USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
დავით გამცემლიძე - ძალაუფლების ტექნოლოგია
дата:  1330

გაგრძელება

დასაწყისი: 1 ნაწილიმე-2 ნაწილიმე-3 ნაწილი

მოსწონს ვინმეს თუ არა, ზვიად გამსახურდიას ფენომენი განუყოფელია საქართველოს ისტორიისაგან. იგი გახლავთ სწორედ ისტორიული, საზოგადოებრივი, სოციალური ფენომენი. ეთნოფსიქოლოგიურიც კი - გარკვეული თვალსაზრისით. ყველა ეს ფენომენალური მხარე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის პიროვნულ თვისებათა ჩათვლით, სრულად და მკაფიოდ გამომჟღავნდა მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში.

    სისულელე და პრიმიტივიზმი იქნებოდა, ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკოსის კრახი აგვეხსნა რაღაც მორალური კატეგორიებით, იმავე პიროვნული თვისებებით (თუმცა ზოგიერთი მათგანი ნამდვილად იძენდა პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას), ოჯახის ზეგავლენით, გარემოცვის სიჩლუნგით, ცალკეული შეცდომებითა და ა.შ.
    ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკოსის ჩვევები არ აღმოაჩნდა. სწორედ «ჩვევები» - ამჯერად არ ვსაუბრობ თანდაყოლილ ნიჭსა (ერთ-ერთი უიშვიათესი ნიჭთაგანია - ავტ.) და უნარზე.
    ზვიად გამსახურდია დისიდენტი იყო. «დისიდენტი» და პოლიტიკოსი კი ერთი და იგივე არ არის: იშვიათია შემთხვევა, როდესაც დისიდენტი პოლიტიკოსის ნიჭსაც ამჟღავნებს. ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
    «ჩვევებს» რაც შეეხება, - მათი გამომუშავება მხოლოდ წლობით დაგროვილი გამოცდილებით ხდება.
    არსებობს კიდევ ისეთი ცნებები, როგორიცაა «პოლიტიკური ტექნოლოგია», «ძალაუფლების ტექნოლოგია», «სახელისუფლებო ტექნოლოგია» და ა.შ.
    ეთნო-მასობრივი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით კი მნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა «სოციალური» და «სახელისუფლებო» ქარიზმა - რაც ერთი და იგივე სულაც არ არის: ზვიად გამსახურდია არისტიკრატიის (ქართული ელიტის) წარმომადგენელი იყო, ანუ სოციალური ქარიზმა ჰქონდა, ამგრამ სახელისუფლებო ქარიზმა არ გააჩნდა, ვთქვათ, ედუარდ შევარდნაძისაგან განსხვავებით, რომელიც მანამდე ათეულობით წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.
    გია ჭანტურიას, სოციალური ქარიზმის მოსაპოვებლად, წლები და მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდებოდა ისევე, როგორც თავის დროზე დასჭირდა ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც სოციალური ქარიზმა (ასეც ხდება) მოიპოვა სახელისუფლებო ქარიზმის მეშვეობით.
    სამაგიეროდ, შევარდნაძე ფლობდა იმას, რაც ზვიად გამსახურდიამ (ჩანს ნიჭიც არ ეყო) სწრაფად ვერ აითვისა - პოლიტიკურ ტექნოლოგიას. ამ ხელოვნების გარეშე არ არსებობს პოლიტიკოსი და პოლიტიკა.
    პოლიტიკას მრისხანე, ფიზიკასა და მათემატიკაზე არანაკლებ ზუსტი კანონები აქვს, რომლებიც სასტიკად სჯიან დისიდენტობას პოლიტიკაში.
    როდესაც კაცს არ ესმის, რომ არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება, არ შეიძლება იმოქმედოს იმპულსურად და ემოციურად, პირადი სიმპატია-ანტიპატიის გათვალისწინებით, - იგი დასაღუპად არის განწირული და დაიღუპა კიდეც. ვაითუ ქვეყანასთან ერთად.

    მხოლოდ ერთი მაგალითი ამ დისკურსში: ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ არჩევის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ მას მოსკოვიდან მილოცვის ბარათი გამოუგზავნა. დარწმუნებული ბრაძანდებოდეთ, შევარდნაძე-გასახურდიასადმი ისევე იყო განწყობილი პიროვნულად, როგორც გამსახურდია-მის მიმართ, მაგრამ მან მისალოცი ბარათი მაინც გამოუგზავნა მოსისხლე მტერს. ეს იყო პოლიტიკოსის ნაბიჯი - პოლიტიკურად მიზანშეწონილი და გათვლილი. ზვიად გამსახურდია იგივეს, რა თქმა უნდა, არ გააკეთებდა არავითარ შემთხვევაში. ამიტომაც დამარცხდა, როგორც პოლიტიკოსი.
    საქართველოს პირველი პრეზიდენტის გამოუცდელობა და პოლიტიკური უნიათობა იმაშიც მჟღავნდება, რა ადვილად აძლევდა იგი მოწინააღმდეგეთ საშუალებას, ჩამოეყალიბებინათ მისი საწინააღმდეგო კონცენტრირებული სტერეოტიპები.
    რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დეკემბერ-იანვრის მოვლენები იყო «კრემლის მიერ ინსპირირებული», «მოქმედებდა მოსკოვის აგენტურა», «საქმეში ჩაერია ГРУ და რუსის ჯარი» - ყოველივე ეს სიმართლე იქნება, მაგრამ არასრული, არაგულწრფელი სიმართლე.
    რა თქმა უნდა, მოქმედებდა კრემლის აგენტურა, რომელიც ტაკიმასხარასავით ათამაშებდა თავის ჭკუაზე იმ ჩვენს რეგვენ «დემოკრატიულ ოპოზიციას», ისევე, როგორც არანაკლებ რეგვენ ხელისუფლებას, მაგრამ აგენტურა ბევრგან მოქმედებდა. არ არსებობდა «მოკავშირე რესპუბლიკა», სადაც იგი არ მუშაობდა, მაგრამ მან თითქმის ვერსად შეძლო იმის ორგანიზება, რაც საქართველოში «გაახერხა».
    მაშასადამე გააჩნია, რის საშუალებას მისცემ მოწინააღმდეგეს; გააჩნია, რამდენად დაუტოვებ მას სივრცეს შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, - რამდენად შეუქმნი შესაბამის ასპარეზს საკუთარი შეცდომებით.

    მართალია, 1991 წლის შემოდგომაზე, საქართველოში იყო კიტოვანის გვარდიაც, უზნეო და უპასუხისმგებლო «დემოკრატიული ოპოზიციაც», დაბოღმილი ელიტაც, უცხოური აგენტურაც, მაგრამ ყველაზე მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა კიდეც კრახი, უდავოდ გახლდათ საზოგადოებრივი ატმოსფერო და საზოგადოებრივი განწყობა. ანუ იმ კონცენტრირებულ სტერეოტიპთა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკოსის ხატს, გნებავთ «იმიჯს», - მისი რეჟიმის ავტორიტეტს, სიმყარეს და ა.შ.
    ამ თვალსაზრისით, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, ჯერ კიდევ 2 სექტემბრამდე, მიწასთან იყო გასწორებული - მისივე უნიჭობისა და უნიათობის წყალობით.
    შედარებისათვის, დავაკვირდეთ ამ თვალსაზრისით ედუარდ შევარდნაძის მოქმედებას. იქნებ ზოგიერთს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს მისი შეფასება, როგორც «გენიალური» პოლიტიკოსისა, რომელიც სრულად დაეუფლა პოლიტიკურ ტექნოლოგიას, მაგრამ ეს კაცი მიხვდა მთავარს: ნებისმიერ საზოგადოებაში (მეტნაკლებად - ტოტალიტარულში ან დემოკრატიულში) ხელისუფლების სიმყარე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მისცემს იგი მოწინააღმდეგეთ შესაბამისი საზოგადოებრივი ატმოსფეროს ანუ (ვიმეორებ) «კონცენტრირებულ სტერეოტიპთა ერთობლიობის» შექმნის საშუალებას.
    დღიდან საქართველოში დაბრუნებისა, ედუარდ შევარდნაძის მოქმედება სწორედ ამ პოლიტიკური იმპერატივით გახლდათ განპირობებული.
    თუ დავაკვირდებით, მისი ყოველი სიტყვა, საჯაროდ გაკეთებული ყოველი განცხადება, ყველა დემარში, თითოეული ნაბიჯი იქითკენაა მიმართული, რომ დაიშალოს, გაბათილდეს საწინააღმდეგო «კონცენტრირებული სტერეოტიპები» და პირიქით, შეიქმნას დადებითი, პოზიტიური, მისთვის სასარგებლო სტერეოტიპები, რომლებიც განამტკიცებენ სტაბილურობას.
    ამ მომენტს შევარდნაძე ყოველთვის ითვალისწინებს. არც ერთ ნაბიჯს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში იგი არ გადადგამს პოლიტიკური ტექნოლოგიის დარღვევით, - საზოგადოებაში ამა თუ იმ სტერეოტიპული წარმოდგენის შექმნის ალბათობის გაუთვალისწინებლად. ხოლო როდესაც საზოგადოება თავად იმყოფება გაურკვევლობაში, თავად ვერ გამოუმუშავებია ერთიანი მიდგომა, შევარდნაძე ხშირად საპირისპირო ნაბიჯებს დგამს.
    როდესაც იგი ატყობს, რომ საზოგადოებაში მწიფდება და კონცენტრირებული სტერეოტიპის (ანუ პოლიტიკური ფაქტორის) მნიშვნელობას იძენს, მაგალითად, ასეთი სტერეოტიპი: «შევარდნაძისათვის მზე კვლავ ჩრდილოეთიდან ამოდის, შევარდნაძემ საქართველო კვლავ რუსეთში დააბრუნა» - იგი დაუყოვნებლივ დგამს ნაბიჯებს საპირისპირო მიმართულებით: აკეთებს სენსაციურ განცხადებებს ნატოს გაფართოებასთან და «2005 წელს ნატოს კარზე დაკაკუნებასთან» დაკავშირებით; გმობს რუსეთის პოლიტიკას ბალკანეთზე; უარს აცხადებს დაესწროს მოსკოვის დაარსების 850 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმს და ა.შ. ამით იგი თანდათან აძლიერებს საპირისპირო «კონცენტრირებულ სტერეოტიპს» («შევარდნაძემ რუსეთი საბოლოოდ გადაგვკიდა, რუსეთი შევარდნაძის გამო გვსჯის»), რათა მეორემ გააწონასწროს პირველი.
    მართლაც, შეიძლება თუ არა პოლიტიკოსს ერთდროულად ედავებოდე, რომ იგი «პრორუსულ პოლიტიკას» არ ატარებს და, იმავდროულად, «რუსეთის გავლენის აგენტია»?
    ხოლო თუ მეორე («პროდასავლური») სტერეოტიპი მეტისმეტად გაძლიერდა, - შევარდნაძე ისევ საპირისპირო მიმართულებით დგავს ნაბიჯებს: სიტყვით გამოდის მოსკოვში, - ფაშიზმის დამარცხებისადმი მიძღვნილ მემორიალის გახსნაზე, ხელს აწერს 25 წლიან ხელშეკრულებას ბაზების თაობაზე და ა.შ.
    ეს არის ჩვეულებრივი «ბალანსირების პოლიტიკა», რომელსაც განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს ქართული სოციუმის ზოგიერთი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურება.
    მაგრამ მის განხორციელებას, იმავდროულად, დიდი ნიჭი და ოსტატობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საპირისპირო შედეგს გამოიღებს. მაგალითად, თუ შევარდნაძის შემთხვევაში საპირისპირო სტერეოტიპები ერთმანეთს აწონასწორებენ და «აბათილებენ», გამსახურდიას შემთხვევაში ისინი მხოლოდ ამძიმებდნენ მის მდგომარეობს.
    ნიშანდობლივი ფაქტია: ზვიად გამსახურდიას ერთდროულად სდებდნენ ბრალს, რომ მან «მოაწყო ოსი ხალხის გენოციდი» და რომ მან «ოს სეპარატისტებს ისე დაუთმო შიდა ქართლი, როგორც თეიმურაზ ხევისთავმა მარგო - ჯაყოს».
    თითქოს ურთიერთსაპირისპირო ბრალდებებია, მაგრამ ისინი ერთმანეთს კი არ აბათილებდნენ, პირიქით, - ერთდროულად მუშაობდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ.
    ედუარდ შევარდნაძეს კი ერთდროულად ადანაშაულებდნენ, რომ მან «დაიწყო ომი აფხაზეთში» («ამით კავკასია გადაგვკიდა») და «შეაჩერა ჯარები, რითაც შეაფერხა აფსუათა ამოწყვეტის დიდებული ქართული საქმე».
    ოღონდ, ამ შემთხვევაში, სტერეოტიპები ერთმანეთს აწონასწორებდნენ და, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ვერაფრით მოხერხდა მათგან ერთიანი კონცენტრირებული სტერეოტიპის ჩამოყალიბება: «ან არ უნდა დაიწყო ომი, ან თუ დაიწყე, ბოლომდე უნდა წახვიდე». ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა, მაგრამ ნაკლებად ნიჭიერ და ჭკვიან პოლიტიკოსთან მიმართებაში იგი უეჭველად ქმედითი იქნებოდა.
    ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიის თაობაზე წიგნის ბოლო თავებშიც გვექნება საუბარი.

    2 სექტემბერს აგორეულ ტალღას, რომელიც სულ უფრო იკრებდა ძალას, ყველაზე მეტად სწორედ იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო უწყობდა ხელს. ზვიად გამსახურდიას გამოუცდელობამ და არაკომპეტენტურობამ საშუალება მისცა მის მოწინააღმდეგეთ, შეექმნათ ისეთი სტერეოტიპები, რომელთა გაბათილება ან ნიველირება უკვე შეუძლებელი იყო. ამიტომაც, აბსოლუტურად მართალია ირინა სარიშვილი, რომელმაც იმ მოვლენათა შეფასებისას განაცხადა: «მთავარი ძალა იყო არა კიტოვანის გვარდია, არამედ საზოგადოებრივი აზრი» - სრული ჭეშმარიტებაა! ოღონდ მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინებით: «საზოგადოებრივ აზრში» უმეტესწილად ელიტის, ისტებლიშმენტის აზრი იგულისხმება. ანუ იმ სოციალური ფენისა, რომელიც ზურაბ ჟვანიას ძალზე ზუსტი განსაზღვრებით, «ქმნის ამინდს».
    მასის, «ბრბოს» აზრი ძალიან, ძალიან იშვიათად «ქმნის ამინდს».

    რა თქმა უნდა, კრემლიც მუშაობდა ამ მიმართულებით. მაგალითად, სწორედ ასეთი სტერეოტიპის შესაქმნელად აიძულეს ზვიად გამსახურდია, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, საჯაროდ მოენანიებინა. ანუ იმგვარი საქციელი ჩაედინა, რასაც ქართული მენტალიტეტი ვერასგზით ვერ შეეგუებოდა ან თუ შეეგუებოდა, მხოლოდ შინაგანი კონფლიქტის ფასად, რასაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოჰყვებოდა გართულება.
    რა არგუმენტი უნდა დაეპირისპირებინა მას, შემდგომ, თავისი ნაბიჯის გასამართლებლად? – ნამდვილად ვერაფერს დაუპირისპირებდა.
    ამავე დისკურსში ასეულობით მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუმცა, ერთიც საკმარისია ამჯერად: «ზვიად გამსახურდია იმყოფება მეუღლისა და ცოლისდის გავლენის ქვეშ».
    მით უმეტეს ძლიერი იქნებოდა ეს სტერეოტიპი საქართველოში, ანუ იმ საზოგადოებაში, სადაც სქესთა თანასწორობა კვლავ ქიმერად რჩება: «ქალმა ხაჭაპურის გამოცხობა უნდა იცოდეს». და რა თქმა უნდა, არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში.
    ზემოთ უკვე ვთქვი: არ არსებულა, არ არსებობს და არც იარსებებს პრეზიდენტი, რომლის მეუღლე ამა თუ იმ ზომით, ამა თუ იმ ფორმით არ ერევა «ქმრის საქმეში». ამას კარგა ხანია მიხვდნენ ცივილიზებული ერები და ამიტომაც მიუჩინეს კუთვნილი ადგილი პრეზიდენტის მეუღლეებს ოფიციალურ ეტიკეტში და თვით სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებშიც კი (ოღონდ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზღვრამდე).
    მაგალითად, ჩვენში ბევრს გაუკვირდება, რომ საფრანგეთში, საგარეო საქმეთა მინისტრის პარიზში არყოფნისას, ოფიციალურ სტუმრებს იღებს მისი მეუღლე (!). საქართველოში ამგვარი რამ წარმოუდგენელია. და არა მხოლოდ საქართველოში.
    მაგრამ, იმავდროულად, ყველაფერს სჭირდება შესაბამისი ფორმა, ზომა, რეალობის გათვალისწინება.
    მართლაც, არც ერთ ცივილიზებულ ერს არ გააკვირვებდა პრეზიდენტის მეუღლის ხელმოწერა ისეთი მნიშვნელობის აქტზე, როგორიცაა «დამოუკიდებლობის დეკლარაცია». მაგრამ საქართველოში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა!
    გავიხსენოთ, რა აურზაური მოჰყვა მანანა არჩვაძის დანიშვნას პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად. არადა, დაახლოებით იმავე პერიოდში, სავსებით ოფიციალურად, ბილ კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გახლდათ ჰილარი კლინტონი, ხოლო ჯორჯ ბუშ (უფროსისა), - ბარბარა ბუში.
    ბილ კლინტონმა ერთ-ერთი გამოსვლა თეთრ სახლში, ატომური შეიარაღების შემცირების პრობლემებზე, დაიწყო. . . თავისი მეუღლის ციტირებით: ამერიკის «პირველ ლედის» რაღაც უთქვამს «წარსულისა და მომავლის ურთიერთკავშირის შესახებ» - რომელიღაც საჯარო გამოსვლისას. შეგიძლიათ ამგვარი რამ წარმოიდგინოთ საქართველოში?
    სხვა საქმეა, რომ ჰილარი კლინტონი ჭკვიანი ქალია და სულელური დემარშებით, მანიაკალური აკვიატებით, უხეშობით თავის მეუღლეს მტრებს არ მოუმრავლებდა.
    ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი, მცირედი მაგალითია.
    არც ქალებშია საქმე მხოლოდ, არც გარემოცვაში, ან ოდიოზურ ინტერვიუებში, უგუნურ რადიკალიზმში, ვერბალურ შეურიგებლობაში, - მაგრამ ყოველივემ ერთად შექმნა ის ატმოსფერო, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურს, მუშაობა ძალზე გაუადვილდა.
    რაც შეეხება სახელისუფლებო ტექნოლოგიას: როდესაც ვინმეს თანამდებობიდან ათავისუფლებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ გათავისუფლებული შენზე ძლიერი არ აღმოჩნდება.
    ედუარდ შევარდნაძე არასდროს გაათავისუფლებდა თანამდებობიდან იმას, ვინც «გარეთ» უფრო საშიში იქნება ხელისუფლებისათვის, ვიდრე «გვერდით მყოფი». ამაში ვლინდება სწორედ «ძალაუფლების ტექნოლოგია». ყველა საქმეს სწორედაც რომ «ცოდნა უნდა». შემდეგ კი გვიკვირს, როგორ შეარჩია დრო: ზუსტად მაშინ მოიშორა კიტოვანი, როდესაც ეს უკანასკნელი, საპასუხოდ, ვეღარაფერს დააკლებდა. ჯაბას მაშინ ხელი არ ახლო, ვინაიდან ჯერ ვითარება არ «მომწიფებულიყო».
    ზვიად გამსახურდიას კი პრეზიდენტობა ბრძანებულებაზე ხელის მოწერა ეგონა. მისგან განსხვავებით, შევარდნაძეს სრულად ჰქონდა შეგნებული პოლიტიკის მრისხანე კანონთაგან ერთ-ერთი უსასტიკესი და უმნიშვნელოვანესი: ხელისუფლებას ფლობ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ფლობ ძალაუფლებას.
    არც ნაკლებად, მაგრამ არც მეტად.

გაგრძელება იქნება

https://experti.ge

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати