დღეს, 21 ივლისს, ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.
1956 წელს დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; 1959 წლიდან გამოვიდა პროფესიულ ესტრადაზე; 1959-1964წწ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რეროს", 1964-1980წწ. ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ორერას" სოლისტია; 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით(კონცერტმაისტერ მ. გონგლიაშვილთან ერთად); მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიული სიმღერის აღმავლობაში; მაღალი ოსტატობით ასრულებს რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. არაერთი ქართული მხატვრული ფილმი აქვს გახმოვანებული: "ვერის უბნის მელოდიები"(რეჟ. გ. შენგელაია, 1973), "აურზაური სალხინეთში"(რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975) და სხვ.; გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში " სამკაული სატრფოსათვის"(1971). ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა; საგასტროლოდ იყო ყოფილი სსრკ ქვეყნებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ., 1997.-გვ.479; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.376; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.182