USD 2.8016
EUR 3.0114
RUB 3.2100
Tbilisi
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): „მზერა აღმოსავლეთისაკენ: ქართული და ქურთული ფილმების დღეები მიუნჰენში“
Date:  2111

გერმანიის გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგში“ (Süddeutsche Zeitung - იბეჭდება მიუნჰენში) გამოქვეყნებულია სტატია-რეცენზია სათაურით „მზერა აღმოსავლეთისაკენ: ქართული და ქურთული ფილმების დღეები მიუნჰენში“ (ავტორი - იოზეფ გრიუბლი).

კვალს აღმოსავლეთისაკენ მივყავართ, ყოველ შემთხვევაში, ეკრანზე ასე ჩანს: მიუნჰენში  ქართული და ქურთული კინოს დღეები იწყება, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება - 13 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. ვერ ვიტყვით, რომ ორგანიზატორთა მიერ მოწყობილი პარალელური პროგრამა კარგი იდეაა, რადგან ფილმების ჩვენება დროში ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ, მაყურებლებს, ბუნებრივია, მოუწევთ არჩევანის გაკეთება - რომელ აქტუალურ მხატვრულ, დოკუმენტურ, საბავშვო თუ მოკლემეტრაჟიან ფილმებს უყურონ - ქართულს თუ ქურთულს?

კინოს მუზეუმის დარბაზში ქართული ფილმების დემონსტრაცია იწყება დოკუმენტური ფილმით „ღიმილიანი საქართველო“, რომელშიც ნაჩვენებია უკბილო ადამიანების ბედი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ცრუ დაპირების მსხვერპლნი გახდნენ: 2012 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას, წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში, კბილის პროთეზების უფასოდ დამზადება აღუთქვა. მოხდა ისე, რომ ადამიანებს კბილები დააძრეს, პრეზიდენტის პარტიამ კი არჩევნები წააგო და ადამიანები უკბილოდ დარჩნენ. ათი წლის შემდეგაც კი ბევრს საკვების მიღება ნორმალურად არ შეუძლია. ამ ფილმის გარდა, ნაჩვენები იქნება კიდევ ორი ქართული კინოსურათი - პირველი „სასტუმრო მეტალურგი“ დოკუმენტურია და მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილი ქალების შესახებ, რომლებმაც წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში 3 ათწლეულზე მეტი იცხოვრეს. მეორე - მხატვრული ფილმი „შავი შაშვი მაყვალი“ - ასახავს მარტოხელა, გაუთხოვარი შუახნის ქალის ცხოვრებას, რომელსაც სიყვარული გვიან, 50 წლის ასაკში ეწვია.

რაც შეეხება ქურთულ ფილმებს, ისინი უფრო მრავალფეროვნად არიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, მაყურებელს მათი ფართოდ გაცნობის მეტი შესაძლებლობა ექნება. ფილმების ჩვენება იხსნება რეჟისორ სინ მუჰამედის დრამით „გარდამავალი ბედნიერება“, რომელშიც მოხუც კაცს თავისი სნეული მეუღლე საავადმყოფოში მოტოციკლეტით დაჰყავს. რეჟისორ აიშე პოლატის მიერ გადაღებული თრილერ „მკვდარი ზონის“ მოქმედება თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარეობს (ფილმმა ამას წინათ გერმანული კინოპრემია მიიღო). სოლინ იუსეფის ფილმში „გახდი გამარჯვებული“ გადმოცემულია სირიელი ქურთი ლტოლვილი ქალიშვილის ბედი გერმანიაში.

ქართული ფილმები ჩვენება: სანქტ-იაკობს პლაცზე მდებარე კინოს მუზეუმში 13-16 ივნისს (ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით), 13 საათზე; ქურთული ფილმების ჩვენება: ჰანსპრესიგერშტრასეზე მდებარე კინოდარბაზში, 13-16 ივნისს (ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით), 13 საათზე.

წყარო: https://www.sueddeutsche.de/muenchen/film-kino-muenchen-kurdistan-georgien-gasteig-filmmuseum-muenchen-lux.54gVtCW52K8bDnHv9CF7VR

 

world
«Foreign Policy» (აშშ): „ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?“

„ნატოს საიუბილეო სამიტზე წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციის შექმნის 75-ე წლისთავს იზეიმებენ, მაგრამ თუ ძალზე გაფართოებულ-გაზრდილი ბლოკი თავის პოლიტიკაში აუცილებელ კორექტივებს არ შეიტანს და უფრო რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიმართ ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ ამჟამინდელი ერთიანობა, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული, შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს“, - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული ჟურნალი Foreign Policy აქვეყნებს სათაურით „ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?“ (ავტორი - ქრისტოფერ ჩივისი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ორიოდე კვირის შემდეგ ვაშინგტონში - იქ, სადაც 1949 წელს ხელი მოაწერა ნატოს - ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის - შექმნის ხელშეკრულებას, ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურები შეიკრიბებიან, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ესოდენ ხანგრძლივი არსებობის მორიგი იუბილე იზეიმონ.

მაგრამ ნამდვილად რომ წარმატებული იყოს, ალიანსმა არამარტო უნდა იარსებოს, არამედ ის თავისი წევრების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

დღეს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის წინაშე დგანან, ერთიანები არიან, მაგრამ თუ ნატოს პოლიტიკაში ღრმა კორექტივები არ იქნება შეტანილი, რომელიც ძალიან გაფართოებულია რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში და ბლოკი ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ, როგორც ისტორია გვაჩვენებს, წევრი-ქვეყნების ერთიანობა შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.

თანაც იმ დროს, როცა სამხედრო ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების ტენდენცია შენარჩუნებულია - უკრაინა და მისი ახლო მოკავშირეები ბრიუსელს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიცემული პირობის შესრულებისაკენ უბიძგებენ.

მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორს, რომ 2008 წლის დაპირების დროს სულ სხვა გეოპოლიტიკური სიტუაცია არსებობდა, როცა რუსეთი შედარებით სუსტი იყო და კრემლი დღევანდელივით ძალიან მტრულად არ იყო განწყობილი დასავლეთის მიმართ.

უკრაინას, თავის მხრივ, ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ქვეყანა ნატოს სამხედრო და დემოკრატიულ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.

და თუ ასეთ დროს ნატო უკრაინას წევრობას შესთავაზებს, ბრიუსელი თამასის დაბლა დაწევით ძალიან სარისკო ნაბიჯს გადადგამს, დამანგრეველ ომს გააჭიანურებს და უფრო მეტიც - უკიდურეს წერტილამდე მიიყვანს, რომლის შემდეგ გლობალური კატასტროფა შეიძლება მოხდეს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ნატომ ათწლეულების განმავლობაში დიდ ქარტეხილებს გაუძლო, მაგრამ თვით ბლოკის არსებობის ფაქტი მისი წარმატების შემფასებელი კრიტერიუმი არ არის.

იმ პირობებში, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახალი წევრებით ბევრად უფრო გაფართოვდა, ვიდრე შექმნის დროს იყო, ხოლო ამ გაფართოებით ინტერესთა თანხვედრა შემცირდა, ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობის რეგულირება სულ უფრო რთული იქნება, ვიდრე წარსულში იყო.

წყარო: https://foreignpolicy.com/2024/07/01/nato-turns-75-history-future-challenges/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way