USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
Тбилиси
დიდი თაობა, რომელიც მიდის და რჩება - გიგა ბათიაშვილი
дата:  777

საქართველოს ისტორიაში ყოველ თაობას საკუთარი გამორჩეული ტვირთი აკისრია. ყველა თაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ, სულ მცირე, მომავალისთვის გადაელოცათ ის უმთავრესი, რაც მიუღია წინაპრებისაგან. თაობების ცვლას მუდმივად თან სდევადა ილიასეული წუხილი კაცია ადამიანზე და ილიას ხედვა იმ მუდმივ იდეისა, რისთვისაც ეწამებოდა, ქმნიდა, ლოცულობდა დღემდის მოღვაწე ქართველთა ყველა თაობა.

მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლებიდან საქართველოში მოდის თაობა, რომელთაც წილად ერგოთ ახალ ეტაპზე აეყვანათ საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და თავის მოღვაწეობის პერიოდში საკუთარ თავზე აეღოთ, როგორც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, ისე სამეურნეო, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი დარგების განვითარება. ეს იყო ჭეშმარიტად დიდი თაობა, რომელთა უკანასკნელი წარმომადგენლებიც ნელ-ნელა ტოვებენ სააქაო საქართველოს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ცნობილი არქიტექტორის, ძველი თბილისის აღდგენაში გამორჩეული წვლილის შემტანის, მუდამ მოფუსფუსე, ახალგაზრდების პროფესიონალურ აღზრდაში დაუღალავის, ბატონ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა.“- ასე გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მე-20 საუკუნის თბილისის ერთ-ერთი მეხოტბის და სულის ჩამდგმელის ბ-ნი გიგა ბათიაშვილის გარდაცვალებას.

გიგა ბათიაშვილმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია . 1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში; 1973-1979წწ. იყო ტექნიკის ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის“ თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. არის ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი.

ძირითადი ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „300 არაგველი“ (1967), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური(1970-19711, თანაავტორები: არქიტექტორი ტ. ქუთათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ.არონის მახლობლად, იტალია, 1972), თბილისის ისტორიული უბნების–შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კ. ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის (1979–1989), ძველი თბილისის ცალკეული შენობების, მეიდნის, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორი. იყო არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიკოსი (1992).

1983 წელს გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჯილდო „სამკერდე ჯვარი“; 1985 წელს თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრემია.

1987 წელს გადაეცა სსრკ სახელმწიფო პრემია (შ. ყავლაშვილთან ერთად) თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისთვის.

1982 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, 1996 წელს კი გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

უდიდესია ბ-ნი გიგას როლი და ღვაწლი წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის საქმეში. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოთბილისი პოსტმა მთელ რიგ პუბლიკაციებ და ინტერვიუებ მიუძღვნა ამ პროცესის მონაწილე ადამიანებ, რომელთა შრომის და თავდადების შედეგია ჩვენი ეკლესიის მშვენება - თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. გთავაზობთ ბოლო ინტერვიუს ბ-ნ გიგა ბათიაშვილთა, რომელიც სამების ტაძრის მშენებლობას ეხება.

- ბ-ნო გიგა, თქვენთვის როგორ დაიწყო სამების ისტორია?

- როდესაც სამების ტაძრის მნიშვნელოვნებაზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს  დრო,  რომელშიც  ტაძრის აშენების გადაწყვეტილება  იქნა მიღებული. ეს იყო კომუნისტური პერიოდი,  ეკლესიების მშენებლობაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის საბჭოდან დამიძახეს,  ჩვენთან  ჩამობრძანდით, განსაკუთრებულ სტუმარს ველითო.  მაშინ  "ქალაქპროექტში" ვიყავი,  ძველი თბილისის  პროექტზე ვმუშაობდი.  მივედი ქალაქის საბჭოში,  სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის  ირაკლი აბაშიძე და  საზოგადოებისთვის ავტორიტეტული პირები.

ამ ადამიანებს შორის იყო აღმასკომის თავმჯდომარე ირაკლი ანდრიაძე, როდესაც ვიკითხე რა ხდებოდა, მითხრეს, პატრიარქი მოდის, ჩვენთან  უნდა შეხვედრაო. არავის არ გვქონდა წარმოდგენა, რა ხდებოდა. რამდენიმე წუთში მოვიდნენ პატრიარქი და  მისი თანმხლები პირები.  დავსხედით სასაუბროდ, ჩემგან მარჯვნივ იჯდა  ირაკლი ანდრიაძე, ეს კარგად მახსოვს.   საუბარი დაიწყო მისმა უწმინდესობამ, ეს იყო სრული საოცრება იმ წლებისთვის, რაც ბრძანა პატრიარქმა:  ჩვენ ვფიქრობთ, კარგი იქნება ქვეყნისთვის,  თუ  აშენდება საპატრიარქო ტაძარი.  თუ იკითხავთ, განა არ აქვს საპატრიარქოს ტაძარი, გიპასუხებთ, დიახ,  არის სიონის ტაძარი, მაგრამ სიონი არ არის  აშენებული, როგორც საპატრიარქო ტაძარი,  განსაკუთრებულ შემთხვევებში, სვეტიცხოვლის ტაძარში ხდება ღვთისმსახურება. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ გვსურს ტაძრის აშენება, ჩვენი მიზანია ძეგლი დავუდგათ ქართულ კულტურას, რადგან  მას შემდეგ რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აღედგინა ავტოკეფალია,  მოხდა  ქართული კულტურის განვითარება ასეთ მაღალ დონემდეო.

-როგორი რეაქცია ჰქონდა დამსწრე საზოგადოებას პატრიარქის წინადადებაზე?

- ყველა, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას, უდიდესი პატივისცემით და კეთილგანწყობით იყო გამორჩეული პატრიარქის მიმართ,  თუმცა ყველა დაიბნა. ყველა ჩუმად იყო, იმ დროს ამ თემაზე საუბარი იოლი არ იყო.  პატრიარქმა ჯერ თავისი მოსაზრებები გაგვანდო, როგორც მივხვდით, ამ თემის განხილვა შიგნით უკვე მიმდინარეობდა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ტაძრის აშენება შესაძლებლი იყო ვაკეში, ან რიყეზე. დაიწყო ამ ვერსიებზე საუბარი, მე არც ერთი ვერსია არ მომეწონა.  როდესაც ჩემი მოსაზრების გამოთქმის დრო დადგა, ვთქვი, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ტაძრის აშენება განგიზრახავთ, გეტყვით, რომ ვაკეში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მისი აშენებით ეს იქნება  რაიონის, უბნის ტაძარი,  რაც შეეხება  ტაძრის აშენებას რიყეზე, ეს  არ გამოვა  -  ერთის მხრივ  მტკვრის სანაპიროზე არსებული  მოძრაობა, მეორე მხრივ ბარათაშვილის აღმართი, შუაში ტაძრის აშენების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს-მეთქი.

აბა რას ფიქრობთო, მკითხა პატრიარქმა.  იმ დროს მე უკვე მქონდა დაწყებული მუშაობა პროექტზე, დღეს  პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილას არსებულ  ავტოინსპეციის შენობაში მინდოდა გაკეთებულიყო  "საქართველო-რუსთაველის სახლი".   ვუთხარი პატრიარქს, რომ იქ შესაძლებელი იყო ამ  პროექტის განხორციელება. მე მქონდა კიდევ ერთი მოსაზრება, რაც გავუზიარე დამსწრე საზოგადოებას.  ცნობილია რომ ძველად  როგორც ქვეყნის, ასევე თბილისი  მართვა ხდებოდა ისნიდან, ეს იყო სამეფო უბანი, შესაბამისად, ამ უბანში ტაძრის აშენებით  მოხდება  ამ რაიონის რეანიმაცია და დაკარგული ფუნქციების აღდგენა-მეთქი. 

ეს მოსაზრება პატრიარქს მოეწონა, იქვე დავძინე, არსებობს ერთი პრობლემა, იქ არის ჩასატარებელი "ქირურგიული ოპერაცია", ძველი კვარტალია, მოსახლეების გაყვანა დაგვჭირდება-მეთქი.  მახსოვს, ირაკლი ანდრიაძემ ზურგზე ხელი მომხვია და მითხრა, მაგის შიში ნუ გაქვთ, მე ამას ჩემ თავზე ავიღებო. იმ ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების განხორციელებაზე ზრუნვა, და ასევე ის, თუ ვინ როგორ მიიტანდა ამ იდეას ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობამდე, იოლი არ იყო. ამაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა ირაკლი ანდრიაძემ.  მე ვიყავი ამისი მომსწრე. იმ დროს, შეიძლება ითქვას, ირაკლის ქვეშევრდომი ვიყავი, ის ქალაქის ხელმძღვანელი იყო, მე მასთან  დაქვემდებარებული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ირაკლი გაბედული ადამიანი იყო, გამოცდილი და იმდენად  კარგად მოახერხა თავის თავზე აღებული  მისიის შესრულება, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის მხარდაჭერაც კი მიიღო.

- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, თქვენ იყავით წევრი ჟიურის, რომელიც საკონკურსო პროექტებზე მუშაობდა.

კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. მასში მონაწილეობდა ძალიან ბევრი არქიტექტორი, მეც მქონდა ასეთი სურვილი, მაგრამ ვინაიდან  მთხოვეს გავმხარიყავი  ჟიურის წევრი, კონკურსში მონაწილეობას ვეღარ მივიღებდი.  შემოვიდა ბევრი  პროექტი, მათ შორის  ძალიან განსხვავებული პროექტები იყო, ბევრი საერთოდ აცდენილი იყო იმ მოთხოვნას, რაც იდგა ჩვენ წინაშე.  მე ვნახე პროექტი, რომელიც იყო  ბანას ანალოგი, იყო მოდერნული  პროექტებიც. მე მესმოდა ჩემი კოლეგების,  არქიტექტორების. ნებისმიერი არქიტექტორისთვის დიდი პატივია საკათედრო ტაძრის პროექტზე მუშაობა. ეს რთული საკითხია, რომელიც  მოითხოვს დიდ ცოდნას საეკლესიო საკითხებში,  რაც ჩვენ დროში არ არსებობდა.  სიონის გარემო, მტკვრის სანაპირო ჩემი პროექტით გაკეთდა 1982 წელს,  იმ დროს ძალიან ბევრ ნიუანსში მომიწია გარკვევა.  ტაძარი არის თავისებური დაწესებულება, სადაც მიდის პროცესი, შესაბამისად, შენობა უნდა იყოს ისეთი, რომ პროცესი ტარდებოდეს შეფერხების გარეშე.   საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიიღო პატრიარქმა,  მან არჩევანი გააკეთა არჩილ მინდიაშვილის პროექტზე, რომელიც  გაკეთებული იყო ყველაზე საფუძვლიანად იმ პროექტებს შორის, რაც გამოავლინა ჟიურიმ. არჩილის პროექტი გადაწყვეტილი  იყო უფრო დიდ მასშტაბში და იმაზე უფრო სრულფასოვნად, ვიდრე საკონსკურსო პირობები მოითხოვდა.

- როგორი რეკომენდაციები ჰქონდა ჟიურის ამ პროექტთან დაკავშირებით?

- ჟიურის წევრები იყვნენ სასულიერო პირები,  რომელთა რეკომენდაციებსაც დიდი ყურადღებით  ვიზიარებდით.  მეორე ტურის ბოლოს პატრიარქმა გვითხრა: ჩვენი ეკლესია თხოულობს ტრადიციების დაცვას,  ამდენად ტაძარი, რომელსაც  ჩვენ ავაშენებთ იქნება ტრადიციული, თუმცა შესაძლოა  იყოს თანამედროვე ელემენტებით.  ტრადიციულ სტრუქტურაში  თანამედროვე ელემენტები ვერაფერს შეცვლის, ეს  ნათელი იყო.  ისიც ნათელი იყო, როგორი პროექტის მიღება სურდა საპატრიაქროს. სწორედ  ტრადიციული სტრუქტურა აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი  არჩილ მინდიაშვილის პროექტთან დაკავშირებით. არქიტექტორების მოსაზრება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. დიდი იყო კეთილგანწყობა რელიიგიის მიმართ, მაგრამ ამ დროს არ არსებობდა შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია, ამავე დროს ჩვენ ვცხოვრობდით საბჭოთა ეპოქაში, მოწყვეტილი ვიყავით მსოფლიო პროცესებს, თუმცა იყო რამდენიმე ისტორა, რომელთა გავლენით არქიტექტორებს მეტი და მეტი ახალი მოდერნული  ელემენტის შეტანა უნდოდათ. 

მე ვფიქრობ,  რომ  ძალიან ეფექტური და შთამბეჭდავია  სამების  ინტერიერის  სივრცე, სამწუხაროა, რომ გარეთ ვერ მოხდა  პროექტის ისეთი ფორმით  დასრულება, როგორც იყო დაგეგმილი. ტერიტორია არის მოწყობილი, გამწვანებაც კარგია, სივრცეც კარგად ორგანიზებული. ძალიან ცუდია, რომ  აღმოსავლეთის მხარეს,  კერძო  პირებმა ააშენეს  ნაგებობა,  რაც იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და უზრდელობა.  სამებას აკლია განაშენიანებული გარემოს მასშტაბში მოყვანა ამ ტაძართან. არსებობს პროექტი, რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას, მაგრამ ჯერჯერობით მისი  განხორციელების გადაწყვეტილება სხვა დონეზეა მისაღები. სამების ტაძარი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, ყველაფერი ხდება მეორეხარისხოვანი. მთავარი არის ის, რომ  სამება  გაუძლებს დროს.     

როდესაც დაიწყო სამების ტაძრის მშენებლობა, მე როგორც სამების დამფუძნებელთა საბჭოს წევრი, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას  მნიშვნელობანი თემების განხილვაში, საბჭოს სხდომებზე ყველა საკითხი გამოდიოდა სამსჯელოდ.   საბჭოს თავმჯდომარე იყო ირაკლი ანდრიაძე. მე არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ ვთქვა მასზე.  მან შეძლო, რომ სამების ტაძრის მშენებლობა საათის მექანიზმივით ყოფილიყო აწყობილი. მას ვერავინ ვერ ცვლიდა, ერთადერთი კაცი, ვინც ირაკლი ანდრიაძის არყოფნის შემთხვევაში მის როლს ითავსებდა,  ყო მისი მოადგილე არჩილ  ჯაფარიძე.  მშენებლობის სისტემურად წარმართვაში ირაკლი ანდრიაძის დიდი წვლილია.  ის სწორად მართავდა პროცესს და ვერ დაუკარგავს ვერავინ იმ როლს, რაც აქვს ამ ტაძრის მშენებლობაში. 

განსაკუთრებულად  მინდა გამოვყო ედუარდ შევარდნაძის  დიდი ღვაწლი, რომ არ ყოფილიყო ედუარდ შევარნაძე, შესაძლოა ტაძრის აშენება არ მომხდარიყო. ერთ ისტორიას გავიხსენებ. როდესაც სიონის სანაპიროს ვაკეთებდით  ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობდა, 32 ორგანიზაცია მუშაობდა რეკონსტრუქციაზე. საღამოობით, კვირაში ერთხელ, ორჯერ, ვითომ შემთხვევით შემოივლიდა ხოლმე ედუარდ შევარდნაძე, გააჩერებდა მანქანს, მოვიდოდა, მომიკითხავდა დახმარება ხომ არ გინდათო. საღამოს  ცენტრალური კომიტეტის  წევრები და მინისტრები რომ გამოჩნდებოდნენ,  ვხვდებოდი, რომ ედუარდ შევარნაძე აპირებდა გამოვლას. ერთხელ სიონთან ვდგავართ, ვსაუბრობთ მე და ბატონი ედუარდი და  უცებ  სამრეკლოდან  ზარების რეკვა დაიწყო.  ჩვენთან ახლოს, 5-6  ნაბიჯში მინისტრები იდგნენ,  ზარების რეკვა რომ დაიწყო,  მინისტრებმა ტაძრის საპირისპირო მხარეს დაიწყეს წასვლა. სად მიდიხართ, ამ ზარებს ჩემ საპატივცემულოდ რეკავენო, გაეხუმრათ მათ ედუარდ შევარდაძე, რომლის იუმორიც ყველამ კარგად იცოდა.          

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати