თურქული გაზეთი „იენი საფაქი“ (Yeni Safak) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზოგი ჭირი მარგებელია: ცუდი მეზობლის გამო შეიძლება გამდიდრდეთ“ (ავტორი - აინურ ნოღაევა, ერზინჯანის უნივერსიტეტის პროფესორი). პუბლიკაციის ორიგინალური დასათაურება თურქული ანდაზით არის ნაკარნახევი, რომლის არსი ასეთია: „თუ ცუდი მეზობელი გყავთ, არ გეხმარებათ, გმტრობთ, მაშინ თქვენ იძულებული იქნებით დამოუკიდებლად იმოქმედოთ და თავი გადაირჩინოთ, „თვითკმარი“ გახდეთ“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთი დღეს საკუთარ ეკონომიკას ეყრდნობა, დასავლური ინვესტიციები და ექსპორტ-იმპორტი ისეა შემცირებული, როგორც არასდროს. და მაინც, ამის მიუხედავად, რუსეთმა საკმაოდ იოლად გადაიტანა სერიოზული დაცემის საფრთხე იმ 11-პაკეტიანი სანქციების ფონზე, რომელიც კრემლს ბრიუსელმა გამოუცხადა. თუ დასავლური მასმედიის მიხედვით ვიმსჯელებთ, რუსული ამტანობით აშშ და ევროკავშირი შეშფოთებულები არიან. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთი დასვლეთს გავლენის სფეროების საკითხში უძალიანდება: წინააღმდეგობას უწევს დასავლეთს და არ მიდის სამხრეთ კავკასიიდან, ავითარებს ურთიერთობებს ცენტრალურ აზიაში და რეგიონში სერიოზულ ინვესტიციებს დებს სხვადასხვა დარგებში.
ნიშნადობლივია, რომ ამ დღეებში, როცა ყირგიზეთის დედაქალაქში დსთ-ის ლიდერთა სამიტი მიმდინარეობდა (მასში ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა), ამერიკის წამყვანმა პრესამ (მაგალითად, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ და „ფორინ ეფერსმა“) ზედიზედ გამოაქვეყნეს სტატიები, რომლებშიც ხაზგასმულია - მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებულმა სანქციებმა, პრაქტიკულად არ იმოქმედა. პირიქით, რუსეთი ჩინეთს დაუახლოვდა და ამით აშშ და ევროკავშირი უფრო მეტად დაზარალდნენ.
ეკონომიკური ზრდა: რუსეთი ევროკავშირს და აშშ-ს უკან იტოვებს
დასავლელი ეკონომისტების მტკიცებით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, რუსეთი, უკრაინასთან ომის მიუხედავად, ეკონომიკის ზრდის ტემპებით, როგორც ჩანს, ამერიკას და ევროკავშირს უკან ჩამოიტოვებს. რუსეთი შედარებით სწრაფად და ფაქტიურად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდა იმ შოკიდან, რომელიც ომის დაწყებიდან პირველ თვეებში ჩავარდა. მოსკოვმა, დასავლეთის მიერ უარყოფილი თავისი ნავთობისა და გაზისათვის ახალი მყიდველები იპოვა. ომის შემდეგ უკვე მე-19 თვე მიდის და დასავლეთი უკვე დარწმუნდა, რომ მისი იმედები რუსული ეკონომიკის კრახზე არ გამართლდა. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი იმედგაცრუებულია და შეშფოთებით ეცნობა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას, რომელიც, რუსული ცენტრალური ბანკის მონაცემებით, საკმაოდ მტკიცედ ვითარდება - 2,5%-იანი ზრდით.
მოკლედ, თურქული ანდაზის სიბრძნე, შეიძლება ითქვას, გეოეკონომიკური სიტუაციითაც დასტურდება.
დასავლეთის პრობლემა: რუსეთ-ჩინეთის ინტეგრაცია
თომას გრემი, რუსული ეკონომიკის ექსპერტი, ამბობს, რომ ვაშინგტონმა თავი უნდა დაანებოს მოსკოვის შეზღუდვების მცდელობებს საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა, ამერიკა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის შედეგად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თვითონაც ისარგებლებს და ბალანსს გონივრულად გამოიყენებს პეკინის საწინააღმდეგოდ, დღეს კი პირიქით ხდება - ბევრი სახელმწიფო, მათ შორის „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები, მიესალმებიან მოსკოვ-პეკინის ერთმანეთთან დაახლოებას, რომელსაც ისინი თავიანთი ინტერესებისათვის სასიკეთო პროცესად თვლიან.
საინტერესოა, რომ ბიშკეკში 13 ოქტომბერს ჩატარებულ დსთ-ის სამიტს წინ უძღოდა აშშ-ცენტრალური აზიისა და გერმანია - ცენტრალური აზიის შეხვედრები. ბიშკეკში, ვლადიმერ პუტინთან და ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად, ჩავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მაგრამ არ წასულა სომხეთის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი. მოლდოვა, ევროკავშირის წაქეზებით, ფაქტიურად დსთ-ის სამიტებს გამოეთიშა. ესეც ნათლად აჩვენებს იმას, ერთიმხრივ, აშშ-დასავლეთის და მეორე მხრივ, რუსეთის მეტოქეობა გრძელდება როგორც ცენტრალური აზიაში, ასევე სამხრეთ კავკასიაში.
დილემა: სანქციები და კეთილმეზობლობა
უკრაინის კრიზისის ფონზე დსთ-ის ქვეყნები ცდილობენ თავიანთი ურთიერთობები დააბალანსონ რუსეთთან ისეთ სიტუაციაში, როცა მათ სავარაუდოდ, დასავლური სანქციები ემუქრებათ კრემლთან კავშირების გამო. ცენტრალური აზიის ქვეყნები ამ შემთხვევაში სპეციფიკურ მდგომარეობაში არიან: მათ ტრადიციულად აქვთ ძლიერი კავშირები რუსეთთან, პარალელურად მონაწილეობენ რიგ შეხვედრებში ევროკავშირთან, აშშ-სთან, ჩინეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელსაც რუსეთთან ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აქვს, გერმანიის კანცლერთან შეხვდრის დროს განაცხადა, რომ იგი რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების მომხრე არ არის.
დღეისათვის ერთი რამ მკაფიოდ შეიძლება ითქვას: რუსეთისათვის ცენტრალურ აზიას პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და ამ რეგიონში თავისი გავლენის შესანარჩუნებლად ნებისმიერ ნაბიჯს გადადგამს. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთმა გაზით მდიდარ უზბეკეთს თავისი იაფი გაზი შესთავაზა დ ამ მიზნით 1960-იან წლებში აშენებული გაზსადენი „შუა აზია - ცენტრი“ გაარემონტა და ექსპლოატაციაში შეიყვანა - იმ განსხვავებით, რომ თუ ადრე გაზი უზბეკეთიდან ცენტრში (რუსეთში) მიდიოდა, ახლა პირიქით - გაზი რუსეთიდან უზბეკეთში მიდის.
წყარო: https://www.yenisafak.com/dusunce-gunlugu/kotu-komsu-ev-sahibi-yapar-4569574