USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ენერგეტიკული ხაფანგი
Date:  720

საქართველოს მდებარეობის და სამეზობლოს მქონე ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა რომ ქვეყნის ეკონომიკური და, ზოგადად, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველია, ამაზე თითქოს აღარ ვდავობთ.

საქართველოს ეკონომიკა გარდამავალი და მზარდია. შესაბამისად, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ენერგორესურსი სჭირდება. ასე იყო ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევადად.

თუმცა, 2019-ში უკუპროცესი დაფიქსირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გათვლებით, შარშან საქართველომ 13 მილიარდ 154 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 13 მლრდ 198 მლნ კვტ.სთ იყო.

კლება უმნიშვნელოა. და არც ეკონომიკის ზრდის მრუდი მიანიშნებს, რომ ეს ტენდენცია შეუქცევადი იქნება. უფრო პირიქით - ეკონომიკა სულ უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს და ამ რესურსის სულ უფრო მეტი გამომუშავება (ერთის მხრივ) და იმპორტი (მეორეს მხრივ) იქნება საჭირო.

თუმცა, 2019 წლის მონაცემებმა კიდევ ერთხელ ძალიან დამაფიქრებელი ვითარება გამოკვეთა: იმავე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, შარშან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 8%-ით გაიზარდა. დანაკლისს ორი მეზობელი გვივსებდა - აზერბაიჯანი და რუსეთი. და თუ აზერბაიჯანიდან იმპორტი 10%-ით შემცირდა, რუსეთიდან იმპორტი, არც მეტი, არც ნაკლები, 2,5-ჯერ გაიზარდა.
სურათის შესავსებად ისიც შეგვიძლია დავსძინოთ, რომ შარშან საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტიც შემცირებულა - 2018 წელთან შედარებით, თითქმის 60%-ით ნაკლები ენერგია გავყიდეთ. ანუ, ან ნაკლები გამოვიმუშავეთ (სხვასთან ერთად, საკმაოდ „მშრალი“ წელიც იყო) და ვერ გავყიდეთ მეტი, ან მთლიანად შიდა მოხმარებამ წაიღო.

მოკლედ, ენერგია გვაკლია. ეს ფაქტია. მოქმედი ენერგოობიექტებიც არ გვაქვს იმ ოდენობით, რომ მზარდი მოხმარება უზრუნველყოს.
და გამოსავალი? რაღაც უნდა გაიზარდოს - ან გენერაციის ობიექტების და გამომუშავებული ენერგიის მოცულობა, ან იმპორტი, ან ალტერნატიული ენერგოწყაროების შესაძლებლობები.

ეს უკანასკნელი ყველაზე პოპულარული განსახილველი თემაა. როგორ უნდა ჩაანაცვლოს ტრადიციული ენერგეტიკა ახალმა, ალტერნატიულმა ენერგორესურსებმა და როგორ გააკეთეს ეს გერმანიამ, ნორვეგიამ, ესპანეთმა თუ კიდევ სხვებმა და როგორ გაზარდეს გენერაციაში ქარის, მზის და სხვა ენერგიების წილი.

ეს თემა ნელ-ნელა საქართველოშიც იკრებს პოპულარობას და გვაქვს ცალკეული წარმატებული მაგალითები. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს წყაროები არც ისე იაფია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ვერც ისე სწრაფად ხდება მასობრივი, როგორც სასურველი იქნებოდა.

იმპორტის ზრდის შედეგი უკვე თვალსაჩინოა (იმავე 2019 წლის მაგალითზე). ფაქტია, რომ აზერბაიჯანს თვითონაც მაღალზრდადი ეკონომიკა აქვს და უფრო მეტ ენერგორესურსს რთულად გაიმეტებს. თურქეთში და სომხეთში ხშირად თავად აქვთ ენერგიის დეფიციტი. ვინც უშურველად შეგვივსებს ენერგოდეფიციტს, რუსეთია, თუმცა, რამდენად სასიამოვნოა ამ ქვეყანაზე რაიმე საკითხში დამოკიდებულების მატება, თავად განსაჯეთ - მაგალითი უამრავია.
ესეც არ იყოს, იმპორტის კანონი მარტივია - მას ქვეყნიდან, ერთის მხრივ, ფული გააქვს და, მეორეს მხრივ, ძალიან რთულია მის ფასწარმოქმნაზე გავლენის მოხდენა - ან ყიდულობ იმ ფასად, რადაც გაძლევენ (ხშირად ძვირად), ან რჩები ხელცარიელი.

და ახალ ენერგოობიექტებზე რა ხდება? დიდად სახარბიელო აქაც არაფერი. სავარაუდოდ, წელს ექსპლუატაციაში ვერც ერთი ისეთი ჰესი ვერ შევა, რომელიც სურათს კარდინალურად შეცვლის და ქვეყნის ენერგოსექტორის მდგრადობას გაზრდის. „შუახევიჰესი“ ან შეეხიდება სისტემას, ან ვერა. პანკისში „ხადორი-3“-ის და „სამყურაწყალი-2“-ის მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა.

მერე, ღმერთმა არა ქნას და გენერაცია თუ ვერ გავზარდეთ, ისევ იმპორტზე „მიწოლა“ დაგვჭირდა და ძვირი იმპორტის გამო ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გახდა საჭირო, დამნაშავე აქაც ნაპოვნი იქნება - ყველა, ვინც ენერგიის ახალი წყაროები ვერ გამოძებნა. თუ რომელიმე ინვესტორი, ვისაც მშენებლობის ნებართვა აქვს და ვერ აშენებს, არბიტრაჟში წავა, აქაც ყველა იქნება დამნაშავე, რომ პირობები ვერ შეუქმნა.

მანამდე ვზივართ და მშვიდად ვუყურებთ, როგორ იზრდება ენერგიის იმპორტი რუსეთიდან, როდის დადგება დღის წესრიგში დენის ფასის მატების საკითხი და მშვიდად ვითვლით, რამდენი ჯოხი და ქვა გავარდება ახალი ჰესების წინააღმდეგ პანკისში თუ სვანეთში.

 

 

21 იანვარი 2020 წელი

რეზო საყევარიშვილი

წყარო:https://mediacritic.ge/article/energetikuli-khapangi?fbclid=IwAR00tu5zWXpg-JsAS163GVIt5guH1ZdLJRMFgCIHHUQpU9ykNq1-nxeEax4

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way