უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ერაყში საპროტესტო გამოსვლებისას 12 ადამიანი მოკლეს, დაშავდა 230. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი უმაღლესი კომისია ავრცელებს.
9 მომიტინგე დაიღუპა ბაღდადში, ხოლო 3 ქალაქ ნასირიაში. გასულ კვირას ბაღდადში დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. აქტივისტების თქმით პოლიციის აგრესიული ქმედებები შიიტი სასულიერო პირის, მუკთადა ალ-სადრის განცხადებას მოჰყვა. მან თქვა, რომ ანტი-სამთავრობო პროტესტს მხარს აღარ დაუჭერდა. მისმა მიმდევრებმა თაჰრირის მოედანზე მიმდინარე აქცია დატოვეს.
მომიტინგეები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ დაპირებები არ შეასრულა, მათ შორის ახალი მთავრობის დანიშვნის პირობა. მომიტინგები კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება.
პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ 29 ნოემბერს თქვა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენს. მან ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიაში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის მთავარმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ პარლამენტმა, რომელმაც მაჰდი ხელისუფლებაში მოიყვანა ახალი ვარიანტები უნდა განიხილოს. აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მაჰდი და მისი კაბინეტი დროებით ხელისუფლებაში რჩებიან.
Amnesty International-ის მონაცემებით ოქტომბრის შემდეგ ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.