USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
თბილისი
«Berliner Zeitung» : „ჰამასი“ ისრაელში ქაოსს იწვევს, პუტინი კი სარგებელს იღებს“
თარიღი:  403

გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) ეხმაურება ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჰამასი“ ისრაელში ქაოსს იწვევს, პუტინი კი სარგებელს იღებს“ (ავტორი - მაიკლ ბაკფიში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ის, რაც ახლო აღმოსავლეთს ომს საშიშს და სახიფათოს ხდის, არის „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ დამოკიდებულება ირანზე - ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. თავის მხრივ, ირანელი მოლებისა და აიათოლების რეჟიმი მხარს უჭერს სტრატეგიულ „ძმობა-მეგობრობას“ რუსეთთან. თეირანი მოსკოვს დიდი რაოდენობით „შაჰედებს“ - უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) აწვდის, რომლებიც უკრაინის ქალაქებს და ელექტროსადგურებს დიდ ზიანს აყენებენ.

„არ არსებობს რაიმე დადასტურება იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ისრაელზე „ჰამასის“ შეტევის მიმართ, მაგრამ თუ ირანი რაღაც მომენტში სამხედრო ჩარევას გადაწყვეტდა, თეირანი, ალბათ, მოსკოვიდან გარკვეულ მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებდა - უკიდურეს შემთხვევაში, პოლიტიკურს მაინც.

ახლოაღმოსავლური კრიზისი: უკრაინა უყურადღებოდ?

ვლადიმერ პუტინს ადრე ღია ანტიისრაელური პოლიტიკა არ გაუტარებია. მან რამდენჯერმე მიიღო კრემლში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. რუსეთის პრეზიდენტი მდუმარედ ითმენდა ისრაელის თავდასხმებს სირიაში მყოფ ირანელ სამხედრო სპეციალურ ქვედანაყოფებზე, მაგრამ დღეს ვლადიმერ პუტინი უდიდეს სარგებელს იღებს ებრაელებისა და არაბებების შეტაკებიდან. ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ახალი ომი დასავლეთის ყურადღებას მთლიანად „შთანთქავს“ და ამრიგად, უკრაინა გვერდზე რჩება, კიევზე ყურადღების ფოკუსირება აღარ ხდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, როგორც ყოველთვის, ისრაელს მტკიცე და განუხრელი თანადგომა გამოუცხადა. ამერიკა ისრაელისათვის დამცავი ფარის როლს ასრულებს და იერუსალიმს ყოველთვის უყოყმანოდ ეხმარება. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება ვლადიმერ პუტინის გათვლა: ერთდროულად ორ ომში მონაწილეობა აშშ-ის საზოგადოებისთვის ერთობ მძიმე გამოცდა იქნებოდა. და თუ მართლაც ასე მოხდება, ამერიკისათვის უპირველესი საზრუნავი ისრაელი იქნებოდა, უკრაინა კი მეორეხარისხოვან საქმედ გადაიქცეოდა.

„ყველაფერი დასავლეთის ბრალია“

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემების მიხედვით, კრემლი უკვე ბრალს სდებს დასავლეთს საინფორმაციო კამპანიის ესკალაციაში და ცდილობს ახლო აღმოსავლეთში გაჩენილ ახალ კრიზისში პასუხისმგებლობა მას დააკისროს.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა თავის „ტელეგრამ-არხში“ ებრაელებსა და არაბებს შორის დაწყებულ კონფლიქტში პასუხისმგებლობა ამერიკასა და მის მოკავშირეებს დააკისრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მეტი ყურადღება ახლოაღმოსავლურ კრიზისზე უნდა გაემახვილებინა და არა უკრაინაზე. სწორედ უკრაინისადმი გადაჭარბებული ზრუნვის გამო თეთრმა სახლმა „ჰამასელების“ განზრახვებს თვალი ჯეროვნად ვეღარ მიადევნა. „უმჯობესი იყო, რომ ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის საქმეები გაერჩიათ, ამის ნაცვლად კი ეს იდიოტები რუსეთის საქმეებში ჩაერივნენ“, - წერს დიმიტრი მედვედევი.

რუსეთის პოლიტიკა: პალესტინაც და ისრაელიც...

რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ისტორიულად მჭიდრო კვშირები აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, მოსკოვს პალესტინელებთან და არაბულ გასამხედროებულ [ტერორისტულ] მოძრაობა „ჰამასთან“ საკმაოდ ახლო კონტაქტები აქვს. სხვათა შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი მიმდინარე წელს რამდენჯერმე შეხვდა „ჰამასის“ წარმომადგენლებს. კაცმა რომ თქვას, კრემლი ზოგადად ორივე მხარესთან ურთიერთობებს ინარჩუნებს, მაგრამ ზოგჯერ არაბებისკენ იხრება ხოლმე: სწორედ ამიტომაც გასაკვირი არ არის რუსეთის განცხადება, რომლის თანახმად, კრიზისი მხოლოდ პალესტინის დამოუკიდებლობის ცნობით გადაწყდება, ანუ ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის არსებობის აღიარებით.

წყარო: https://www.morgenpost.de/politik/article239754899/israel-hamas-gaza-putin-russland-ukraine-usa.html

 

თბილისი
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.