USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Le Figaro» (საფრანგეთი): „რაც შეეხება უკრაინას, ნიკოლა სარკოზი მართალს ამბობს - არავითარი ნატო, უკრაინა ევროპისა და აზიის შემაერთებელი ხიდი უნდა იყოს“
Date:  340

„აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ევროპისათვის მძიმე გადასატანია, ევროპა ძალიან ზარალდება, იმავდროულად კი ომით სარგებელს იღებს ამერიკის შეერთებული შტატები და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვლადიმერ პუტინიც. ამას წინათ, 16 აგვისტოს, ნიკოლა სარკოზიმ ინტერვიუში ბევრი რამ ჭკვიანური განაცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მწვავედ იქნა გაკრიტიკებული და შეურაცხყოფილიც კი“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის ლიუკ ფერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში  სათაურით „არავითარი ნატო, უკრაინა ევროპისა და აზიის შემაერთებელი ხიდი უნდა იყოს“. პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პერსპექტივა და რუსეთთან დამოკიდებულება. ავტორი ბევრ საკითხში ეთანხმება საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მოსაზრებებს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„თავდაპირველად ნიკოლა სარკოზიმ, ინტერვიუში ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაგრამ იმავდროულად ექს-პრეზიდენტმა დაამატა, რომ თუ ჩვენ იმ კონფლიქტიდან გამოსვლა (მისი შეწყვეტა) გვინდა, რომელიც დაუსრულებლად გაგრძელდება და სულ უფრო მეტად სიკვდილის მთესველი იქნება, სამი მომენტი უნდა გავიაზროთ.

პირველი - უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ხიდს რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა, ანუ ადგილობრივ დონეზე არსებობს რუსოფილური საზოგადოება. რაც უფრო დასავლეთით მიდიხართ, თქვენ სულ უფრო ძლიერად გრძნობთ  პოლონეთის მოახლოებას, ხოლო უკრაინელების განწყობაში სულ უფრო მეტ პროამერიკულობას ამჩნევთ. დასკვნა: უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს არც ნატოში და არც ევროკავშირში. უკრაინა ამ ორგანიზაციების წევრი არ უნდა გახდეს. მისი ასეთი ბედი განპირობებულია ისტორიით, გეოგრაფიით და [ეთნიკური] მრავარფეროვნებით. ამას თუ უკრაინას ღიად არ ვეტყვით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს მინიმუმ თავს გამოვუტენით ყალბი დაპირებებით. და თუ კიევს ისევ დავუწყებთ იმის გამეორებას, რომ მას წინ „ევროპული ბედი“ აქვს, რისკები კიდევ უფრო მაღალი იქნება: როგორც დონბასში მიმდინარე სამოქალაქო ომმა გვაჩვენა, ცრუ მოლოდინებსა და იმედებს აყოლილ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის გაგლეჯვა-დანაწილება შეუძლიათ.

მეორე - ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება: მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის უთანხმოების გადაწყვეტა სამხედრო გზით შეუძლებელია. დღეს უკვე ნათელია, რომ ათეული მილიარდი დოლარის მიუხედავად, რომელიც აშშ-მა უკრაინის იარაღით არჭურვაში დახარჯა, კონტრშეტევა შეფერხებულია და, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ კატასტროფის თავიდან აცილება გვინდა, მაინც მოლაპარაკება გახდება საჭირო. დიახ, სამწუხაროდ, კატასტროფა ჯერ კიდევ რეალურია, რადგან: ა) რუსეთი მსოფლიოში მეორე ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ბ) ვლადიმერ პუტინი უკან არასოდეს დაიხევს. უფრო მეტიც: ვლადიმერ პუტინის უკანდახევის შემთხვევაში უკრაინისათვის სიტუაცია უფრო უარესი იქნებოდა.

მესამე - მოდით, უფრო შორს წავიდეთ და ვივარაუდოთ, რომ უკრაინა რუსეთთან ომს იგებს. ასევე ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ კიეველმა ლიდერებმა მოახერხეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ შორის ყირიმის დაბრუნებაც. მაგრამ ომი, რომელიც დონბასში 2014 წლიდან მიმდინარეობს (მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო), მაინც არ შეწყდება. რატომ? დავიმოწმებ ედგარ მორენს, ინტელექტუალს, რომელზეც ვერ იტყვი, რომ ის მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინისა თუ ჩვენებური მემარჯვენეების პოზიციას და კიდევ სხვებისაც, რომლითაც ხშირად გვაშინებენ. ჰოდა, როგორც ვთქვი, 2014 წელს დაწყებული ომი არ შეწყდება კიეველი ჩინოვნიკების დონეცკში და სინფეროპოლში დაბრუნებით. იმიტომ, რომ ყირიმი 85%-ით რუსული მოსახლეობით არის დასახლებული, ისინი კი არ მოისურვებენ უბრძოლველად დაბრუნდნენ რუსობის მდევნელი ქვეყნის შემადგენლობაში. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ  იარაღით ხელში ეცადოს ყირიმის უკრაინის საზღვრებში დაბრუნებას, დასავლეთისათვის  (უპირველესად კი ევროკავშირისათვის) უკეთესი იქნება ყირიმის მოსახლეობაში თავისუფალი კენჭისყრა ჩაატაროს: სად სურთ მათ ცხოვრება  - ევროკავშირში თუ რუსეთში?  შემდეგ კი უკვე შეიძლება არჩევნებიც ჩატარდეს - როგორც ნიკოლა სარკოზი ამბობს, ევროკავშირის მკაცრი კონტროლით.

ცხადია, ეს ომი ევროკავშირს, როგორც იტყვიან, წვენს ადენს, მაგრამ იმავდროულად სარგებლობს ამერიკა. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ომით მოგებას იღებს ვლადიმერ პუტინიც. ამერიკასთან მიმართებით ყველაფერი გასაგებია: ვაშინგტონი მომგებიან სიტუაციაშია - პოლონეთს ატომური ელექტროსადგურების პროექტებს მიჰყიდის, გერმანიას F-35-ებს შეაძენინებს, ევროპის სხვა ქვეყნებს კი აიოვაში, ილინოისში, კანზასში, ნებრასკაში და ოკლაჰომაში მოყვანილი მარცვლეულს მიაწვდის, რუსული გაზისაგან გათავისუფლებულ მთელ მსოფლიოს კი - თავის ფიქლების გაზს... გარდა ამისა, ომმა ჯო ბაიდენს შესაძლებლობა მისცა შარსანდელ შუალედურ არჩევნებში სტატუს-ქვო შეენარჩუნებინა და მკვეთრი უპირატესობა რესპუბლიკელებს არ მოეპოვებინათ. ასევე ააღორძინა ნატო (რომელსაც ემანუელ მაკრონმა ომამდე რამდენიმე თვის წინათ „ტვინის სიკვდილი“ დაუფიქსირა). ასე რომ, ჯო ბაიდენი ამ შემთხვევაში მართლაც ბენიფაციარია: ხუმრობა ხომ არ არის, რომ 81 წლის ასაკში საკუთარი პერსონა თავისუფალი სამყაროს უდავო ლიდერად წარმოაჩინო?

მაგრამ რას იგებს ვლადიმერ პუტინი? აი, რას: რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც რუსები მეტ-ნაკლებად მხარს უჭერენ, კონფლიქტისგან სარგებელი მიიღო: მან შეძლო საკუთარი ქვეყნის ორბიტაზე მიეზიდა ყველა, ვისაც კი ჩვენმა დასავლურმა დემოკრატიამ აწყენინა. რუსეთის ირგვლივ გროვდება დიდი წონის მქონე ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ასევე ირანი და იდიოზური ჩრდილოეთ კორეა, პლუს ოცამდე აფრიკული ქვეყანა. ბევრი მათგანს დღემდე აქვს შემორჩენილი სიძულვილი ევროპელი კოლონიური მფლობელებისადმი და რუსეთთან ეძებენ ხსნას, მაგალითად. ნიგერი, მალი, ბურკინა ფასო...

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/monde/luc-ferry-sur-l-ukraine-nicolas-sarkozy-a-largement-raison-20230830

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way