აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ “ძლიერ პაკეტს” აანონსებს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“პრეზიდენტ ბაიდენმა თქვა… რომ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება, და ჩვენი ორივე ქვეყანა ამისადმი ერთგულია… ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ, მათ შორის ამერიკული დახმარების ახალი ძლიერი პაკეტის მეშვეობით, რომლის გამოცხადებასაც ხვალ შევძლებ”, - განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლონდონში უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, და ასევე ბიზნეს ლიდერები და გლობალური ინვესტორები უკრაინის აღდგენაში დახმარების გზებს განიხილავენ.