დღეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიას გახსნა თურქეთის სუვერენული უფლებების განხორციელება იყო.
„ქრისტიანული სამყარო ასევე შეძლებს აია-სოფიას მონახულებას. დღეს ჩვენ ვფიცავთ, რომ არავის მივცემთ საშუალებას ჩვენს სამშობლოსა და დროშას შეეხოს. აია-სოფიას გახსნით ჩვენ ქვეყნის აღორძინების მოწმეები გავხდით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აია-სოფიასთან 500 პოლიციელი იმორიგეებს.
24 ივლისს, სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.