USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
დავით მანაგაძე - ამერიკაში მცხოვრები ბიოლოგი
Date:  800
ქიმია და ბიოლოგია ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიტაცებდა. ჩვენი სახლის პირველ სართულზე ბიბლიოთეკა იყო და სულ იქ ვიჯექი; ხარბად ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი ამ თემებზე ხელში ჩამივარდებოდა. განსაკუთრებით მახსოვს "საბავშვო ენციკლოპედიის" ტომი ბუნებაზე, რომელიც ყდიდან ყდამდე ლამის ზეპირად ვიცოდი; კიდევ "სახალისო ბიოლოგია", "მე თუ ვინმე სხვა" იმუნოლოგიაზე, წიგნები ცნობილ ქიმიკოსებზე, ფიზიკოსებზე, ელემენტარულ ნაწილაკებზე და ა.შ. ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა ბიოქიმია ავირჩიე პროფესიად.
 
ოთხმოცდაათიანების ბოლო წლები თბილისში, საქართველოს მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში გავატარე ასპირანტურაში და საკანდიდატოზე ვიმუშავე. შემდეგ მატერიალური სიძნელეების გამო დროებით მივატოვე პროფესია და კომპიუტერების სფეროში გადავერთე, რაც ასევე ყოველთვის მაგნიტივით მიზიდავდა. ვისწავლე IT პრინციპები, ქსელებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, რამდენიმე პროგრამირების ენა; Microsoft-ის და Novell-ის პროფესიონალის სერთიფიკატებიც ავიღე... თუმცა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ისევ მეცნიერებას დავბრუნებოდი. უამრავი ძებნის, წერილების გზავნისა და ბიუროკრატიული დავიდარაბის შემდეგ, 2003 წელს გერმანიაში, ბოხუმის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში დავიწყე სადოქტორო კვლევები მიკროსხეულების წარმოშობისა და ფუნქციონირების შესახებ. მიკროსხეულები (პეროქსისომები, გლიოქსისომები და ა.შ.) უჯრედშიდა ორგანელების კლასია, რომლებიც მრავალ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედში. მათი ფუნქციების დარღვევა მძიმე დაავადებებს იწვევს. სამი კვლევა დავასრულე იქ წარმატებით, სტატიები გამოვაქვეყნე და სადოქტორო დისერტაციაც აიკინძა, რომელიც წარმატებით (Magna cum laude) დავიცავი 2007 წელს. რის შემდეგაც აშშ-ში, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტებში (National Institutes of Health, NIH), პოსტ-სადოქტორო კვლევებზე მიმიწვიეს. აქ კვლევის თემა პრიონები იყო, რომელთა შესწავლა თავისთავად საინტერესოა მათგან გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ასევე იმისათვის, რომ ვებრძოლოთ მსგავსი მექანიზმის სხვა დაავადებებს, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადებას, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს ტანჯვად აქცევს და იწირავს.
 
ამის შემდეგ გადავწყვიტე გადავრთულიყავი ბიოინფორმატიკაზე - დიდი ხნის საოცნებო სფეროზე, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიასა და კომპიუტერებს, ბიოლოგიური ინფორმაციის ანალიზით კი უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა. ჩემდა სასიხარულოდ, მოწვევა მივიღე NCBI-დან, მსოფლიო ბიოინფორმატიკისა და გენომიკის ფლაგმანი ორგანიზაციიდან. აქ მოღვაწეობს იუჯინ კუნინი (Eugene Koonin), ბიოინფორმატიკისა და გენომიკის პიონერი და ერთ-ერთი ფუძემდებელი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან და საუკეთესო ბიო-სამედიცინო მკვლევართა ათეულში შემავალი მეცნიერი. იუჯინთან მუშაობისას ვიკვლევდი ტრანს-სფლაისინგის როლს კიბოს წარმოქმნაში, ორთოლოგი გენების ექსპრესიის თავისებურებებს, და ბოლოს ე.წ. არამაკოდირებელ რნმ-ს (ncRNA), რომელიც მაშინ ნელ-ნელა ხდებოდა ახალი და საინტერესო საკითხი. ჩვენმა შრომებმა აჩვენა, რომ არამაკოდირებელი რნმ არ არის მთლად ნაგავი, როგორც მანამდე ეგონათ. ადამიანებს ათიათასობით რნმ-ის გენი გვაქვს, რომლებმაც მილიონობით წლების ევოლუციის ქარტეხილებს გაუძლეს და ბევრ მათგანს შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. პოსტ-სადოქტორო სამუშაოების დამთავრების შემდეგ NCBI-ში სამსახური შემომთავაზეს და კიდევ სამი წელი ვიმუშავე იქ ეუკარიოტების გენომების ანალიზის ახალი გზების პოვნასა და ანოტაციაზე.
 
ამის შემდეგ გულმა უფრო აქტიური სფეროებისკენ გამიწია - გადავწყვიტე, აკადემიურ ცხოვრებას ჩამოვშორებოდი და ინდუსტრიაში, სტარტაპში მეცადა ბედი. ამიტომ საცხოვრებლად გადავედი კალიფორნიაში, სილიკონის ველზე, რომელიც არა მხოლოდ კომპიუტერებთან დაკავშირებული ლეგენდარული კომპანიებითა და სტარტაპებით, არამედ ბიოსამედიცინო კვლევებითაც გამოირჩევა. 2012-ში ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის თემა ერთი უჯრედის სექვენსინგის (single cell sequencing) თემა იყო. მეც შევუერთდი ამ თემის პიონერ სტარტაპს, შევქმენი ბიოინფორმატიკის ჯგუფი და დავიწყეთ კვლევები. Წინ სწრაფად წასვლისათვის გამოვიყენე პროგრამირებაში ამჟამად ყველაზე პოპულარულ “Agile” მიდგომა. ამან საშუალება მოგვცა, წელიწადზე ნაკლებ დროში შეგვექმნა საჭირო ალგორითმები, მათი გაშვების ინფრასტრუქტურა ამაზონის ღრუბლოვან სერვისში (Amazon Web Services, AWS) და ვებ ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ადვილად შეუძლია ვებ ბრაუზერის საშუალებით უზარმაზარი გამოთვლების სწრაფად და მოხერხებულად გაშვება დიდ სერვერებზე. ჩვენი კომპანია და პროდუქტი, რომელსაც საბოლოოდ BD Rhapsody დაერქვა, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენი სტარტაპი ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ Becton Dickinson-მა იყიდა. მან საფუძველი დაუდო რამდენიმე ახალ პროდუქტსაც, რომელთა საშუალებითაც არა მხოლოდ ტრანსკრიპტომის, არამედ პროტეომის ანალიზიცაა შესაძლებელი. დიდ კომპანიაში მუშაობა ჩემთვის ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდა. ამიტომაც გადავედი DNAnexus-ში - კომპანიაში, რომელმაც შექმნა ბიოსამედიცინო კვლევების ღრუბლოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ვეებერთელა ბიოლოგიური და კლინიკური მონაცემების მოხერხებულად გაანალიზება და სამეცნიერო აღმოჩენების გაკეთება. აქ მე ჩვენი დიდი კლიენტების (საავადმყოფოების, ფარმაკოლოგიური, დიაგნოსტიკური, ჯანმრთელობის დამზღვევი კომპანიების) სამეცნიერო და ინფრასტრუქტურულ მხარეებს ვუძღვები, ანუ მეცნიერული საკითხების გარდა, მევალება ტექნიკური არქიტექტურის შექმნა და განხორციელების ხელმძღვანელობა.
 
ამჟამად ჩემი ერთ-ერთი მთავარი კლიენტია City of Hope ("იმედის ქალაქი") - დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ყველაზე დიდი კიბოს კლინიკა. მათთან ერთად შევქმენი სისტემა POSEIDON, რომელიც ყოველდღიურად ასი ათასობით პაციენტის კლინიკურ ინფორმაციასა და გენომებს აანალიზებს ავტომატურად და საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ კვლევები ონკოლოგიაში, ონკო-გენომიკასა და მომიჯნავე დისციპლინებში. იმედი მაქვს, ის დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებასა და მედიცინას.
 
ცოტა ხნის წინ ჩავერთე სხვა, ბევრად უფრო დიდ პროექტშიც, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ან ათობით მილიონი ადამიანის მონაცემების გადამუშავება მოხდება, რაც მეცნიერებასა და მედიცინას სრულიად ახალ, აქამდე არნახულ დონეზე აიყვანს. მისი საშუალებით გარღვევები მოხდება “ზუსტ მედიცინაში” (Precision Medicine): შესაძლებელი გახდება დაავადებების კიდევ უფრო ზუსტი დიაგნოზი, ახალი და გამიზნულად მოქმედი სამკურნალო საშუალებების შექმნა და ა.შ. ეს არის მომავლის მეცნიერება. ეს არის მომავლის მედიცინა.
 
ბიოინფორმატიკა დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი დარგი ხდება. ის განსაკუთრებით მიმზიდველი უნდა იყოს განვითარებადი ქვეყნებისათვის და მათ შორის საქართველოსთვისაც - ის არ საჭიროებს თანამედროვე ძვირადღირებული ლაბორატორიების აშენებასა და დიდ კაპიტალდაბანდებებს. ბიოინფორმატიკისა და გენომიკის წარმატებული სკოლის შექმნისათვის, შემდგომში კი ამ მეცნიერებებზე დაფუძნებული კომპანიების დაარსებისათვის, საკმარისია კომპიუტერებისა და ინტერნეტის ქონა და, რა თქმა უნდა, შესაბამისად მომზადებული ლექტორ-მასწავლებლების ყოლა.იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს განათლების სისტემა თუ კერძო უნივერსიტეტები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და საფუძველს დაუდებენ ამ მეცნიერებების შემსწავლელ ჯგუფებსა თუ კათედრებს.
 
ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს: წინ დიდი გზა გაქვთ და ბევრი სიძნელის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ არასოდეს შეგეშინდეთ სიძნელეების! გახსოვდეთ, რომ ამ გზაზე სიარული გაგხდით უამრავი საინტერესო ამბის მოწმესა თუ ნაწილს. თქვენ საინტერესო ცხოვრება გელით! დღეს გაცილებით იოლია ბევრი რამის სწავლა - ზღვა ინფორმაციასთან გაქვთ წვდომა თქვენი ტელეფონიდანაც კი. საფუძვლიანად ისწავლეთ ბიოლოგია და მასთან ერთად სხვა დისციპლინებიც: პროგრამირება, მონაცემთა დამუშავება, ვიზუალიზაცია და ა.შ. (პროგრამირების ენა Python ყველაზე კარგია ყველა ამისთვის). ეს გაგიხსნით უამრავ კარს - დღეს არ არსებობს სფერო, სადაც ეს არ გამოგადგებათ. Რაც მთავარია, ეცადეთ აკეთოთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნებთ და საინტერესოდ გეჩვენებათ. არ დაიშუროთ ამისათვის დრო და ენერგია და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას!
 
კიდევ ერთი პრაქტიკული რჩევა ჩემი გზიდან გამომდინარე: მეცნიერობა არ არის მარტო აკადემია (ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში მუშაობა). მეცნიერები მუშაობენ კომერციულ კომპანიებშიც, სადაც უამრავი საოცარი აღმოჩენა კეთდება ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. იქ მეტი ტემპია და რისკი. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აკადემიური ცხოვრება ცოტა არ იყოს მოსაწყენია, აუცილებლად იფიქრეთ ინდუსტრიაზე, მოძებნეთ საინტერესო კომპანია და დაიწყეთ თქვენი ცხოვრების ახალი თავის წერა.
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way