USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
ელიზბარ ელიზბარაშვილი - ქიმიის კორიფეები
Date:  1073

საფიქრალ-სადარდებელს კაცს რა დაულევს, მით უფრო – დღეს, როცა მომავალი გაურკვევლობის სქელ ბურუსშია გახვეული. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ადამის მოდგმის სვე-ბედზე. დღეს უკვე მარტო ოჯახის წევრების, მშობლების, ახლობელ-მეგობრების ყოფა არ გვეფიქრება – კოვიდის მიერ, თუნდაც ქვეყნის დასალიერში, ჩვენი ხელიდან გამოგლეჯილი ყოველი სიცოცხლე უფრო მეტად მიგვაქვს გულთან, ვიდრე წინათ. პირველ ხანებში ყოველი ადამიანის გარდაცვალებას თითქმის პირად ტრაგედიად აღვიქვამდით. სანამ სათვალავი აგვერეოდა…

მეც თქვენიანი ვარ და ეს ყოველივე მეც თქვენსავით მაფიქრებს და მანაღვლიანებს. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაზეც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვდარდობ.

შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ქიმიის სვე-ბედი თითქმის ისევე მედარდება, როგორც ოჯახის წევრის. მშობელივითაა. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, სამყაროს სილამაზე დამანახა, მისი კანონები და ენა მასწავლა… ეს კარგი, მაგრამ სადარდებელი რა გაქვსო? – იკითხავთ. გგონიათ, ადვილი მოსასმენია მშობელზე აუგი? კაცობრიობის უმეტესი ნაწილისთვის ხომ ქიმია ჯოჯოხეთის მსახური უფროა, ვიდრე ადამიანისა; ბუნებრივი უვნებლის სინონიმია, ხოლო ქიმიური – მავნებლისა.

რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? უამრავი მარტივი ტესტის ჩატარება შეიძლება. აბა, სცადეთ ყველა დროის ათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის, მსახიობისა და ქიმიკოსის ჩამოთვლა. პირველი ორი კატეგორიისთვის ათი მეტისმეტად ცოტაა, ხომ? მაგრამ ქიმიკოსთა გილდიიდან მენდელეევის გარდა ვინმე გაიხსენეთ? ხუთამდე მაინც ახვედით?

სამწუხაროდ, ქიმია გამონაკლისი არ არის – ათი ფიზიკოსის, ბიოლოგის, თუნდაც არქიტექტორის ჩამოთვლას ბევრი ვერ შეძლებს… ცხადია, ყველა ამ დარგს ჰყავს თავისი კორიფეები. მე მინდა, ქიმიკოსებზე გესაუბროთ.

მენდელეევის შემდეგ ყველაზე მეტს ალბათ ანტუან ლავუაზიე გაახსენდება, მაგრამ არა მისი მეცნიერული ღვაწლის, არამედ ერთი ქვევრში გაჩხერილი კინოპერსონაჟის გამო. არადა, ლავუაზიემ აღმოაჩინა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კანონი მოქმედ მასათა შესახებ, რომლის წყალობითაც დღეს ვიცით, რომ რაც უნდა ვჩიჩქნოთ დედამიწის გული, რაც უნდა რკინა-ბეტონის სახლები ვაშენოთ, ამით პლანეტას ვერ დავამძიმებთ და მზის სისტემის ორბიტაზე მის მოძრაობას ხელს ვერ შევუშლით.

კიდევ ბევრს გააკეთებდა ლავუაზიე ქიმიისა და, საზოგადოდ, კაცობრიობისთვის, მაგრამ არ დასცალდა – საფრანგეთის რევოლუციურმა მთავრობამ როგორც ხალხის მტერი, ეშაფოტზე განაწესა. „რევოლუციას არ სჭირდება მეცნიერები“, – ასეთი იყო რევოლუციური ტრიბუნალის ვერდიქტი.

მეორე დიდ ქიმიკოსად ალბათ ჯონ დალტონი უნდა ვახსენოთ, რომელიც ლავუაზიეს გაკვალულ ბილიკს გაჰყვა და ატომური თეორია გვისახსოვრა. სწორედ მისი დამსახურებაა, დღემდე რომ გვჯერა, რომ ყოველი მატერია ატომებისგან შედგება და ყოველ ელემენტში ატომები იდენტურია.

დიდი ქიმიკოსი იყო იტალიელი ამედეო ავოგადროც, ფრიად კირკიტა კაცი, რომელმაც არ დაიზარა და ერთი და იმავე ტემპერატურისა და მოცულობის სხვადასხვა აირში მოლეკულები დაითვალა. ალბათ თავადაც გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ ყველა ნიმუში ერთი და იმავე რაოდენობის მოლეკულას შეიცავდა. ამ რაოდენობას დღეს ავოგადროს რიცხვს ვუწოდებთ და 6,022×1023-ს შეადგენს.

ქიმიკოსთა ამ სამეულს დამსახურებულად დაუმშვენებს გვერდს ბერცელიუსი. ბატონმა ჯონ იაკობმა ახალი სული შთაბერა მეცნიერებას – ქიმიის ენა შექმნა. კატალიზატორი, პოლიმერი, იონური ბმა და მრავალი სხვა ტერმინი სწორედ მან შემოიღო მეცხრამეტე საუკუნის გარიჟრაჟზე.

დიდ ქიმიკოსთა ხუთეულში, ცხადია, უნდა შევიყვანოთ დიმიტრი მენდელეევიც, რომელიც ქიმიის ყველა სასკოლო კაბინეტის კედლებიდან გვიმზერს. მან ერთ-ერთმა პირველმა ააშენა ელემენტთა შვიდსართულიანი სამკვიდრო და თითოეულ ელემენტს თავისი ადგილი მიუჩინა, შიგადაშიგ ცარიელი „ოთახებიც“ დაგვიტოვა და დაგვიბარა, როგორი ელემენტი უნდა შეგვესახლებინა იქ მომავალში.

კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი სახელი ალფრედ ნობელია. ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ პრესტიჟული პრემიის დამაარსებელი ქიმიკოსი იყო. ნობელამდეც და მის შემდეგაც ყოფილან მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი მიღწევების მქონე მეცნიერები, მაგრამ ნობელი, თავისი ანდერძითა და დანატოვარი ფონდით, ვფიქრობ, იმსახურებს ყველაზე ღვაწლმოსილ ქიმიკოსთა ათეულში მოხვედრას.

ახლო წარსულსაც გადავავლოთ თვალი. მეოცე საუკუნის ქიმიკოსთაგან ერთ-ერთი უპირველესი ლაინუს პოლინგია,  დიდი მეცნიერი და მშვიდობისთვის დამაშვრალი კაცი, ცალკე – ქიმიაში შეტანილი წვლილისთვის, ცალკე – მშვიდობის განსამტკიცებლად გაწეული ღვაწლისთვის ორი ნობელის პრემიის მფლობელი. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კვანტური ქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ქვედარგებს. ჩემი აზრით, ასეთი დიდი გაქანების მეცნიერი ქიმიას არ ჰყოლია. მისი აზროვნების დიაპაზონი ისეთივე ფართოა, რამხელა სხვაობაც არის კვანტსა და ბიომოლეკულას შორის. მისი ნაშრომების საფუძველზე გახდა შესაძლებელი დნმ-ს მოლეკულის აღმოჩენა.

ინსულინი, პენიცილინი, ვიტამინ B12 თითქმის ყველას გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ვინ აჩუქა ისინი კაცობრიობას. ეს გახლდათ ბრიტანელი მეცნიერი, წარმოშობით ეგვიპტელი დოროთი ჰოჯკინი. მისი კვლევის სფერო კიდეც უფრო ფართო იყო, მაგრამ მარტო ინსულინისა და პენიცილინის წყალობით გადარჩენილთა რაოდენობაც საკმარისია მისი სახელის უკვდავსაყოფად.

ამ სიას კიდევ ერთი ქალბატონი დაამშვენებდა. ეს მარია კიურია, ნობელის პრემიის ორზგის ლაურეატი. მისი დამსახურებაა, მაღალი ენერგიის საშიშ X-სხივებს წარმატებით რომ ვიყენებთ სიცოცხლის გადასარჩენად. ეს დღესაც ერთ-ერთი უსწრაფესი და უმარტივესი მეთოდია ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.

კიდევ ერთი დიდებული ქალბატონი უნდა ვახსენოთ – ელის ბოლი. ის 24 წლისა გამოესალმა საწუთროს, მაგრამ მოასწრო და კეთრის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება დაუტოვა მედიკოსებს.

დღევანდელი პანდემიის ფონზე არ შეიძლება არ ვახსენოთ ლუი პასტერი, რომლის დამსახურებითაც ვისწავლეთ ვაქცინაცია და ეპიდემია-პანდემიებთან გამკლავება.

ცხადია, დიდი ქიმიკოსების ნუსხა ამ გვარ-სახელებით არ ამოიწურება. საერთოდაც, შეუძლებლად მიმაჩნია „საუკეთესოთა“ სიის შედგენა, მით უფრო – ათეულისა.

ერთი წელია, პანდემია მძვინვარებს. ერთი წელია, ყოველ დილით ერთი იმედით ვიღვიძებთ: რომ გამოჩნდება ჩვენი დროის ლუი პასტერი, ვაქცინის პოვნას გვამცნობს და მალე მშვიდად გადავეხვევით მონატრებულ ადამიანებს. მთელი წელია, ველოდებით… და აი, ვაქცინაც გამოჩნდა. მაგრამ რამდენმა იცის მისი შემქმნელების გვარ-სახელი?

„ნათლია“ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმია და არა კომპანია „პარამაუნტის“. მაშ, ამ ნანინანატრ ვაქცინას „პფაიზერის ვაქცინას“ რატომ ვეძახით?

analytics
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way