USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
«Berliner Zeitung» (გერმანია): „უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტიდან გარბიან - მთელი ქვვედანაყოფებით“
Date:  111

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტიდან გარბიან - მთელი ქვვედანაყოფებით“ (ავტორი - ნიკოლას ბუტლერი), რომელშიც განხილულია დეზერტირობის პრობლემა  უკრაინის შეირაღებულ ძალებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ემზადება თუ არა უკრაინა საბედისწერო გადაწყვეტილების მისაღებად გვიანი შემოდგომისათვის? ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამდე და გერმანიაში დაწყებულ სამთავრობო კრიზისამდე უკრაინის პრეზიდენტისათვის სამხედრო პოლიტიკური სიტუაცია ძალზე არასახარბიელოდ გამოიყურებოდა, ახლა კი მით უმეტეს - ახლოვდება ცივი ზამთარი, ქვეყანა ელექტროენერგეტიკულ კოლაფსშია, ჯარი იარაღის მწვავე დეფიციტს განიცდის და ამ ყველაფერს დეზერტირობის დიდი ტალღა ემატება.

როგორც „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში უკრაინელი პაციფისტი და სამხედრო სამსახურის შეგნებულად უარმყოფელი რუსლან კოცაბა ამბობს, უკრაინის არმიის სარდლობა დეზერტირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის წინაშე დგას ფრონტის 1000-კილომეტრიან ხაზზე: „ჩვენი ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებს უკვე თითო-თითოდ კი არ ტოვებენ, არამედ ზურგისაკენ მთელი ქვედანაყოფები  გარბან“, - აცხადებს უკრაინის პაციფისტური მოძრაობის ხელმძღვანელი.

ფრონტიდან გამოქცევის შემდეგ დეზერტირები უმრავლესობა „იატაკქვეშ“ ცხოვრობს და იმალებიან, ქუჩაში არ გამოდიან. „ზოგიერთები უფრო გაბედულად იქცევიან და ცდილობენ თავს როგორმე უშველონ - საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლისათვის ემზადებიან, მაგალითად რუმინეთში, ლტოლვილის სახით“, - ამბობს რუსლან კოცაბა, რომელიც თვითონ ევროპაში ცხოვრობს. მის მიმართ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, ომისაწინააღმდეგო პოზიციის გამო. უკრაინის სამთავრობო წრეებში რუსლან კოცაბა პრორუსული ორიენტაციის მქონე პიროვნებად არის შერაცხული.

თუმცა მშვიდობისათვის მებრძოლ რუსლანს ეს ბრალდება, როგორც ჩანს, არ ადარდებს. მას ორივე პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც - ერთნაირად სძულს. „ომის დაწყებიდან 1000 დღის გასვლის შემდეგ დასავლეთი ნელა, მაგრამ მაინც აცნობიერებს, რომ უკრაინას ბრძოლა აღარ შეუძლია, უკრაინა დაიქანცა და ადამიანებს ძალა აღარ აქვთ, ისინი უიმედობით არიან შეპყრობილნი“, - ამბობს რუსლან კაცაბა და ვიდეორგოლებს იმოწმებს, თუ როგორ დასდევენ უკრაინელ მამაკაცებს დასაჭერად და ფრონტზე გასაგზავნად არმიაში გამწვევი პუნქტების თანამშრომლები.

ევროპული ინგლისურენოვანი პრესა უკრაინის არმიაში გავრცელებულ დეზერტირობას ფართოდ აშუქებს. მაგალითად, ჟურნალ „ეკონომისტის“ მონაცემებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დეზერტირობის დონემ 20%-ს გადააჭარბა.

უკრაინის პარლამენტმა მხოლოდ ოქტომბერში გამოავლინა ადექვატური რეაქცია დეზერტირობის მზარდი დონის მიმართ და პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარებისათვის კანონში ცვლილებები შეიტანა: ამიერიდან ყოველი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ნაწილს თვითნებურად დატოვებს და დეზერტირი გახდება, დაუყონებლივ კი არ დაისჯება, არამედ  მას მიეცემა 72 საათი თავის ნაწილში დასაბრუნებლად. ამ შემთხვევაში დეზერტირ ჯარისკაცთა მიმართ სადამსჯელო სანქცია აღარ იქნება გამოყენებული, მათ შეუძლიათ ძველებურად გააგრძელონ სამხედრო სამსახური, შეინარჩუნონ ხელფასი და სხვა შეღავათები.

კანონის ასეთი ლოიალური ცვლილება იმას მიუთითებს, რომ უკრაინის სამხედრო მდგომარეობა უარესდება. არმიას აწუხებს მწვავე საკადრო პრობლემები - ჯარში იწვევენ გამოუცდელ მოქალაქეებს, მათ არანაირი დაწყებითი სამხედრო მომზადება გავლილი არ აქვთ, ხოლო გაწვევის შემდეგ მათი წრთვნის ვადები მკვეთრად არის შემცირებული, ანუ ისინი ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლველად მზად მაინც არ არიან. ჯარისკაცთა უკმაყოფილებას იწვევს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული  არმიაში სამსახურის ვადები. შესაბამისად, გასაწვევის ასაკის მქონე მამაკაცები თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს და ცდილობენ, კანონიერი თუ უკანონო გზებით, საზღვარგარეთ გაქცევას. ეს ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობისათვის თავის ტკივილს წარმოადგენს.   როგორც ამას წინათ სტანისლავ კრავჩენკომ - უკრაინის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, სულ უფრო ძლიერდება სამხედრო ნაწილებიდან თვითნებური წასვლის ტენდენცია, რაც უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის კოლაფსს გამოიწვევს“.

18-დან 60 წლამდე ასაკის მქონე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ, თუმცა ყოველდღიურად ათობით გასაწვევი ასაკის უკრაინელი ცდილობს სამშობლოდან გაქცევას - რუმინეთში (მდინარეების დუნაისა და ტისას გადალახვით), სლოვაკეთში (კარპატების ქედის გავლით), ან პოლონეთში და მოლდოვაში (სასაზღვრო ბარიერების დაძლევით).

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ამას წინათ შოკური მონაცემები გამოაქვეყნა: მხოლოდ 2024 წლის წლის პირველ ნახევარში დეზერტირობის საქმეზე 29 ათასი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. შედარებისათვის: მთლიანად 2023 წლის განმავლობაში უკრაინის არმიაში აღირიცხა დეზერტირობის მხოლოდ 24 ათასი შემთხვევა, 2022 წელს კი - ათი ათასზე ცოტა მეტი.

მოკლედ, თუ სამხედრო ნაწილებიდან თვითნებური გაქცევა ასეთი სწრაფი ტემპით გაგრძელდება, უკრაინის არმია სულ მალე არაბრძოლისუნარინი გახდება.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/geopolitik/ukraine-krieg-soldaten-fluechten-von-der-front-ganze-gruppen-verlassen-ihre-einheiten-li.2271396

 

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way