USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«Berliner Zeitung»: „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება“
Date:  702

„იმ დროს, როცა ბერლინში ახლა ზაფხულის პაპანაქებაა და პოლიტიკური აქტიურობა მიყუჩებულია, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი სიტუაცია ყოველდღიურად გაზეთების მოწინავე სტატიების სათაურებში ასახული: უკრაინის რეგულარული ჯარების ანაზდეული შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში; დეზერტირების ახალი რეკორდი უკრაინის არმიაში და გამოკითხვის შედეგები, თუ როგორ უყურებენ უკრაინელები სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებს...

უკრაინელი სოციოლოგი ვლადიმერ იშჩენკო ინტერვიუში კომენტარს უკეთებს თავის სამშობლოში შექმნილ სიტუაციას. იგი არ ერიდება მკვეთრ კრიტიკას უკრაინის მთავრობის მიმართ. ვლადიმერ იშჩენკო ის ადამიანია, რომელიც მუდამ ხმამაღლა ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს.“, - ნათქვამია ინტერვიუს შესავალში, რომელიც გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ზაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნდა სათაურით „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკოლას ბუტილინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა აგრძელებს დასავლეთისათვის წინააღმდეგობრივი სიგნალების გაგზავნას: ერთი მხრივ, კიევის არმია კურსკის ოლქის სამხრეთში შეიჭრა, რასაც უკრაინული საზოგადოება ენთუზიაზმით შეხვდა, მაგრამ მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაციები მობილიზაციისაგან თავის ამრიდებლების რეკორდული რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება უკრაინის ქალაქ პოკროვსკს - მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს აღმოსავლეთის ფრონტზე. რუსები ქალაქის „კედლებთან“ უკვე 10-12 კილომეტრში არიან.

[გერმანიაში მყოფი] ვლადიმერ იშჩენკო ამბობს, რომ უკრაინელების ენთუზიაზმი კურსკის ოლქში შეჭრასთან დაკავშირებით დიდხანს არ გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსები ქალაქ პოკროვსკის დაკავებას მოახერხებენ: „თუ უკრაინის არმია დონბასში რუსების შეტევას ვერ გაუძლებს და პოკროვსკს დათმობს, კიევი იძულებული იქნება თავისი ქვედანაყოფები კურსკის ოლქიდან გამოიყვანოს, რაც, საბოლოო ჯამში, უკრაინელების ამჟამინდელ ეიფორიას ნოლამდე დაიყვანს“.

საერთოდ კი, როგორც სოციოლოგი აღნიშნავს, კურსკის ოლქში არმიის შეჭრამაც კი ვერ შეცვალა ის სკეპტიკური განწყობა, რომელიც უკრაინელებში შეინიშნება - კიევი კრემლტან დაპირისპირებაში ვერ გაიმარჯვებს, საჭიროა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება. ამჟამად მოლაპარაკების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი. ვლადიმერ იშჩენკოს აზრით, „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს, რომ დონბასის ნაწილი და ყირიმი, დიდი ალბათობით, რუსების ხელში დარჩება. ვინც ასე ფიქრობს, მათი რიცხვი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მატულობს, შეინიშნება ზრდის ტენდენცია“.

სოციოლოგი ხაზს უსვამს, რომ „გამოკითხვების შედეგები ფაქტიურად არავითარ როლს არ ასრულებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. მოლაპარაკებების გამართვა სრულიად სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული - მაგალითად, უკრაინელთა პოზიციაზე საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, მოსახლეობის მობილიზაციაზე და მათ მზადყოფნაზე ომში იბრძოლონ. უკრაინელი სოციოლოგი აცხადებს, რომ საზოგადოება უკვე დაღლილია ომით, მოსახლეობას საომარი მოქმედებების მიმართ კითხვები ებადება - ღირს თუ არა ასობით ათასი მსხვერპლის და ნგრევის მომტანი ომის გაგრძელება? ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ კანონის გამკაცრების მიუხედავად, უკრაინის გასაწვევ პუნნქტებში სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა გასაწვევი ასაკის მქონე მხოლოდ 40%-მა. უარესი მდგომარეობაა საზღვარგარეტ, სადაც ჯარში გასაწვევი უკრაინელი მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს - იქ რეგისტრაცია მხოლოდ 10%-მა განაახლა“.

ინტერვიუში უკრაინელი სოციოლოგი ეხება გასაწვევის ასაკის მქონე ახალგაზრდების მასობრივ გაქცევას საზღვარგარეთ, რომლებსაც, უბრალოდ, ეშინიათ თავიანთი პოზიციების გამოხატვა, რომელსაც ხელისუფლება არ მოიწონებს. ასეთი სიტუაცია უკრაინაში ჯერ კიდევ მაიდნამდე, ანუ 2014 წლამდე ყალიბდებოდა. ვლადიმერ იშჩენკო პესიმისტურად უყურებს უკრაინის მომავალს და ამბობს, რომ უკრაინელებს შორის განხეთქილება მატულობს - სხვაგვარი პოზიციები აქვთ მათ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მათ, ვინც კიევის კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. კიევი ასიმილაციის პროგრამას ჯერ კიდევ 1990 წლიდან ახორციელებს, უკრაინელ ნაციონალისტთა გეგმების მიხედვით.

„უკრაინის ელიტა აძლიერებს ქვეყნის დამოკიდებულებას დასავლეთზე, შეგნებულად ანადგურებს საბჭოურ კულტურულ მემკვიდრეობას, წმენდს მისგან საჯარო სივრცეს და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის ასიმილაციას ახორციელებს, ე.წ. დეკომუნიზაციის, დეკოლონიზაციისა და დესტალინიზაციის ჩარჩოებში“, - განმარტავს ვლადიმერ იშჩენკო. იგი ვერ ხედავს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობას და უკრაინის განვითარების შანსებს დემოკრატიულობისა და პლურალიზმის განვითარების თვალსაზრისით.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/geopolitik/soziologe-aus-der-ukraine-immer-mehr-verstehen-dass-der-donbass-oder-die-krim-russisch-bleiben-li.2244069

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way