„რამდენიმე დღის შემდეგ, 15 ივნისს, შვეიცარიის ნიდვალდენის კანტონში, ლუცერნის ტბის ნაპირზე, კურორტ ბიურგენშტოკში მდებარე კონფერენც-დარბაზში მაღალი დონის შეხვედრა - სამშვიდობო სამიტი (კონფერენცია) გაიხსნება. ჯერ-ჯერობით სამიტში მონაწილე დელეგაციების ზუსტი სია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ზუსტად არის ცნობილი, რომ რუსეთი მათ შორის ნამდვილად არ იქნება. ვინ როგორ უყურებს სამიტის მნიშვნელობას, ეს, ალბათ, უშუალოდ კონფერენციის მსვლელობის დროსაც გამომჟღავნდება, თუმცა, ჩვენთან, შვეიცარიაში შეგვიძლია „ჭიქა ნახევრად ცარიელად ან ნახევრად სავსედ“ ჩავთვალოთ“, - ასე იწყება შვეიცარიის ცნობილ ფრანგულენოვან გაზეთ „ლე ტემპსში“ (Le Temps) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ბიურგენშტოკი: დასავლური ფაცაფუცი“ (ავტორი - მარი-ელენ მიუტონი), რომელშიც სამიტის წინ შექმნილი სიტუაციაა განხილული.
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
იმის ნაცვლად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე მხარდაჭერა გაეთამაშებინა და მის ნებას დათანხმებულიყო, უმჯობესი იქნებოდა, შვეიცარიას, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, მეტი პრინციპულობა გამოეჩინა - ომის ორივე მხარის შეხვედრის ორგანიზება მოეხდინა და რუსეთის პოზიცია მეტ-ნაკლებად გაეთვალისწინებინა. ასეთ შემთხვევაში სამიტი, ალბათ, რარაც გარკვეულ ნაყოფს გამოიღებდა. ის კი, რაც კიევმა და მისმა მოკავშირეებმა ჩაიფიქრეს, უფრო მეტად ერთმანეთს შორის დაწყებულ „დასავლურ ფაცაფუცს“ ჰგავს, რაც ჩასაფუშავადაა განწირული.
სამიტი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ყველასათვის ღიაა“, მაგრამ ზელენსკისეული „ღიაობა“ რუსეთისა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისათვის „დახურულობას“ ნიშნავს. გამგები გაიგებს: ზავის დასადებად და მშვიდობის მისაღწევად, ვინმეს უნდა თუ არ უნდა, აწყობს თუ არ აწყობს, ორივე მეომარი მხარის ყოფნა აუცილებელია.
კიევის გეგმა, რომელიც შვეიცარიაში უნდა იქნას განხილული, კაპიტულაციის აქტად გამოიყურება, რომელმაც თითქოსდა ომი უკვე წააგო, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის. უფრო მეტიც - წაგებულ მხარედ სწორედ უკრაინა მოჩანს, რომელიც ძალაგამოცლილია და სხვის იმედზეა დარჩენილი. სწორედ უკრაინისთვისაა აუცილებელი ომის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტა. სამიტმა ყურადღება უმთავრესად ამ გარემოებას უნდა მიაქციოს.
არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ მთელ ამ კონფერენციასთან დაკავშირებული ისტორია შვეიცარიას ფიასკოდ შემოუბრუნდება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის ნებას დაჰყვებოდა და საკუთარ ტრადიციულ პოლიტიკას ივიწყებდა. ბერნის ფედერალური მთავრობა ფიქრობს, რომ სამიტით ნეიტრალურობის იმიჯს აღიდგენს, სინამდვილეში კი ცალმხრივობით კიდევ უფრო ილაქავებს.
ალბათ, უფრო მეტ რეალურ ნაყოფს გამოიღებდა შვეიცარიის ისეთი მოქმედება, რომელიც გამოხატული იქნებოდა წინასწარი შეხვედრის მოწყობაში - როგორც დასავლეთის, ასევე „გლობალური სამხრეთის“ და BRICS-ის სახელმწიფოებთან, ხმამაღალი განცხადებების გარეშე. შვეიცარიას უნდა შეედგინა სია მხარეთა იმ პოზიციებისა, რომლებიც ერთმანეთს უთავსდებიან (ეთანხმებიან) და რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. როცა ეს გაირკვეოდა, შეიძლებოდა მუშაობის დაწყება საპირისპირო პოზიციების დასაახლოებლად, კომპრომისის პრინციპით. მხოლოდ ამ მიდგომით შეიძლება რეალისტური სამშვიდობო პროექტის შემუშავება, რომელიც ორივე მხარისათვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნებოდა. ახლა კი რა გამოდის? - დასავლეთი ფართიფურთობს, ერთმანეთში ლაპარაკობენ, მაგრამ, დიდი ალბათობით, უშედეგოდ“.
წყარო: https://www.letemps.ch/opinions/burgenstock-un-entre-soi-occidental
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/