USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Le Figaro»: „უკრაინაში ნამდვილი ევროპული თავდაცვითი სტრატეგია არ არსებობს“
дата:  516

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინაში ნამდვილი ევროპული თავდაცვითი სტრატეგია არ არსებობს“, რომლის ავტორია გადამდგარი გენერალ-მაიორი ვინსენტ დეპორტი, სამხედრო სკოლის ყოფილი დირექტორი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ავდეევკის დაცემის, ალექსი ნავალნის სიკვდილისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის საშინელი ორატორობის შემდეგ ყველამ გაიგო, თუ რამდენად სერიოზული იქნება უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შედეგები: კრემლის გამარჯვებას შეუძლია ევროკავშირის გახლეჩვა გამოიწვიოს და შეიძლება პოლიტიკურად გაქრეს კიდეც. ამიტომაც, უეჭველია, ეს ომი ჩვენი ომიც არის და დონბასის ფრონტი - ეს ჩვენი თავისუფლების ფრონტს წარმოადგენს.

ახლა არ არის რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზების განსაზღვრის დრო, ამაზე მომავალში ისტორიკოსები იმსჯელებენ. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ახლა ვებრძვით არა რუსეთს, არამედ პოლიტიკურ პროექტს, რომელიც ჩვენი ისტორიის უარესი პერიოდისაკენ გვითრევს.

მთავარი პრობლემა იარაღის მიწოდებაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ ევროპას სტრატეგია და ერთიანი მიდგომები არ აქვს, რაც შენიღბულია ცრუ განცხადებებით საკუთარი თავის მართლების შესახებ და შეიარაღების ქაოსური მიწოდებით. ომი მკაფიო მიზნების გარეშე გადაიქცევა ისეთ ომად, რომელსაც დასასრული არ ექნება. უკრაინის ომიც სწორედ ასეთი ომის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჩვენ არ ვიცით, თუ როგორი უსაფრთხოების ახალი არქტიტექტურა გვჭირდება - რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე? რა როლი ექნება უკრაინას? აუცილებელია ევროპელებმა გაარკვიონ ისიც, დათანხმდებიან თუ არა ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომლის გარეშეც ევროპაში უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება.

კიდევ ერთი პრობლემაა ერთიანობის დეფიციტი. ჩვენ უნდა დავადასტუროთ, რომ ერთიანი ძალებით გამოვდივართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ისტორია ცხადჰყოფს, რომ იმპერიები მხოლოდ ძალის წინაშე ჩერდებიან. ეს ომი რადიკალურია, შესაბამისად, ჩვენ რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ. აუცილებელია საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. საფრანგეთი უკვე ზრუნავს იმაზე, რომ სამხედრო ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 3%-ს შეესაბამებოდეს. ბუნებრივია, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ ძლიერები იქნებიან, მათ მეტი შესაძლებლობა ექნება უკრაინას დაეხმარნონ.

მაგრამ ყველაფერს აზრი ეკარგება, თუ უკრაინა თვითონ არ იქნება მობილიზებული. ჩვენ კიევს მკაცრად უნდა ვუთხრათ, რომ ყველაფერი გააკეთოს გამარჯვებისათვის, თორემ ევროპის ძალისხმევას მოსალოდნელ ეფექტი არ ექნება. და თუ ეს ომი ევროპულია, თუ ბედის სასწორზე ჩვენი არსებობაა დადებული, მაშინ ჩვენ უკრაინა უნდა ვაიძულოთ, რომ მობილიზდეს, თუნდაც მისთვის ხელების გადაგრეხვაც დაგვჭირდეს.

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/politique/vincent-desportes-en-ukraine-il-manque-une-vraie-strategie-de-defense-europeenne-20240226

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати