USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
ერთ ღამეში გაჩენილი იდეა, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცა – Hilton Hotels
дата:  571

ამერიკულ სტუმარ-მასპინძლობაზე გაფიქრებისას, Hilton-ის სახელის გახსენება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ბრენდი, რომელიც 100 წელიწადზე მეტია არსებობს, არა მხოლოდ იმითაა ცნობილი, რომ მისი ქსელი მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, არამედ იმითაც, რომ საუკუნეზე მეტია სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

დამფუძნებელი

პირველი სასტუმროს გახსნა კონრად ჰილტონის სახელს უკავშირდება. ეს 1919 წელს მოხდა და მიზნად ტექსასის საუკეთესო სასტუმროდ ფუნქციონირებას ისახავდა. კონრადი 1887 წელს, რვაშვილიან ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან ამბიციურ პიროვნებად ყალიბდებოდა. მის განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედას, რომელმაც 11 წლის ბიჭი „გოსის” სამხედრო აკადემიაში გაგზავნა.

ამის შემდეგ ის გადავიდა კოლეჯში, სადაც სასულიერო პირები ასწავლიდნენ. უნდა ითქვას, რომ კონრადი საკმაოდ კეთილშობილ ადამიანად ყალიბდებოდა, თუმცა მაინცდამაინც მაღალი აკადემიური მოსწრება არ ჰქონია. ყველაზე მეტად თავი მათემატიკაში გამოიჩინა. პარალელურად, ის ხშირად მონაწილეობდა კლასგარეშე აქტივობებში.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში რომ დაბრუნდა, ეკონომიკური კრიზისი იყო და დედამ საჭმლის მიწოდების სერვისი შექმნა, რომელშიც კონრადი აქტიურად ჩაერთო, რათა ოჯახს დახმარებოდა. ამ საქმიანობამ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესა და კონრადი მამის მაღაზიის მართვაშიც ჩაერთო, თუმცა მამა-შვილი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და კონრადმა მალე დატოვა საოჯახო ბიზნესი.

გადამწყვეტი ღამე

სხვადასხვა სფეროში თვითდამკვიდრების მცდელობის შემდეგ, მათ შორის, პოლიტიკაშიც, კონრადს 1-ელი მსოფლიო ომი და სამხედრო სამსახური წამოეწია. 2 წლის შემდეგ დაბრუნდა ოჯახთან, მამა გარდაეცვალა და მეგობრის რჩევით, ტექსასისკენ გაემართა, სადაც თავისი დანაზოგით ბანკის შეძენას აპირებდა, თუმცა მისი საქმეები აქაც უკუღმა წავიდა, ბოლო წუთში გამყიდველმა ფასი გაზარდა და კონრადმა უარი თქვა ამხელა ფასის გადახდაზე. ის უკვე ოჯახთან დაბრუნებას აპირებდა და ღამის გასათევად The Mobley Hotel-ში გაჩერდა, რომელიც იმ ქალაქში ერთადერთი სასტუმრო იყო. სწორედ ამ ერთმა ღამემ და სასტუმროში გაჩერებამ მოუტანა მას ახალი იდეა – თავისი დანაზოგით ეყიდა სასტუმრო.

Hilton-ის დაარსება

კონრადი გაესაუბრა სასტუმროს მფლობელს და მათ შორის 40000 დოლარის ღირებულების გარიგება შედგა. მან დახმარებისთვის რამდენიმე მეგობარს დაურეკა და სოლიდური სესხი აიღო Cisco ბანკიდან. ქალაქში ერთადერთი და წამყვანი სასტუმრო საკმაოდ მოთხოვნადი იყო და ხალხი საათობით ელოდა თავის რიგს ოთახის მისაღებად. პირველი, რაც კონრადმა გააკეთა, სასადილოს დამატებით ოთახებად გადაკეთება იყო. 

მისი ბიზნესი იმდენად მალე აყვავდა, რომ მან შტატში კიდევ რამდენიმე სასტუმროს გახსნა შეძლო. კერძოდ: დალასში, აბილენში, ვაკოსა და ელ პასოში. საინტერესოა, აღვნიშნოთ, რომ ახალ ფილიალებში ნელ-ნელა ახალი მოწყობილობებიც შედიოდა, მაგალითად, ვაკოს ფილიალი იყო პირველი სასტუმრო, რომელსაც ჰქონდა კონდიციონერი.

1949 წელს, Caribe Hilton Hotel-ის გახსნით, Hilton სასტუმროების პირველი საერთაშორისო ქსელი გახდა პუერტო რიკოში. კიდევ ერთი დიდი წარმატება ეწვიათ 10 წლის შემდეგ, როდესაც San Francisco Airport Hilton გახსნეს. ის ამ ტიპის პირველი სასტუმრო იყო და იმხელა გავლენა იქონია კონკურენტებზე, რომ აეროპორტთან ჩადგმული სასტუმროები დომინოს პრინციპით გავრცელდა.

Hilton დღეს

დღეს Hilton Hotels and Resorts საკულტო, გლობალური ბრენდია 78 ქვეყანაში, რომელიც 600-მდე ძვირადღირებულ სასტუმროს აერთიანებს. წარმატებულ სტუმარ-მასპინძლობასთან ერთად მთელ მსოფლიოში, ბრენდი თავის იმიჯზეც ზრუნავს და სწორედ ამ მიზნით, 2010 წლიდან, რებრენდინგის შედეგად მან ახალი სახელი და ლოგო წარუდგინა საზოგადოებას.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

https://www.marketer.ge

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати