USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Le Temps» (შვეიცარია): „ბლექაუთი“ უკრაინის ფრონტზე“
дата:  535

შვეიცარიის ფრანგულენოვანი ყოველდღიური გაზეთი „ლე ტემპსი“ (Le Temps) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბლექაუთი“ უკრაინის ფრონტზე“ (ავტორი - ბორის მაბიარი), რომელშიც კრიტიკულადაა განხილული უკრაინის არმიის სარდლობის გადაწყვეტილება ფრონტის წინა ხაზზე ჟურნალისტების ყოფნის აკრძალვის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ჟურნალისტებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში გასვლა აუკრძალა. ეს ამბავი მასმედიის წარმომადგენლებს შორის ძალიან სწრაფად გავრცელდა და ბევრი უცხოელი (და უკრაინელი) ჟურნალისტის აღშფოთება გამოიწვია. ამიერიდან მასმედიის წარმომადგენლებს სრულიად ეკრძალებათ წინა ხაზზე ყოფნა, თუ მათ არ ექნებათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ნებართვა.

უკრაინელი ჟურნალისტებისათვის ასეთი მიდგომა თითქოსდა გასაგებია - არმიის სარდლობა ცდილობს საბრძოლო ქვედანაყოფების მოქმედება მაქსიმალურად საიდუმლოდ შეინახონ. „თუმცა ამ გადაწყვეტილებას სხვა ახსნაც შეიძლება მოვუძებნოთ - გენერალური შტაბი, უბრალოდ, ცდილობს თავისი სამხედრო წარუმატებლობა დამალოს“, - ამბობს ალექსეი, ერთ-ერთი გამოცემის თანამშრომელი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, - „გენშტაბისათვის განსაკუთრებით არასასიამოვნოა ის, რომ მასმედიამ რაიმე კრიტიკული პოზიცია გამოხატოს უკრაინის არმიის მასობრივ დანაკარგებზე... თუმცა მე ძალიან მინდა, რომ საქმე კონტრშეტევის ახალ გეგმას ეხება, რომელიც გასაიდუმლოებულია, გენშტაბს მისი გამხელა არ სურს და ამიტომაც არ უშვებს ჟურნალისტებს წინა ხაზზე“.

დირექტივა ჟურნალისტებისათვის აკრძალვის თაობაზე ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა ისე, რომ არავინ არ გაუფრთილებიათ. საყურადღებოა, რომ ბრძანება გამოიცა იმ მომენტში, როცა 4 ივნისს უკრაინის არმიის მიერ დაწყებული კონტრშეტევა, რამდენიმე დანგრეული და მოსახლეობისაგან დაცლილი სოფლის დაკავების შემდეგ, ფაქტიურად ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის. სამწუხაროდ, რუსების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვებს, დანაღმულ ველ-მინდვრებს მასობრივად ეწირება უკრაინელი ჯარისკაცებს სიცოცხლე. მათ ვერ მოახერხეს რუსების თავდაცვითი ხაზის გარღვევა. დროდადრო უკრაინის არმიის სარდლობა წარმატების ამსახველ ფაქტებს აცხადებს (ბოლო დღეებში, მაგალითად, სოფელი უროჟაინოეს გათავისუფლება, ზაპოროჟიეს ფრონტზე), მაგრამ  ცალკეული სოფლების დაკავება არაფერი არ არის იმ ტერიტორიასთან შედარებით, რომლის დაბრუნება პრეზიდენტმა მოსახლეობას აღუთქვა. უფრო მეტიც - ხარკოვის ფრონტზე, ქალაქ კუპიანსკთან რუსები თვითონ ცდილობენ შეტევაზე გადასვლას და უკრაინელებს თავდაცვაზე გადასვლას აიძულებს.

„ჩვენ მათზე მეტი ვიცით, მაგრამ მაინც მადლობლები ვართ“

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ხარკოვის ფრონტზე უკრაინის არმიისათვის საომარი მდგომარეობა მართლაც არასახარბიელოა. „მტერმა დამატებითი ძალები გადაისროლა, უკრაინელ ჯარისკაცებს ძალიან უჭირთ, მსხვერპლი დიდია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას.  დანაკარგების შესავსებად სარდლობა დიდ იმედებს ამყარებს დასავლეთში, ნატოს ქვეყნებში მომზადებულ ჯარისკაცებზე.

მიხეილი ახლახან დაბრუნდა კიევში სამკვირიანი ტაქტიკური წრთვნებიდან, რომელიც პოლონეთში ჩატარდა. მისი ელიტური ბატალიონი რამდენიმე დღეში პირდაპირ ფრონტზე გაიგზავნება. „ისე, კაცმა რომ თქვას, პოლონეთში ჩვენ ევროპელმა სპეციალისტებმა დიდი ვერაფერი გვასწავლეს... წელიწადნახევრის ბრძოლების შემდეგ მე იმდენი რამ ვიცი, რაც ერთად აღებულმა ყველა ნატოელმა ინსტრუქტორმა. თუმცა მათთან შეხვედრა მაინც საინტერესო იყო, მადლობას ვუხდით“, - ამბობს უკრაინელი ოფიცერი.

„წვიმისა და თოვლის ფაქტორი ომში“

მიხეილი შიშობს, რომ უახლოესი კვირეები მისი ბატალიონისათვის ძალიან მძიმე იქნება. მან არ იცის გენშტაბის საიდუმლო გეგმები, მაგრამ არის იმის სიმპტომები, რომ უკრაინის არმია მალე დაიწყებს გადამწყვეტ მოქმედებას: „სრულიად შესაძლებელია, ჩემი ბატალიონი ფრონტის ყველაზე დაძაბულ ადგილზე ჩააყენონ. წინ უმძიმესი ბრძოლები გველოდება. როგორც ჩანს, ჩვენ საომარი მოქმედებების გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ“.

მიხეილი ბევრს ფიქრობს შემოდგომის მოახლოებაზე. მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, წელიწადის ეს დრო უკრაინის არმიაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს: მიწა (გრუნტი) ზაპოროჟიეს ფრონტზე და საერთოდ, უკრაინის სამხრეთში ისეთია, რომ წვიმების დროს გაუვალ ტალახად და საფლობად იქცევა ხოლმე. ამიტომ, თუ უკრაინის არმია წვიმების დადგომამდე რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას ვერ შეძლებს, რთული სიტუაცია შეიქმნება: „წვიმები, ტალახი, შემდეგ თოვლი... ირგვლივ სტეპია, ტყე არ არის, ერთი ხეც კი არ დგას, რომ თავი შეაფარო“.

რასაკვირველია, არც ალექსიმ არ იცის უკრაინის გენშტაბის სამხედრო საიდუმლოებები დეტალურად, მაგრამ იმდენს მაინც ხვდება, რომ მსხვილი ოპერაცია უფრო მეტად ზაპოროჟიეს ფრონტზეა მოსალოდნელი (სამხრეთით), ვიდრე ხარკოვის ფრონტზე (ჩრდილოეთით). ის, რომ უკრაინის არმიას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის დაკავება აქვს დაგეგმილი, აზოვის ზღვაზე გასვლით, ყველა უკრაინელმა კარგად იცის.

შეტევა „ფორბსის“ წინააღმდეგ

უკრაინის მთავრობა რეგულარულად გამოხატავს უკმაყოფილებას უცხოური მასმედიიის მიმართ - უცხოელი ჟურნალისტები სამხედრო საიდუმლოებებს ამჟღავნებენ, აცხადებენ დანაკარგების რაოდენობას, აზუსტებენ ამა თუ იმ ქვედანაყოფის პოზიციებს და დისლოკაციას, არმიის სარდლობა კი ამის წინააღმდეგია, არ სურს, რომ სამხედრო მონაცემებზე პრესაში გაჟღერდეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა საჯაროდ და მწვავედ გააკრიტიკა ამერიკული ჟურნალი „ფორბსი“, რომლის 15 აგვისტოს სტატიაში ზუსტად იქნა ნახსენები 82-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილი.

განა ეს ფაქტი შეიძლებოდა აკრძალვის მიზეზი ყოფილიყო? არავის ეს არ სჯერა, მაგრამ მისი გამოყენება საბაბად ნამდვილად შეიძლებოდა.

წყარო: https://www.letemps.ch/monde/europe/blackout-sur-la-ligne-de-front-ukrainienne

 

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати