USD 2.7860
EUR 3.0089
RUB 3.1541
თბილისი
ტოკიოში საქართველოს დღეები გაიხსნა
თარიღი:  
ტოკიოში საქართველოს დღეები ანშლაგით გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ, იოიოგის პარკში, საზეიმოდ გაიხსნა ,,საქართველოს დღეები იაპონიაში“.
პირველივე დღეს წარმოდგენილმა მრავალფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა პროგრამამ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მაყურებელთა რიცხვიც მოწმობს.
გაიმართა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების - „იაპონელებისა“ და „საფირონების“, ასევე, ფოლკლორულ ანსამბლ „ამფორას“ კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა. სტუმრების წინაშე წარდგნენ იაპონელი სპორტსმენები. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში. აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. სტუმრებს მასთან შეხვედრის საშუალებაც ჰქონდათ. იაპონიაშია ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი), რომელიც იაპონელ საზოგადოებას ქართულ ღვინოს აცნობს. კარიერის დასრულების შემდეგ იგი იაპონიაში სწორედ ქართული ღვინის კულტურისა და სხვა ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევა.
რაც შეეხება ღონისძიების კულტურულ ნაწილს, მოეწყო ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა დადგმა - „შენ ხარ ვენახი“, „,,ვეფხისტყაოსანი“ და სხვა“. საღამო გაგრძელდა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტებით.
იაპონიაში ქართული დღეები 16 ივნისს ასევე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გაგრძელდება. კვლავ ჩატარდება ანსამბლების - „იაპონელებისა“ და „საფირონების“ კონცერტები, მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა, ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.) და შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატეში, ხრიდოლში. ასევე, გაიმართება იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტი. კულტურის დღეები ეთნოჯაზბენდ „ირიაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული დღეების დაწყებამდე იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა და მას 1000-ამდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა მეუღლესთან ერთად, უცხოელი დიპლომატები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიებაზე ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ბასიანმა“ საქართველოსა და იაპონიის ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც მსმენელს ქართული ფოლკლორის ნიმუშები წარუდგინა. სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.
მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული კავშირების გამყარებას, ქართული კულტურისა და სპორტის ტრადიციების გაცნობას იაპონელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. იაპონიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo/?fbid=769973725318652&set=a.230957325886964
მსოფლიო
«Politico» (აშშ//ბელგია): „გამოკითხვები მოწმობს, რომ ევროპელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ომში უკრაინის გამარჯვების მიმართ“

„ევროპელებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გამარჯვებს“, - წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (რედაქცია - ბრიუსელში)  გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გამოკითხვები მოწმობს, რომ ევროპელები  სკეპტიკურად არიან განწყობილნი ომში უკრაინის გამარჯვების მიმართ“ (ავტორი - ელენ ჯორდანო). „რესპოდენტთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინისადმი სამხედრო დახმარება არ უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ახალი სოციოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) ეგიდით ჩატარდა, უკრაინელთა უმრავლესობა თვლის, რომ კიევი მოსკოვთან ომში გაიმარჯვებს, მაგრამ ევროპელებს ამაში ეჭვი ეპარებათ - მათი თვალსაზრისი უკრაინელთა პოზიციისაგან განსხვავებულია.

გამოკითხვის მონაცემები, რომელიც მაისში ჩატარდა, 3 ივლისს გამოქვეყნდა, ანუ ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე (9-11 ივლისი) რამდენიმე დღით ადრე. ისინი აჩვენებენ როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირის 14 ქვეყნის მოსახლეობის ომისადმი დამოკიდებულებას.

ერთი მხრივ, როგორც ირკვევა, ევროპელებს ბრძოლის ველზე უკრაინის რუსეთზე გამარჯვებისა არ სჯერათ. გამოკითხულებმა, რომელთა რაოდენობა 30%-დან თითქმის 50%-მდე მერყეობს, განაცხადეს, რომ სამხედრო მოქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულდება, ხოლო 31% (მეტწილად ბერძნები) თვლის, რომ ომში, დიდი ალბათობით, რუსეთი გაიმარჯვებს. ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ ესტონელები არიან ყველაზე მეტად დარწმუნებული (38%), რომ ომში გამარჯვებული რუსეთი იქნება.

მეორე მხრივ, უკრაინელთა უმეტესობა (58%) ძველებურად დარწმუნებულნი არიან, რომ მათი არმია გამარჯვებას მოიპოვებს. მათ იმედი აქვთ, დასავლელი მოკავშირეები უკრაინისადმი ფინანსურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ. მხოლოდ უკრაინელთა 1% მიიჩნევს, რომ ომში უკრაინა დამარცხდება. 30% თვლის, რომ სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებით შეიძლება.

გამოკვლევის ავტორებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წევრი-ქვეყნებისა და უკრაინის მოსახლეობის თვალსაზრისები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან რიგ საკითხებში, მათ შორის - როგორი დახმარება უნდა გაეწიოს უკრაინას და უნდა იქნას თუ არა მიღებული უკრაინა ევროკავშირის წევრად.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, საეჭვოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს თავიანთი მოსახლეობა მხარს დაუჭერს უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხში: ნატოს ქვეყნებში ამ იდეას მხარს უჭერს 4%-დან 22%-მდე გამოკითხული.

რაც შეეხება სამხედრო ხარჯებს, გამოკითხვის მონაცემებით, 14-დან ათი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგია, რომ მათმა მთავრობებმა უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაზარდონ. გამონაკლისებია პოლონელები (მომხრეა 53%), ესტონელები (45%), შვედები (41%) და გერმანელები (40%).

ამასთან, ევროპელთა უმრავლესობა მომხრეა, რომ მათი ქვეყნები ომში სხვადასხვა სახით იყვნენ ჩართულები - მაგალითად, ისინი მხარს უჭერენ ტექნიკური დახმარების გაწევას და საბრძოლო მასალების მიწოდების გაფართოებას.

მხოლოდ ბულგარელების, ბერძნებისა და იტალიელების უმეტესობა (შესაბამისად - 63%, 54% და 53%) თვლის, რომ უკრაინისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება ცუდ იდეას წარმოადგენს.

ევროპელებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ევროკავშირში უკრაინის მიღების საკითხისადმი - თუ რამდენად მომგებიანი იქნება კიევის წევრობა ევროკავშირისათვის. ყველაზე მეტად უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ პორტუგალიელები, ესტონელები, შვედები, ესპანელები და პოლონელები. ყველაზე სკეპტიკურად არიან განწყობილები გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და საფრანგეთის მოსახლეობა.

თვითონ უკრაინაში რესპოდენტთა ორი მესამედი (64%) თვლის, რომ მათი ქვეყნისათვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

წყარო: https://www.politico.eu/article/europe-ukraine-war-russia-polls-kyiv-ecfr-nato-summit-greece-polls-bulgaria-germany-poland/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.