ლუდი ვერ იტანს ფაციფუცს და პატივს სცემს ტრადიციებს. სახელგანთქმულ ოსტატთა არა ერთი თაობა იღწვის ლუდის რეცეპტების უმაღლეს დონემდე ასაყვანად. და თვით ლუდის ხარშვა, ისე,როგორც სამეფოს მართვა, დინასტიის პრივილეგიას წარმოადგენს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰაინეკენების ჰოლანდიური ოჯახი ლუდის მონარქებში ყველაზე ცნობილი დინასტიაა. ფირმის დამაარსებელს ჰერარდ ადრიანს ჟურნალისტები სიმბოლურად ჰაინეკენ პირველს უწოდებენ; მისი საქმის გამგრძელებელი ჰენრი პიერი ჰაინეკენ მეორეა; ხოლო ალფერდ ჰენრი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წინააღმდეგობებით აღსავსე მეწარმე გასულ საუკუნეში ჰაინეკენ მესამე.
ჰაინეკენთა ციტადელია ამსტერდამის კონცერნის ცენტრალური ქარხნის შენობა. ის რამდენადაც დიდებული, ისევე მიუწვდომელია, როგორც ვილჰელმ ორანსკის მემკვიდრეთა სამეფო რეზიდენცია ბიენეჰოფი ჰააგაში.
სულ ცოტა ხნის წინ ლუდის კორპორაციის ინტერნეტ-საიტი თვით ჰაინეკენ მესამის სახელით გვეპატიჟებოდა გასაცნობად.
ეს იყო ოჯახურად გულისამაჩუყებელი და მომგებიანი სარეკლამო ნაბიჯი: - ჩემმა ბაბუამ ასი წლის წინ გადაწყვიტა... მამაჩემმა ორმოცდაათი წლის წინ დაადგინა... მე კი მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ მემკვიდრეობა გამემდიდრებინა... მაგრამ მეც კი ვერ შევძლებ, ოჯახური ბიზნესის ყველა წარმატება ჩამოგითვალოთ.
მართლაც, ბაბუა ჰაინეკენ პირველმა საძირკველი გადგა; მამა ჰაინეკენ მეორე იღვწვოდა ხარისხისათვის; ხოლო ჰაინეკენ მესამეს ღრმად სწამდა რეკლამის მაგიური ძალისა და კოლეგებს ხშირად უამბობდა, როგორ მოინახულა ახალგაზრდობაში Philips-ის ქარხნები: - ისინი ელექტრონათურებს აკეთებდნენ, მაგრამ ყიდდნენ არა ნათურებს, არამედ დღის სინათლეს! ალფრედ ჰაინეკენმა სხვისი გამოცდილებიდან კარგი გაკვეთილი მიიღო: ის არა მხოლოდ ლუდს აწარმოებდა მწვანე შუშის ბოთლებში; ის მომხმარებელს სთავაზობდა ზელანდიის არხების ჰაეროვან სისუფთავეს, ქარის წისქვილების ქროლვას, თივის სურნელებას, ჩრდილოეთის ზღვაზე გადაფენილ ცივ ზეცასა და ამსტერდამის წითელი კვარტალების დახვეწილ გარყვნილებას. და ყველაფერი ეს იყო ყოველ ყლუპში ლუდისა, რომელსაც ეწოდება Heineken.
ახოვანი აღნაგობის ჰერარდ ადრიანი თავისი საუკუნის შესაფერის ცოცხივით გაბარჯღულ წვერსა და ულვაშს ატარებდა. ლუდის ხარშვა 22 წლისამ დაიწყო. პირველი ამსტერდამელი ლუდ-ქარხანა De Hooiberg (“თივის ზვინი”) დედა ჰაინეკენმა უყიდა. ამ ქალბატონს საშინლად აღიზიანებდნენ ადგილობრივი ლოთები, რომლებიც სამიკიტნოში ყოველგვარი საძაგელი სითხით ილეშებოდნენ.
ჰაინეკენ პირველმა ევროპა მოიარა, დანადგარები შეიძინა, თავის ქარხანაში იმდროისათვის უნიკალური საკონტროლო ლაბორატორია გახსნა. ამის შედეგად, მისმა ოსტატებმა საფუარის უნიკალური კულტურა გამოიყვანეს. დღეს იგი ცნობილია, როგორც ჯიში Heineken A, რომელიც დღესაც ხმარებაშია და ერთადერთი საიდუმლო ინგრედიენტია.
ჰერარდ ადრიანეს დროს ლუდმა მოგზაურობა დაიწყო: 1880 წლიდან Heineken -ის გაყიდვა ჰოლანდიის ფარგლებს გასცდა და საზღვარგარეთს მოედო.
დღეს იგი მსოფლიოს 170 ქვეყანაში იყიდება.
მამამისს სულ არ გავდა დენდის ულვაშებგაწკეპილი, სოლიდური გარეგნობის ჰენრი პიერი. ეს იყო ნამდვილი ,,ზვიგენი”: მკაცრი სახე, მკვეთრი ნიკაპი, სუსხიანი მზერა. ,,მშრალი კანონის” გაუქმების შემდეგ,ჰეინეკენმა, პირველმა ევროპული კონცერნებიდან, დაიწყო თავისი პროდუქციის გატანა შეერთებულ შტატებში.
ლუდის კონცერნის მუზეუმში ექსპოზიციის ცენტრალური ადგილი უჭირავს 1933 წლის 14 აპრილის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის” ამონაჭერს: -„ამსტერდამიდან ჩამოვიდა პირველი ლეგალური საზღვაო ტრანსპორტი, 100 გალონი ლუდით!”
ჰენრი პიერის დროს, ოჯახურმა ლუდის იმპერიამ ორი მსოფლიო ომის ნგრევა გადაიტანა. სწორედ ჰენრი პიერმა მოიფიქრა და დაამკვიდრა ფირმის ახალი დევიზი: „სიცოცხლისუნარიანობა და სიახლეთა დანერგვა”.
მაგრამ, სხვა ყველაფერი, 1953 წლიდან დაწყებული, ალფრედ ჰენრის მოფიქრებულია. მაგალითად, სწორედ მან მოიფიქრა, შიდა ბაზარზე შეესყიდა მთავარი კონკურენტის – კორპორაცია ამსტელ-ის ქარხნები. მანვე გადაწყვიტა, წარმოებული ლუდის ორი მესამედის ბოთლებში ჩამოსხმა. ალფრედ ჰენრიმ ქალაქ ზუტერვოუდში გახსნა ევროპაში უმსხვილესი ქარხანა წელიწადში 6 მილიონი ჰექტოლიტრის წარმადობით.
მან მოაწყო ჩოგბურთის ტურნირი Heineken open; ჯაზის ლუდის ფესტივალი; დააარსა კონცერნ ჰეინეკენის პრემიალური ფონდი. და ბოლოს, მამისეული სწორხაზოვანის ნაცვლად, დააწესა საკუთარი უდიერი ლაზღანდარული დევიზი: „ჰაინეკენი გამოაცოცხლებს სხეულის იმ ნაწილებსაც კი, სადაც ლუდის სხვა სახეობები ვერ შეაღწევენ”
ალფრედ ჰენრი ჰაინეკენმა ბევრი სხვა რამეც მოიფიქრა. მართალია,თვითონ ალფრედ ჰაინეკენზეც ბევრი რამ გამოიგონეს. მასზე არაერთი წიგნი დაიწერა – ბულვარული ბეტსელერები, ბიბილიას მიმსგავსებული და თვით მთავარი გმირის მიერ ხელდასხმული ბიოგრაფიები. როგორც სხვა ყველა წმინდა თქმულება, ჰაინეკენის ბიოგრაფიაც გულისამაჩუყებელი და გასართობი ეპიკური პოემებისაგან შესდგება. მათში ის წარმოდგენილია ამერიკული ოცნების ნამდვილ ნიმუშად, ადამიანად, რომელმაც თვითონ შექმნა საკუთარი თავი. მაგალითად: ერთ-ერთი ლეგენდა გვიამბობს, რომ ალფრედ ჰენრი ჰაინეკენმა გადაწყვიტა, თანამედროვე მეთოდების დახმარებით, დაეპყრო გასაღების ბაზრები. ეს კი იმით დაიწყო, რომ საკუთარი ხელით მიაჭედა კაბინეტის კარზე ფირფიტა წარწერით: „რეკლამის განყოფილება”.
უამრავჯერაა გადამღერებული ალფრედ ჰენრი ჰაინეკენის ცხოვრების ყველაზე სკანდალური ეპიზოდი — მისი გატაცების ისტორია 1983 წელს, როცა განგსტერთა ბანდამ მოტაცებულის გასათავისუფლებლად 33 მილიონი გულდენი მოითხოვა. სხვა ისტორიული ანეგდოტები, პირიქით, ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანის ხელმოჭერილობაზე გვიამბობენ. მაგალითად, ლუდის მეფე ამსტერდამის ქალაქის ხელისუფლებას ეჯიჯღინებოდა შინაური ძაღლის შენახვისათვის დაწესებული მიზერული გადასახადი როგორმე შეემცირებინათ, საკუთარი პოზიცია მან ასე დაასაბუთა: ძაღლი ოთხფეხა მეგობარი კი არა, სახლკარის დაქირავებული მცველია.
ნიჭიერი ხალხი ყოველთვის ახირებულია. ჰაინეკენის ხასიათში მეწარმისადა მენეჯერის ტალანტი შერწყმული იყო აყალ-მაყალთან, სისულელეებთან და ნაირ-ნაირ უწყინარ ცოდვებთან: მაგალითად, საოკეანო იახტებისა და სპორტული თვითმფრინავების კოლექციონერობასთან. მას „წითელ ლუდისმხარშველს” ეძახდნენ, რადგან ჰაინეკენი გამუდმებით ცდილობდა მუშათა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. 80-იანი წლების დასაწყისში ლუდის ქარხნებს გაფიცვათა ტალღამ გადაუარა. მაშინ კონცერნის მეთაურმა, ბოლოს და ბოლოს, მძიმე გადაწყვეტილება მიიღო: მან კომპანიის აქციების ნაწილი გაყიდა და საქმეთა პირად ხელმძღვანელობას ჩამოსცილდა.
სპეციალისტთა აზრით, ლუდის მაგნატის ბიოგრაფიის საუკეთესო ავტორმა, ამსტერდამელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ბარბარა სმიტმა ჰაინეკენის დინასტიის წევრებზე უფრო მეტი იცის, ვიდრე თვით ოჯახის შვილებმა. მაგრამ ისიც კი ვერ გარკვეულა, რაშია ამ საგვარეულოს მთავარი გამოცანა? ისინი ყველაზე მდიდარი, ყველაზე მიზანდასახული, ყველაზე წარმატებული ჰოლანდიელები არიან, მაგრამ ისეთივე გასაიდუმლოებულები, როგორც ცხრაკლიტულში დამალული საფუარის Heineken A -ს საიდუმლო.
ჰენიკენ მესამე ისე გარდაიცვალა, რომ მისმა მეგობრებმა და ხელქვეითებმა ვერ იზეიმეს მისი 80 წლისთავი. ლუდის მეფემ მსოფლიო დიდება, გიგანტური სიმდიდრე და სამრეწველო ცივილიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწორ გზაზე დაყენებული სავაჭრო მარკა დატოვა. მაგრამ ვერ დატოვა მთავარი ვაჟიშვილი, ჰაინეკენ მეოთხე, რომელიც გააგრძელებდა საქმესაც და დინასტიასაც.
ლუდსახარში კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი და 3,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი ჰაინეკენის ერთადერთი ქალიშვილის – შერლენის ხელში გადავიდა. 46 წლის ასაკში მან დაივიწყა დიასახლისის საშინაო საქმეები და ფირმის მმართველთა საბჭოში დაიკავა ადგილი. შერლენმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეეცდება,განამტკიცოს ბიზნესის საგვარეულო სულისკვეთება, რადგან გარდაცვლილი მამის უკანასკნელი ნება იყო: ,,კომპანია ოჯახის ხელში უნდა დარჩეს”!
ოჯახის გვარი კი ახლა სხვაგვარად ჟღერს. ამიერიდან კონცერნის ნამდვილი მეპატრონეა შერლენ ჰაინეკენის მეუღლე, ბრიტანელი ბანკირი კუბელი მიხელ დე კორვალიო, რომელსაც კონცერნში ადრეც მაღალი პოსტი ეჭირა.
ლუდი ვერ იტანს ფაციფუცს და პატივს სცემს ტრადიციებს, რომელიც გვისაბუთებს, რომ ლუდი Heineken-ი ასე უნდა დალიოთ: 6-8 გრადუსამდე შეგრილებული სასმელი უნდა ჩაასხათ 0,3 ლიტრიან, აუცილებლად სუფთა ჭიქაში, ჯერ ერთნახევარი ან ორი სანტიმეტრის სიმაღლეზე, მხოლოდ ერთი წუთის შემდეგ, როცა ქაფი ლუდის ოქროს ზედაპირზე თხელი მაქმანის ფორმით დაჯდება, როცა ცოცხალი არომატი გავრცელდება, როცა შუშა და ქერი ერთმანეთს შეეხებიან და ერთმანეთს ,,შეიგრძნობენ”, აი, მაშინ შეავსეთ ჭიქა და მიირთვით სამასი გრამი გაგრილებული ლუდი მბრწყინავ ჭიქაში, რომელსაც გვერდზე ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი ამშვენებს. . მთავარია არ აჩქარდეთ, თუ, მაინცდამაინც წყურვილით იხრჩობით, უმჯობესია, მინერალური წყალი მიირთვათ.