ახლაც არ შემიძლია, გელაზე უცრემლოდ ლაპარაკი! ყველაზე განსაკუთრებული ვაჟკაცი იყო! იშვიათი... 31 წლის წინ დაიწყო აფხაზეთში ომი... დღეს, 31 წლის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით, უფრო ხმამაღლა ვიტყვი_რომ აფხაზეთი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი...ყველაფერი! აფხაზეთი, სადაც გელასნაირი კაცები დაეცნენ ბრძოლის ველზე, საქართველოს არა მხოლოდ მთლიანობა, არამედ საქართველოს გამარჯვებაა! უაფხაზეთოდ არ იქნება საქართველოს გამარჯვება!..’’
analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way