USD 2.6424
EUR 3.0144
RUB 3.4007
თბილისი
«Le Figaro» : „საქართველო: რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალი არენა“
თარიღი:  1373

„დასავლეთის სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომლის წინააღმდეგ პროევროპულად განწყობილი ქართველები, უმეტესად ახალგაზრდები გამოდიან. რუსეთი კი პოლიტიკური მარიონეტების მეშვეობით ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას საბოტაჟს უწყობს, სურს საქართველო კრემლის ორბიტაზე დააბრუნოს და თავის მოკავშირედ გადააქციოს“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სათაურით „საქართველო: რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალი არენა“ (ავტორი - იზაბელ ლასერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საქართველოში უკრაინის მაიდნის მსგავსი სიტუაცია მეორდება: ქვეყნის მოსახლეობა, ერთი მხრივ, ევროკავშირისა და დემოკრატიული პროგრესის მომხრეა, მეორე მხრივ - რუსეთის მოწინააღმდეგეს გამოდის და გმობს ხელისუფლების „პრომოსკოვურ გადახრებს“, რომელიც რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებაში გამოიხატება - სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (თავდაპირველად დოკუმენტს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ერქვა).

ამ დროს კი დასავლეთი, რომელიც თვალს ადევნებს საზოგადოების საპროტესტო აქციებს და ხელისუფლების რეპრესიებს, ფრთხილად მოქმედებს და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში გადამწყვეტ ჩარევას, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას თავს არიდებს. პოლიციასა და პროევროპულად განწყობილ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი კი მხოლოდ „შეშფოთებას გამოხატავს“ აღნიშნული კანონპროექტის მიღების გამო და ოფიციალურ თბილისს, აშშ-ის მსგავსად, სანქციების შემოღებით არ ემუქრება.

როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, ევროკავშირის აქტიურ კრიტიკულ მოქმედებას საქართველოს მიმართ ხელს უშლის რამდენიმე მიზეზი:

ა) უნგრეთის [და სლოვაკეთის] პრემიერ-მინისტრების ვიქტორ ორბანისა [და რობერტ ფიცოს] პოზიცია, რომლებიც ბრიუსელის განზრახვებს ბლოკავენ;

ბ) ევროპარლამენტის მოახლოებული არჩევნები, რომელშიც, სავარაუდოდ, მემარჯვენე ნაციონალისტურად განწყობილი პოლიტიკური ძალები წარმატებას მიაღწევენ;

გ) საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში;

დ) შიში იმისა, რომ თუ ევროკავშირი ჩაერევა, რუსეთმა შეიძლება საქართველოში დამატებითი ჯარი შეიყვანოს (ამჟამად რუსეთს ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და მისი სამხედრო ბაზა თბილისიდან 45 კილომეტრშია დისლოცირებული).

კრემლს სურს საქართველო თავის ორბიტაზე მოკავშირის სახით დაიბრუნოს და ამ მიზნით ადგილობრივ მარიონეტებს იყენებს.

ამჟამად ქვეყნის სამომავლო ბედი გაურკვეველია: საქართველოს ან მაიდანი და შემდგომ ევროპეიზაცია ელოდება, ან იძულებითი  რუსიფიკაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ. თეორიულად ევროპას ხელში ბევრი ინსტრუმენტი აქვს, რომ საქართველოს რუსიფიცირების სცენარი თავიდან აიცილოს, მაგალითად, გააუქმოს გამარტივებული „უვიზო რეჟიმი“ (ანუ ვიზის მიღების პროცედურა გაართულოს). მაგრამ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება სასურველი შედეგები არ მოიტანოს: ბრიუსელის მხრიდან განხორციელებული მსგავსი საბოტაჟი მომგებიანი იქნება მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა“ და მისი დამაარსებლისათვის - ქვეყნის ჩრდილოვანი ლიდერის ბიძინა ივანიშვილისათვის. თავის დროზე მან მოახერხა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ საქართველო თითქოსდა ევროკავშირთან დაახლოებას ესწრაფვის, მაგრამ სინამდვილეში ასეთი კურსის გაგრძელება არ სურს - იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწევს რეფორმების გატარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/la-georgie-nouveau-terrain-d-affrontement-entre-la-russie-et-les-occidentaux-20240514

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის