ნატა სოფრომაძის ფოტო
სიტყვები და ღვინოები
ამას წინათ სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერებსა და არქივში ვმოგზაურობდი. მასალებს ვეძებდი, კალიგრაფიით, ჩანაწერებისა და მინაწერების სიზუსტითა თუ სპონტანურობით ვტკბებოდი. ბევრი რამ მიყვარს ხელნაწერებში, უსაზღვრო შრომის შედეგი, რომელსაც თითქოს მარტივად უყურებ, არადა, ხელნაწერებზე დათენებული ღამეების შუქი ანათებს, იშვიათად აცდენილი ხელი თუ კორექტურა, კიდევ – მინაწერების ყველაზე გულწრფელი ამოძახილი და, რაც მთავარია, მწიფე, წითელი სინგურის მელნით შესრულებული საზედაო ასოები, თითქოს ვიღაცამ საფერავი დააწვეთა, მერე ბატის ფრთით მოხაზა და ამ სიტყვებისა და წინადადებების ნუსხურ თუ მხედრულ გზაჯვარედინებზე გზა მოგინიშნა, რომ როგორც საბა ამბობს, „შებრუვებული“ არ დაიკარგო.
ყველა კალიგრაფი განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქმე, ხელობა და ხელოვნება ერთგვარ სიზუსტეს, წესების დაცვას მოითხოვს, მაინც იკითხება კალიგრაფის სული. ზოგი – ასოების მოხაზულობაში, ზოგი – საზედაო ასოს ჩუქურთმასა და წნულებში, ზოგი- არშიებსა და მინაწერებში. ხვდები, რომ ზოგჯერ ააჩქარეს, ზოგიერთ სიტყვას დიდხანს წერდა, აქ შეისვენა, აქ ჩამოეძინა…
სულხან-საბას ავტოგრაფი ულამაზესი, მწყობრი, გაკრული მხედრულითაა დამშვენებული, ვფიქრობ, როგორ შეუძლია ერთდროულად ასეთი აკადემიური, მეცნიერული და თან შემოქმედებითი, დაუგეგმავი, პოეტური იყოს. სიტყვის განმარტება ხშირად მეტაფორულია, მაგრამ ამავე დროს, ზუსტი. მსუბუქ შეთრობას საბა ბრუჟობას ეძახის, ხოლო სიმთვრალეს, სრულიად გენიალურად განმარტავს, შეთვერი, ეს ნიშნავს, რომ „ღვინო გმეტობს“.
სიტყვა და ღვინო ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სანამ ნებისმიერი ტექსტისთვის სიტყვას შევარჩევ, ჯერ გემოს ვუსინჯავ, ვამბობ, ვუსმენ და მხოლოდ მერე მოვუძებნი ადგილს ტექსტებში.
პოეზია და ღვინო
ღვინო ძალიან ჰგავს პოეზიას და პირიქით, უფრო ზუსტად, მეტაფორას. მცირე ცვლილება დიდ, არსობრივ ცვლილებას იწვევს, მნიშვნელოვანია, როგორი სიტყვების მეზობლადაა, როგორია კონტექსტი, მელოდია, რიტმი, ფონეტიკა.
ყველა ლექსი სხვადასხვა ღვინოა, ტრადიციული და ქართული თუ სხვა ქვეყნის პოეზიიდან ქართულ გარემოში გადმორგული, ათასნაირ სალექსო ფორმას მორგებული, ათასნაირი ტერუარიდან გადმოქართულებული. ყველა დეტალი, მიწისა და ჰაერის ყველა შემადგენლობა ცვლის ლექსს, პოეზიის თარგმანი საერთოდ სხვა ღვინოა, ვერაფრით მიგახვედრებთ თუ თავად არ გასინჯეთ, როგორია წერედიანში ჩამოსხმული ლორკა თუ ვიიონი, კოტეტიშვილში დავარგებული ჰაფეზი.
ამას წინათ ვფიქრობდი, ზოგი ლექსი კამკამა და შუშხუნაა, ზოგიც მძიმე და ქარვისფერი, ზოგი -ვარდისფერი და ორ წამში გავიწყდება, ზოგიც სქელი და შინდისფერი, ყელსა და მეხსიერებას ისე აჩნდება, დავიწყება გაგიჭირდება.
ყველა ლექსი და ყველა ღვინო მიყვარს, პაემანზე თუ ატმის ტონები და ატმის ყვავილები გირჩევნია, წერისას – უფრო კენკრა, ხან შემოდგომის ხმები და შრიალი და ხანაც ზამთრისპირის ცივი, გამჭოლი, ზუსტი ბგერები.
და მაინც, ქართული პოეზიის ყველაზე მთავარი ღვინო, გალაკტიონის ღვინოა:
„ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე“…
საფერავისფერჩოხიანი ტარიელის ამბავი
ამ წიგნზე, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მინაწერების ამბებად მოყოლაზე დიდი ხანი ვფიქრობდი, რუსთველის პოემის ყველა ხელნაწერი გადავქექე, ამოვწერე, დავაკვირდი, წარმოვიდგინე.
ერთი განსაკუთრებით მომეწონა, ვინმე ნიკოლაოზს გადაუწერია მეცხრამეტე საუკუნეში, ტექსტიც გადაწერა, ლექსებიც მრავლად დაურთო, თავისი ხელმოწერაც და კომენტარიც: „ აქ რამდენიმე მუხლი აკლია, დედანი არ მქონდა და ვინც ჩაიგდოთ ხელში, ჩაასწორეთო.“
უცნაურია კაცია ეს ნიკოლაოზი, ამხელა ტექსტი რუდუნებით გადაუწერია, შეუმკია, ზედ დაჰფოფინებს და თანაც რუსთველს პატარა, ჩხუბისთავი ბიჭივით ეჯგიმება:
„რუსთაველო ახ თუ დრო გაქუს მიტომ აგეთ ლექსთა ჩმახავ
ადექ მოდი ერთად დავსხდეთ ერთად ვწეროთ მაშინ გნახავ
ნაგაზივით წამოგწვდები ეს მე ვიცი ვერ გაგლახავ
ამას წინათ შენ დროებში დაგავიწყებ რაც გინახავს.“
მერე, როგორც ჩანს, ბრაზმა გაუარა, თუ დამეტოქების, შეჯიბრების იმ უცნაურმა ბოღმამ, რომელიც მხოლოდ მას კი არა, უფრო დიდ ავტორიტეტებს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს და ცოტა უკეთეს პოეტებსაც ჰქონიათ.
გული დაუმშვიდებია და საკუთარი თავი თუ მკითხველიც დაუშოშმინებია:
„ამ მუხლსა სიტყვები წყნარა წყნარა წაიარე“.
სხვაგან კიდევ მიუნიშნებია: „მაშინ ამაზე მეტი არა იცოდნენ რა“, ერთგან კი დანანებით უთქვამს- „აქ სულ არეული არის“.
ვუყურებ ხელნაწერის მინიატურას, ვაზის ფოთლებისა და მტევნის ლამაზი დეკორაციის ფონზე დახატულ ტარიელს. შავთვალწარბა, დაყენებულულვაშიანი, არხეინი, ქართველია, თითქოს წარბები შეჭმუხნული აქვს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, ადვილად დაინახავ უდარდელ გამომეტყველებას. ხელში ხმალი აქვს, ჩოხის კალთაზე კი თითქოს საფერავი დაღვრიაო, სახელიც „ტარიელი“ თითქოს საფერავით მიუწერიათ, ლამაზი, საგულდაგულოდ გამოყვანილი მხედრულით.
სწორედ, ეს საფერავისჩოხიანი ტარიელია ის, ვისაც „ვეფხისტყაოსანი“, დიდი კულტურა, დიდი ისტორია უანდერძეს. თან რომ ძალიან უყვარს, მაგრამ ხან ეტლში რჩება, ხან სტუმარს ჩუქნის, ხან წვავს, ხან – მზითევში ატანს და ხანაც ლამაზ-ლამაზ მინიატურებს ამოჭრის, პატარა ბავშვივით რომ მერე სხვაგან გადააწებოს. „ვინცა ყოვლი განარჩია მაღალ დაბალი სწორები“ – ამ ჩვენს ქართველს ბედისაც სწამს, ღმერთისაც და ამ დიდი წიგნისაც, რომელიც გადაუწერია და ფურცლებიც საგულდაგულოდ დაუთვლია: „ასოცდაჩვიდმეტი ფურცელი“.
ჩემი წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟიც სწორედ ეს გახდა, არხეინი ტარიელი, რომელსაც პერანგის გულისპირი საფერავით აქვს შეღებილი.
მაინც ყველა ღვინოს საფერავი მირჩევნია, წავალ-წამოვალ და ისევ მასთან ვბრუნდები, ისეთი ღრმა და ნამდვილია, ისეთი სხეულიანი და ღონიერი, როგორც ნიკო სამადაშვილის მეტაფორა, როგორც ნიკო ფიროსმანის ნახატების ჯადოქრობა, ადამიანებს რომ ცხოველებად მოგაჩვენებს, ხოლო ცხოველებს ყველაზე ადამიანური თვალებით გამოახედებს.
„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.
აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.
რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.
დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.
იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე, ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.
სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.
ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.
თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.
თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.
მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები სტატიების სათაურებშიც აღარ ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან.