USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
Heineken - ლუდი ვერ იტანს ფაციფუცს და პატივს სცემს ტრადიციებს
თარიღი:  2653

ლუდი ვერ იტანს ფაციფუცს და პატივს სცემს ტრადიციებს. სახელგანთქმულ ოსტატთა არა ერთი თაობა იღწვის ლუდის რეცეპტების უმაღლეს დონემდე ასაყვანად. და თვით ლუდის ხარშვა, ისე,როგორც სამეფოს მართვა, დინასტიის პრივილეგიას წარმოადგენს.

 საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰაინეკენების ჰოლანდიური ოჯახი ლუდის მონარქებში ყველაზე ცნობილი დინასტიაა. ფირმის დამაარსებელს ჰერარდ ადრიანს ჟურნალისტები სიმბოლურად ჰაინეკენ პირველს უწოდებენ; მისი საქმის გამგრძელებელი ჰენრი პიერი ჰაინეკენ მეორეა; ხოლო ალფერდ ჰენრი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წინააღმდეგობებით აღსავსე მეწარმე გასულ საუკუნეში ჰაინეკენ მესამე.

ჰაინეკენთა ციტადელია ამსტერდამის კონცერნის ცენტრალური ქარხნის შენობა. ის რამდენადაც დიდებული, ისევე მიუწვდომელია, როგორც ვილჰელმ ორანსკის მემკვიდრეთა სამეფო რეზიდენცია ბიენეჰოფი ჰააგაში.

სულ ცოტა ხნის წინ ლუდის კორპორაციის ინტერნეტ-საიტი თვით ჰაინეკენ მესამის სახელით გვეპატიჟებოდა გასაცნობად.

ეს იყო ოჯახურად გულისამაჩუყებელი და მომგებიანი სარეკლამო ნაბიჯი: - ჩემმა ბაბუამ ასი წლის წინ გადაწყვიტა... მამაჩემმა ორმოცდაათი წლის წინ დაადგინა... მე კი მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ მემკვიდრეობა გამემდიდრებინა... მაგრამ მეც კი ვერ შევძლებ, ოჯახური ბიზნესის ყველა წარმატება ჩამოგითვალოთ.

მართლაც, ბაბუა ჰაინეკენ პირველმა საძირკველი გადგა; მამა ჰაინეკენ მეორე იღვწვოდა ხარისხისათვის; ხოლო ჰაინეკენ მესამეს ღრმად სწამდა რეკლამის მაგიური ძალისა და კოლეგებს ხშირად უამბობდა, როგორ მოინახულა ახალგაზრდობაში Philips-ის ქარხნები: - ისინი ელექტრონათურებს აკეთებდნენ, მაგრამ ყიდდნენ არა ნათურებს, არამედ დღის სინათლეს! ალფრედ ჰაინეკენმა სხვისი გამოცდილებიდან კარგი გაკვეთილი მიიღო: ის არა მხოლოდ ლუდს აწარმოებდა მწვანე შუშის ბოთლებში; ის მომხმარებელს სთავაზობდა ზელანდიის არხების ჰაეროვან სისუფთავეს, ქარის წისქვილების ქროლვას, თივის სურნელებას, ჩრდილოეთის ზღვაზე გადაფენილ ცივ ზეცასა და ამსტერდამის წითელი კვარტალების დახვეწილ გარყვნილებას. და ყველაფერი ეს იყო ყოველ ყლუპში ლუდისა, რომელსაც ეწოდება Heineken.

ახოვანი აღნაგობის ჰერარდ ადრიანი თავისი საუკუნის შესაფერის ცოცხივით გაბარჯღულ წვერსა და ულვაშს ატარებდა. ლუდის ხარშვა 22 წლისამ დაიწყო. პირველი ამსტერდამელი ლუდ-ქარხანა De Hooiberg (“თივის ზვინი”) დედა ჰაინეკენმა უყიდა. ამ ქალბატონს საშინლად აღიზიანებდნენ ადგილობრივი ლოთები, რომლებიც სამიკიტნოში ყოველგვარი საძაგელი სითხით ილეშებოდნენ.

ჰაინეკენ პირველმა ევროპა მოიარა, დანადგარები შეიძინა, თავის ქარხანაში იმდროისათვის უნიკალური საკონტროლო ლაბორატორია გახსნა. ამის შედეგად, მისმა ოსტატებმა საფუარის უნიკალური კულტურა გამოიყვანეს. დღეს იგი ცნობილია, როგორც ჯიში Heineken A, რომელიც დღესაც ხმარებაშია და ერთადერთი საიდუმლო ინგრედიენტია.

ჰერარდ ადრიანეს დროს ლუდმა მოგზაურობა დაიწყო: 1880 წლიდან Heineken -ის გაყიდვა ჰოლანდიის ფარგლებს გასცდა და საზღვარგარეთს მოედო.

დღეს იგი მსოფლიოს 170 ქვეყანაში იყიდება.

მამამისს სულ არ გავდა დენდის ულვაშებგაწკეპილი, სოლიდური გარეგნობის ჰენრი პიერი. ეს იყო ნამდვილი ,,ზვიგენი”: მკაცრი სახე, მკვეთრი ნიკაპი, სუსხიანი მზერა. ,,მშრალი კანონის” გაუქმების შემდეგ,ჰეინეკენმა, პირველმა ევროპული კონცერნებიდან, დაიწყო თავისი პროდუქციის გატანა შეერთებულ შტატებში.

 ლუდის კონცერნის მუზეუმში ექსპოზიციის ცენტრალური ადგილი უჭირავს 1933 წლის 14 აპრილის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის” ამონაჭერს: -„ამსტერდამიდან ჩამოვიდა პირველი ლეგალური საზღვაო ტრანსპორტი, 100 გალონი ლუდით!”

 ჰენრი პიერის დროს, ოჯახურმა ლუდის იმპერიამ ორი მსოფლიო ომის ნგრევა გადაიტანა. სწორედ ჰენრი პიერმა მოიფიქრა და დაამკვიდრა ფირმის ახალი დევიზი: „სიცოცხლისუნარიანობა და სიახლეთა დანერგვა”.

მაგრამ, სხვა ყველაფერი, 1953 წლიდან დაწყებული, ალფრედ ჰენრის მოფიქრებულია. მაგალითად, სწორედ მან მოიფიქრა, შიდა ბაზარზე შეესყიდა მთავარი კონკურენტის – კორპორაცია  ამსტელ-ის ქარხნები. მანვე გადაწყვიტა, წარმოებული ლუდის ორი მესამედის ბოთლებში ჩამოსხმა.  ალფრედ ჰენრიმ ქალაქ ზუტერვოუდში გახსნა ევროპაში უმსხვილესი ქარხანა წელიწადში 6 მილიონი ჰექტოლიტრის წარმადობით.

მან მოაწყო ჩოგბურთის ტურნირი Heineken open; ჯაზის ლუდის ფესტივალი; დააარსა კონცერნ ჰეინეკენის პრემიალური ფონდი. და ბოლოს, მამისეული სწორხაზოვანის ნაცვლად, დააწესა საკუთარი უდიერი ლაზღანდარული დევიზი: „ჰაინეკენი გამოაცოცხლებს სხეულის იმ ნაწილებსაც კი, სადაც ლუდის სხვა სახეობები ვერ შეაღწევენ”

ალფრედ ჰენრი ჰაინეკენმა ბევრი სხვა რამეც მოიფიქრა. მართალია,თვითონ ალფრედ ჰაინეკენზეც ბევრი რამ გამოიგონეს. მასზე არაერთი წიგნი დაიწერა – ბულვარული ბეტსელერები, ბიბილიას მიმსგავსებული და  თვით მთავარი გმირის მიერ ხელდასხმული ბიოგრაფიები. როგორც სხვა ყველა წმინდა თქმულება, ჰაინეკენის ბიოგრაფიაც გულისამაჩუყებელი და გასართობი ეპიკური პოემებისაგან შესდგება. მათში ის წარმოდგენილია ამერიკული ოცნების ნამდვილ ნიმუშად, ადამიანად, რომელმაც თვითონ შექმნა საკუთარი თავი. მაგალითად: ერთ-ერთი ლეგენდა გვიამბობს, რომ ალფრედ ჰენრი ჰაინეკენმა გადაწყვიტა, თანამედროვე მეთოდების დახმარებით, დაეპყრო გასაღების ბაზრები. ეს კი იმით დაიწყო, რომ საკუთარი ხელით მიაჭედა კაბინეტის კარზე ფირფიტა წარწერით: „რეკლამის განყოფილება”.

 უამრავჯერაა გადამღერებული ალფრედ ჰენრი ჰაინეკენის ცხოვრების ყველაზე სკანდალური ეპიზოდი — მისი გატაცების ისტორია 1983 წელს, როცა განგსტერთა ბანდამ მოტაცებულის გასათავისუფლებლად 33 მილიონი გულდენი მოითხოვა. სხვა ისტორიული ანეგდოტები, პირიქით, ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანის ხელმოჭერილობაზე გვიამბობენ. მაგალითად, ლუდის მეფე ამსტერდამის ქალაქის ხელისუფლებას ეჯიჯღინებოდა შინაური ძაღლის შენახვისათვის დაწესებული მიზერული გადასახადი როგორმე შეემცირებინათ, საკუთარი პოზიცია მან ასე დაასაბუთა: ძაღლი ოთხფეხა მეგობარი კი არა, სახლკარის დაქირავებული მცველია.

ნიჭიერი ხალხი ყოველთვის ახირებულია. ჰაინეკენის ხასიათში მეწარმისადა მენეჯერის ტალანტი შერწყმული იყო აყალ-მაყალთან, სისულელეებთან და ნაირ-ნაირ უწყინარ ცოდვებთან: მაგალითად, საოკეანო იახტებისა და სპორტული თვითმფრინავების კოლექციონერობასთან. მას „წითელ ლუდისმხარშველს” ეძახდნენ, რადგან ჰაინეკენი გამუდმებით ცდილობდა მუშათა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. 80-იანი წლების დასაწყისში ლუდის ქარხნებს გაფიცვათა ტალღამ გადაუარა. მაშინ კონცერნის მეთაურმა, ბოლოს და ბოლოს, მძიმე გადაწყვეტილება მიიღო: მან კომპანიის აქციების ნაწილი გაყიდა და საქმეთა პირად ხელმძღვანელობას ჩამოსცილდა.

სპეციალისტთა აზრით, ლუდის მაგნატის ბიოგრაფიის საუკეთესო ავტორმა, ამსტერდამელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ბარბარა სმიტმა ჰაინეკენის დინასტიის წევრებზე უფრო მეტი იცის, ვიდრე თვით ოჯახის შვილებმა. მაგრამ ისიც კი ვერ გარკვეულა, რაშია ამ საგვარეულოს მთავარი გამოცანა? ისინი ყველაზე მდიდარი, ყველაზე მიზანდასახული, ყველაზე წარმატებული ჰოლანდიელები არიან, მაგრამ ისეთივე გასაიდუმლოებულები, როგორც ცხრაკლიტულში დამალული საფუარის Heineken A -ს საიდუმლო.

ჰენიკენ მესამე ისე გარდაიცვალა, რომ მისმა მეგობრებმა და ხელქვეითებმა ვერ იზეიმეს მისი 80 წლისთავი. ლუდის მეფემ მსოფლიო დიდება, გიგანტური სიმდიდრე და სამრეწველო ცივილიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწორ გზაზე დაყენებული სავაჭრო მარკა დატოვა. მაგრამ ვერ დატოვა მთავარი  ვაჟიშვილი, ჰაინეკენ მეოთხე, რომელიც გააგრძელებდა საქმესაც და დინასტიასაც.

ლუდსახარში კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტი და 3,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი ჰაინეკენის ერთადერთი ქალიშვილის – შერლენის ხელში გადავიდა. 46 წლის ასაკში მან დაივიწყა დიასახლისის საშინაო საქმეები და ფირმის მმართველთა საბჭოში დაიკავა ადგილი. შერლენმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეეცდება,განამტკიცოს ბიზნესის საგვარეულო სულისკვეთება, რადგან გარდაცვლილი მამის უკანასკნელი ნება იყო: ,,კომპანია ოჯახის ხელში უნდა დარჩეს”!

ოჯახის გვარი კი ახლა სხვაგვარად ჟღერს. ამიერიდან კონცერნის ნამდვილი მეპატრონეა შერლენ ჰაინეკენის მეუღლე, ბრიტანელი ბანკირი კუბელი მიხელ დე კორვალიო, რომელსაც კონცერნში ადრეც მაღალი პოსტი ეჭირა.

ლუდი ვერ იტანს ფაციფუცს და პატივს სცემს ტრადიციებს, რომელიც გვისაბუთებს, რომ ლუდი Heineken-ი  ასე უნდა დალიოთ: 6-8 გრადუსამდე შეგრილებული სასმელი უნდა ჩაასხათ 0,3 ლიტრიან, აუცილებლად სუფთა ჭიქაში, ჯერ ერთნახევარი ან ორი სანტიმეტრის სიმაღლეზე, მხოლოდ ერთი წუთის შემდეგ, როცა ქაფი ლუდის ოქროს ზედაპირზე თხელი მაქმანის ფორმით დაჯდება, როცა ცოცხალი არომატი გავრცელდება, როცა შუშა და ქერი ერთმანეთს შეეხებიან და ერთმანეთს ,,შეიგრძნობენ”, აი, მაშინ შეავსეთ ჭიქა და მიირთვით სამასი გრამი გაგრილებული ლუდი მბრწყინავ ჭიქაში, რომელსაც გვერდზე ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი ამშვენებს. . მთავარია არ აჩქარდეთ, თუ, მაინცდამაინც წყურვილით იხრჩობით, უმჯობესია, მინერალური წყალი მიირთვათ. 

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.