USD 2.7152
EUR 2.9446
RUB 3.1313
Tbilisi
ექსკლუზიურ უძრავ ქონებაში ინვესტირების ახალი კულტურა
Date:  426

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ალექსანდერ ფრიდმანმა, რომელსაც ამერიკაში წამყვან ბრენდებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ახალგაზრდა პროექტების მენეჯერმა საქართველოდან, სანდრო ბერიამ აღმოსავლეთევროპელებისთვის ამერიკულ უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობის გამარტივება გადაწყვიტეს. ამ მიზნით დააარსეს მათ ახალი კომპანია Friedman & Co. და საკუთარი გამოცდილება, ხედვა და გეგმები Forbes Georgia-ს გაუზიარეს.

ახალი ბიზნესიდეები ხშირად არსებული პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. რა იყო ინსპირაციის წყარო თქვენს შემთხვევაში?

ალექსანდერი: ამერიკის უძრავი ქონების ბაზარი ძალზე კომპლექსურია. სახლს მარტივად, მხოლოდ ფულის გადახდით ვერ იყიდი, პროცესი მოიცავს გადასახადებსა და სხვა მრავალ ასპექტს. ჩემი ცოლი ოთხი წელია, აქ ცხოვრობს და მასაც კი უჭირს ამაში გარკვევა. ვიფიქრეთ, რომ თუ ჩვენ, ვინც ამერიკაში ვცხოვრობთ, ასე გვაბნევს ეს პროცესი, ქართველებისთვის კიდევ უფრო რთული იქნებოდა და მათთვის პროცესი უნდა გაგვემარტივებინა.

ასევე იყო საქართველოს შემთხვევაშიც. რომ არა ჩემი ცოლი, არც კი ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო. უბრალოდ Google-ში რომ მომეძებნა გაყიდვების აგენტი, დიდი იქნებოდა შანსი, არჩევანს არ გაემართლებინა. იქნებ მხოლოდ რეკლამაზე ხარჯავენ ფულს? მექნებოდა თუ არა გარანტია, რომ შერჩეული ადგილი უსაფრთხო ან ინვესტიცია პერსპექტიული იქნებოდა? კითხვები ბევრი იყო, პასუხები კი არა. თანაც, საქართველოსა და ამერიკაში სახლების ფასები თითქმის ერთნაირი იყო. სწორედ ასე გაჩნდა კომპანიის დაფუძნების იდეა.

სანდრო: ალექსანდერი და მისი მეუღლე საქართველოში უძრავი ქონებით დაინტერესდნენ და როდესაც მოძიება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ამერიკის ბაზართან შედარებით ფასთა შორის სხვაობა მინიმუმი იყო, რამაც გვაფიქრებინა, რომ საქართველოში არსებობს მაღალშემოსავლიანი ადამიანების სეგმენტი, რომლებსაც აქვთ საშუალება, ინვესტიცია განახორციელონ ან პირადად შეისყიდონ უძრავი ქონება.

ახალ დეველოპერულ კომპანიებში, რომლებიც საქართველოში სახლებსა და პრემიუმ-კლასის კორპუსებს აშენებენ, ერთი კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 2,000-2,500 დოლარია. ჩვენ მიერ ბაზრის მოკვლევითა და კონსულტაციებით დადგინდა, რომ ასეთივეა ფასი ფლორიდაში ზოგიერთ უბანშიც. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ასეა. ამიტომაც გვინდა, ქართველებსა და აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებლებს მივცეთ შანსი, შეიძინონ პერსპექტიული საინვესტიციო უძრავი ქონება ამერიკაში.

კომპანიის უნიკალურობა ისაა, რომ გვექნება ექსკლუზიური კატალოგები, რომლებიც არა ყველასთვის, არამედ მხოლოდ VIP-კლიენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი კონცეფცია გულისხმობს ექსკლუზიურ შეთავაზებებს, რომლებზე წვდომა, შესაძლოა, თვითონ ამერიკელებსაც კი არ ჰქონდეთ. ვმეგობრობთ წამყვან საერთაშორისო სააგენტოებთან და მათთან კოლაბორაცია გვაძლევს წვდომას იმ პროდუქტებზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებზე მორგებული.

დღეს ფულის დაბანდება მრავალნაირად შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი აქციებში ინვესტირებაა. რატომ შეარჩიეთ უძრავი ქონება?

ალექსანდერი: სიმდიდრის დაგროვება და ინვესტირება მოსაწყენი არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ დასასვენებლად წასვლა გინდა, აქციებს თან ვერ წაიღებ, ის ფიზიკურად ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ სხვაგვარადაა საქმე უძრავი ქონების შემთხვევაში. შეგიძლია, დაპატიჟო მეგობრები და აჩვენო მათ საკუთარი სახლი, შეგიძლია სესხის ასაღებად გამოიყენო და სხვ.

ასე გავიზარდე. მამაჩემს ერთი პენიც კი არ დაუბანდებია აქციებში, რაც ცოტა უცნაური იყო და ბავშვობაში ამას ვერ ვიგებდი, რადგან ჩემი მეგობრების მამები ყოველთვის აქციებზე საუბრობდნენ ხოლმე შეკრებისას. სამაგიეროდ, მამაჩემი 60 Rolex-ისგან შემდგარ კოლექციას ფლობდა და მეუბნებოდა, რომ მათი ფასი ყოველ წამში იზრდებოდა, რადგან მსგავსს აღარასდროს დაამზადებდნენ.

2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ჩემი მეგობრების ოჯახები ძალიან დააზარალა. მამაჩემმა ამ დროს Rolex-ების მთელი კოლექცია გაყიდა და იმაზე ბევრად მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მათ ყიდვაზე დახარჯა. კრიზისს თავი მშვენივრად გავართვით. ამან ჩემზე ბავშვობაშივე გავლენა იქონია და მიმახვედრა, რომ თანხას შენთვის საინტერესო რამეში უნდა აბანდებდე. კი, საფონდო ბირჟის თვალის დევნებაც საინტერესოა, მაგრამ როდესაც საკუთარი სახლის აივნიდან ეზოს გადახედავ, სრულიად სხვა შეგრძნება გეუფლება.

სანდრო: ბოლო წლებში საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიკვეთა საზღვარგარეთ უძრავ ქონებაში ინვესტირების ტენდენცია. ამ დროს კი ორი მთავარი გამოწვევა წარმოიქმნება. პირველი არის ლიმიტირებული წვდომა ექსკლუზიურ პროდუქტებთან. მეორე კი ბიუროკრატიული სირთულეები, რომლებიც ადამიანს საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში საქმეს ურთულებს. ამანაც გადაგვაწყვეტინა, შეგვედგინა გაწერილი გეგმა, რომელიც მომხმარებლებზე იქნებოდა მორგებული და მათ ბიუროკრატიული სირთულეების დაძლევაში დაეხმარებოდა.

უძრავი ქონების ფასები შესაძლოა უფრო სტაბილურია, ვიდრე რიგი კომპანიების აქციები, თუმცა მათზეც ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. როგორ აზღვევთ რისკს? რა უპირატესობა აქვს ამერიკის ბაზარზე ინვესტირებას?

ალექსანდერი: ყველაფერს, ყველა ინვესტიციას თან ახლავს რისკი. ეკონომიკური კრიზისის დროს არათუ აქციები თუ ბონდები, არამედ მანქანაც კი არაა დაცული. ამერიკაში ფასები შედარებით სტაბილურია და, საერთო ჯამში, ინვესტირება აქ საკმაოდ უსაფრთხოა, შოკების მიმართ უფრო დაცულები ვართ და სწორედ ამიტომ მომწონს აქ ფულის დაბანდების იდეაც.

მიუხედავად იმისა, რომ რისკს თავს ვერ აარიდებ, მისი მინიმიზება შესაძლებელია. ამის საშუალებას კი აშშ-ის ეკონომიკური უსაფრთხოება იძლევა. ამიტომ განვიხილავთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას და დუბაის, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე არეულობისგან მოშორებითაა და სტაბილური ეკონომიკაც აქვს. ორი ასეთი არჩევანი ნამდვილად საჭიროა.

რა მოცულობის ინვესტიციის დაბანდებაა შესაძლებელი თქვენი კომპანიის მეშვეობით?

ალექსანდერი: ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგვიძლია მაიამიში, მაგალითად, 200,000 დოლარად შეგაძენინოთ უძრავი ქონება საკუთარი შვილისთვის, დედისთვის. ამ ფასად მშვენიერ სახლს იყიდით იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰამის კუნძულებზე და სხვ. შეგვიძლია მოგიძებნოთ 8-10 მილიონ დოლარამდე ღირებულების სახლებიც. გააჩნია, რამდენის ინვესტირება გსურთ. ჩვენი მთავარი მიზანი თქვენი ნდობის მოპოვებაა და თუ მცირე თანხის დაბანდება გსურთ, ამაშიც დაგეხმარებით. გვაქვს ასევე სპეციალური შეთავაზებები VIP-კლიენტებისთვის და სახლები, რომლებსაც ბაზარზე ვერ იპოვით.

სანდრო: ჩვენ მომხმარებლებს „წარმატებულ ადამიანთა კლუბში“ გავაერთიანებთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ექსკლუზიური შეთავაზებებით მაღალანაზღაურებადი სეგმენტი იქნება უფრო მეტად დაინტერესებული, რაც ლოგიკურია და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ამგვარი ფორმატი.

როგორ აპირებთ ნდობის მოპოვებას?

ალექსანდერი: ოპერაციების დაწყება სიტყვიერი კომუნიკაციით შევძელით. როდესაც შესაბამისი კავშირები გაქვს, ერთი სატელეფონო ზარიც კი საკმარისია ხოლმე. ადამიანებს, რომლებსაც ვესაუბრებით, ძალიან მოსწონთ ამერიკისა და საქართველოს დაკავშირების იდეა, გვენდობიან და სურთ ჩვენთან მუშაობა.

გარკვეულ დონემდე მისვლის შემდეგ ფუჭ რეკლამებზე თანხის დახარჯვა აღარ გჭირდება. რეპუტაცია და ხალხის მიერ შენთან მუშაობის სურვილი დიდ როლს ასრულებს. ისინი გვენდობიან, რადგან გვიცნობენ მე და ჩემს ცოლს. მთელი ცხოვრება და კარიერა ბევერლი-ჰილსზე გავატარე, მიმუშავია ინდუსტრიების ხელმძღვანელებთან, საკუთარი სფეროების ტიტანებთან და დღეს მაქვს პრივილეგია, ბევრ მათგანს მეგობარიც ვუწოდო.

რეკლამებზე 50,000 დოლარი შეიძლება დახარჯო თვეში, მაგრამ ნდობის მოპოვების ერთადერთი რეალური გზა თანამშრომლობაა. რადგან უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, რეკლამაზე ბევრი რესურსის დახარჯვა აღარ გვჭირდება.

სანდრო ბერია, რევაზ ბერიძე, დავით ქავთარაძე

გამოდის, რომ ხალხს ფულის დაბანდებაში ეხმარებით, მაგრამ არ ხართ საინვესტიციო კომპანია?

ალექსანდერი: უფრო მეტად საკონსიერჟო მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებელს. გეხმარებით შესაბამისი საინვესტიციო ადგილის მოძებნაში, მონაცემების დამუშავებაში, რათა მკაფიოდ ხედავდეთ, რას უნდა ელოდოთ. ასევე გეხმარებით გაერკვეთ კანონმდებლობაში, რომელიც შესაძლოა, საკმაოდ კომპლექსური იყოს, ვესაუბრებით გამყიდველებს, მყიდველებს და ზოგჯერ მთავრობასაც. ამ ყველაფერს კლიენტების სურვილების დაკმაყოფილებისთვის ვაკეთებთ.

სანდრო: ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მომხმარებელს გაუწევს კონსულტაციას და გაუზიარებს ცოდნას საინვესტიციო პროდუქტებთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაეხმარება შეძენილი ქონების მენეჯმენტში, იქნება ეს გაქირავება თუ გადაყიდვა და მივაწოდებთ ინდივიდუალურ მონაცემებს, როგორი იქნება უკუგება თუ სხვ.

უძრავ ქონებას ამერიკის მასშტაბით იძიებთ თუ იმ ადგილების მიხედვით, რომლებიც გამოიკვლიეთ?

სანდრო: უძრავ ქონებას მთელ ამერიკაში ვიძიებთ, მაგრამ წვდომა მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. გვაქვს გამოკვეთილი ადგილები, რომლებსაც ჩვენ თვითონ შევთავაზებთ, მაგრამ თუ მომხმარებელს კონკრეტული ადგილი სურს, მასზე გათვლილი ინდივიდუალური შეთავაზება გვექნება.

თუ ადამიანს უნდა ძალიან მყარი, სანდო ინვესტიცია განახორციელოს, შეგვიძლია შევთავაზოთ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე უძრავი ქონება, რომლის ფასიც ყოველწლიურად მზარდია. ამასთან, თუ ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვობის ოცნების ასახდენად იშრომა და ბევერლი-ჰილსზე პოპულარული ადამიანის მეზობლობით საკუთარი თავის დაჯილდოება სურს, ამის გაკეთებაც შეგვიძლია.

კომპანიის იდეის ჩასახვის შემდეგ მრავალი კონსულტაცია გავიარეთ ექსპერტებთან ჩვენი მეგობარი სააგენტოებიდან, შევისწავლეთ უამრავი უბანი და გამოვკვეთეთ ადგილები, რომლებიც საინვესტიციოდ სასურველია ყველაზე ძლიერი ქვეყნების მცხოვრებლებისთვისაც.

გვექნება არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ სხვა ფიზიკური აქტივებიც, რომლებსაც ადამიანები იყენებენ გასართობად, კოლექციების შესავსებად თუ სხვა. ეს იქნება მზარდი საინვესტიციო პირადი ფონდი.

განიხილავთ თუ არა უძრავი ქონების საქართველოში მოძიებასაც?

ალექსანდერი: ამას ნამდვილად ვისურვებდი. ჩემმა ცოლმა მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა და ქართველ ხალხს, თქვენს კულტურას დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ქართველები ამაყობენ საკუთარი წარმომავლობით, იციან და აღელვებთ საკუთარი ისტორია, რაც ინვესტიციის მდგრადობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამჟამად არსებული კავშირების ეფექტიანად გამოყენებაზე ვართ ორიენტირებულნი. ვამაყობ იმით, რომ ეს კომპანია საქართველოს სიმდიდრეს შემატებს. ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული თანხა ქვეყნის ეკონომიკაში ჩაბრუნდება.

სანდრო: ჩვენი კომპანიის დაარსების მიზანი საქართველოში თანამედროვე საინვესტიციო კულტურის შემოტანაა და სპეციალიზებულნი სწორედ ამაში ვიქნებით. სიმართლე ითქვას, ეს ბიზნესი უფრო მეტად ქართველებზეა გათვლილი და მგონია, რომ საქართველოს ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ისეთივე მყარი საინვესტიციო ადგილი იქნება სამომავლოდ, როგორიც ახლა ამერიკა ან დუბაია.

სხვა ქვეყნების ბაზრებზე გეგმავთ თუ არა შესვლას?

ალექსანდერი: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ჯერ ამერიკის ბაზარზე ვფოკუსირდეთ, თუმცა ძალიან დაინტერესებული ვარ დუბაითაც. ბევრი ჩემი კლიენტი საუდის არაბეთიდან იყო და დარწმუნებული ვარ, დუბაის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, რაც ბევრ დეტალში ჩანს, მათ შორის, კანონმდებლობაში. ლეგალურობისა და ბიზნესის თვალსაზრისით გარემო შესაძლოა ამერიკაზე უკეთესიც კი იყოს.

სანდრო: ჩვენი მიზანი გლობალური გაფართოებაა და გვესმის, რომ ყველა კლიენტის ოცნება ამერიკაში, დუბაიში ან ევროპაში ცხოვრება შესაძლოა არ იყოს, ამიტომ სამომავლოდ ყველა მათგანის სურვილის გათვალისწინებას ვეცდებით. მოლაპარაკებების პროცესში ვართ ქართულ ბანკებთანაც და იმედი გვაქვს, ის მალე და თანაც წარმატებით დასრულდება. იმედი გვაქვს, ჩვენი კონტაქტები დაგვეხმარება, რომ საინვესტიციო საზღვრები მაქსიმალურად გავაფართოოთ.

ვინ არიან თქვენი ექსკლუზიური პარტნიორები?

ალექსანდერი: ჩვენი პარტნიორი საქართველოში ამჟამად McGill Law Firm-ია, რომელიც სამართალსა და საერთაშორისო ეკონომიკაშია სპეციალიზებული. ასევე ვმუშაობთ უძრავი ქონების 12-მდე კომპანიასა და აგენტებთან. ამ კომპანიებიდან ზოგიერთს Netflix-ის შოუებშიც კი იხილავთ. ვინ იცის, შესაძლოა თქვენი სახლიც კი იხილოთ რომელიმე შოუს შემდეგ სეზონში.

წყარო:https://forbes.ge/

ბლოგი
მოჰამედ რეზა ფეხლევი. რეფორმები ირანში და ისლამური რევოლუცია!
1941 წლის შემოდგომაზე დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინეს ირანის ოკუპაცია. მათ ტახტიდან ჩამოაგდეს პროგერმანული ხედვით ცნობილი რეზა ფეხლევი და ტახტზე მოკავშირეთა აქტიური მხარდამჭერი, მისი შვილი მოჰამედ რეზა ფეხლევი აიყვანეს.
ახალგაზრდა შაჰი რეფორმებზე ოცნებობდა და ძლიერი ირანის აღორძინებაზე. მაგრამ ეს არც ისე მარტივი იყო, ქვეყანას კი სუვერენიტეტი ჰქონდა დაკარგული. ასეთი რეალობა და ირანის ოკუპაცია 1946 წლამდე გაგრძელდა.
 
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ირანში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწე — მოჰამედ მოსადეყმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი უმაგრებდა ზურგს. მან აიძულა ახალგაზრდა შაჰი იგი მთავრობის მეთაურად დაენიშნათ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი პირველი და უმთავრესი ღონისძიება ეკონომიკურ სფეროში გამოიხატა. მან მოახდინა ინგლის-ირანის ერთობლივი სანავთობო კომპანიის ნაციონალიზაცია 1951 წელს. ამას შემდგომ ბრიტანელი სპეციალისტების ქვეყნიდან გაძევება და სანავთობო მრეწველობაზე სრული კონტროლის დამყარება მოჰყვა.
 
კომპანიის ნაციონალიზაცია დიდ ბრიტანეთმა აღიქვა როგორც საშიში პრეცედენტი მთელი შუა და ახლო აღმოსავლეთისათვის და ირანის ნავთობს მოუწყო საერთაშორისო ბოიკოტი. ამან ირანის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დააყენა. მაგრამ ირანმა საბჭოთა კავშირის დახმარება მიიღო რამაც საოცრად გააძლიერა კომუნისტური პარტია “თუდე".
 
შაჰს არაფრით არ უნდოდა გამოკვეთილი მხარე აღმოჩენილიყო ცივ ომში, ანდა ძალაუფლება კომუნისტებს ჩაეგდოთ ხელში. მან მთავრობას
რადიკალური ანტიდასავლური ქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა.
Shah-of-Iran
 
ამის გამო 1953 წ. აგვისტოში შაჰსა და მოსადეყს შორის დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია – შაჰი და დედოფალი სორაია იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო.
 
19 აგვისტოს კი ირანის არმიამ, რომელიც ერთგული დარჩა მონარქისადმი, მოაწყო სამხედრო გადატრიალება, დაამხო მოსადეყის მთავრობა, თვით მოსადეყი შეიპყრეს და გაასამართლეს. შაჰინშაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ტრიუმფით დაბრუნდა თეირანში.
 
ამის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ ახალი სტრატეგიული მოკავშირე მოეძებნა. მან ამაზე უარი უთხრა როგორც დიდ ბრიტანეთს ისე საბჭოთა კავშირს. ის შეხვდა ამერიკის პრეზიდენტ დუაიტ ენზეჰაუერს და მას სთხოვა დახმარება. აშშ-ც ეგრევე დათანხმდა, რადგან ვაშინგტონში სწორად ჩათვალეს რომ, ეს მათთვის ბრწყინვალე შანსი იყო სპარსეთის ყურის რეგიონში შემოსასვლელად.
 
ირანმა აშშ-გან მიიღო დიდი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. ამის შემდეგ მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეუდგა თავისი ოცნების ასრულებას და დაიწყო მზადება დიდი რეფორმებისათვის.
 
1963 წლის იანვარში შაჰმა გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი რეფორმების 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის თანახმადაც შაჰის მთავრობა იწყებდა რადიკალური რეფორმების გატარებას შემდეგი მიმართულებით:
1. აგრარული რეფორმა და ფეოდალიზმის ლიკვიდაცია (30 წლის ვადაში);
2. ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია (ტყე, წყალი და სხვა);
3. ქალების ემანსიპაცია. შაჰმა გამოაცხადა: "ქალები მონები არ არიან როგორც ეს ბევრ ფუნდამენტალისტს წარმოუდგენია ირანში. ისინი ჩვენი დედები, შვილები და დები არიან და მათ ექნებათ ისეთივე უფლებები როგორც ჩვენ. მათ ოფიციალურად ენიჭებათ ხმის უფლება, განათლების მიღების უფლება, სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება, საოჯახო დავებში მამაკაცებთან გათანაბრება და ა.შ.
4. განათლების სისტემის რეფორმირება. საერო განათლების შემოღება. სკოლები თავისუფლდებოდა რადიკალური ისლამური იდეოლოოგისგან. სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და საერთოდ ქვეყანაში აიკრძალა ჰიჯაბი და ნიქაბის ტარება.
 
აგრარულმა რეფორმამ დიდი დარტყმა მიაყენა მემამულეებს და შიიტურ სამღვდელოებას, როგორც უმსხვილეს მიწისმფლობელებს. შაჰის რეფორმებში უმაღლესმა სამღვდელოებამ დაინახა საფრთხე, რომელიც მიმართული იყო ირანულ საზოგადოებაში მათი პოზიციების შესასუსტებლად. ხელისუფლებისადმი რადიკალურად განწყობილმა სამღვდელოებამ მოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით მოუწოდა ირანელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ შაჰის რეფორმებისადმი.
 
დაძაბულობა ხელისუფლებასა და რადიკალურ სამღვდელოებას შორის პიკს მიაღწია 1963 წ. 5 ივნისს, როდესაც შაჰის განკარგულებით საჰაერო-სადესანტო სპეცრაზმელებმა დააპატიმრეს მოლა ხომეინი. ამას მოჰყვა მისი მომხრეების აჯანყება. არმიამ, შაჰის გვარიამ („უკვდავები“) და საიდუმლო პოლიციის „სავაქი“-ს აგენტებმა სისხლში ჩაახშვეს მონარქიის წინააღმდეგ მიმართული ოპოზიციის გამოსვლა. ხომეინი 1965 წ. ნოემბრამდე იმყოფებოდა ციხე “ყარს”-ში (რამოდენიმე თვით ის გაანთავისუფლეს, თუმცა კვლავ დააპატიმრეს ანტიმონარქისტული მოწოდებებისათვის). 1965 წ. 12 ნოემბერს ხომეინი გადაასახლეს თურქეთში (ქ. ბურსა).
 
ჯამში ამ რეფორმებმა ირანში საწყისა ეტაპზე გამოიწვია ეკონომიკური და განათლების ბუმი. ქვეყანა ძალიან დიდი მაშტაბებით განვითარდა და წინ მიდიოდა.
 
მონარქიული რეჟიმის გასამყარებლად შაჰმა 1957 წ. შექმნა საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია – „სავაქი“ (დაზვერვის ეროვნული სამსახური და უშიშროების ორგანიზაცია). სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში ირანს აქტიურად ეხმარებოდნენ ამერიკის «CIA» (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და ისრაელის «მოსადი» (დაზვერვისა და სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტი).
 
scale_1200 (2)
შიდაპოლიტიკური დანიშნულებასთან ერთად „სავაქ“-ს გააჩნდა საგარეო-პოლიტიკური მიმართულება. სტრუქტურულად „სავაქი“ შედგებოდა 9 დეპარტამენტისაგან. მე-2 დეპარტამენტის ფუნქციებში შედიოდა – საგარეო დაზვერვა, კომუნიზმის გავრცელების საფრთხე რეგიონში, ავღანეთი, ერაყი, იემენი; მე-3 დეპარტამენტი შიდა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი; მე-8 დეპარტამენტი - კონტრდაზვერვა აკონტროლებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას ირანში.
 
60-70-იანი წწ. არის ის პერიოდი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში თავი იჩინა ისლამურმა ფუნდამენტალიზმა. 1963 წ. ივნისის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ირანის პოლიტიკურ არენაზე გამოჩდნენ რადიკალური მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები «მოჯაჰედინ-ე ხალკი» (დაარსდა 1965 წ.) და «ფედაინ-ე ისლამი» (დაარსდა 1963 წ., ისლამური რევოლუციის პერიოდში განიცადა რამოდენიმე განხეთქილება). მიზნათ დასახული ჰქონდათ — შაჰის რეჟიმის დამხობა შეიარაღებული გადატრიალების მეშვეობით. თავიანთი მიზნის მისაღწევათ მიმართავდნენ ტერორისტულ მეთოდებს. გენერალ-ლეიტენანტი იონ მოჰაი პაჩეპა (ნიკოლაე ჩაუშესკუს პოლიტიკური პოლიციის «სეკურიტატე-ს» ყოფილი დირექტორი) თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი მფარველობდა შაჰის შეიარაღებულ ოპოზიციას, რათა დაეძაბა ირანში შიდაპოლიტიკური სიტუაცია.
 
1960-1970-იან წწ. „სავაქ“-მა ფაქტიურად გაანადგურა მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები. მათი აღორძინება დაიწყო ირანში რევოლუციური პროცესების დაწყებასთან ერთად (1978 წ. დასაწყისი).
 
1970-იან წლების შუა ხანებიდან ირანში დიდი ინფლაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შეჩერება და ფასების ზრდა. ამან შიდაპოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამას ისიც დაემატა რომ მოხდა ქვეყნის ეკონომიკის პარალიზება, სახელმწიფო აპარატის მიერ მიღებული არაეფექტური ზომებით, დაწყებული კრიზისის დასაძლევად. რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სოციალური პროტესტი. შიიტურმა სამღვდელოებამ სათავისოდ გამოიყენა შექმნილი ვითარება და მოუწოდა ირანელებს გამოსულიყვნენ შაჰის “ტირანიის” წინააღმდეგ.
 
პროტესტის ზრდასტან ერთად შაჰმა სცადა გამოესწორებინა ადრე დაშვებული შეცდომები და ამ მიმართულებით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები — შეამცირა მილიარდიანი პროექტების განხორციელება, დაავალა «შაჰის ინსპექციას» აღეკვეთა ბაზრობებზე სპეკულაციის ყველა ფაქტი, შეამცირა პრესის და ტელევიზიის ცენზურა, ნება დართო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გამოსულიყვნენ იატაკქვეშიდან და მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
 
ზემოთაღნიშნული შაჰის ღონისძიებები რადიკალურმა ოპოზიციამ პირიქით აღიქვა, როგორც მონარქიის სისუსტე და კიდევ უფრო მეტი გაძლიერებული ენთუზიაზმით მოუწოდებდნენ რელიგიურ ეიფორიაში მყოფ მასებს გაეგრძელებინათ ბრძოლა ფეჰლევის დინასტიის დამხობამდე.
 
1979 წლის სიტუაცია საოცრად გამწვავდა. ძალაუფლების შესანარჩუნებლად რადიკალური ზომების მიღება იყო საჭირო, მაგრამ შაჰმა ეს ვერ განახორციელა. მან თქვა: "დიქტატორს შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლება თავისი ხალხის დახოცვით – მონარქს კი არა”. შაჰს უბრალოდ არ ეყო ნებისყოფა გამოეყენებინა ძალა თავისი ხალხის მიმართ.
 
1979 წლის 16 იანვარს შაჰმა და დედოფალმა დატოვეს ირანის ფარგლები და გაემგზავრნენ ეგვიპტეში. ჯერ კიდევ 6 იანვარს შაჰმა დანიშნა ახალი მთავრობა შაპურ ბახთიარის მეთაურობით და დაავალა ირანის გენერალიტეტს ეთანამშრომლათ მასთან. გენერლების კატეგორიულ მოთხოვნაზე სისხლში ჩაეხშოთ რევოლუცია მან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კატეგორიული უარი განაცხადა.
 
1979 წლის 9 თებერვალს კი თეირანში დაიწყო შეიარაღებული ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგნენ მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები «ფედაინ-ე ისლამი» და «მოჯაჰედინ-ე ხალკი». ოპოზიციის მომხრეები სამი დღე ებრძოდნენ მონარქისადმი ერთგულ არმიის ქვედანაყოფებს, „უკვდავები“-ს შაჰის გვარდიას და „სავაქი“-ს აგენტებს.
 
1979 წ. 12 თებერვალს გენერალური შტაბის უფროსის აბას ყარაბაღის განკარგულებით ირანის შეიარარებული ძალების 27 უმაღლესი გენერალი შეიკრიბნენ არმიის შტაბში. სხდომას ესწრებოდა ასევე „სავაქი“-ს მე-4 დირექტორი გენერალ-ლეიტენანტი ნასერ მოყადამი. 2-საათიანი კამათის შემდეგ, სამხედროებმა მიიღეეს გადაწყვეტილება აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე გამოეცხადებინათ არმიის ნეიტრალიტეტი, რათა თავიდან აეცილებინათ კატასტროფული სამოქალაქო დაპირისპირება. ფაქტიურად ეს ნიშნავდა მონარქიის და შაპურ ბახთიარის მთავრობის კაპიტულაციას.
 
სპარსული მონარქია, რომლის 2500-წლიანი სახელმწიფოებრიობა შაჰმა გრანდიოზულად აღნიშნა 1971 წ. პერსეპოლისში – დაემხო.
ირანის სათავეში მოვიდა აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი. საერო მონარქიიდან ირანი იქცა თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად. ირანი პროგრესის და განვითარების გზიდან აბსოლუტური სიბნელის და უკუსვლის გზას დაადგა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way