უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას დათანხმდება და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინაში განთავსებულ ევროპულ ჯარებს „გარკვეული სახის მხარდაჭერას გაუწევს“.
„დიახ, ის ამას დათანხმდება. მე მას ეს ვკითხე. არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს. როგორც კი შეთანხმება გაფორმდება, რუსეთი თავის საქმეს დაუბრუნდება, უკრაინა და ევროპა კი თავისას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს მარტივი საქმე არ არის“.
„შეიძლება ნაწილი. იმედი მაქვს, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი არ არის. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/