USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Тбилиси
ეგნატე შამუგია - საქართველოს ექსპორტის დეკომპოზიცია
дата:  401

ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გაზრდილია. ვაჭრობის გაფართოება განსაკუთრებით ექსპორტის ნაწილში ჩანს. გაზრდილი სავაჭრო პარამეტრები კი რეექსპორტს უკავშირდება - სხვა ქვეყნებს შორის საქართველოს შუამავლობით განხორციელებულ ვაჭრობას.

2022 წელს საქართველოდან რეექსპორტი 69.6%-ით გაიზარდა. მომდევნო წელს ზრდის მაჩვენებელი 74.5%-ს შეადგენდა. ამასთან, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტი 24.4%-ით შემცირდა.

გრაფიკი 1: საქართველოდან საქონლის ექსპორტი (მლრდ აშშ დოლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ადგილობრივი ექსპორტის ღირებულების კლება მეტად თვალსაჩინოდ გამოვლინდა ევროკავშირთან ვაჭრობაში. ამ პერიოდში, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქონლის ექსპორტი 22.3%-ით შემცირდა. შედარებისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან ვაჭრობაში კლება მხოლოდ 3.1% იყო.

გრაფიკი 2: საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მეტიც, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 541.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.4%-ია. ამ ფონზე, ადგილობრივი საქონლის ძირითადი საექსპორტო დანიშნულება ისევ რუსეთის ბაზარი გახდა.

ექსპორტში, 12.3%-იანი წილით, მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, სადაც გასულ წელს 343.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.7%-ით ნაკლებია.

საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში ჩინურმა ბაზარმა, პანდემიის პერიოდიდან მოპოვებული პოზიცია, 2023 წელს დაკარგა. გასულ წელს ჩინეთში ექსპორტი 694.7 მლნ დოლარიდან 270 მილიონ დოლარამდე შემცირდა (ადგილობრივ ექსპორტში 9.7%).

 

ექსპორტის სტრუქტურა

საქართველოდან ძირითადი ადგილობრივი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. 2022 წელს ექსპორტირდა 437.8 ათასი ტონა მადანი, რომლის ღირებულებამ 1 024.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ გასულ წელს ექსპორტი განახევრდა. 2023 წელს სპილენძის მადნების ექსპორტის ოდენობამ 232 ათასი ტონა შეადგინა, რაც, საექსპორტო ფასის შემცირების პირობებში, 474.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო.

სპილენძის მადნების საექსპორტო ბაზარია სულ სამი ქვეყანა: ბულგარეთი, ჩინეთი და ესპანეთი. გასულ წელს ექსპორტის კლება უკავშირდება სწორედ ჩინეთის ბაზარს, სადაც სპილენძის მადნების ექსპორტის მოცულობა 251.6 ათასი ტონიდან 97.7 ტონამდე შემცირდა.

გრაფიკი 3: საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, საქონლის მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასეთივე კლებაა ფეროშენადნობების ექსპორტშიც. 2023 წელს 157.2 ათასი ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 71.5 ათასი ტონით ჩამორჩება. ამ პერიოდში ექსპორტირებული ფეროშენადნობების ღირებულება 60.1%-ით შემცირებულია.

განსხვავებული სურათია რიგით მეორე საექსპორტო საქონლის შემთხვევაში. 2023 წელს საქართველოდან „ექსპორტზე 89.4 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 12.2 მლნ ლიტრით ჩამორჩება. თუმცა, საშუალო საექსპორტო ფასის მატების გამო, ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება გაზრდილია. გასულ წელს საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტმა 257.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 9.2%-ია.

გრაფიკი 4: ათ უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანაში ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი (აშშ დოლარი)

წყარო:  სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის  გამოთვლები

ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 2023 წელს მთლიანი ღვინის ექსპორტის 69.6% ანუ 62.3 მლნ ლიტრი ექსპორტირდა. თუმცა რუსეთში ერთ ლიტრ ღვინოზე საშუალო საექსპორტო ფასი შედარებით დაბალია. უფრო დაბალი კი პოლონეთშია, სადაც, 2023 წელს, 6 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის 12.6% მომდევნო სამ ქვეყანას - უკრაინას, ჩინეთსა და ყაზახეთს უჭირავს.

 

რეექსპორტი

2023 წელს რეექსპორტის ზრდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს უკავშირდება. გასულ წელს საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ, ჯამში, 107.9 ათასი ცალი შეადგინა. ეს კი წინა წლის მაჩვენებელს 28 ათასი ერთეულით აღემატება. ამ პერიოდში ავტომობილების უდიდესი ნაწილი - 94.5% - რეექსპორტირდა ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ყაზახეთში, სომხეთში, ყირგიზეთსა და რუსეთში.

გრაფიკი 5: საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი (ათასი ცალი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მათ შორის, საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შედარებით მცირე, 5 ათასი ცალი იყო, მაგრამ ომამდე პერიოდის დონეს ორჯერ აღემატებოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის კავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი და ტრანზიტი შეზღუდულია.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რეექსპორტი პირდაპირ რუსეთში არ ხორციელდება, მათი ნაწილი, საბოლოოდ, რუსულ ბაზარზე ხვდება. ეს კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საერთო ბაზრის გავლით ხდება. კერძოდ, „საქართველოში შემოყვანილი ავტომობილი ექსპორტირდება ამ კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში, სადაც განაბაჟებენ და რუსეთში გადაჰყავთ.

2023 წელს საქართველოდან ყაზახეთში 39.9 ათასი ცალი მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. ომამდე პერიოდთან შედარებით, რეექსპორტირებული ავტომანქანების რაოდენობა გაზრდილია 17.5-ჯერ. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის კიდევ უფრო მეტად, 22.4-ჯერ ზრდა დაფიქსირდა ყირგიზეთში. დაახლოებით ორჯერ გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი სომხეთში.

 

***

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა თვალსაჩინოდ შეცვალა. გასულ წელს ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა, ხოლო რეექსპორტი გაიზარდა. რეექსპორტის მკვეთრი გაფართოება კი საქართველოდან ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გაორმაგებას უკავშირდება. ადგილობრივი ექსპორტის კლება, თავის მხრივ, სპილენძის ექსპორტის შემცირებით არის გამოწვეული.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორი - ეგნატე შამუგია

https://gnomonwise.org/

культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати