არქიტექტურული სტუდია “აუდიტორიუმი”, დამწყებმა არქიტექტორებმა – ელენე და მარიამ ღვინეფაძეებმა დაარსეს. სწორედ არქიტექტურის სიყვარულის გამო შექმნეს მათ ონლაინ სივრცე თავიანთი ნამუშევრებისთვის, სადაც გამოაქვეყნებდნენ არამხოლოდ არქიტექტურულ პროექტებს, არამედ სხვადასხვა საინტერესო და ინფორმატიულ ნამუშევრებს. ისინი ქართველ მომხმარებელს განსხვავებულ და უნიკალურ პროდუქციას სთავაზობენ.
ელენე და მარიამი თვლიან, რომ არქიტექტურის ფართო სპექტრი ხელოვნების სხვადასხვა დარგების სინთეზის საშუალებას იძლევა, ამიტომ თავიანთ ხედვას ამ მიმართულებით მუდმივად ავითარებენ. სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდათ მათ იდეა, შეექმნათ პოსტერები, რომლებიც როგორც მათ მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინს, ასევე სხვა ხედვის მქონე ადამიანების სივრცეებსაც გააცოცხლებდა და უნიკალურობას შემატებდა.
„აუდიტორიუმელების“ აზრით, პოსტერის მნიშვნელობა საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეებში საინტერესო ფენომენია და საკმაოდ კარგი საშუალებაა ვიზუალური კომუნიკაციისთვის. სხვადასხვა შინაარსის ილუსტრაცია ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალად შეიძლება იქცეს და მისცეს მას რადიკალურად განსხვავებული ხასიათი.
„აუდიტორიუმის“ მიერ შექმნილი პოსტერები ძირითადად სხვადასხვა თემატიკისაა, მაგალითად 2019 წელს შექმნილი პოსტერი „ის აქ არის“ შეიქმნა გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად, ძალიან სპონტანურად, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ადამიანის ინტერიერის ნაწილი გახდა.
ბევრი მფლობელი გამოუჩნდა, ასევე, ინოლა გურგულიას სიყვარულით შექმნილ პოსტერსაც. „აუდიტიურიუმში“ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ილუსტრაცია, რომელიც სპეციალურად ჩვენ მიერ დაპროექტებული სივრცეებისთვის შევქმენით, რაც შედარებით განსხვავებულ მუშაობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნებს და ჩვენს კონცეფციას ვუსადაგებთ,“- ამბობენ ელენე და მარიამი.
ელენესა და მარიამის აზრით, პოსტერის ზომა კონკრეტული ინტერიერისთვის დამოკიდებულია პირველ რიგში სივრცით გეგმარებაზე და შემდგომ უკვე ავეჯის წყობაზე. კედელი მათ ინტერიერებში ყოველთვის სადაა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ილუსტრაციამ შეიტანოს კონკრეტული ხასიათი და ემოცია მასში.
“აუდიტორიუმის” განხორციელებული პროექტები იხილეთ ფეისბუკ გვერდზე .
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.