USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
დრონი და ადამიანები - საბჭოთა ეპოქის სახელმწიფო მოხელეები 1950-90 წწ.
Date:  1168

ნებისმიერი ქვეყანა თავისი განვითარების  ყველა ეტაპზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებზე დგას, მით უფრო ჩვენი ტიპის ქვეყნები, სადაც პიროვნებას  განსაკუთრებული  როლი აქვს. 

 ჩვენი ისტორია სავსეა ღირსეული ადამიანებით, რომლებიც   ქართული სახელმწიფოს იდენტობას და ერის გენეტიკურ მეხსიერებას ქმნიდნენ.

სწორედ ამ ადამიანების მოსაგონად და მათი ღვაწლის შთამომავლობისთვის გასაცნობად „თბილისი პოსტი“ იწყებს რუბრიკას „დრონი და ადამიანები.“ რუბრიკის ფარგლებში შემოგთავაზებთ  ამონარიდებს ბ-ნი გია ჩაჩანიძის ამავე სახელწოდების წიგნიდან. ბატონმა გიამ შეკრიბა 1950-1990-იან წლებში მოღვაწე  სახელმწიფო მოხელეების - ცენტრალური კომიტეტის მდივნების, განყოფილების გამგეების, საქალაქო თუ რაიონული კომიტეტების პირველი პირების, მინისტრთა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, პროფსაბჭოსა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების, მინისტრების, სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეების, მთავარი სამმართველოს უფროსების ბიოგრაფიები და ერთ საინტერესო გამოცემაში გააერთიანა.

ჩვენს მკითხველებს ვთხოვთ თუ მათ ექნებათ შენიშვნები და დამატებები, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ შევიტანთ შესწორებებს მათთვის საინტერესო პიროვნებების ბიოგრაფიებში.

აბაზაძე ზაალ დავითის ძე

მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე: 1960­იან წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ხაშურის რაიკომის პირველი მდივანი.

შემდგომში მუშაობდა საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ.

აბაიშვილი გივი ანტონის ძე

დაიბადა   1924   წელს,   ონში. 1943 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ონის რაიკომის ინსტრუქტორ­პროპაგანდისტად. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1946­51 წლებში იყო კომკავშირის ონის რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის ონის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე.

1952 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ა. წულუკიძის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რეფერენტად, 1959 წლიდან — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” პოლიტიკური ლიტერატურის რედაქციის გამგედ.

1964 წლის დეკემბრიდან 1969 წლამდე გ. ა. აბაიშვილი იყო საქართველოს კომპარტიის ონის რაიკომის პირველი მდივანი.

აბაიშვილი შალვა ვასილის ძე

დაიბადა 1907 წელს ამბროლაურის რაიონის სოფ. კვაცხუთში.

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1930­33 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საინჟინრო­ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1933­41 წლებში მუშაობდა საქართველოს სარეწაო კავშირის ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1941 წელს აირჩიეს საქართველოს სარეწაო კოოპერაციის საფეიქრო­სამკერვალო კავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, ხოლო 1943 წლის აპრილიდან — საქართველოს კოოპერაციის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 1953 წლამდე. 1953 წლის მეორე ნახევრიდან იყო საქართველოს სსრ საბინაო­სამოქალაქო მშენებლობის მინისტრის მოადგილე, 1955 წლიდან კი მუშაობდა სახელმწიფო­საგეგმო კომიტეტში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე.

აბესაძე ოთარ გრიგოლის ძე

დაიბადა 1928 წელს, ყვარლის რაიონის სოფ. აფენში. 1950 წლიდან მუშაობდა სპეციალობით — ინჟინერ¬ ტექნოლოგად, მთავარ ტექნოლოგად; 1952-55 წლებში იყო გალის რაიონის ნაბაკევის ჩაის ფაბრიკის დირექ¬ტორი. 1955 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის გალის რაიკომის მდივნად მტს¬ის ზონაში, ხოლო 1956 წლიდან 1959 წლამდე იყო წყალტუბოს რაიონის მაღლაკის ჩაის ფაბრიკის დირექტორი. 1959 წლის სექ¬ტემბრიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის წყალტუბოს რაიკომის მეორე მდივნად, 1961 წლის აპრილიდაან კი წყალტუბოს მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

1962 წლის მარტში ო. გ. აბესაძე წყალტუბოს კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ტერი¬ტორიულ საწარმოო სამმართველოში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტორგად, ხოლო 1963 წლის იანვარში პარტიული კომიტეტის მდივნად დაამტკიცეს. 1964-65 წლებში ეკავა საქარ¬თველოს კომპარტიის წყალტუბოს რაიკომის პირველი მდივნის თანამდებობა. 1965-70 წლებში იყო საქართველოს სსრ კვების მრეწველობის მინისტრის  პირველი მოადგილე; 1971-73 წლებში — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კვებისა და მსუბუქი მრეწველობის განყოფილების გამგე; 1973-77 წლებში — „საქჩაის” ტრესტის მმართველი.

აბესაძე პლატონ სილიონის ძე

დაიბადა 1915 წელს, ჭიათურის რაიონის სოფ. ღვითორში.

დაამთავრა კაცხის შვიდწლიანი სკოლა და ჭიათურის პედაგოგიური ტექნიკუმი. 1937 წლამდე მუშაობდა ვაჭევისა და ქორეთის შვიდწლიან სკოლებში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ. 1937 წელს ჩაირიცხა სარატოვის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში, მომდევნო წელს კი გადავიდა ყაზანის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1941 წელს. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო გორის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროს საბიუჯეტო ინსპექტორად. სამამულო ომის წლებში მონაწილეობდა ბრძოლებში, ეწეოდა პარტიულპოლიტიკურ მუშაობას საბჭოთა მეომრებში. დემობილიზაციის შემდეგ (ფრონტზე მძიმედ დაიჭრა) მუშაობდა ჭიათურის რაიონის სოფ. მელუშეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ ჭიათურის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარედ. 1949 წლის მაისიდან იყო ჭიათურის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, 1952 წლის თებერვლიდან 1958 წლამდე კი საქართველოს კომპარტიის ჭიათურის რაიკომის პირველი მდივანი. ქ. ჭიათურისა და ჭიათურის რაიონის ერთ ადმინისტრაციულ ერთე¬ულად გაერთიანების შემდეგ, 1958 წლის ივნისიდან მუშაობდა მშრომელთა დეპუტატების ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

1961 წლის მარტიდან იყო საქართველოს კომპარტიის მაიაკოვსკის რაიკომის პირველი მდივანი, ხოლო 1967 წლის სექტემბრიდან 1973 წლამდე — საქართველოს კომპარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი.

აბზიანიძე გივი სერგოს ძე

დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1962 წელს სტამბის ოსტატად. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, განყოფილების გამგის მოადგილედ. 1973 წლიდან იყო ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, 1978 წლიდან — ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.

1983 წლიდან გ. ს. აბზიანიძე მუშაობდა საქართველოს კომპარტიის წყალტუბოს საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1988-89 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი.

 

აბრამიშვილი ვაჟა პავლეს ძე

დაიბადა 1932 წელს. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

შრომითი საქმიანობა 1951 წელს დაიწყო — იყო მუშა, 1959 წლიდან — დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ბრიგადირი; 1961-75 წლებში — საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე. 1975 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში ინსტრუქტორად. 1978 წლიდან 1990 წლამდე, პარტიული სტრუქტურების ცვლილებამდე იყო საქართველოს კომპარტიის გორის რაიკომის პირველი მდივანი.

აბუთიძე დავით გიორგის ძე

დაიბადა 1920 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფ. დერჩში.

1927­37 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა მე­18 საშუალო სკოლაში. 1942 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო თბილისის სტალინის სახ. ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. 1955­-60 წლებში იყო იმავე ქარხნის პარტიული ორგანიზაციის მდივანი; 1960­63 წლებში — საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ლენინის რაიკომის მეორე მდივანი, ხოლო 1963 წლიდან 1969 წლამდე პირველი მდივანი.

შემდგომ წლებში დ. გ. აბუთიძე მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ, 1975 წლიდან კი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში. 1985­-91 წლებში იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

გარდაიცვალა 1992 წელს.

(გაგრძელება იქნება)

 

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way