წყარო:kalaki.ge
მარიამ გვენცაძე
თბილისი, ყაზბეგის გამზირი - ადგილი, რომლის განაშენიანებაც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო. ამ პერიოდშივე, ქალაქს შემოუერთდა ცალკე არსებული სოფელი „დელისი“, რომლის ადრეული დასახლება „გდელისი“ იყო. მოგვიანებით, საბურთალოს ინტენსიური განაშენიანებაც გაგრძელდა.
გარდა საცხოვრებელი სახლებისა, შენდებოდა და იქმნებოდა ისეთი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, როგორებიცაა: სასწავლო, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვ. დღეს კი თანამედროვე საბურთალო თბილისის ერთ-ერთი კეთილმოწყობილი უბანი გახლავთ. ადგილი, რომელიც უბნების განაწილების კუთხით, თბილისში საცხოვრებლად, ყველაზე მოთხოვნადი დასახლებაა. ამჟამად, მაცხოვრებლების რაოდენობა ამ ტერიტორიაზე, დედაქალაქის საერთო მოსახლეობის დაახლოებით, 13%-ს შეადგენს.
ფაქტია, ყაზბეგის გამზირი დღესაც უძრავი ქონების მიმართულებით საინტერესო, საინვესტიციო ადგილს წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითი კი თბილისის ცენტრში, 300-მლნ დოლარიანი პროექტი გახლავთ, რომელიც 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს, 6-სართულიანი პოდიუმით გააერთიანებს – ეს თბილისში ახალი სასტუმრო ჰაბი „ცენტრალ პარკ თაუერსია“, რომელიც კომპანია „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოქ ჯგუფის“ ერთობლივი საინვესტიციო პროექტია და რომელსაც მომგებიანობის გათვალისწინებით უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
პროექტის მესვეურებმა წარმოადგინეს ინოვაციური, სრულიად განსხვავებული, პირველ რიგში, საინვესტიციო პროდუქტი უძრავი ქონების სექტორში.
კომპლექსი 1 400-ნომრიან „ჰოტელ ჰაბს“ მოიაზრებს, სადაც ოცდახუთი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება განთავსებული, მათ შორის – 150 ნომრიანი „რედისონ ბლუ“. „ცენტრალ პარკ თაუერსის“ იმ შენობის ბოლო სართულზე, სადაც „რედისონ ბლუ“ იქნება წარმოდგენილი, მოეწყობა საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ოთხი პენტჰაუსი, სადაც კვ/მ-ის ღირებულება $20 000იქნება. პენტჰაუსი თაუერის ბოლო – 41 სართულზე განთავსება, საკუთარი ეზო-ვერანდით, საიდანაც ქალაქზე 360-გრადუსიანი ხედები იშლება. ჭერის სიმაღლე 6 მეტრია, აქვს კერძო პარკინგი, „რედისონ ბლუს“ პერსონალური მომსახურება, 24-საათიანი რეცეფციითა და რუმ-სერვისით. პენტჰაუზის დიზაინზე მსოფლიოში წამყვანი დიზაინერები მუშაობენ. პენტჰაუსი მყიდველს ჩაბარდება სრულად გარემონტებული, ავეჯით, ტექნიკით, თანამედროვე სმარტ-სისტემებით აღჭურვილი.
„პროექტი საინვესტიციო ხასიათისაა და ინვესტიციითა და უძრავი ქონებით შეძენით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინონ, რომლის ოპერირებასა და მის მოვლა-პატრონობას საერთაშორისო ოპერატორი კომპანიები განახორციელებენ. ყველაზე მცირე მოცულობის სასტუმრო 18-ნომრიანია, თუმცა ამავე კომპლექსში 50, 100, 150, 200 ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებიც არის. კომპლექსი პრემიუმ კლასის არის და როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის პროცესში მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორები არიან ჩართულები“, – აღნიშნავს „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.
ამასთან, მულტიფუნქციურ სივრცეში 25 ათას კვ/მ-ზე ავტომატიზებული საპარკინგე ზონა მოეწყობა, 4,500 კვ/მ დაეთმობა კაზინოს, რითაც ის საქართველოში ყველაზე დიდი იქნება. 10 ათას კვ/მ-ზე მოეწყობა საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების სავაჭრო ცენტრი.
ამავე კომპლექსში იქნება რეგიონში ყველაზე დიდი, სიმაღლეში 12-მეტრიანი ჭერისა და და არცერთი სვეტის მქონე „ივენთ ჰოლი“, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ეს სივრცე უმასპინძლებს როგორც საქმიან, ისე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს, სიმფონიური ორკესტრის კონცერტსაც კი. „ივენთ ჰოლში“ ყოველწლიურად მინიმუმ 50 საერთაშორისო დონის ღონისძიება გაიმართება.
კომპლექსში 1 500 კვ/მ-ზე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი სპა და ველნესცენტრი პრემიუმ-კლასის დახურული აუზითა და გამაჯანსაღებელი ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.
ყაზბეგის 22 ნომერში განთავსებული „ცენტრალ პარკ თაუერსი“ დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს შესთავაზებს სივრცეს, სადაც თავმოყრილი იქნება „ფაინ დაინინგის“ შვიდი სხვადასხვა სამზარეულოს პრემიუმ-რესტორანი, ერთ-ერთი თაუერის ბოლო სართულზე კი განთავსდება „მიშლენის ვარსკვლავის“ მფლობელი რესტორანი. პროექტი მოიცავს პრემიუმ-კლასის საოფისე სივრცესაც, რომელიც 500 მომხმარებელზე იქნება გათვლილი.
როგორც ცნობილი ხდება, „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტში, 60%-მდე უკვე გაყიდულია. დაინტერესება იკვეთება, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ისე რეგიონის, ევროპის, ამერიკისა და არაბული ქვეყნების ინვესტორებისგან. ინტერესი დიდია პენთჰაუსებზეც, სადაც კვ/მ-ზე ფასი 20 000$-ია. როგორც შემსრულებელ კომპანიებში აცხადებენ, წარმოდგენილი 4 პენთჰაუსიდან 2-ის გაყიდვაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათივე გათვლებით პროექტში გაყიდვები სრულად 2 კვირიან ვადაში ამოიწურება.
„ორბი ჯგუფმა“ ახალი პროექტის – „ცენტრალ პარკ თაუერს“-ის პრეზენტაცია აპრილში გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა კომპანიასა და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ „რედისონ ბლუ“-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია. პროექტის პრეზენტაციას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი პროექტებით ხდება ინვესტორებისა და ზოგადად ტურისტების მოზიდვა ქვეყანაში.
„უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის პროექტები არამარტო საინვესტიციო კუთხითაა მნიშნელოვანი, არამედ ქმნიან ახალი მიზიდულობის ცენტრებს ტურიზმისთვის, რადგან ესაა სასტუმრო კლასტერი. თავისთავად, ეს არის ორიგინალური პროექტი და პირველად საქართველოში განხორციელდება – ერთი ბრენდული სასტუმროს „რედისონ ბლუ“-ს გვერდით იქნება წარმოდგენილი ათი სხვადასხვა სასტუმრო სხვადასხვა მფლობელის ქვეშ, მაგრამ აქვე იქნება გაერთიანებული, საერთო მულტიფუნქციური სივრცეები, რომლითაც სტუმრები ისარგებლებენ. ვფიქრობ, ეს ინოვაციური პროექტი შექმნის ახალ მიზიდულობას და ქვეყანაში ახალ ტურისტულ ნაკადებს გააჩენს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტი თბილისისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იქნება, რადგან კომპანიას უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სასტუმრო და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რათა ასეთი პროექტები შეუფერხებლად და სწრაფად ხორციელდებოდეს.
„ცენტრალ პარკ თაუერსის“ სამშენებლო სამუშაოები ტერიტორიაზე წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს და, როგორც „ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, ორივე თაუერსთან მიმართებით ფუნდამენტთან დაკავშირებული საკითხები და მინუს 4 სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მშენებლობას საერთაშორისო წამყვანი საპროექტო და სამშენებლო კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სინგაპურში, დუბაიში, აბუ-დაბისა და კატარში მსგავსი მასშტაბის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
პროექტის მიმდინარეობას და ხარისხის კონტროლს ზედამხედველობს უწევს ევროპული კომპანია, რომელსაც ასევე ბევრი მსოფლიო დონის მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. რაც შეეხება მშენებლობისთვის გამოყენებულ მასალას, კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა მასალა 5-ვარსკვლავიან სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
„ცენტრალ პარკ თაუერსის“ სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ჰოტელ ჰაბი ოფიციალურად 2025 წელს მაისში გაიხსნება.