გაზ. სამუსლიმანო საქართველო, 1921 წლის 16 იანვარი, N503
ადმინისტრაციისა და გვარდიის გაწმენდისათვის
თუ სადამდის მიაღწია ჩვენი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრის თავგასულობამ ამის შესახებ ყველაზე მჭერმეტყველურად აცრემლებული კირილე ნინიძე მოგახსენებთ.
წარსული წლის დეკემბრის 24-ს თვით სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ერთმა ლიდერთაგანმა, ბ-ნმა კირილე ნინიძემ, რომელსაც დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია რამდენიმე კვირის წინ გზათა მინისტრობასაც კი სთავაზობდა, შემდეგი განაცხადა დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან:
„მე რამდენჯერმე გახლდით დაჭერილი (ძველი რეჟიმის დროს) და გადასახლებული, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი სისაძაგლე ჩემ პიროვნების წინააღმდეგ არავის არ ჩაუდენია. როდესაც მოდიოდნენ გასაჩხრეკად, მოჰქონდათ ორდერი, დაუძახებდნენ სახლის პატრონს, გამოიყვანდნენ მოწმეებს, რომ ვიცოდე, რომ ჩვენი მთვარობა ასე იქცეოდეს მე ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი“-ო.
ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავი უფრო ადვილი დასათვლელი იქნება ვიდრე ის უძლური ცრემლები, რომლებიც ჩამოუღვრიათ მთავრობის უპასუხისმგებლო აგენტების მიერ შეურაცყოფილს, დარბეულს და გალახულს ქალს თუ კაცს.
შემდეგი თაობა ზოგიერთ გვარდიელის და მილიციელის საქციელს პროვინციაში საზეპირო საგნად გახდის და შესაძლოა მალე აკვანში ატირებულ ბავშვს დედა ასე აშინებდეს: „სუ, მილიციელი მოდის!! გაჩუმდი მოვიდა გვარდიელი“.
ჩვენ გვწამს, რომ მთავრობა ცდილობს მილიციის და გვარდიის გაწმენდას იმ მავნე ელიტებისაგან, რომლებიც თავიანთი ბოროტი მოქმედებით სახელს უტეხენ, როგორც მთავრობას, ისე მთელს საქართველოს.
ჩვენ გვწამს ყოველივე ეს, მაგრამ ის ამაღელვებელი ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ ხანს თვით საქართველოს გულში, გვარწმუნებს, რომ მილიციის და გვარდიის სახელის გამტეხ ელემენტებთან ბრძოლას მთავრობა ჯეროვნად ვერ აწარმოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ უნდა ჰქონოდა ამ უკანასკნელ ხანის ბოროტმოქმედებებს, რომელთა შესახებ დადუმება შეუძლებელი იყო.
მაგრამ ჩვენ გაზეთში დღემდის ამის შესახებ კრინტი არ დაგვიძრავს.
გაიხსენეთ ის ცემა-ტყეპაზე, რომლითაც შეურაცყო ტფილისის მაზრის მესამე უბნის სასამართლოს გამომძიებელი გლიაროვი, მანგლისის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარე ალიხანოვმა.
გაიხსენეთ ის სამწუხარო ინცინდენტი-რომელიც მოხდა ტფილისში 2 იანვარს, საქართველოს სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის მდივნის ს. წერეთლისა და ღვინით გალეშილ ვიღაც გვარდიელს შორის, რომელიც შუა ქუჩაში ქალს სცემდა.
დასასრულს გაიხსენეთ ის სამწუხარო „სკანდალი“, რომელიც შეამთხვიეს დამფუძნებელი კრების წევრს კირილე ნინიძეს შარშან*, და რომლის შესახებაც ტფილისის პრესა დღესაც არ დადუმებულა.
ყველაფერი ეს ჩვენ ჩვენს გაზეთის ფურცლებზე განგებ არ აღგვინიშნია, რადგან არ გვინდოდა, რომ იგი ხალხში გასულიყო, რადგან ვინ იცის იგი ხალხზე როგორ იმოქმედებდა ან და ჩვენი მტრები როგორ ისარგებლებდნენ ამ გარემოებით.
ჩვენ არც დღეს გვინდოდა ყოველივე ზემოხსენებულის გაზეთის ფურცლებზე გამოტანა, მაგრამ მთავრობის ზოგიერთი უპასუხისმგებლო აგენტის მოქმედება გვაიძულებს, რომ ჩვენც სიჩუმე დავარღვიოთ და ხმა ამოვიღოთ.
როდესაც ეს ვაჟბატონები, ასე მოურიდებელნი და თავხედნი არიან თვით ისეთ თანამდებობის პირთა მიმართ, როგორიც არიან: გამომძიებელი, სენატის მოხელე და დამფუძნებელი კრების წევრი, ადვილი წარმოსადგენია, თუ სადამდის მივა მათი თავხედობა უბრალო მოქალაქის შეურაცყოფის, დაჭერის თუ ცემის დროს.
ჩვენ დღესაც დიდხანს არ შევჩერდებით იმ ამაღელვებელ და არა სასურველ მოქმედებაზე, რომელსაც იჩენენ ადგილობრივ ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრები მუსლიმან ქართველების მიმართ.
ჩვენ დიდხანს არ შევჩერდებით იმ მრავალ სრულიად უმიზეზო, ბრალდება წაუყენებელ შეპყრობა-დაპატიმრებაზე, რომელიც ასე გახშირდა ჩვენში ამ უკანასკნელ ხანს, მხოლოდ ვიტყვით, რომ ასეთი გარემოება ცუდად მოქმედებს ქართველ მაჰმადიანებზე და, რაც უფრო უარესია, მრავალს სასოწარკვეთილებაში აგდებს.
ერთი ასეთი თავწასული მოქმედებათაგანია ოსმან ცინცქილაშვილის** საქმე, რომელსაც დღეს გაზეთში ვბეჭდავთ.
ვფიქრობთ, რომ კეთილგონიერება და სამობლოსადმი სიყვარული უნდა გვიკარნახებდეს, რომ ასეთი ფაქტები არ მეორდებოდეს.
როგორც გვარდიაში, ისე მილიციაში ასეთი მავნე ელემენტები სასტიკად უნდა იდევნებოდნენ თვით კეთილსინდისიერ გვარდიელთა და მილიცონერების მიერ.
ამას მოითხოვს ჩვენი სამშობლოს მთლიანობის ინტერესები, ამას მოითხოვს იმ გვარდიელების სახელიც, რომლებიც დღეს ფრონტზე დგანან და სამშობლოს იცავენ.
** მოვაჭრე ოსმან ცინცქილაშვილი, რომელსაც სავაჭრო ობიექტები თფილისსა და ბათუმში გააჩნდა, თფილისში დააპატიმრა გვარდიის წარმომადგენლებმა, როგორც უსაქმური. მას ყარაიაზში სავალდებულო შრომის ბეგარის მოსახდელათ გადაყვანას უპირებდნენ . მიუხედავად იმისა, რომ ოსმან ცინცქილაშვილმა მათ გააცნო თავისი ვინაობა და საქმიანობა, ამასთან ხაზგასმით უთხრა, რომ იყო მუსლიმი ქართველი და მასზე ისედაც არ ვრცელდებოდა სავალდებულო შრომის-ბეგარის კანონი, გვარდიელებმა მაინც ჩაამწყვდიეს ციხეში. ცინცქილაშვილმა (ცინცქილაძემ) მოახერხა პატიმრობიდან გაქცევა და ბათუმში ჩაღწევა.