USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უნებართვოდ ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას კრძალავს
дата:  

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური ნებართვის გარეშე რეკვიზიტების გამოყენებას კრძალავს. აღნიშნულის შესახებ სეოკ-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

კომიტეტში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მონიტორინგის პროცესში უნებართვო აქტივობები გამოვლინდება, კომიტეტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. კერძოდ, დამრღვევ პირებს სასამართლოს წესით აუკრძალავს ნებისმიერ უნებართვო აქტივობას და მოითხოვს დამრღვევი პირების მიერ უნებართვო აქტივობებით მიღებულ შემოსავალს/მოგებას.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში იმასაც განმარტავენ, რომ ამგვარი შემოსავალი ან მოგება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი იქნება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობაც არსებობს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, ჩატარდება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ოლიმპიადის მოახლოვებასთან ერთად, გვსურს, გავავრცელოთ წინამდებარე საჯარო მოწოდება ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ.

ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი), როგორც ოლიმპიური მოძრაობის წამყვანი ხელმძღვანელი ორგანოს ექსკლუზიურ საკუთრებას, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ფლობს მასთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი არსებული ან მომავალში შემუშავებული ფორმით და საშუალებით მათ ორგანიზების, ჩატარების, მართვის, მაუწყებლობის, ჩაწერის, წარმომადგენლობის, რეპროდუქციის და გავრცელების უფლებებს. შესაბამისად, ყველა უფლება ნებისმიერ ოლიმპიურ რეკვიზიტზე (ოლიმპიური სიმბოლო, დროშა, დევიზი, ჰიმნი და აღნიშვნები (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება „ოლიმპიური თამაშებით,” „ოლიმპიადის თამაშებით” და ა.შ.), ნიშნები, ემბლემები, დროშები და ჩირაღდნები) და მათ გამოყენებაზე, ეკუთვნის ექსკლუზიურად სოკ-ს, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მათი გამოყენებით ნებისმიერი მოგების მიღების, კომერციული და სარეკლამო მიზნებით.

ააიპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ-ი), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს სოკ-ს, აქტიურ მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ოლიმპიური ღონისძიებების და/ან მონაწილეების შესახებ და მათთან დაკავშირებით ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით (იქნება ეს ზეპირად თუ წერილობით) ინფორმაციის გავრცელებას და/ან, შეუზღუდავად, ოლიმპიური სიმბოლოების, ოლიმპიური თამაშების ემბლემების, პიქტოგრამების, გრაფიკული გამოსახულებების, ოლიმპიური ნაკრებების ნებისმიერი ემბლემის და/ან ლოგოს, სიტყვების („ოლიმპიური“, „ოლიმპიადა“, „ოლიმპიური თამაშები“ და ა.შ.), მასპინძელი ქალაქების სახელების, ოლიმპიური ღონისძიებების და/ან მონაწილეების ლოგოს, დროშის, გამოსახულების, სახელის, სპორტული ტიტულის, წლების, სავაჭრო ნიშნების და/ან შესაბამისი კანონმდებლობით და/ან სხვაგვარი ფორმით დაცული სასაქონლო ნიშნების, დასახელებების, დევიზების და/ან ნებისმიერი სხვა სახის სიმბოლოს, გამოსახულების, ნიმუშის, სიტყვის, გამოთქმის, გამონათქვამის და ა.შ. გამოყენებას, მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ სარეკლამო/მარკეტინგულ აქტივობას, პოპულარიზაციის ნებისმიერ ფორმას, მაგალითად, სოციალურ მედიასა და სოციალურ ქსელში, ბილბორდებზე, ტელევიზიით, რადიოთი, ბეჭდვით თუ ონლაინ სივრცეებში, შეტყობინებებს/აქციებს (მიუხედავად იმისა იქნება ფასიანი თუ უფასო), ტრადიციულ რეკლამას/PR-ს (პირადი გამოსვლებისა და პრეს-რელიზების ჩათვლით), მათ შორის, ნებისმიერ პროდუქტზე/სავაჭრო სივრცეში და ა.შ.

ამდენად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან ნებისმიერი ზემოაღნიშნული აქტივობა, მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება დაიშვება მხოლოდ სოკ-ის პრინციპების/წესების შესაბამისად და აღნიშნულის წინასწარ, სეოკ-ისგან ნებართვის მიღების და მასთან შეთანხმების გზით.

სეოკ-ი იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებით, ინფორმაცია მიეწოდებათ სათანადო პირებს და ისინი იმოქმედებენ სეოკ-ის ნებართვის შესაბამისად ან/და განცხადების გაცნობიდან უმოკლეს ვადებში, უზრუნველყოფენ უკანონო მოქმედებების აღკვეთას.

ამასთან, სეოკ-ი განაგრძობს აქტიური მონიტორინგს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. კერძოდ, დამრღვევ პირებს სასამართლოს წესით აუკრძალავს ნებისმიერ უნებართვო აქტივობას და მოითხოვს დამრღვევი პირების მიერ უნებართვო აქტივობებით მიღებულ შემოსავალს/მოგებას. ამასთან, თუ ამგვარი შემოსავალი/მოგება აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოცულობას, შესაძლებელია დადგეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც“, - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати