USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Le Monde diplomatique» (საფრანგეთი): „და ისევ ყირიმი: ისტორია მეორდება?“
Date:  250

ფრანგული ჟურნალი „ლე მონდ დიპლომატიკი“ (Le Monde diplomatique) აქვეყნებს სტატიას სათაურით „და ისევ ყირიმი“ (ავტორი - ელენ რიშარი). მასში ორი პოზიციაა განხილული, რომელიც ყირიმის მიმართ აშშ-ის მმართველ სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში არსებობს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთაინებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი რუსეთ-უკრაინის ომის ფართოების მიმართ ფრთხილად ლაპარაკობს: „ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არ მასვენებს და მასზე ყოველდღიურად ვფიქრობ, ეს ომის ესკლაციაა ესკალაციის შეკავებაა. გთხოვთ არ დაივიწყოთ, რომ რუსებს კაცობრიობის განასგურების შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ ყოველი გადაწყვეტილება ღრმად უნდა ავწონ-დავწონოთ, მისი ლოგიკური შედეგების გათვალისწინებით“.

სამწუხაროდ, გენერალს, როგორც ჩანს, თეთრ სახლში არ უსმენენ. მარკ მილის ბრძნული სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაუსრულებელ განცხადებებთან უკრაინისათვის იარაღის სულ ახალ-ახალი პარტიის გაგზავნის შესახებ. ლაპარაკია არა მხოლოდ „აბრამსის“ ტანკებზე, არამედ F-16 ავიაგამანაგურებლებზეც.

რა თქმა უნდა, უკრაინა ყირიმს თავის ტერიტორიად თვლის. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ჯერ კიდევ იანვარში, დავოსის ფორუმზე განაცხადა - „მოგვეცით იარაღი და ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“. თეთრი სახლი მას ეთანხმება და მიანიშნებს, რომ თუ უკრაინის არმია ყირიმს შეუტევს, ვაშინგტონი კიევს ნება მისცემს ამერიკული იარაღი გამოიყენოს. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტია შეუძლებელია მანამ, სანამ ყირიმი, როგორც მინიმუმი, დემილიტარიზებული არ იქნება“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.

მოდით, ისტორიაში ჩავიხედოთ:

ვიქტორია ნულანდის განცხადება იმ სიტუაციას გვაგონებს, რომელიც ყირიმში მე-19 საუკუნის შუახანებში არსებობდა. 1856 წლის მარტში პარიზის ხელშეკრულებამ, რომელიც ყირიმის ომის შედეგების მიხედვით დაიდო, რუსეთს თავს მოახვია შავი ზღვის ნეიტრალიზების ვალდებულება, ანუ რუსეთს შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტი არ უნდა ჰქონოდა. ეს ყირიმის ომში რუსეთის დამარცხებამ გამოიწვია: 1953 წელს ფრანგულ-ბრიტანულმა კოალიციურმა ჯარმა, რომელიც ოსმალეთის იმპერიას დაეხმარა, ყირიმში ბრძოლების დროს რუსეთის არმია დაამარცხა. მაგრამ იმ დროს რუსეთს ისეთი დამაგრეველი იარაღი არ ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს, მაგალიტად, ბირთვული რაკეტები და ბომბები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი, 1856 წლის უკანდახევის მსგავსად, ისევ მუხლებზე დაიჩოქებს და არ ისარგებლებს იმ იარაღით, რომელიც მას უკიდურესი შემთხვევისთვის აქვს შემონახული, ძალიან სცდება. ამიტომ იმ  ქვეყნებმა, რომლებიც კონფლიქტის მონაწილენი არ არიან, ყველაფერი უნდა გააკეთონ ომის შესაჩერებლად.

სხვათა შორის, უნდა ვთქვათ, რომ ვაშინგტონი თავდაპირველად, 1990-იანი წლებიდან დაწყებული, ფრთხილად უყურებდა კიევის მოქმედებას ყირიმის მიმართ და აფრთხილებდა, რაიმე ძალისმიერი ნაბიჯები არ გადაედგა. ეს მოხდა ჯერ კიდევ 1994 წელს, როცა ყირიმის ავტონომიის მეთაურად რუსი იური მეშკოვი იქნა არჩეული და კიევმა იქ დამატებითი ძალები გაგზავნა, სეპარატიზმის თავიდან ასაცილებლად. მოგვიანებით, კიევი და მოსკოვი მორიგდნენ და შავი ზღვის ფლოტი გაიყვეს, ხელი მოაწერეს შეთანხმებას სევასტოპოლის სტატუსის შესახებ და სიტუაცია ასე თუ ისე ჩაწყნარდა.

2008 წელს აშშ-მა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც „ზვავი გამოიწვია“: მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, მხარი დაუჭირა უკრაინის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რითაც ხელახლა გამოაცოცხლა როგორც ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის, ასევე მთლიანად რუსეთის მოსახლეობის ნაციონალისტური, ანტიდასავლური და მილიტარისტული განწყობები. მოხდა ის, რაც ჯერ კიდევ 1997 წელს იწინასწარმეტყველა ამერიკელმა დიპლომატმა ჯორჯ ქენანმა, რომელიც მსოფლიოს რუსეთთან მშვიდობისაკენ მოუწოდებდა და ითხოვდა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერებულიყო. რა თქმა უნდა, ჯორჯ ქენანს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ის, რომ რუსული ექსპანსიონიზმი ხშირად იყო განპირობებული ამ ქვეყნის დასავლეთით არსებული „დიდი ვაკის“ კომპლექსით (ვაკეზე მტერი უფრო იოლად მოქმედებს, ანუ რუსეთი დაუცველია), საიდანაც რუსეთის დიდი ნაწილი ორჯერ იქნა დაპყრობილი ჯერ ნაპოლეონ ბონაპარტის, შემდეგ კი ადოლფ ჰიტლერის ჯარებით.

დღეს ვაშინგტონში თანდათან ძლიერდება იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინის უსაფრთხოება მოსკოვთან კომპრომისზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთის ძლიერების განეიტრალებაზე, ანუ რუსეთი ისე უნდა დასუსტდეს, რომ აღარ შეეძლოს სხვა სახელმწიფოსადმი ზიანის მიყენება. მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს თავს მოახვიონ რაღაც შემზღუდავი დოკუმენტი - ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულების მსგავსი, რომლის მიხედვით, გერმანია მკაცრად დაისაჯა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო.

იმის გარდა, რომ ვერსალის ხელშეკრულების მსგავსი იდეები ისტორიულად განუხორციელებელი რჩება (მან თავისი უუნარობა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში გამოამჟღავნა), აშშ-მა უნდა გააცნობიეროს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - გეოგრაფიული ფაქტორის რეალობა: რუსეთი წარმოადგენს ისეთ ქვეყანა-კონტინენტს, რომელიც ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და მუდმივად იქნება უკრაინისა და, საერთოდ, ევროპის მეზობელი.

წყარო: https://www.monde-diplomatique.fr/mav/188/RICHARD/65633

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way