USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
დოლარის ყიდვა, ფასების ორნიშნა ზრდა და კონტრპროდუქტიული პოლიტიკა - ეგნატე შამუგიას ბლოგი
дата:  499

წყარო:https://bm.ge/

 

თითქმის ბოლო ორი თვე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით მყარდებოდა (არამარტო დოლართან), მაგრამ აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ბოლო დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ამ დღეს ლარის გამყარების ტენდენცია მკვეთრი გაუფასურებისკენ გადაიხარა. თუ ჯერ კიდევ ხუთშაბათს გაცვლითი კურსი 2.7-იან ნიშნულზე დაბლა იყო, აღნიშნული მყისიერად 2.8-იან მაჩვენებელს მიუახლოვდა. ლარის მკვეთრ გაუფასურებას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მიერ აქტიური სავალუტო ინტერვენციები. მართალია, გაცვლითი კურსის ამა თუ იმ პერიოდში ცვლილების ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი გავლენის გაზომვა პრაქტიკულ შესაძლებლობას მოკლებულია, მაგრამ ცენტრალური ბანკის ინტერვენცია ერთ-ერთი მათგანია. სხვა თანაბარ პირობებში, როცა სავალუტო ბაზარზე ბანკი დოლარს ყიდულობს, ეს კურსის გაუფასურებაზე აისახება და პირიქით, თუ ადგილი აქვს დოლარის გაყიდვას - გამყარებაზე.
 
გრაფიკი 1: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი , შებრუნებული
წყარო: ეროვნული ბანკი

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის საშუალებით ბაზარზე ინტერვენციები განაახლა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სებ-მა ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი მხოლოდ იყიდა და არ გაუყიდია. მათ შორის აგვისტოში სამჯერ, ჯამში, 70 მლნ დოლარი შეიძინა. ბოლო ასეთი შესყიდვა 10 აგვისტოს, 40.0 მლნ ლარის მოცულობით იყო. გარდა ამისა, ცენტრალურმა ბანკმა 2020 წლის აპრილიდან ახალი ინსტრუმენტი, აუქციონის გარეშე, Bmatch პლატფორმის საშუალებით სავალუტო ინტერვენციები აამოქმედა, რომლის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად და პროაქტიულად ხელმისაწვდომი არ არის და ცენტრალური ბანკის მიერ ასეთი მექანიზმის გამოყენება გამჭვირვალე მონეტარული პოლიტიკის მიზანს აცდენილია. არსებული მონაცემებით, Bmatch-ის საშუალებით სებ-ის მიერ ბაზარზე დოლარის წმინდა შესყიდვა 21.3 მლნ იყო, რაც ივნისში 23.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, Bmatch-ის გამოყენებით ივლისში 110.0 მლნ დოლარი შეისყიდეს. რაც შეეხება აგვისტოს მონაცემებს, აღნიშნული სექტემბრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ეროვნული ბანკის ჩარჩო დოკუმენტებში აღნიშნულია და ასევე, სებ-ის მმართველები მიუთითებენ, რომ საქართველოში თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ამ რეჟიმში ცენტრალური ბანკის ჩარევა მინიმალურია და ის ორი ძირითადი მიზნით ხორციელდება: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსება (ამ დროს სებ ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდულობს) და კურსი მაღალი მერყეობის კორექტირება. მთავარი საკითხია, ამ ორიდან, რომელი მიზნით ახორციელებს ცენტრალური ბანკი ბაზარზე დოლარის ინტენსიურ შესყიდვას.

უპირველესად უნდა ითქვას, რომ ბოლო კვირებში, როცა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მკვეთრად მყარდებოდა, მას სავაჭრო კვირის მანძილზე მკვეთრი რყევები არ ახასიათებდა. აპრილ-მაისში, როცა ცენტრალური ბანკის ინტერვენციები აქტიური არ ყოფილა, კურსის საშუალო მერყეობა 0.48% იყო, რაც უკვე ივნის-ივლისში 0.49%-ს შეადგენდა მაშინ, როცა ეროვნული ბანკი უფრო მეტად გააქტიურდა. აგვისტოს დასაწყისში გაცვლითი კურსი ყოველდღიური ნიშნული კვირის საშუალოსთან მიმართებით 0.39%-ით იხრებოდა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას 0.75%-მდე გაიზარდა. სწორედ, ამ კვირას ცენტრალურმა ბანკმა აუქციონის საშუალებით მსხვილი ოდენობით, 40 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო Bmatch-ის საშუალებით სავალუტო ინტერვენციებზე ინფორმაცია ხელმიუწვდომელია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალური ბანკის აქტიური სავალუტო შესყიდვების მიზანი მკვეთრ მერყეობის სტაბილიზაცია ვერ იქნებოდა. მით უმეტეს, როცა გაცვლითი კურსის გამოკვეთილი და სტაბილური გამყარების ტენდენცია არსებობდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებს მიზანი საერთაშორისო რეზერვების შევსება. ასეთივე პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სამწლიანი პროგრამა, რადგან ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მიზანი „საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებაა“. პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიში მიუთითებს, რომ მომდევნო წლებში საერთაშორისო რეზერვების დონე შედარებით დაბალ ნიშნულზე იქნება. კერძოდ, ფონდის რეზერვების შეფასების საზომით, 2021 წელს რეზერვების დონე 107.7% იყო (ადეკვატურობის დიაპაზონი 100-150%), მაგრამ ეს ორგანიზაცია 2022-25 წლებში ამ მაჩვენებელს 77.4%-იანი ნიშნულით პროგნოზირებს.  

ეროვნული ბანკის მიერ აქტიური სავალუტო ინტერვენციის საშაულებით რეზერვების შევსებაზე მიუთითებს ბანკის მმართველის განცხადება. ჯერ კიდევ მონეტარული გადაწყვეტილების გამოცხადების დროს კობა გვენეტაძემ თქვა, რომ „დღესდღეობით, ბაზარი გვაძლევს საშუალებას, რომ ვალუტა შევისყიდოთ, ამიტომ აქტიურად ვახორციელებთ ინტერვენციებს“. მოგვიანებით, სებ-ის პრეზიდენტმა „ბიზნეს მედია საქართველოს“ გადაცემა „რედაქტ2-თან“ Bmatch-ის საშუალებით დოლარის შესყიდვაზე განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, რეზერვების შევსებისთვის მნიშვნელოვანია“. შემდეგი კი, წამყვანის დამაზუსტებელი კითხვისას პირდაპირ თქვა, რომ „სახურავი უნდა შეკეთდეს მაშინ, როცა არ წვიმს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა არის ის სიტუაცია - რეზერვების დაგროვების“. აღნიშნულით ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ დოლარის აქტიური შესყიდვის მიზანი სავალუტო რეზერვების შევსებაა.

გრაფიკი 2: საერთაშორისო რეზერვები - უცხოური ვალუტა (მლნ აშშ დოლარი, %)
წყარო: ეროვნული ბანკი; საქსტატი; ავტორის გამოთვლები.

აქედან გამომდინარე, მეორე მნიშვნელოვანი კითხვაა - არსებობს თუ არა სავალუტო რეზერვების შევსების საჭიროება? პასუხი ცალსახად არ არის. აუცილებელია რეზერვების დანიშნულებასა და მისი ადეკვატურობის ნორმის რამდენიმე ემპირიულ წესის განხილვა. ზოგადად, რეზერვების დანიშნულება ეკონომიკის თვითდაზღვევაა. მათ შორის, მის ძირითადი ნაწილის უცხოური ვალუტის რეზერვების გამოყენება კურსის ფიქსირებისა და მონეტარული მიზნებისთვის ხდება, თუმცა მცურავი კურსის რეჟიმში აღნიშნული მაღალი მერყეობის დროს სტაბილიზაციისთვის გამოიყენება. შესაბამისად, საქართველოში სავალუტო რეზერვების ერთ-ერთი დანიშნულება ესაა, მაგრამ ძირითადი ფუნქცია საგარეო სექტორზე კრიზისების დაზღვევაა. ამ თვალსაზრისით, კი არსებობს რამდენიმე ემპირიული წესი, რომლის მიხედვითაც რეზერვების ადეკვატურობის დონე და მისგან გადახარა იზომება. ასეთები კი იმპორტთან, ფულის მასასთან და მოკლევადიან საგარეო ვალთან მიმართებით რეზერვების ფარდობაა. სავალუტო რეზერვების დანიშნულება მხოლოდ ეკონომიკის თვითდაზღვევა არ არის. უფრო მეტიც, რეზერვები მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტია, მაგრამ მას ცენტრალური ბანკი ვიწრო დანიშნულებით უყურებს. რეზერვების გაყიდვით შესაძლებელია ინფლაციის მოკლე დროში დათრგუნვა.

საქართველოში საერთაშორისო რეზერვების ძირითადი ნაწილი, საშუალოდ 90.0%, უცხოური ვალუტის რეზერვებია, ხოლო დანარჩენი საშუალოდ 10.0% საერთაშორისო სავალუტო ფონდში სესხების სპეციალური უფლებებია. უცხოური ვალუტის რეზერვების მკვეთრი ზრდა 2008 წლის ომამდე პერიოდს უკავშირდება, ხოლო მომდევნო აქტიური ზრდის ეტაპი 2010-11 წლები იყო. ამის შემდეგ შედარებით მაღალი ზრდა 2018-19 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ცენტრალური ბანკი ბაზარზე დოლარს აქტიურად ყიდულობდა. უახლესი თვალსაჩინო ზრდა 2020 წელს უკავშირდება, როცა პანდემიის დროს მიღებული მასშტაბური საგარეო რესურსი - ვალი დარეზერვდა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის საგარეო ვალი ნაკადები საერთაშორისო რეზერვებში მიემართება, ხოლო სანაცვლოს სახელმწიფო ბიუჯეტი ლარის რესურს ცენტრალური ბანკისგან იღებს.

გრაფიკი 3: სავალუტო რეზერვების ადეკვატურობის ემპირიული წესი
წყარო: ეროვნული ბანკი; საქსტატი; ავტორის გამოთვლები.

მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობამ 3 687.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 237.7 მლნ დოლარით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან კი - 20.0 მლნ დოლარით. მიმდინარე პერიოდში უცხოური ვალუტის რეზერვების წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 88.9%-ია, ხოლო 11.1% სესხების სპეციალური უფლებების წილია. მეორე მხრივ, ბოლო ათწლეულია საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად იზრდება და საკმაოდ დიდი მოცულობისაა. მაგალითად, ევროზონაში ბოლო ხუთი წელი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით რეზერვების დონე საშუალოდ 6.8%-ია, მაგრამ აშშ-ში გაცილებით ნაკლები, მშპ-ს საშუალოდ 2.5%-ს შეადგენს. განვითარებული ეკონომიკებიდან რეზერვების ყველაზე დიდი მოცულობა შვეიცარიაში, მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 118.0%-ია. საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 22.4%-იან ნიშნულს იკავებს. საქართველოში საერთაშორისო რეზერვების დონე განვითარებული ეკონომიკების საშუალო მაჩვენებელს 15.1 პროცენტული პუნქტით აღემატება, ხოლო განვითარებადი ეკონომიკების ნიშნულს კი - 16.3 პროცენტული პუნქტით.

ვინაიდან რეზერვების ძირითადი დანიშნულება საგარეო სექტორზე კრიზისების დაზღვევა, პირველი საზომი იმპორტთან ფარდობაა. ეს კი ზომავს თუ რამდენი ხანს შეუძლია ქვეყანას, საგარეო სექტორის შოკის შემთხვევაში, რეზერვების საშუალებით იმპორტის დონე უცვლელად შეინარჩუნოს. ფართო თეორიული და ემპირიული ლიტერატურა საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონედ იმ მოცულობას მიიჩნევს, რაც სამთვიან პერსპექტივაში საკმარისი იქნება იმპორტის არსებული დონის სრულად, სხვა წყაროების გარეშე, დასაფინანსებლად. არა მთლიანი, არამედ უცხოური ვალუტის მოცულობასთან მიმართებით, საქართველოში რეზერვების მაჩვენებელი მაღალია და ომის შემდეგი პერიოდიდან სამთვიან იმპორტის დონეს მუდმივად აჭარბებს.

სავალუტო რეზერვების ადეკვატურობის მეორე ემპირიული წესი ფულის მასასთან ფარდობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფინანსური სისტემა შედარებით ძლიერია და გაცვლითი კურსის არც ფიქსირებული რეჟიმია, ეს მაჩვენებელი მაინც რელევანტური რჩება, რომელიც ასახავს ქვეყნის უნარს გაუმკლავდეს ადგილობრივი ვალუტისადმი ნდობის დაკარგვის გამო კაპიტალის გადინებას. საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ამ მაჩვენებლის ადეკვატურ დონე 5.0-25.0%-იანი შუალედშია მიჩნეული. ფულის მასასთან მიმართებით უცხოური ვალუტის რეზერვების დონე ისტორიულად ადეკვატურზე მაღლაა. მიმდინარე წელს ადეკვატურობის 25.0%-იანი დონეს საშუალოდ 2.6-ჯერ აღემატება.

მესამე საზომი კი ე.წ. გრინსპან-გიდოტის წესია, რომელიც საერთაშორისო რეზერვებსა და კერძო და საჯარო სექტორის მოკლევადიან საგარეო ვალს შორის ფარდობას ასახავს. ამ საზომით რეზერვების ადეკვატურ დონედ მიჩნეული 1.0-იანი ნიშნულია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია ერთი ფისკალური წელი გაატაროს საგარეო კაპიტალის ბაზარზე წვდომის გარეშე. აღნიშნული საზომითაც საქართველოს საერთაშორისო რეზერვების დონე ადეკვატურობის ზღვას აჭარბებს. ბოლო ხუთი წლის მანძილზე საერთაშორისო რეზერვები მოკლევადიანი საგარეო ვალის საშუალოდ 141.2%-ია, რაც წლიდან წლამდე იზრდება და 2020 წლის ბოლოს 168.4%-ს შეადგენდა. ამდენად, ცალსახაა, რომ რეზერვების მოცულობა სამივე ემპირიული წესის მიხედვით, ადეკვატურობის დონეზე გაცილებით მაღალ ნიშნულზეა, რაც საქართველოს გააჩნია და ეროვნული ბანკის განკარგულებაშია.

ფაქტია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები (ძირითადი ნაწილი უცხოური ვალუტა) ომის შემდეგ მკვეთრად გაზრდილია და დღევანდელი მდგომარეობით ადეკვატურობის სამივე ძირითად ზღვარს თვალსაჩინოდ აჭარბებს. შესაბამისად, ცენტრალური ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების აქტიური შევსების და შესაბამისად, ამ მიზნით ბაზარზე დოლარის ყიდვის აუცილებლობა არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის აქტიურ შესყიდვის მართებულობას უკავშირდება. პირობითად, თუ სავალუტო რეზერვების შევსების აუცილებლობა დგას, არის თუ არა სათანადო მაკროეკონომიკური გარემო ამისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკის მმართველი შეფასებით სათანადო გარემოა, ცალსახად, პასუხია - არა. შეუძლებელია ზედიზედ 13 კვარტლის მანძილზე სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა და წელიწადზე მეტი ორნიშნა ინფლაცია სათანადო მაკროეკონომიკური გარემო იყოს უცხოური ვალუტის შესყიდვის და რეზერვების შევსებისთვის, რადგან ასეთი რამ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენაა მიმართული.

მაღალი ინფლაციის დაძლევაში ცენტრალური ბანკების მიდგომა მონეტარული პოლიტიკის გაზრდაა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთისაშშ-სკანადაავსტრალია და ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად გაამკაცრა. ასეთივე პოზიცია აქვს ეროვნულ ბანკს მმართველს და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს, რომელმაც მარტის ბოლოდან პოლიტიკის განაკვეთი 11.0%-მდე გაზარდა და ამ ნიშნულზე ინარჩუნებს. სები მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკა მკაცრია და ასე უნდა დარჩეს, სანამ „ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე დოლარის ყიდვა მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებს. აღნიშნულს თავად ცენტრალური ბანკიც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ სავალუტო შესყიდვები მონეტარული პოლიტიკის სწრაფი შემსუბუქებაა. ამდენად, სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის აქტიური შესყიდვა ამსუბუქებს მონეტარულ პოლიტიკას და კონტრპროდუქტიულია ორნიშნა ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების შესამცირებლად. ამ პირობებში, საფინანსო სისტემაში ლარის რესურსები იზრდება, ხოლო დოლარში მცირდება. ეს კი, სხვა თანაბარ პირობებში, ლარში საპროცენტო განაკვეთების და შესაბამისად, დაკრედიტების ტემპის ზრდაზე აისახება და პირიქით, კომერციულ ბანკებში დოლარის ლიკვიდურობის შემცირება, ამავე ვალუტაში სესხებს გააძვირებს.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვა, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის აქტიური შესყიდვა და ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება არსებული პრობლემის - ორნიშნა ინფლაცია დაძლევის თავად ეროვნული ბანკის მიერვე არჩეული პოლიტიკის კონტრპროდუქტიულიც კია. ცენტრალური ბანკი ერთი ინსტრუმენტით მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს და მეორე ინსტრუმენტით არბილებს. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების კუთხით გატარებული პოლიტიკა არამართებულია, რადგან ასეთი პოლიტიკა, სხვა თანაბარ პირობებში - ლარის ნომინალური გაცვლით კურს აუფასურებს და ინფლაციური პროცესს ხელს უწყობს. გარდა ამისა, სხვადასხვა ემპირიული წესით, სავალუტო რეზერვების შევსების აუცილებლობაც არ არსებობს.


(სტატიის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს BM.GE-ის რედაქციის პოზიციას)
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати