USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
დავით გამცელიძე: 2 სექტემბერი - ეროვნული მოძრაობა
дата:  926

გაგრძელება

დასაწყისი: 1 ნაწილიმე-2 ნაწილი

1991 წლის 2 სექტემბერი ისეთივე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს უახლესი ისტორიისა, როგორც 9 აპრილი, 22 დეკემბერი ან 27 სექტემბერი.
    2 სექტემბრის მოვლენამ შესაძლოა ვერ განსაზღვრა პროცესთა განვითარება, მაგრამ იგი მათ უზუსტეს გამოვლინებად და გამოხატულებად იქცა.
    დიახ, ორი სექტემბერი არ იყო განმსაზღვრელი, მაგრამ მის გარეშე პროცესები ვერ დაჩქარდებოდა. ანუ ეს თარიღი სწორედ ამით განსხვავდება, ვთქვათ, 9 აპრილისაგან, რომლის გარეშე პროცესები, შესაძლოა, სხვა მიმართულებითაც განვითარებულიყო.

    2 სექტემბერს, კინოს სახლთან დატრიალებულ მოვლენათა შინაარსის სწორად აღსაქმელად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქვეყანაში შექმნილი ზოგადი ვითარება და უმალვე ცხადი გახდება, რამდენად ყალბია «ოფიციალური ვერსია», რომელსაც შემდგომში, სამოქალაქო ომში გამარჯვებული მხარე გვთავაზობდა: «კინოს სახლთან შეიკრიბა ჩვეულებრივი საინფორმაციო მიტინგი, რომელიც მხეცურად დაარბია დიქტატორმა (ტირანმა), რასაც საყოველთაო აღშფოთება და საპროტესტო გამოსვლათა აგორება მოჰყვა».
    ეს არის თავიდან ბოლომდე სიყალბე.
    2 სექტემბრისათვის ზოგადპოლიტიკური სიტუაცია უკვე მოითხოვდა ექსცესს, რათა აფეთქებულიყო «დენთის კასრი», რომელზეც ხელისუფლება იჯდა 1991 წლის ზაფხულიდან. განსაკუთრებით, 19 აგვისტოს შემდეგ.
    გავიხსენოთ ის ვითარება: თენგიზ კიტოვანი არ ცნობს ხელისუფლებას და გვარდიის ელიტასთან ერთად (რომელშიც ყოველი მეორე თუ არა, მესამე ГРУ-ს აგენტია), განზეა გამდგარი. კიტოვანმა უკვე მოიპოვა ოპოზიციურ წრეებში (როგორც მოგახსენეთ, სრულიად დაუმსახურებლად და უსამართლოდ - ავტ.) ГКЧП-ს წინააღმდეგ მებრძოლი «გმირის» სახელი - განსხვავებით ზვიად გამსახურდიასაგან;
    ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ «პრეზიდენტმა შეგვარცხვინა» ანუ დაემორჩილა უკანონო ხუნტის ბრძანებას მაშინ, როდესაც, მთელი მსოფლიო (თურმე ნუ იტყვით) თავიდანვე გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა კავშირში დემოკრატიის გადასარჩენად – ГКЧП-ს წინააღმდეგ;
    ხელისუფლებიდან გაძევებული და დაბოღმილი თენგიზ სიგუა სახლში ზის და ჯერ-ჯერობით იძულებულია წყენა გადაყლაპოს. სხვა გზა თითქოს არ ჩანს;
    28 ოქტომბრის «მშვიდობიანი გადატრიალების» შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორებული ელიტა სინანულით აკვირდება პროცესთა განვითარებას: საბჭოთა კავშირი ინგრევა და შეიძლება საქართველო მართლა განთავისუფლდეს - რაც მათთვის საძულველი გამსახურდიას ავტორიტეტის განმტკიცებას ნიშნავს. ანუ, შეიძლება იძულებულნი გახდნენ, შეეგუონ სოციალური ცენზისა და სტატუსის დაკარგვას;
    ე.წ. «კონგრესიც» შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით: დასტურდება «არალეგიტიმისტური» პოლიტიკური კონცეფციის სიბრიყვე. «ლიტვის გზა» ამართლებს. საქართველოს უჩნდება რეალური შანსი, ამ გზით მოიპოვოს დამოუკიდებლობა, რაც მათთვის პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ უნდა იჩქარონ, თორემ ყოველგვარ პერსპექტივას დაკარგავენ;
    «მხედრიონი» ნაწილობრივ დაპატიმრებულია და ხელსაყრელ მომენტს ელის.

    იყო კიდევ ერთი ძალა, რომელიც არ ჩანდა, თითქოს არ აქტიურობდა, მაგრამ გაფაციცებით ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას და, შეძლებისდაგვარად, მართავდა კიდეც მათ.
    ეს გახლდათ კრემლის სპეცსამსახური.
    რასაკვირველია, ამ სამსახურის სისტემაში არსებობდა და კვლავაც არსებობს ქვედანაყოფი, განყოფილება თუ საკოორდინაციო ჯგუფი, - ორგანო, რომელიც საკუთრივ საქართველოს «პრობლემებზე» მუშაობდა და მუშაობს. 19 აგვისტოს პუტჩს ამ ვითარების შეცვლა, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. იგივე ჯგუფი მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებდა, - განურჩევლად მოსკოვში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა.
    19 აგვისტოს შემდეგ მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი, თავიდან ბოლომდე ყალბი სტერეოტიპი: «კრემლს ჩვენთვის არ სცალია»; «რაღა დროს იმპერიაა, სადღაა იმპერია – დაიშალა». ბოლოს კი - «ვის რაში უნდიხარ?!». ეს უკანასკნელი პათეტიური კითხვა ძალიან ზუსტად ასახავს იმდროინდელ ოპოზიციონერთა განწყობას: «ვიღას სცალია საქართველოსათვის, ვიღას სჭირდება საქართველო, სადღაა იმპერია?!».
    ცოტა არ იყოს გასაკვირი და საეჭვო იყო იმთავითვე, რომ ამ სტერეოტიპთა გავრცელებას ის ხალხიც უწყობდა ხელს, ვინც წლების განმავლობაში ყველგან და ყოველთვის «კრემლის ხელს» ხედავდა (მაშინაც კი, როდესაც ეს «ხელი» მართლა არაფერ შუაში იყო) და სასაცილოდ ეჩვენებოდა ლაპარაკი «რუსულ დემოკრატიაზე», პარლამენტურ გზასა და იმპერიის შემადგენლობაში ნებისმიერ პროცესთა ობიექტურობა - თავისთავადობაზე.
   

    სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2 სექტემბერი იყო შედეგი სხვადასხვა ძალთა ინტერესების დამთხვევისა - გამსახურდიას უბადრუკი ხელისუფლების წინააღმდეგ. ურყევად დარწმუნებული ვარ: 22 აგვისტოდან – 2 სექტემბრამდე მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები «დაინტერესებულ ძალებს» შორის.
    ხომ წარმოუდგენელია, მაგალითად, გია ჭანტურიასა და «ედპ»-ს ელიტას არ ეგულისხმა ის ვითარება, როდესაც მათთვის საძულველ გამსახურდიას განუდგა კიტივანი და არ ეცადათ მასთან (კიტოვანთან) გარკვეული კონტაქტების დამყარება სწორედ ამ პერიოდში: 22 აგვისტოდან - 2 სექტემბრამდე?
    კონსულტაციებში ღიად თუ ფარულად (ვისთვის ღიად, ვისთვის ფარულად) მონაწილეობდა რუსეთის სპეცსამსახურიც, რომელსაც უკვე ჰქონდა მიღებული შეკვეთა (უფრო ზუსტად, ძველი შეკვეთის დადასტურება) «ახალი მოსკოვისაგან».

    კინოს სახლთან მომხდარი გარეგნულად ასე გამოიყურება: 2 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მართავდა «ჩვეულებრივ საინფორმაციო მიტინგს», რომელსაც მოულოდნელად დააცხრა თავს «ომონი» (ამ სიტყვას შემდგომ მიზანმიმართულად «აბრუნებდნენ»). მიტინგი სასტიკად დაარბიეს. უფორმო მილიციელები კი დაიბნენ და საშინელი სროლა ატეხეს ჰაერში. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
    იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 1 სექტემბერს, ნაცნობმა «მხედრიონელმა», რომელიც 1991 წლის დასაწყისში მხედრიონის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას გადაურჩა და ციხეში არ მოხვდა, ქუჩაში შეხვედრისას მითხრა: «ხვალ (ესე იგი 2 სექტემბერს - ავტ.) კინოს სახლთან მიტინგის შემდეგ დავიძვრებით «მთავრობის სახლისკენ» და ავიღებთ ზვიადისტების კარვებს». იგულისხმება კარვები რომლებიც ზვიადისტებმა დადგეს, რათა ოპოზიციისათვის არ მიეცათ საპროტესტოდ იქვე კარვების გაშლის საშუალება.
    მაშასადამე, ჯერ კიდევ 1 სექტემბრამდე იყო მოღწეული შეთანხმება, რომ ედპ-ს მიტინგი კინოს სახლთან უკვე «ჩვეულებრივი» აღარ იქნებოდა: იგი უნდა გადაზრდილიყო სერიოზულ დაპირისპირებაში «მრგვალ» ხელისუფლებასთან.
    ბუნებრივია, შეთანხმების მონაწილენი იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ 2 სექტემბერს, იმავე «მთავრობის სახლში», ზვიად გამსახურდია ამერიკელ სენატორებს უნდა შეხვედროდა. ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში ეს აქცია სერიოზული ექსცესების გარეშე ვერ ჩაივლიდა.
    მაგრამ სინამდვილეში, ხელისუფლების სიჩლუნგისა და არაკომპეტენტურობის წყალობით, მოვლენები ოპოზიციისათვის კიდევ უფრო ხელსაყრელად წარიმართა: პოლიცია არათუ მთავრობის სახლთან დახვდა აქციის მონაწილეებს, არამედ კინოს სახლთან მივიდა და მომიტინგეები იქ დაარბია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ისინი რუსთაველის გამზირზე დაიძვრებოდნენ.
    ბუნებრივია, გეგმის ავტორები ხვდებოდნენ, რომ «მთავრობის სახლთან» ინციდენტი მაინც არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევდა. არა მხოლოდ «ზვიადისტები», არამედ «ნეიტრალებიც» აუცილებლად იტყოდნენ: პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს ხვდებოდა («ამას მოვესწარით!»), მათგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა, ოპოზიციამ კი ამ დროს ქვეყანა შეარცხვინაო.
    გაცილებით ნაკლები იტყოდა იგივეს, თუ შეტაკება მოხდებოდა არა «მთავრობის სახლთან», არამედ იქ, სადაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, «ისევე როგორც ყველა ორშაბათს», საინფორმაციო მიტინგს ატარებდა.
    დავაკვირდეთ კიდევ ერთ უცნაურობას: პოლიციის უკლებლივ ყველა ხელმძღვანელი (დილარ ხაბულიანის გარდა), რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მიტინგის დარბევაში, დეკემბერ-იანვრის გადატრიალების შემდეგ დააჯილდოვეს, დააწინაურეს და უფრო მაღალი თანამდებობებიც არგუნეს - ნაცვლად იმისა, «გამსახურდიას სატრაპებად» გამოეცხადებინათ.

    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ 2 სექტემბერს, კინოს სახლთან დაიდგა სპექტაკლი, რომლის სცენარი მოვლენების რიგით მონაწილეს (ანუ რიგით მომიტიგეს ან რიგით «ომონელს») შეიძლება არც სცოდნოდა, მაგრამ შესანიშნავად იცოდა იმან, ვინც სცენარი შეადგინა, წინასწარ შეათანხმა და ნიუანსები გათვალა.
    2 სექტემბრის შემდეგ «ზვიადისტების» თავის მართლებაზე: «პრეზიდენტი რა შუაშია, განა მან გასცა ბრძანება მიტინგი დაერბიათო» - «ანტიზვიადისტები» პასუხობდნენ: «იქნებ არც გორბაჩოვს გაუცია ბრძანება 9 აპრილს მიტინგი დაერბიათ, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც მას დაეკისრაო».
    რასაკვირველია, ეს სტერეოტიპები გარდაუვალი იყო. მით უმეტეს ფსიქოლოგიურად დათრგუნულ და კონფრონტაციით გადაქანცულ საზოგადოებაში, რომელიც მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა გამსახურდიას სახელისუფლებო სტილის გამო (თუ მას შეიძლება «სტილი» ეწოდოს), აგრეთვე რუსული ტელევიზიის პერმანენტული ანტიქართული პროპაგანდით ანუ მორალური ზეწოლით.
    საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას ყველაზე ზუსტად გამოხატავდა ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული კარიკატურა: რუსი «ო№მონელი» თეთრი მკლავით და ქართველი «ომონელი» ბანჯგვლიანი მკლავით - «რა განსხვავებაა?»

    სროლის დასრულებისთანავე მიტინგზე მივიდა გია ჭანტურია, რომელმაც წაიკითხა რამდენიმე პუნქტისაგან შემდგარი მიმართვა, - გამსახურდიას ხელისუფლების გმობითა და დემოკრატიის მოთხოვნით. ნოდარ ნათაძემ საქართველოში არსებულ ვითარებას «მარაზმატული» უწოდა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. შემდგომ ნათაძე იმ პროცესებში მონაწილეობას ნაწილობრივ ნანობდა, მაგრამ მაშინ მისი რეაქცია სავსებით ბუნებრივი და პროგნოზირებადი იყო.
    მიტინგის დარბევის ამსახველი ვიდეოკასეტა, რასაკვირველია, იმავე დღეს გადაიგზავნა მოსკოვში. უკვე 2 სექტემბერს, საღამოს, ТСН-ის დიქტორმა, იური როსტოვმა ზიზღნარევი ღიმილით (ეს ზიზღი ქართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული და არა მხოლოდ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების) ტელემაყურებლებს უპირველეს სენსაციად შესთავაზა თბილისში მომხდარი «ტრაგედიის» ამსახველი კადრები.
    რუსული ტელევიზიისათვის ჭეშმარიტად ოქროს ხანა დადგა: მან მიიღო საშუალება საქართველოში ცნობიერი პროცესები ემართა არა «აფხაზური» და «ოსური» თემატიკის მონაცვლეობით, არამედ თვით ქართულ საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობათა გამოყენებით. ამიტომ სიამოვნებით იღებდნენ და ავრცელებდნენ ქართული ოპოზიციისათვის სასარგებლო ინფორმაციებს. ეს უკანასკნელი თავის ქმედებას ასე ამართლებდა: «აბა რა ვქნათ, საქართველოში ტელევიზიას მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებსო».

    2 სექტემბერს საღამოს, ოპოზიციამ (ძირითადად „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“) მიტინგი მოაწყო ტელევიზიის შენობასთან. მიტინგის ორგანიზატორებმა შესანიშნავად უწყოდნენ, რომ ტელევიზიის კოლექტივი უკმაყოფილო იყო ხელისუფლების მიერ «ტელეელიტის» ინტერესთა უგულებელყოფით, - ამ კორპორაციაში, ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სუბორდინაციისა და იერარქიის დარღვევით.
    ამიტომ მხოლოდ ნიშანს ღა ელოდნენ ასაფეთქებლად. როგორც ზემოთ ითქვა, სატელევიზიო ელიტა საქართველოს ელიტის ერთ-ერთი უმძლავრესი დაჯგუფება გახლდათ (ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შექმნამდე), რომელიც თავის კორპორაციულ ინტერესებს, რასაკვირველია, გააფთრებით დაიცავდა.
    ორიოდე დღის შემდეგ კი მოვლენებში მთავარი მოქმედი გმირებიც ჩაერთნენ. გვარდიის გაზეთი გამოვიდა ანშლაგით : «ჯერ ხალხი, შემდეგ პრეზიდენტი» - აქაოდა, პრეზიდენტმა ხალხი დაარბია და გვარდია განზე ვერ გადგება, «ხალხის» ინტერესებს დაიცავსო.
    მრავალმხრივი მხარდაჭერითა და წაქეზებით აღფრთოვანებული კიტოვანი შეტევაზე გადასასვლელად ემზადებოდა.

    როდესაც ვამბობ, რომ 2 სექტემბრის აქცია (როგორც აქციის ორგანიზება, ასევე დარბევა) იყო პროვოკაცია, ეს არ გულისხმობს რაიმე შეფასებას (დადებითს ან უარყოფითს).
    «პროვოკაცია» ნიშნავს პროცესის ხელოვნურად გამოწვევისა და(ან) დაჩქარების მიზნით განხორციელებულ ქმედებას. რამდენად საჭირო და აუცილებელი (გამართლებული) იყო თვით პროცესი - სხვა საკითხია და ამ შემთხვევაში ეს არ არის საინტერესო.
    მთავარია, რომ 2 სექტემბრის ინციდენტი იყო წინასწარგანზრახულად, წინასწარშეთანხმებულად პროვოცირებული იმ პროცესების გამოსაწვევად და გამოსაყენებლად, რომლებიც ისედაც ობიექტურად მომწიფდა იმდროინდელ საქართველოში.
    დადებითი იყო ეს მოვლენა თუ უარყოფითი, იმან გაარკვიოს, ვისაც ვერა და ვერ მოუშლია სასაცილო ჩვევა პოლიტიკაში მორალური კატეგორიებით ოპერირებისა.
    ისტორიული სიმართლისათვის კი მთავარი ის არის, რომ 2 სექტემბერს განხორციელდა შეთანხმებული ქმედება ერთის მხრივ «გარე ოპოზიციის», მეორეს მხრივ, თვით ხელისუფლების (პოლიციის) იმ ნაწილის მიერ, რომლისთვისაც ზვიად გამსახურდია ორგანულად უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა.
    ზვიად გამსახურდიამ ერთხელ საკმაოდ ჭკვიანური რამ თქვა: «ჩვენი უბედურება ის არის, რომ მართალია მოვიპოვეთ ხელისუფლება, მაგრამ დაგვხვდა ძველი ხელისუფლების ძალაუფლებრივი აპარატი».
    ამ აპარატის თვისებრივი შეცვლა არც ისე ადვილია. მის გარეშე კი ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იარსებებს.
    გამოუცდელ, არაკომპეტენტურ ხელისუფლებას სულ ადვილად წაართვეს ძალაუფლება. ძალაუფლების გარეშე კი ხელისუფლება დასაღუპადაა განწირული.

    2 სექტემბერს აფეთქდა ნაღმი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა. კონკრეტულმა პროვოკაციამ მხოლოდ დეტონატორის როლი შეასრულა. ნაღმი არსებობდა და ადრე თუ გვიან უეჭველად აფეთქდებოდა თუნდაც სხვა დეტონატორის მეშვეობით

გაგრძელება იქნება

experti.ge

 

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати