USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
Tbilisi
დღეს თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიხსნა
Date:  

თბილისში საქართველო - საუდის არაბეთის ბიზნესფორუმმა მუშაობა დაიწყო. ფორუმი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მთავრობის მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ხარისხიანი, პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ როგორც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების, ასევე ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ბევრს მუშაობს სხვადასხვა ქვეყანასთან, აქვს ინტენსიური დიალოგი ძირითად პარტნიორებთან და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორი საქართველოსთვის არის საუდის არაბეთი, რომელიც უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს სპარსეთის ყურეში.
„ჩვენი პრიორიტეტია საუდის არაბეთის სამეფოსთან - ყურის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და უფრო ფართოდ - არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების განმტკიცება. ბოლო წლებში, გასული წლის ჩათვლით, ჩვენ შევინარჩუნეთ მზარდი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციების მიმართულებით. გარდა ამისა, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის „ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში.
პირველმა ვიცე-პრემიერმა საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო კლიმატის, ასევე მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის შესახებ.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის (B2B) შეხვედრები შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. მისი თქმით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გასული წლის ოქტომბერში ორი პალატის მიერ დაარსებული ერთობლივი ბიზნესსაბჭო, რომელმაც იდეალური ჩარჩო შექმნა ორივე ქვეყნის ბიზნესისთვის კავშირების დასამყარებლად და ახალ პროექტებზე სამუშაოდ.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ, რაც საქართველოს მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცევს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის კლიმატს და განვახორციელეთ რეფორმების ფართო სპექტრი, რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისე საგადასახადო ტვირთის შემცირებას. დღეს საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად ისეთი ადგილია, სადაც დაბალ ხარჯებთან ერთად დაგხვდებათ შემცირებული რისკები, არაჩვეულებრივი ბიზნეს კლიმატი, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და წვდომა 2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის გლობალურ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ფორუმის მიმდინარეობისას საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების პრეზენტაციას, რომელიც მათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

ამასთან, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.

culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way