USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«Der Spiegel» (გერმანია): „გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა“
Date:  219

შვერინში - ჩრდილოგერმანულ ქალაქში, რომელიც ადრე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) შემადგენლობაში შედიოდა, 3 სექტემბერს გერმანიის გაერთიანების 34-ე წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მართლაცდა, გერმანიის ერთიანობის დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ არანაირი ერთიანობა არ არსებობს. ქვეყანა გაყოფილია არა მხოლოდ დასავლთ და აღმოსავლეთ ნაწილად, არამედ ცალკეულ რეგიონებადაც, რომლებსაც ერთმანეთი, როგორც მინიმუმი, არ მოსწონთ, - ნათქვამია ჟურნალ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში სათაურით „გერმანია იშლება?! ქვეყნის გაერთიანების პროცესი შეჩერდა“ (ავტორი - საბინა რენეფანცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკვე რამდენიმე თვეა აშკარა გახდა ერთი ჭეშმარიტება: ქვეყნის  გაერთიანების პოლიტიკური სამართლებრივი და ეკონომიკური პროცესი, რომელიც 1990 წლის ბოლოდან დაიწყო, ფაქტიურად შეჩერდა. 34 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ რეგიონები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ... საქსონიაში, ბავარიაში, ტიურინგიაში სპეციფიკური პროცესები მიმდინარეობს.

1990 წლის ოქტომბერში გერმანიის ოფიციალურ გაერთიანებამდე ორი დღით ადრე, გდრ-სა და გფრ-ის ტელეეთერში ერთდროულად გავიდა ინტერვიუ გდრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ბოლო პრეზიდენტთან, იმ დროისთვის მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელ ჰორსტ კლიკმანთან, რომელმაც ორი გერმანელის - დასავლელისა და აღმოსავლელის განსხვავებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ხედავს იმ პრობლემებს, რომლებიც ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება და შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულონ. 34 წლის წინ ჰორსტ კლინკმანის ნათქვამს არავინ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ იგი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...

არცთუ ერთიანი გერმანელი ერი

სამ ათეული წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ჩვენ იძულებულნი ვართ დავაფიქსიროთ, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან უფრო დაშორებულები არიან, ვიდრე ოდესმე.. ცხადია, პირველ ეტაპზე ყოფილი გდრ გფრ-ს დაუახლოვდა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კონსოლიდაციის პროცესი შეჩერდა ახლა უკვე არის ნიშნები იმისა, რომ ორი გერმანია ისევ არსებობს, არ გამქრალან და ისინი ერთმანეთს შორდებიან. დიახ, გერმანია პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით გაერთიანებულია, არის კონტაქტები, არიან კოლეგები და პარტნიორები, მაგრამ არის თუ არა გერმანელი ერი მონოლითური და საკუთარ თავში დარწმუნებული? საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგთა ანალიზი ადასტურებს, რომ არ არის.

როდის დაიწყო ორი გერმანელის ერთმანეთთან გაუცხოება? 2014-2015 წლებში, როცა ქვეყანაში უამრავი მიგრანტ-ლტოლვილი შემოვიდა? ან იქნებ უფრო ადრე, 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა მთავრობამ სწრაფად გამოძებნა მილიარდობით თანხები ბანკების გადასარჩენად, მანამდე კი სულ წუწუნებდა - სკოლების, კლინიკების, გზების, ხიდებისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად ფული არ გვყოფნისო?

აღმოსავლეთ გერმანიაში (ყოფილ გდრ-ში) ძლიერდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა იდეოლოგიაში ადრინდელი სოციალისტური რეალობის ნოსტალგია გამოსჭვივის. მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (რომელიც პრორუსულად ითვლება). აღმოსავლელ და დასავლელ გერმანელს ერთმანეთთან დიალოგის არანაირი ინტერესი არ აქვთ - ისინი თითქოსდა სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ.

გასაოცარია, როგორი აზრთა სხვადასხვაობაა აღმოსავლელ და დასავლელე გერმანელებს შორის უკრაინასთან მიმართებით. დასავლელები თვლიან, რომ აღმოსავლელები რუსეთის პროპაგანდის ქვეშ არიან. იგივეს იმეორებენ მთავრობის წევრებიც - საგარეო საქმეთა „მწვანე“ მინისტრი ანალენა ბერბოკი თვლის, რომ საქსონიასა და ტიურინგიაში „მწვანეთა“ პარტიის კრახი და აღმოსავლეთგერმანელი პოლიტიკოსის სარა ვაგენკნეხტის წარმატება კრემლის ეფექტურმა პროპაგანდამ განაპირობაო. დიახ, ლოზუნგი - „აღმოსავლეთი რუსების მარწუხებშია მოქცეული“ - დიდი ხანია ცნობილია. ამგვარი განმარტების უპირატესობა იმაშია, რომ ამ დროს არ არის საჭირო ღრმად გაანალიზო საკუთარი პოლიტიკა. დიახ, ძალზე იოლია, რომ ბრანდენბურგში, საქსონიასა და ტიურინგიაში მწვანეთა კრახი პუტინს დააბრალო. ძალიან მოხერხებული გამოსავალია!.

რასაკვირველია, რუსული პროპაგანდა ნამდვილად არსებობს. მაგრამ კითხვა - რატომ არის შედეგიანი კრემლის პროპაგანდა, უპასუხოდ რჩება. რუსული აგიტაციის ე.წ. წარმატების მიზეზებზე და საკუთარ შეცდომებზე მთავრობა არ საუბრობს. სამაგიეროდ, ვინც უკრაინის ომის ესკალაციაზე [და გერმანელებისათვის საჭირო უამრავი ფულის ომის ცეცხლში გადაყრაზე] გამაფრთხილებლად ლაპარაკობს, მათ „პუტინის პროპაგანდისტებს“ უწოდებენ.

„აღმოსავლეთი“ - რუსეთის დანამატია, „დასავლეთი“ კი თვალთამაქცი“

ომის ესკალაციისადმი შიში აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთში, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მეორე მსოფლიო ომის კვალი აღმოსავლეთში უფრო მეტად იგრძნობა. გდრ-ელები უფრო მეტად გრძნობდნენ შიმშილს, უსახლკარობასა და შეზღუდვებს. აღმოსავლელებს ანალენა ბერბოკის რიტორიკა სძულთ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დემოკრატიის, კარგი ცხოვრების, ეკონომიკური სტაბილურობისა და განცხრომის მეტი არაფერი უნახავს.

გერმანიაში დეზინგრაციული პროცესების მიზეზად ასევე ითვლება საზოგადოების დაყოფა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მოხმარების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ გდრ-ის მცხოვრებლებს თავიანთი მსოფლმხედველობა აქვთ ჩამოყალიბებული. ერთი მხრივ, დასავლელი გერმანელები აღმოსავლელებს „რუსეთის დანამატად“ თვლიან, მეორე მხრივ, აღმოსავლელები დასავლელებს თვალთმაქცებად, დაცემულ და სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებად თვლიან. „ოსტდოიჩეების (დასავლელთა) ხელახალი აღზრდა უიმედოა“, - ასეთი პოზიცია აქვს პოპულარულ „ვესტდოიჩურ“ (აღმოსავლეთგერმანულ) გაზეთს „ბერლინერ ცაიტუნგს“.

სამწუხაროდ, „ოსტებისა“ და „ვესტების“ შეხლა-შემოხლა არ არის უბრალო დაპირისპირება, მასში სულ უფრო მკაფიოდ ჩანს მსოფლმხედველური კონფრონტაცია - სუვერენიტეტის ინტერპრეტაცია, სხვადასხვა პოზიცია პოლიტიკური მოვლენებისა და გავლენების მიმართ. პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის ორ ნაწილს შორის არსებული განხეთქილების გაღრმავება და გაძლიერება. ისინი ცდილობენ თავიანთ მხარეზე გადაიბირონ მოსახლეობა და ამ მიზნით არაფერს არ ერიდებიან. ბოლო დროს აღმოსავლეთისა და დასავლეთის განხეთქილების ხაზი ერთგვარ ტრიგერული წერტილი ხდება, ამისათვის უკვე აღარ არის აუცილებელი აღმოსავლელ გერმანელად ყოფნა.

 დრამატურგი ჰაინერ მიულერი 1990 წლის სამ ოქტომბერს წერდა, რომ ერთიანი გერმანული საზოგადოება უკვე ანაქრონიზმს წარმოადგენს - იმიტომ, რომ ევროპაში ყველგან რეგიონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო მეტროპილიები ერთმანეთს სულ უფრო მეტად ემსგავსებიანო.  შესაძლოა, იგი მართალი იყო და შესაძლოა გერმანია არამარტო აღმოსავლეთ-დასავლეთად იყოფა, არამედ ბევრს სხვა რეგიონად - „ჩვენ ბავარიელები ვართ“, „ჩვენ ბრანდენბურგელები“, „ჩვენ ტიურინგიელები, საქსონიელები“ და ა.შ. იქნებ ერთიანი გერმანია უკვე აღარ არსებობს? თუ ასე გაგრძელდება, მართლაც აღარ იქნება.

წყარო: https://www.spiegel.de/politik/deutschland/deutschland-zerfaellt-in-ost-und-west-stimmt-das-ueberhaupt-kolumne-a-9f7e5976-6105-45b7-b839-e6c2b48e1529

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way