გერმანული გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung - იბეჭდება მიუნჰენში) 29 დეკემბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზრუნვა ავადმყოფ ექს-პრეზიდენტზე: დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, მთავრობა კი თვლის, რომ იგი სიმულანტობს“ (ავტორი - ფრენკ ნინჰეიზენი).
რამდენად ავადმყოფია საქართველოს ექს-პრეზიდენტი? მართლაც ემუქრება საფრთხე მის სიცოცხლეს? თუ პირიქით - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არცთუ ისე მძიმედაა და პოლიტიკური ოპონენტები სიტუაციას განგებ ამწვავებენ? მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, ყველა იცნობდა როგორც თითქმის ორმეტრიან, ენერგიულ და ჯან-ღონით სავსე ადამიანს, დღეს კი იგი ძველებურად აღარ გამოიყურება - ვუყურებთ გაუპარსავ, თმაგაჩეჩილ, ლოყებჩავარდნლ, სუსტ პიროვნებას... მიხეილ სააკაშვილი შესამჩნევად გახდა, ეს აშკარად ჩანს - როგორც ამბობენ, ერთწლიანი პატიმრობისას მან წონაში 41 კილოგრამი დაიკლო.
ქართულმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტი 2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლა და მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ხელისუფლების ბოროტი მიზნებისთვის გამოყენების გამო, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, 2004-2013 წლებში. ექს-პრეზიდენტის მომხრეები და თვითონ მიხეილ სააკაშვილიც ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსჯავრი პოლიტიკურად მოტივირებულია. იგი თავის სამშობლოში უკრაინიდან გასული წლის შემოდგომაზე მოულოდნელად დაბრუნდა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა.
პატიმრობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა, მან რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა. მაისში იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამერიკელი ექიმების ბრიგადამ, რომელიც ექს-პრეზიდენტის მომხრეების ძალისხმევით შეიქმნა, დეკემბერის დასაწყისში მოამზადა დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით არის მოწამლული. გარდა ამისა, მას არასწორად მკურნალობენ, რის გამოც დაემართა ანორექსია, ანემია და კუნთების ატროფია. ბოლო კვირეებში 55 წლის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემად იქცა და არა მხოლოდ კავკასიური ქვეყნისათვის.
სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს!
თბილისში მყოფმა ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს ქვეყნის ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო და საქართველოს მთავრობას მისი უფლებების დაცვისაკენ მოუწოდეს. ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ კი, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, [დასავლურ კლინიკაში] დაუყონებლივი ჰოსპიტალიზება მოითხოვა.
მიხეილ სააკაშვილისგადასარცენად გამართულ დებატებში თვით ვლადიმერ ზელენსკიც ჩაერთო, უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც მისი ქვეყნის ცაში რუსული რაკეტებისა და დრონების წვიმას ებრძვის. ომის მიუხედავად, მან შობის წინ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ ის რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ასეთი მოქმედება საქართველოსთვის საზიანოა და უნდა დასრულდეს“. მან ქვეყნის მთავრობას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილი ან უკრაინის საავადმყოფოში გადაიყვანონ, ან ევროპის ან აშშ-ის რომელიმე ქვეყანაში.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი პირიქით, ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული სიტუაციას გაზვიადებულად თვლის. ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ რა აგრესიულად იქცევა განსასჯელი, რომელიც სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ექიმები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რომ მან შეძლოს სასჯელის მოხდა - დარჩენილი ხუთი წელი - ჩადენილი დანაშაულისათვის“. ამასთან, მთავრობა ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებაზე.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად გახდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მან იურისტის სპეციალობა აშშ-ში მიიღო და როცა პრეზიდენტად აირჩიეს, სამართალდაცვისა და მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური რეფორმები გაატარა, რის შემდეგაც ყოველდღიური კორუფცია პრაქტიკულად აღმოიფხვრა. ამასთან, რადგანაც ბოლო წლებში მისი მმართველობის სტილი სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, მისი მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გახშირდა. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ეს ფაქტი ქართული დემოკრატიის გამარჯვებად იქნა შერაცხული.
ოდესღაც სანიმუშო ქვეყანა - უკრაინისა და მოლდოვას უკან
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაცია გაუარესდა. ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულ გადახრაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნის მტერ რუსეთს ზედმეტ რევერანსებს უკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთთან შეურიგებელ დამოკიდებულებაში არიან. მიხეილ სააკაშვილტან დაკავშირებული სიტუაცია, ევროკავშირის თვალსაზრისით, ადასტურებს იმას, თუ რამდენად უკიდურესად არის პოლარიზებული ვითარება კავკასიურ სახელმწიფოში.
როცა ზაფხულის დასაწყისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას ორგანიზაციის წევრად მიღების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველო მათ შორის არ აღმოჩნდა. ბრიუსელმა განაცხადა, რომ ოდესღაც რეფორმებით სამაგალითო საქართველომ დემოკრატიის თვალსაზრისით ნაბიჯი უკან გადადგა და ამიტომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად თბილისს საკმაოდ ბევრი მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება.
მაგრამ ბოლო დღეების მოვლენები პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას სულაც არ ჰგავს: ოთხშაბათს, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის წინ მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კვლავ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი „სიმულიანტობს“: მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს.
წყარო: https://www.sueddeutsche.de/politik/georgien-saakaschwili-1.5723148