USD 2.6032
EUR 2.9169
RUB 3.0626
თბილისი
აგვისტოს პუტჩი: რკონში გაჭრა - ეროვნული მოძრაობა
თარიღი:  1964

გაგრძელება

დასაწყისი - https://tbilisipost.ge

ძნელი სათქმელია ზუსტად, რა მოხდა ზვიად გამსახურდიასა და თენგიზ კიტოვანს შორის 19-20 აგვისტოს. ფაქტია, კიტოვანმა არ შეასრულა პრეზიდენტის ბრძანება და არათუ გადადგა, არამედ გვარდიის ელიტასთან (სულ 100-150 კაცთან) ერთად რკონის ხეობაში გავიდა.
    ძალზე საეჭვოა კიტოვანის მთავარი მოტივი, რომ თურმე, მან «რუსი გენერლების ბრძანების შესრულებას სამშობლოსათვის გმირულად სიკვდილი არჩია» და სწორედ ვითომდაც ამიტომ თქვა უარი დამორჩილებოდა გამსახურდიას ბრძანებას გვარდიის დაშლის შესახებ.
    ჯერ ერთი, გვარდია არავის დაუშლია – იგი უნდა დაქვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც კიტოვანისათვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო, მაგრამ ეს არ არის იგივე, რაც «გვარდიის დაშლა».
    ამ გვარდიაში (კიტოვანის გვარდიაში) გამეფებულ სულისკვეთებასა და აზროვნების დონეზე თუნდაც ის არგუმენტი მეტყველებს, რომელსაც მაშინ ხშირად გაიგონებდით: «ძაღლობას როგორ დავემორჩილოთო».
    ეს მით უფრო სასაცილოა, როდესაც (გოგა ხაინდრავას მტკიცებით), სულ ცოტა ხნის შემდეგ, 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსთაველის გამზირზე საომარი მოქმედებების დროს, - იმავე კიტოვანს, ЗАКВО-შტაბში, გენერალ სუფიან ბეპაევის კაბინეტში ეძინა «დივანზე» თენგიზ სიგუასთან ჩახუტებულს.
    მთლიანობაში კი, იმის გასაცნობიერებლად, თუ რა მოტივაციური კომპლექსი შეიქმნა მაშინ გვარდიაში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რა პრინციპით შედგა ხსენებული გვარდია.
    მისი ერთი ნაწილი იყო ქართველი საბჭოთა ოფიცრობა, რომელთა უდიდესი უმრავლესობის ნამდვილ პატრონთა თაობაზე უკვე მოგახსენეთ.
    მეორე ნაწილი გახლადთ ე.წ. «ძველბიჭობა» ანუ იგივე შავი სამყარო - კიტოვანის ძმაკაცები, ან ძმაკაცის-ძმაკაცები, ძმაკაცის-ძმაკაცის-ძმაკაცები და ასე შემდეგ.
    ანუ, გვარდიაში კიტოვანმა იმიტომაც შეინარჩუნა პოზიციები (როდესაც გამსახურდიამ სცადა ესარგებლა ვითარებით და გვარდიის აბრის შეცვლასთან ერთად კიტოვანიც მოეშორებინა), რომ იგი შემდგომდროინდელი «საძმოების» პრინციპით გახლდათ ჩამოყალიბებული.
    ამ შეიარაღებული ფორმირების ელიტაში მოქმედებდნენ ერთის მხრივ «შავი სამყაროსათვის» ჩვეული მიმართებები, კორპორაციულობის სპეციფიური კანონები (და არა ცივილიზებული არმიისა, რომელიც «ერთმმართველობის პრინციპს» ეფუძნება) მეორეს მხრივ კი, ნამდვილად არსებობდა მოსკოვის სპეცსამსახურთა დაინტერესება.
    კრიზისულ ვითარებაში «შავი» და «ძველბიჭური» ცხოვრების წესისათვის ჩვეულმა მიმართებებმა (რასაც, რა თქმა უნდა ემატებოდა გვარდიის შექმნაში ჩადებული ერთობლივი ფული და მოსალოდნელი ფინანსური მოგების ხიბლიც) შექმნა ინტერესთა თანხვედრა ორივე სეგმენტს შორის და განაპირობა გვარდიის კონსოლოდირება - პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ.
    მაშასადამე, კიტოვანის «რკონში გასვლა» სულ სხვა მოტივებით აიხსნება. გავიხსენოთ, რომ 1991 წლის აპრილ-მაისიდან გვარდია გამსახურდიას ფაქტობრივად აღარ ემორჩილებოდა. ამ შეიარაღებული ფორმირების შესაქმნელად ყოფილმა საბჭოთა სამეურნეო ელიტამ დიდძალი ფული დახარჯა. კიტოვანი დამოუკიდებელ ფიგურად იქცა. ჯერ კიდევ ივლისში იგი გადატრიალების იმიტაციას აწყობდა (ამის თაობაზე ცოტამ თუ იცის) რის გამოც ზვიად გამსახურდია სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში ხევიდან.
    კიტოვანი გრძნობდა, რომ გამსახურდიას მისი დამოუკიდებლობა არ ეპიტნავებოდა და ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით, აუცილებლად მოიშორებდა.

    ერთ ასეთ საინტერესო ეპიზოდს გაგახსენებ: დაახლოებით 1991 წლის ივნის - ივლისში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოულოდნელად გამოჩნდნენ «გვარდიელთა» სამ-სამ კაციანი ჯგუფები. ისინი უხმოდ, უიარაღოდ ცემდნენ ბოლთას თავისუფლების მოედნიდან - სასტუმრო აჭარამდე. შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით და ა.შ. ეს აშკარად ძალის დემონსტრირება იყო. გვარდიელები, ცხადია, კიტოვანის ბრძანებას ასრულებდნენ. ამის უფლება მხოლოდ მას ქონდა. რას შეეძლო გამოეწვია მისი გაღიზიანება?
    დაინტერესებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ იმავე პერიოდში წარმოიშვა მწვავე დაპირისპირება თენგიზ კიტოვანსა და ვაჟა ადამიას შორის. ადამია შესაბამის კომიტეტს ხელმძღვანელობდა უზენაეს საბჭოში. მისი გადაწყვეტილებით, გვარდიაში გაიგზავნა კომისია, - საერთო ვითარების შესასწავლად და ფინანსური რევიზიისათვის, რამაც კიტოვანის გააფთრება გამოიწვია. იგი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა გამსახურდიას და მუქარანარევი ტონით, კომისიის გვარდიიდან გაწვევა მოსთხოვა. ზვიად გამსახურდია ორ ცეცლშუა აღმოჩნდა: ან კიტოვანი უნდა გაენაწყენებინა საბოლოოდ, ან ადამია. პრეზიდენტმა ვაჟა ადამიას განაწყენება არჩია, ვინაიდან კიტოვანსა და გვარდიას უფრო მეტად უწევდა ანგარიშს და მათ უფრო ერიდებოდა.
    უზენაესი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ვაჟა ადამია დატუქსა: როგორ გაბედე გვარდიაში კომისიის გაგზავნა, როდესაც იქ პრეზიდენტის გარეშე ჩიტი ვერ უნდა შეფრინდესო. ერთი ძალზე უცნაური ფრაზაც თქვა: «არა, მე სიტყვიერად კი დაგეთანხმე შეგემოწმებინა, მაგრამ წერილობითი ბრძანება ხომ არ მომიცია?». მაშასადამე მან იცოდა და ეთანხმებოდა კომისიის გაგზავნას გვარდიაში. მაგრამ როდესაც კიტოვანი «მიაწვა», - ადამია ადვილად გაწირა, რამაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელის განაწყენება გამოიწვია. საბოლოოდ კი, გამსახურდიამ ადამიაც გადაიკიდა სამტროდ და ვერც კიტოვანი გაიერთგულა.
    თენგიზ კიტოვანისა და მისი «გვარდიის» შეფასებაში ვაჟა ადამია ნამდვილად არ ცდებოდა. იგი უიშვიათესი გამონაკლისი იყო - ერთდროულად ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება ზვიად გამსახურდიას უბადრუკ «გუნდში.»
    მაგრამ ვაჟა ადამიას უკმაყოფილებას უეჭველად კიდევ ერთი მოტივი ქონდა: იგი სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. სხვათა შორის, გვარდია (ორგანიზაციულად) იმ ომში მონაწილეობას არ იღებდა, ვინაიდან, კიტოვანის განცხადებით, «რუსის ჯარის ეშინოდა». ფაქტობრივად, მიმდინარეობდა ოსების (სეპარატისტების) ჟლეტა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც გააძევეს.
    აქვე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ოსური მოსახლეობის განდევნა სურამიდან, ბორჯომიდან, გორიდან, საქართველოს სხვა რეგიონებიდან, - იმდროინდელი მმართველი რეჟიმის უნიათობის კიდევ ერთი გამოვლინებაა - ეს ხალხი ქვეყანას ვერაფერს დაუშავებდა, მათ განდევნას კი «მსოფლიო რეზონანსი» მოჰყვა და დიდად განაპირობა საქართველოს პირწმინდა დამარცხება საინფორმაციო ომში.
    როგორც ჩანს, ბოლოს გამსახურდიაც მიხვდა, რომ სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესთა თვითდინებაზე მიშვება მის ხელისუფლებას დასავლეთში ავტორიტეტს უკარგავდა, ამიტომ ადამიას «შეკავებას» ცდილობდა, რაც «მერაბ კოსტავას საზოგადოების» ლიდერს იმთავითვე აღიზიანებდა.
    ადამიას «გადაკიდებით» პრეზიდენტმა უკანასკნელი ძალისმიერი დასაყრდენიც დაკარგა. ისევ გამომჟღავნდა მისი გამოუცდელობა და პოლიტიკური ტექნოლოგიის არცოდნა. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც შემდგომ წლებში არაერთგზის გაიარა ბეწვის ხიდზე, ასეთი არჩევანის აუცილებლობამდე საქმეს არ მიიყვანდა ან ისეთ არჩევანს გააკეთებდა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ არ შემობრუნდებოდა.
    მეორე პრეზიდენტმა (მისი წინამორბედისაგან განსხვავებით) ხელისუფლება დიდხანს სწორედ იმიტომ  შეინარჩუნა ურთულეს ვითარებაში, რომ უზადოდ ფლობდა ძალაუფლების ტექნოლოგიას და გადამწყვეტ ვითარებაში, შეუმცდარ არჩევანს აკეთებდა. ზვიად გამსახურდიამ კი, ამ თვალსაზრისით, უამრავი სტრატეგიული და ტაქტიკური ხასიათის შეცდომა დაუშვა.

    თენგიზ კიტოვანის «გასვლას» რკონში უცნაურად ხსნიან: გვარდიამ ამით ГКЧП-ს დაუმორჩილებლობა გამოუცხადაო. არადა, თუ კარგად დავაკვირდებით, პირიქით იყო! ზვიად გამსახურდია კიტოვანს თხოვდა, ერთი ასეული მაინც დაეტოვებინა «მთავრობის სახლის დასაცავად», მაგრამ ამაოდ.
    მიაქციეთ ყურადღება – სწორედ მაშინ დარჩა თბილისში ქობალიას ასეული (გვარდიის ხელმძღვანელობის ნების საწინააღმდეგოდ) ანუ 19 აგვისტოს საღამოს, - როცა ვერავინ იტყოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რას მოიმოქმედებდა ГКЧП.
    ამ მომენტს ყურადღებით დავაკვირდეთ, ოღონდ ისიც გავითვალისწინოთ, რომ კიტოვანს, უდავოდ ახლო ურთიერთობა ქონდა რუსეთის ჯარების ხელმძღვანელობასთან. მათი მეშვეობით ყიდულობდა იარაღს (ამ პროცესს მტკიცედ აკონტროლებდა ГРУ) და ა.შ.
    ბუნებრივია, კიტოვანთან და მის გარემოცვასთან, გვარდიის შექმნის დღიდანვე მუშაობდა რუსეთის სამხედრო სპეცსამსახური. ამიტომ ხომ არ იყო კიტოვანი ესოდენ «ვაჟკაცი», რომ იცოდა, არ გაწირავდნენ?
    ამ გვარდიაში ყოველი მეორე თუ არა, მესამე, ГРУ-ს შტატიანი ან უშტატო თანამშრომელი, ინფორმატორი, სტუკაჩი, სექსოტი და აგენტი იყო. აბა რომელი სახელმწიფო გაანადგურებს ესოდენ ფასეული და ერთგული აგენტებით სავსე ფორმირებას? გამსახურდიას განგებ შეიძლება კიდეც დაემუქრენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში გვარდიის განადგურება აზრადაც არავის მოსვლია.
    კიტოვანს რომ მართლა ჰქონოდა თავდასხმის შიში, თბილისიდან რკონს არ წავიდოდა, ვინაიდან თავდასხმის მოლოდინში გვარდიისათვის ქალაქში გამაგრება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე, ფაქტობრივად ტრიალ მინდორში. სასაცილოა იმის თქმა, თითქოს რკონის ხეობა რუსის ჯარისათვის მიუდგომელი იქნებოდა თუ იგი გვარდიის განადგურებას გადაწყვეტდა. ვინც იქ ყოფილა და ეს ხეობა უნახავს, უეჭველად დამეთანხმება.
    ნურავინ იტყვის ახლა სისულელეს, თითქოს კიტოვანი და მისი გვარდიელები ისეთი კეთილშობილები იყვნენ, რომ «მშვიდობიანი მოსახლეობიასთვის საფრთხის შექმნას მოერიდნენ». სინამდვილეში (ვიმეორებ), კიტოვანი თბილისიდან რკონში იმიტომ გავიდა, რომ იცოდა: ვისთანაც გვარდიის შექმნის დღიდან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, არ გაწირავდა, რაკი მტრად არ აღიქვავდა. ისიც კარგად იცოდა, რომ ГКЧП-ს მთავარი სამიზნე გამსახურდია იქნებოდა და არა ГРУ-ს არხებით შეიარაღებული გვარდია.
    დავსვათ უმთავრესი კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ძალის გამოყენებას გადაწყვეტდა, სად განვითარდებოდა მოვლენები? - რასაკვირველია, მოვლენათა ეპიცენტრი იქნებოდა თბილისი და რუსთაველის გამზირი, კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენცია. ამიტომ «რკონში გასვლა» მთავარი მოვლენებისაგან თავის გარიდება, «გვერდზე გადგომა» იყო და არა დაუმორჩილებლობა.
    კიტოვანი ამით თითქოს ეუბნებოდა რუსულ გენერალიტეტს: მე გვერდზე ვდგები და მაგას (ზვიად გამსახურდიას) რაც გინდათ მანდ ის უყავითო. რაც სეირის საყურებლად «ჩრდილში განზე გადგომა» უფროა, ვიდრე საპროტესტო დემარში, როგორც დღემდე ხსნიან სრულიად დაუსაბუთებლად.
    ეს მოტივი შეიძლება არ სცოდნოდა გვარდიის ყველა ოფიცერს, მაგრამ უდავოდ იცოდა გვარდიის ელიტამ.
    ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ გენერალი პატრიკეევი მართლა აპირებდა დიდწილად მის მიერვე შეიარაღებული გვარდიის განადგურებას? რასაკვირველია ყალბი იყო მისი მუქარაც გვარდიის (მაგრამ არა პირადად გამსახურდიას) მიმართ.
    თუმცა, მთლიანობაში, მუქარამ თავისი საქმე გააკეთა. ფორმალურად, ГКЧП-ს ბრძანება გვარდიის დაშლის შესახებ მართლაც არსებობდა, მაგრამ ეს უფრო გამსახურდიას წინააღმდეგ გამოყენებული «კაზუს ბელი» იყო. ამიტომ გენერალი პატრიკეევი თავს ვალდებულად თვლიდა საქართველოს პრეზიდენტისათვის ულტიმატუმი წაეყენებინა, თუმცა უმალვე აფრენდა შიფროგრამას იანაევთან და იაზოვთან: ხომ არ გადარეულხართ, კიტოვანის გვარდიაში ყოველი მესამე ჩემი კაციაო.
    თენგიზ კიტოვანმა ეს ყოველივე შესანიშნავად იცოდა, ვინაიდან როგორც კი შეიტყობდა მოსკოვში გადატრიალების ამბავს, უმალვე დაუკავშირდებოდა თავის პარტნიორებს, რომელთა მეშვეობითაც ქმნიდა გვარდიას, - ვისთანაც ქონდა მჭიდრო ურთიერთობა 1990 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ მისთვის ჩვეული «ბრძნული» გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი ხელისუფლების საკვანძო თანამდებობაზე, გვარდიის სარდლად, კაკო ასათიანის რეკომენდაციით, «ტრადიციონალისტი» თენგიზ კიტოვანი დანიშნა.
    შემდეგ კი უკვირდა, როგორ მიღალატა და ეს რა მიქნაო. შე ოჯახაშენებულო, თენგიზ კიტოვანს რომ გვარდიის სარდლად დანიშნავ სხვას რას უნდა ელოდე? ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც საქართველოში მოხდა, - თვით თენგიზ კიტოვანი, ვინც ეს ყოველივე ჩაიდინა, თუ პრეზიდენტი, რომელმაც ამას შეიარაღებული ძალა ჩააბარა? რა თქმა უნდა პრეზიდენტია დამნაშავე - აბა კიტოვანს რა მოეთხოვება და რა მოეკითხება?!

    ზოგადად, ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა (დანაშაული, - ვინაიდან პოლიტიკაში შეცდომა იგივე დანაშაულია) ის იყო, რომ იგი თავიდანვე ვერ მიხვდა: კრიმინალური ფენა მის მოკავშირედ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან ეს ფენა ათწლეულების განმავლობაში სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო. კრიმინალს სხვა ფსიქოლოგია, განსხვავებული მენტალიტეტი, სხვა განწყობა ჰქონდა, ვიდრე დისიდენტს. ეს ეხება ეროვნული მოძრაობის ორივე ფრთას, რომელთა კრიმინალური «ფავორიტები» ფართოდ არიან ცნობილნი.
    უზნეო ზღაპარია, თითქოს კრიმინალი საბჭოთა ეპოქაში სისტემის საწინააღმდეგო მოძრაობა, ერთგვარი სახეცვლილი და შენიღბული „დისიდენტობა“ იყო. სინამდვილეში, თვისებრივად, კრიმინალი - კრიმინალად რჩება ყველგან და ყოველთვის. მას პოლიტიკა არ აინტერესებს ან აინტერესებს მხოლოდ იმდენად (მაშინ) რამდენადაც (როდესაც) სჭირდება ან შეიძლება გამოიყენოს თავისი მიზნებისათვის. ახალგაზრდა სტალინი და კამო ამ აზრით კრიმინალები არ იყვნენ - ისინი პოლიტიკაში მოქმედებდნენ კრიმინალური მეთოდებით.
    დამისახელეთ ე.წ. «კანონიერ ქურდი», რომელიც გასული საუკუნის 60-70 - იან წლებში, საბჭოთა კავშირში პროკლამაციებს ავრცელებდა ან «აქციებში» მონაწილეობდა.
    ციხეში, - კი ბატონო, შეიძლებოდა კიდეც დახმარებოდა «პოლიტიკურებს».
    ყოველივე ამის გათვალისწინება არ სურდა არც ზვიად გამსახურდიას, არც გია ჭანტურიას - ამიტომაც დაისაჯნენ სასტიკად.

    22 აგვისტოს ГКЧП საბოლოოდ დამარცხდა. პუტჩისტები დააპატიმრეს. ელცინი გამარჯვებას ზეიმობდა.
    ზვიად გამსახურდიამ Cnn-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტჩის ორგანიზატორი, შესაძლოა თავად გორბაჩოვი ყოფილიყო. იგივე ეჭვი გამოთქვა მოსკოვში გამართულ «გამარჯვებულთა მიტინგზე» ედუარდ შევარდნაძემაც.
    როდესაც გორბაჩოვს, ყირიმიდან დაბრუნების შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე ეს უთხრეს და კომენტარი სთხოვეს, მან უხეშად უპასუხა: «Гадание на кофейной гуще я остовляю на совести Шеварднадзе». ანუ ვერ შეიკავა თავი და კვლავ გამოამჟღავნა უარყოფითი დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძის მიმართ.
    27 აგვისტოს, «დოიჩე ველესათვის» მიცემულ ინტერვიუში, ზვიად გამსახურდიამ გორბაჩოვს «პოლიტიკური გვამი» უწოდა. გერმანელ ჟურნალისტს ირონიულად ჩაეცინა. არადა ეს სრული სიმართლე იყო. რამდენიმე დღის შემდეგ გორბაჩოვი გავიდა კომუნისტური პარტიიდან (!!!). აგვისტოს ბოლომდე თითქმის ყველა მოკავშირე რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ჩატარდა სსრკ სახალხო დეპუტატთა უკანასკნელი ყრილობა, რომელზეც კაკო ასათიანმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად იყო მიერთებოდა ფორმულა 12+1-ს (ყოველ შემთხვევაში, გაეზიარებინა შატალინ-იავლინსკის ეკონომიკური პროგრამა), თუ აღიარებული იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა ანუ მთლიანობა.
    ამ შემთხვევაში საქართველო მზად იყო, ეფიქრა კონფედერაციაზეც კი - თუ კრემლი საბოლოოდ იტყოდა უარს «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» გეგმაზე, რაც საქართველოსათვის ოთხ ნაწილად დანაწევრებას ნიშნავდა.
    ყრილობაზე 11-მა რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის იურიდიული გაფორმების დასაწყისი გახდა. საქართველომ მხოლოდ დამკვირვებლის იურიდიული სტატუსი დააფიქსირა.
    თუმცა, 2 სექტემბერს, კაკო ასათიანს ამ საკითხებისათვის «აღარ სცხელოდა», ვინაიდან თბილისში დიდი ამბები დატრიალდა

გაგრძელება იქნება

experti.ge

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის