USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
დრონი და ადამიანები - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო მოხელეები 1950-90 წწ.
თარიღი:  2226

ნებისმიერი ქვეყანა თავისი განვითარების  ყველა ეტაპზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებზე დგას, მით უფრო ჩვენი ტიპის ქვეყნები, სადაც პიროვნებას  განსაკუთრებული  როლი აქვს. 

 ჩვენი ისტორია სავსეა ღირსეული ადამიანებით, რომლებიც   ქართული სახელმწიფოს იდენტობას და ერის გენეტიკურ მეხსიერებას ქმნიდნენ.

სწორედ ამ ადამიანების მოსაგონად და მათი ღვაწლის შთამომავლობისთვის გასაცნობად „თბილისი პოსტი“ იწყებს რუბრიკას „დრონი და ადამიანები.“ რუბრიკის ფარგლებში შემოგთავაზებთ  ამონარიდებს ბ-ნი გია ჩაჩანიძის ამავე სახელწოდების წიგნიდან. ბატონმა გიამ შეკრიბა 1950-1990-იან წლებში მოღვაწე  სახელმწიფო მოხელეების - ცენტრალური კომიტეტის მდივნების, განყოფილების გამგეების, საქალაქო თუ რაიონული კომიტეტების პირველი პირების, მინისტრთა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, პროფსაბჭოსა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების, მინისტრების, სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეების, მთავარი სამმართველოს უფროსების ბიოგრაფიები და ერთ საინტერესო გამოცემაში გააერთიანა.

ჩვენს მკითხველებს ვთხოვთ თუ მათ ექნებათ შენიშვნები და დამატებები, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ შევიტანთ შესწორებებს მათთვის საინტერესო პიროვნებების ბიოგრაფიებში.

აბულაძე კონსტანტინე კონსტანტინეს ძე

დაიბადა 1945 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1963-­68 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში სტუდიის გამნათებლად, ოპერატორის ასისტენტად, ოპერატორად. 1969 წლიდან იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორ­ლექტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების გამგე.

1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, ინფორმაციის სექტორის გამგედ, საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ; 1980 წლიდან თბილისის პარტიის გლდანის რაიკომის მეორე მდივნად, შემდეგ  საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო 1985 წლიდან 1989 წლამდე  საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთო განყოფილების გამგედ.

ადლეიბა ბორის ვიქტორის ძე

 დაიბადა 1931 წელს. დაამთავრა საკავშირო იურიდიული ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება.

1954­-55 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1955 წლიდან იყო კომკავშირის ოჩამჩირის რაიკომის ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, 1958 წლიდან კი პირველი მდივანი.

1961 წლიდან სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის აპარატში ინსტრუქტორად, შემდეგ  სექტორის გამ­ გედ, საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად. 1969 წელს დაამტკიცეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტე­ ტის ორგანიზაციულ­პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორად, 1971 წელს  საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველ მდივნად, ხოლო 1975 წელს  საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1977 წლიდან იყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

1978-­89 წლებში ბ. ვ. ადლეიბა მუშაობდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად.

ავაზაშვილი ალიხან ალექსის ძე

 დაიბადა 1914 წელს, ყვარლის რაიონის სოფ. ყვარელში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ყვარლის რაიაღმასკომის მიწათმოქმედების განყოფილების უფროს ინსპექტორად. სტუდენტობისას შეთავსებით მუშაობდა ჟურნალ „ახალგაზრდა ბოლშევიკის” რედაქციაში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის აპარატში. 1942 წელს დაინიშნა გლეხი­ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ, შემდეგ პარტიის ყვარლის რაიკომის მეორე მდივნად, ხოლო 1944-­52 წლებში მშრომელთა დეპუტატების ყვარლის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

1952­61 წლებში ა. ა. ავაზაშვილი იყო საქართველოს კომპარიის ყვარლის რააიკომის პირველი მდივანი. შემდეგ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგე, ხოლო 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1966 წლამდე ყვარლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.

ავალიანი ნუგზარ შალვას ძე

 ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

დაიბადა 1942 წელს ქუთაისის (ამჟამად თერჯოლის) რაიონის სოფ. ქვედა სიმონეთში.

1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 1 საშ. სკოლა, 1965 წელს წარჩინებით  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო „საქქალაქმშენსახპროექტის” ქუთაისის ფილიალში უფროს ინჟინერ­კონსტრუქტორად, შემდეგ ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში ინჟინერ­ტექზედამხედველად. ქუთაისის სამთო­სამშენებლო ტექნიკუმში ასწავლიდა სამშენებლო სპეციალობის საგანს, შეთავსებით იყო თერჯოლის რაიონის არქიტექტორი.

საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტთან არსებული მარქსიზმ­ლენინიზმის უნივერსიტეტის პროპაგანდისტული ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტში მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ  ახალჩამოყალიბებული მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ. 1977-­78 წლებში იყო ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1978 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ქუთაისის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად. 1980 წლიდან ხელმძღვანელობდა წყალტუბოს საქალაქო კომიტეტს, საიდანაც 1983 წელს მიავლინეს  სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1986­91 წლებში მუშაობდა ტყიბულის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 1991 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ტყიბულის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად.

ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და ეწევა საზოგადოებრივ­პოლიტიკურ მოღვაწეობას.

 

ავიძბა ვლადიმერ ჯამალის ძე

 დაიბადა 1937 წელს.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წლიდან მუშაობდა კომკავშირის სოხუმის რაიკომის ინსტრუქტორად, მეორე მდივნად, ოჩამჩირის სამრეწველო­საწარმოო სამმართველოს კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ. 1963-­66 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი. დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1967 წლიდან ვ. ჯ. ავიძბა იყო გაზეთ „აფსნი ყიფშის” განყოფილების გამგე, შემდეგ რედაქტორის მოადგილე. 1975 წლიდან ეკავა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო მომსახურების, საგეგმო და საფინანსო ორგანოების, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის თანამდებობები. 1977 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე.

აზაურაშვილი გივი ევგენის ძე

 დაიბადა 1928 წელს თელავის რაიონის სოფ. წინანდალში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1952 წლიდან მუშაობდა კომკავშირის თბილისის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, საქართველოს სასოფლო­სამეურნეო ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნად. პარალელურად დაამთავრა საქართველოს სასოფლო­სამეურნეო ინსტიტუტი.

1958­-61 წლებში გ. ე. აზაურაშვილი მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში ინსტრუქტორად, ხოლო 1961-­62 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად. 1962 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის გურჯაანის რაიკომის პირველი მდივანი. იმავე წელს დაამტკიცეს გურჯაანის კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების საწარმოო სამმართველოში  საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტორგად, 1963 წლის იანვარში პარტიული კომიტეტის მდივნად, ხოლო 1964-­70 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის გურჯაანის რაიკომის პირველი მდივანი. იმ პერიოდში რაიონში აშენდა მრავალი ობიექტი, ხიდი, რომელმაც დააკავშირა გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონები.

1970 წლიდან 80­იანი წლების დასასრულამდე გ. ე. აზაურაშვილი მუშაობდა საქართველოს სსრ დამზადების მინისტრის პირველ მოადგილედ.

აზიროვი არტემ ივანეს ძე

 დაიბადა 1922 წელს.

დაამთავრა სრულიად საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

1941­-44 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იმყოფებოდა დივიზიაში ლ. ი. ბრეჟნევთან ერთად.

1945 წლიდან იყო პარტიულ­პოლიტიკურ სამუ­ შაოზე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის ტრამვაი­ტროლეიბუსების სამმართველოს სისტემაში.

1947 წლიდან მუშაობდა პარტიის თბილისის 26 კომისრის რაიკომის ინსტრუქტორად, შემდეგ პარ­ ტიის 26 კომისრის რაიკომის მეორე მდივნად, საქარ­ თველოს კომპარტიის ორგანიზაციულ­პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორად, საქართ­ ველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ­პარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ.

1973­88 წლებში იყო პარტიის თბილისის ოქტომბრის რაიკომის პირველი მდივანი.

ალავერდაშვილი მიხეილ ბესარიონის ძე

 დაიბადა 1905 წელს სიღნაღის რაიონის სოფ. ტიბაანში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ დაამთავრა პარტიული სკოლა და საკავშირო მნიშვნელობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორობის ერთწლიანი კურსები შუა აზიაში.

1931 წლიდან მუშაობდა რაიკოლმეურნეობათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, 1933 წელს კი დააწინაურეს პარტიის სიღნაღის რაიკომის კადრების განყოფილების გამგედ. 1935-36 წლებში იყო საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, 1936-40 წლებში ულიანოვკის მტს-ს დირექტორი. 1940 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო 1941 წლის მარტში საქართველოს კომპარტიის სიღნაღის რაიკომის პირველ მდივნად, სადაც მუშაობდა 50-იანი წლების პირველ ნახევრამდე.

წინა სტატია

გაგრძელება იქნება

 

 

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.